სამთა სამიტი: „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს?!" - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

სამთა სამიტი: „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს?!" - The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 20 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს: მათ მსოფლიოს დიპლომატიური ჰარმონია აჩვენეს, თუმცა სამ ლიდერს ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნებიც ჰქონდათ“ (ავტორები: დევიდ ბლერი და როლანდ ოლიფანტი) გაანალიზებულია შენჟენის სამიტის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ლიდერები, რომლებიც ჩინეთის დიდი კედლის ნახატის წინ შეიკრიბნენ - დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი შენჟენის შეხვედრას აშკარად პირად ტრიუმფალურ გამარჯვებად თვლიდნენ.

დონალდ ტრამპისათვის ეს იყო თავისი დიპლომატიის აპოთეოზი, რომლის მიხედვითაც მას სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან პირადი მეგობრობით შეუძლია ყველა პრობლემა გადაჭრას და საფუძველი ჩაუყაროს მშვიდობის ახალი ეპოქას, რაც არ უნდა იფიქროს დანარჩენმა მსოფლიომ.

სი ძინპინისთვის ეს შეხვედრა იყო ჩინეთის შესაძლებლობის დემონსტრირება: მას შეეძლო ერთ სივრცეში შეეკრიბა მსოფლიოს ის ლიდერები, რომლებსაც თავის თანასწორებად (ან, პუტინის შემთხვევაში - თითქმის თანასწორებად) მიიჩნევს, თანაც, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მოუწოდა მათ, „იყვნენ კარგი მაგალითები“ და „უფრო დიდი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ეს მოვლენა მისთვის ნამდვილი ოცნების ასრულება იყო - თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობით რუსეთი გლობალური ძალაუფლების მწვერვალზეა, ჩინეთსა და ამერიკასთან თითქოსდა თანასწორ პირობებში ურთიერთობს და წარმატებით უმკლავდება დიპლომატიური იზოლაციით დასჯის ყველა მცდელობას, უკრაინაზე თავდასხმის გამო.

ამ ყველაფრის შედეგია ის აშკარა თვითკმაყოფილება, რომელიც თითოეულ ლიდერს ეტყობოდა „კილინ ვილაში“, ტბისპირად მდებარე მდიდრულ რეზიდენციაში. თუმცა, ზედაპირული ჰარმონიის მიუხედავად, 90-წუთიან შეხვედრაზე თითოეული მათგანი ურთიერთგამომრიცხავი მიზნებით მივიდა.

ეს მოკლედ, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად: ვის რა სურდა და ვინ რა მიიღო?

სი ძინპინი: რა სურდა...

ჩინეთის ლიდერს იმედი ჰქონდა, რომ მიეღო ის პრესტიჟი, რაც თან ახლავს ისეთი შეხვედრის მასპინძლობას, რომელიც, უდავოდ, „იალტის ტრადიციის“ სულისკვეთებით გამსჭვალული „დიდი სახელმწიფოების დიპლომატიის“ საუკეთესო მაგალითად წარმოჩინდება. შეხვედრის თავმჯდომარეობისას სი ძინპინმა გამოიყენა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა ჩინური დიპლომატიის ყველაზე დახვეწილი ხერხები - ერთი შეხედვით უწყინარი, ზოგადი ფრაზები, სადაც „ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა“ - ასე განაცხადა მან თავის შესავალ სიტყვაში. კედელზე დაკიდებულ ჩინეთის დიდი კედლის ნახატსაც თავისი დანიშნულება ჰქონდა - ამაში მან იგულისხმა, რომ ჩინეთის, როგორც დიდი ერის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის, ამიტომ მის მიმართ ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, ან, კიდევ უკეთესი - მისი ნათქვამი საკუთარ სახელმძღვანელოდ მიიღოს.

„მსოფლიოში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიც ბოლო ასი წლის განმავლობაში არ გვინახავს“, - დასძინა სი ძინპინმა. ამით მან ისიც მიანიშნა, რომ ჩინეთის გავლენა სწრაფად იზრდება, მაშინ როცა ამერიკა საპირისპირო მიმართულებით მიდის.

„ჩვენ სამივემ სხვებს კარგი მაგალითი უნდა მივცეთ“, - დაასკვნა მან. ამით წამოჭრა საკითხი, რომელსაც, სი ძინპინის აზრით, ერთი ცხადი პასუხი აქვს - თუ ვინ არის სამი ლიდერიდან საუკეთესო მაგალითი დანარჩენი ორისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

... და რა მიიღო

სი ძინპინმა - როგორც გულთბილმა მასპინძელმა - ქება დაიმსახურა. გარდა ამისა, მან რუსეთთან და აშშ-თან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლის პირველი პუნქტი ასე ჟღერს: „ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ გაეროს რეფორმირებას, რათა ორგანიზაციამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ფუნდამენტური მისია - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.

ჩინეთის გადმოსახედიდან ეს ნიშნავს, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღარასდროს არ უნდა გაახმაუროს „უხერხული სიმართლე“ სი ძინპინის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. გავიხსენოთ 2022 წელს გაეროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მილიონობით უიღური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მასობრივი პატიმრობა „შესაძლოა საერთაშორისო დანაშაულს, კერძოდ კი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენდეს“. ანუ შენჟენის დეკლარაციაში ჩაწერილ აშშ-ის მხარდაჭერას ჩინეთი ახლა იმისთვის გამოიყენებს, რომ მსგავსი განცხადების მსგავსი რაიმე აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მიერ თავის დროზე დაწესებულ ტარიფებს - რომლებსაც ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა თავისი ექსპორტის ზარალი გამო - მათ შესახებ არც შესავალ სიტყვაში და არც ერთობლივ განცხადებაში არაფერი თქმულა.

დონალდ ტრამპი: რა სურდა...

აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრაზე უფრო მეტი არსებითი წინადადებით მივიდა, ვიდრე მისი რომელიმე კოლეგა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მსოფლიოს „უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები“ ისხდნენ, რაც მათ „უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დედამიწაზე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირების გზებზე იმსჯელონ“. მან თქვა, რომ აუცილებელია „თანამშრომლობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხესთან საბრძოლველად“ და დასძინა: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“. დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ომის მოგვარებაზე და განაცხადა, რომ „პროცესები წინ მიიწევს“.

...და რა მიიღო

დონალდ ტრამპის პრობლემა ისაა, რომ მისი მეგობარი სი ძინპინი ძალზე სწრაფად აფართოებს ჩინეთის ბირთვულ არსენალს - 2020-2023 წლებში, სამი წლის განმავლობაში, მან ბირთვული მარაგი 200-დან 500-ზე მეტ ქობინამდე, ანუ ორჯერ მეტზე მეტად გაზარდა. შეიძლება ითქვას, რომ პეკინს ვერაფერი შეაჩერებს, რომ კიდევ უფრო მეტი ბირთვული იარაღი აწარმოოს, სულ მცირე მანამ, სანამ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან პარიტეტს არ მიაღწევს.

ამრიგად, ერთობლივი განცხადების მეოთხე პუნქტი დონალდ ტრამპისთვის მხოლოდ უმნიშვნელო „ძვალია“. „სამმა სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“, - ნათქვამია დოკუმენტში. გამეორებულია უკვე ნაცნობი ფორმულირება, რომელსაც მანამდე სამივე ქვეყანა შეუერთდა. „სამივე ქვეყანა ჩაერთვება დიალოგში ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, მხოლოდ „დიალოგის“ დაპირება, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს - მით უმეტეს, რომ არსად არ არის ნახსენები ის, რაც დონალდ ტრამპს სურს: ბირთვული შეიარაღების შემცირება.

ვლადიმერ პუტინი: რა სურდა...

პუტინს სურდა სიმბოლური გამარჯვება - ის, რომ სი ძინპინი და დონალდ ტრამპი მას თანასწორად მოპყრობოდნენ და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკის მეათედზე ნაკლებია, ხოლო ჩინეთის ეკონომიკის - მერვედზე ოდნავ მეტი.

თუმცა, ვლადიმერ პუტინს კონკრეტული, არსებით შედეგების მიღწევაც სურდა - იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი დათანხმებოდა ისეთი ფორმულირების გამოყენებას, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებულ სანქციებს, ისე უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების იარაღით განხორციელებულ დარტყმებს. გარდა ამისა, პუტინს სურდა, მის კოლეგებს დაეგმოთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), რომელმაც მას უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო ბრალი წაუყენა და დაპატიმრების ორდერი გამოწერა.

...რა მიიღო

ვლადიმერ პუტინმა თითქმის ყველაფერი მიიღო, რაც ზემოთ იყო ნახსენები. მართალია, ჩინეთმა პუტინს კომპლიმენტები დააკლო: აეროპორტში მას თავად სი ძინპინი კი არა, არამედ მისი დაქვემდებარებული პირი დახვდა (რომელიც სიმაღლით სტუმარზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამდა პუტინის პოლიტიკურ სიმაღლესთან დაკავშირებულ „შეზღუდვებს“). გარდა ამისა, ოთხშაბათს გადაღებულ საერთო ფოტოზე მას სი ძინპინის გვერდით კი არა, არამედ სი ძინპინის მეუღლის, პენ ლიუანის გვერდით დადგომა მიუთითეს, თუმცა შემდგომში პუტინმა ბევრი რამ აინაზღაურა.

დონალდ ტრამპი ყველაფერზე წავიდა პუტინთან („ჩემი მეგობრის“) შეხვედრაზე, რაც ერთობლივ განცხადებაშიც აისახა: მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ „სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის სასარგებლოდ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების მნიშვნელობა“.

რუსეთისთვის - მსოფლიოში ნავთობის მესამე უმსხვილესი მწარმოებლისთვის - ამ პროდუქტების მიწოდების გაზრდის მთავარ დაბრკოლებას საერთაშორისო სანქციები წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინა აქტიურად ანადგურებს თავისი მეზობელი ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ამ განცხადებაზე ხელმოწერით დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის ქმედებებს, ისე თავად აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ერთობლივი განცხადების მესამე პუნქტი აღმოჩნდა, რომლის თანახმად, სახელმწიფოთა სამმა ლიდერმა აღიარა, რომ სახელმწიფოს მეთაურებისა და სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის პრინციპისადმი პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და რომ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავისი უფლებამოსილებასბოროტად არ უნდა გამოიყენოს“. როგორც ცნობილია, აშშ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქმიანობას, თუმცა დონალდ ტრამპის თანხმობა სასამართლოს მოქმედების ესოდენ მკაცრ დაგმობაზე აშკარა გამარჯვება იყო სამიტის მონაწილე იმ ერთადერთი ლიდერისთვის - ვლადიმერ პუტინისათვის, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებაა წაყენებული.

თავისი რუსი „მეგობრისთვის“ კიდევ ერთი სამსახურის გაწევის მიზნით, დონალდ ტრამპმა შეხვედრის დასაწყისშივე გააკრიტიკა ICC და მას „გლობალისტური ორგანიზაცია“ უწოდა, რომელიც „თავისი იურისდიქციის ფარგლებს აშკარად გასცდა“. ვლადიმერ პუტინმა, როგორც მოსალოდნელიც იყო, „ამერიკელ მეგობარს“ თავი დაუქნია და გაუღიმა.

მაგრამ შეუძლიათ კი მათ ამის განხორციელება?

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ძალისმიერი პოლიტიკის გამტარებელი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, მათ გაცილებით ნაკლები ძალაუფლება აქვთ მსოფლიოსთვის საკუთარი ნების თავს მოსახვევად, ვიდრე თვითონ ჰგონიათ. 1945 წელს იალტაში შეკრებილი „დიდი სამეული“ - ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი - ფლობდნენ მილიონიან არმიებს, რომლებიც იმ მომენტში „დე ფაქტო“ ოკუპაციაში ინარჩუნებდნენ ევროპის უდიდეს ნაწილს - კონტინენტს, რომლის ბედსაც ისინი წყვეტდნენ. მათი ქვეყნები და იმპერიები ერთობლივად მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) დაახლოებით 85%-ს შეადგენდნენ. ეს ორჯერ მეტია იმ 42%-ზე, რაც დღეს აშშ-სა და ჩინეთზე მოდის (რუსეთის წილი კი მხოლოდ 2%-ია).

დონალდ ტრამპმა ჯერჯერობით ვერ შეძლო უკრაინის თანხმობის მიღწევა დანებებაზე. მან ვერც ხელი ვერ შეუშალა უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაში. აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია აიძულოს ევროპა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება და დაფინანსება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ: 10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და წონაში დაკლების ელექსირი - The Economist

ჯო ბაიდენის მემუარები: რატომ არ ართმევდა ტრამპი ხელს მერკელს, როგორ იწყებდა პუტინი ომს, "უმადური" ზელენსკი და გაქცევა ავღანეთიდან

მძიმე პროგნოზი: ევროპა ომით დაიღალა ანუ რა მოხდება 2027 წელს?!

სვამს თუ არა სწორ დიაგნოზს ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება თუ არა, რომ მან ექიმი შეცდომაში შეიყვანოს?!

დონალდ ტრამპს არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის ნავთობისა და გაზის სანქციების მოხსნა შეუძლია, რადგან ისინი კონგრესის მიერ არის დაწესებული. დემოკრატები, რომლებიც მალე კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს დაამყარებენ, არ აპირებენ რესპუბლიკელი პრეზიდენტისათვის სასურველი ნაბიჯის გადადგმას და შესაბამისი კანონების - მათ შორის, 2017 წლის კანონის „ამერიკის მოწინააღმდეგეების სანქციებით შეკავების შესახებ“ (CAATSA) - გაუქმებას.

„მას არ შეუძლია სანქციების მოხსნა კონგრესის თანხმობის გარეშე, რაც, შუალედური არჩევნების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა“, - აცხადებს ალექსანდრე კოლიანდრი, ნიუ-იორკში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Eurasia Group-ის დირექტორი, „თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მას შეუძლია გასცეს სპეციალური ლიცენზიები და ნებართვები“. სანქციების შეჩერება, რაც ტრამპს შეუძლია გააკეთოს, ძალიან განსხვავდება მათი გაუქმებისგან. შეჩერებულის ხელახლა ამოქმედება მისმა მემკვიდრემ შეიძლება ადვილად შეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების უმეტესობისათვის, სავარაუდოდ, რუსეთთან ბიზნესი სასურველი არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპს არ შეუძლია ევროკავშირი ან ბრიტანეთი აიძულოს, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმონ.

ამიტომ შენჟენში ჩატარებული სამიტით სამივე ლიდერი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს... თუმცა, დიდი სახელმწიფოების დიპლომატიის აღორძინება ირონიულად დაემთხვა დონალდ ტრამპის მოქმედების უნარის დიდი ნაწილის დაკარგვას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო