ჯო ბაიდენის მემუარები: რატომ არ ართმევდა ტრამპი ხელს მერკელს, როგორ იწყებდა პუტინი ომს, "უმადური" ზელენსკი და გაქცევა ავღანეთიდან
აშშ-ის ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) 15 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი თავის მემუარებში გაამხილა, თუ რას ფიქრობდა სინამდვილეში ანგელა მერკელი დონალდ ტრამპზე“ (ავტორი - ჰანა პერი), რომელშიც გადმოცემულია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მემუარების წიგნის ზოგიერთი ფრაგმენტის შინაარსი. აქვე შევნიშნავთ, რომ წიგნის ფრაგმენტები გამოაქვეყნა გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნელმაც“.
გთავაზობთ „ნიუსვიქის“ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში, სახელწოდებით „დამპირდი, ამერიკა“, რომელიც წიგნის მაღაზიებში მალე გაიყიდება, მკითხველებს ანგელა მერკელთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ამბავს ამცნობს: ფრაუ კანცლერის პოზიციას დონალდ ტრამპის მიმართ - თუ რას ამბობდა გერმანიის კანცლერი აშშ-ის პრეზიდენტზე „დახურულ კარს მიღმა“.
ჯო ბაიდენი იხსენებს, რომ ანგელა მერკელი გულახდილად მსჯელობდა მასთან თავის რთულ ურთიერთობაზე დონალდ ტრამპთან. ეს ხდებოდა გერმანიის ყოფილი კანცლერის შეხვედრის დროს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან, როცა ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შევიდა, 2021 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის მარცხის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ვადით.
გერმანიის ექს-კანცლერმა დონალდ ტრამპს „ემოციური კაცი“ უწოდა და გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ არის გატაცებული იგი ვლადიმერ პუტინით და მსოფლიოს სხვა ავტორიტარული ლიდერებით.
როგორ აღწერს ბაიდენი ტრამპისა და მერკელის დაპირისპირებას
როგორც ჯო ბაიდენი წერს, ანგელა მერკელი განსაკუთრებით იმედგაცრუებული იყო დონალდ ტრამპის ქცევით, კერძოდ, მისი უარით ხელი ჩამორთმევაზე, როცა კანცლერი თეთრ სახლს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველად ეწვია. გარდა ამისა, მერკელი ასევე ეუბნებოდა ჯო ბაიდენს, რომ დონალდ ტრამპი თავის პირად შთაბეჭდილებებს უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე დადგენილ ფაქტებს.
„ჩვენს საუბრებში ანგელა მერკელი გულახდილად მიყვებოდა თავის გულგატეხილობაზე ჩემი წინამორბედის მიმართ... იგი ნაწყენი იყო, რომ ტრამპმა, ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, თეთრ სახლში მისულ გერმანელ სტუმარს ხელი არ ჩამოართვა. ანგელამ როგორც მითხრა, „ტრამპი უფრო მეტად ხელმძღვანელობდა საკუთარი ხასიათის მიხედვით და არა ფაქტების საფუძველზე“, - წერს ჯო ბაიდენი.
„კანცლერს კითხვები უჩნდებოდა, თუ რატომ იყო დონალდ ტრამპი მოხიბლული ვლადიმერ პუტინით და სხვა ავტორიტარი პოლიტიკოსებით, რომლებსაც დიქტატორული თვისებები ჰქონდათ. ანგელა მერკელმა გამიმხილა, რომ ვერა და ვერ გამოიცნო დონალდ ტრამპის ხასიათის საიდუმლო“, - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი.
ანგელა მერკელსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, თანაც მათი უთანხმოება ხშირად სცილდებოდა პირადი ურთიერთდამოკიდებულების ფარგლებს და ეხებოდა ნატო-ს, ვაჭრობას, კლიმატურ პოლიტიკას და გერმანიის ენერგეტიკულ კავშირს რუსეთთან.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა მოხდა 2017 წლის 17 მარტს, როცა კანცლერი ოვალურ კაბინეტშიდონალდ ტრამპს ეწვია. ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს უხერხული მომენტი, როცა ორი ლიდერი გვერდი-გვერდ სხედან. ჟურნალისტებმა კი მათ რამდენჯერმე სთხოვეს ერთმანეთისათვის ხელის ჩამორთმევა. ანგელა მერკელი დონალდ ტრამპისაკენ შებრუნდა და ხმადაბლა ეკითხება: „გინდათ ხელი ჩამომართვათ?“
დონალდ ტრამპმა მას ყურადღება არ მიაქცია, მერკელის კითხვას არ უპასუხა, იჯდა და ხელები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჭდობილი, ტელე- და ფოტოკამერები კი აფიქსირებდნენ.
სხვათა შორის, ანგელა მერკელმა ეს „ინციდენტი“ თავის მემუარებშიც გაიხსენა, წიგნში სახელწოდებით „თავისუფლება“ რომელიც 2024 წელს გამოიცა. „მე თავდაპირველად დონალდ ტრამპთან ურთიერთობა ისეთი მქონდა, როგორც სრულიად ნორმალურ ადამიანთან. ჩვენი დამოკიდებულება შეჯიბრს ჰგავდა: ან მე, ან შენ“. მართლაცდა, მათი უთანხმოება სულ უფრო მატულობდა და ფართოვდებოდა, თანაც აშკარად და საჯაროდ.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა გერმანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტის მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობის გამო, რომელიც იმ დროისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს ითვალისწინებდა და ბერლინს ბრალს სდებდა - „ნატოს ძლიერების განმტკიცებაში მცირე წვლილი შეგაქვსო“ და იმუქრებოდა, რომ გადახედავდა აშშ-ის კეთილგანწყობას თავისი ნატოელ [ევროპელ] მოკავშირეების მიმართ.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპი იმუქრებოდა, რომ ბაჟებს დააწესებდა გერმანული ავტომანქანების იმპორტზე და აკრიტიკებდა გერმანიის მხარდაჭერას რუსული გაზის იმპორტის თაობაზე მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით: „გერმანია ძალიანაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზეო“.
ანგელა მერკელი კი, თავის მხრივ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოვიდა, როცა აშშ პარიზის კლიმატური ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანთან ბარაკ ობამას მიერ დადებული ბირთვული გარიგება გააუქმა.
სიცილიაზე „დიდი შვიდეულის“ (G7) სკანდალური სამიტის შემდეგ ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ევროპას სხვების (ანუ აშშ-ის) იმედი მეტად აღარ უნდა ჰქონდეს. „ის დრო, როცა ჩვენ შეგვეძლო მთლიანად სხვაზე დამოკიდებული ვყოფილიყავით, გარკვეული დონით უკვე წარსულს ჩაბარდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა იმ ხანებში.
ანგელა მერკელის ნათქვამი ასახავდა ევროპელი ლიდერების მზარდ შეშფოთებას, რომელთაც უკვე ეჭვი შეეპარათ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საიმედოობაზე.
ჯო ბაიდენის ძალისხმევა ევროპასთან ურთიერთობის აღსადგენად
ჯო ბაიდენისა და ანგელა მერკელის საუბარი იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი გახდა, რომელიც ევროპელ პარტნიორ-მოკავშირეებთან ნდობის აღდგენას ითვალისწინებდა, როცა ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
წიგნში „დამპირდი, ამერიკა“ ექს-პრეზიდენტი აღწერს, თუ როგორ ცდილობდა იგი ევროპელი ლიდერების დარწმუნებას იმაში, რომ ვაშინგტონი ისევ მხარს უჭერს ნატოს და თავის ტრადიციულ ევროპელ მოკავშირეებს.
ანგელა მერკელი, რომელსაც გერმანიის კანცლერის პოსტი 2005 წლიდან ჰქონდა დაკავებული, ამ თანამდებობაზე თავისი 16-წლიანი მუშაობის ვადა 2021 წლის დეკემბერში დაასრულა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში იგი სულ უფრო ხშირად ხდებოდა ცენტრალური ფიგურა ევროპულ დისკუსიებში ჩრდილოატალანტიკური ალიანსის პერსპექტივის თაობაზე.
როგორც ჯოზეფ ბაიდენი წერს, მისი პრიორიტეტული ამოცანა იყო დონალდ ტრამპის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად შერყეული ევროპული ურთიერთობების აღდგენა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რუსეთთან დამოკიდებულებაში დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა.
ექს-პრეზიდენტის მიერ იმის გახსენება, თუ როგორ იყო შეშფოთებული ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინის მოქმედებით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა - იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მოგვიანებით.
უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრის წინ...
როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს თავის მემუარებში, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო ხშირად აფიქსირებდნენ რუსეთის ჯარების აქტიურობას და წინსვლას უკრაინის საზღვრებისაკენ 2021 წლის განმავლობაში, ანუ რამდენიმე თვით ადრე, სანამ პუტინის არმია უკრაინას თავს დაესხმებოდა 2022 წლის თებერვლის ბოლოს..
ექს-პრეზიდენტი წერს, რომ თავდაპირველად მას დიდი დრო დაჭირდა ევროპელი მოკავშირეების - ნატო-ს წევრებისა და განსაკუთრებით უკრაინის ხელმძღვანელების დასარწმუნებლად, რომ კრემლი მათ ქვეყანაში შეჭრისა და დაპყრობისთვის ემზადება და არა რაღაც ლოკალური ოპერაციის ჩასატარებლად დონბასში - როგორც ამას კიევში ფიქრობდნენ.
წიგნში ჯო ბაიდენი იხსენებს აგრეთვე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ (ბილ) ბერნსის მოსკოვში ვიზიტს 2021 წლის ნოემბერში, რომლის შემდეგ პირადად ესაუბრა ტელეფონით ვლადიმერ პუტინს 7 დეკემბერს.
„ჯიუტი და კაპრიზული“ ზელენსკი...
ანგელა მერკელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე საერთაშორისო ფიგურებიდან, რომლებსაც თვალსაჩინო ადგილი უკავიათ ჯო ბაიდენის რეტრორპექტივაში თავისი პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ.
მემუარები ასევე შეიცავს ჯოზეფ ბაიდენის გულახდილ დამოკიდებულებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის მიმართ თავდაპირველად ეჭვი შეეპარა, ჰქონდა თუ არა მას საკმაო გამოცდილება და გამძლეობა, რათა წინააღმდეგობა გაეწია და გამკლავებოდა სრულმასშტაბიან სამხედრო კრიზისს რუსეთთან მიმართებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი საბოლოო ჯამში მაღალ დონეზე აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედებას რუსეთთან ომის დროს, ექს-პრეზიდენტი მაინც აღნიშნავს, რომ ზოგჯერ მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ხაზს უსვამს, რომ „უკრაინის ლიდერი არცთუ იშვიათად ჯიუტობას იჩენდა, კაპრიზული იყო და არც ისეთი მადლობელი, როგორც მეგონა - იგი განუწყვეტლივ ითხოვდა სულ უფრო და უფრო მეტ დახმარებას ვაშინგტონისაგან, იარაღისა და ფინანსების მიწოდების საკითხში“.
ასევე დაგაინტერესებთ: "ტრამპი-პუტინის გარიგება ჩაიშალა": რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები ატლანტის ოკეანეში უმიზნოდ დახეტიალობენ - The Daily Telegraph
2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის
აშშ-ის არმიის ქაოსური ევაკუაცია ავღანეთიდან
ჯო ბაიდენი თავის წიგნში ასევე ეხება აშშ-ის ჯარების ქაოსურ ევაკუაციას ავღანეთიდან 2021 წლის აგვისტოში და წერს: „მე სამხედრო და სადაზვერვო უწყებების ხელმზღვანელებმა დამარწმუნეს, რომ ავღანეთის დედაქალაქი და ავღანეთის მთავრობა ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ [თალიბების შეტევას] მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში გაუძლებსო“.
„ნახევარწლიანი გაძლების“ ნაცვლად, როგორც კი თალიბების შეიარაღებული რაზმები ქაბულს მიუახლოვდნენ, სულ რაღაც ორიოდე დღეში ავღანეთის არმია დაიშალა, მთავრობა დაემხო, პრეზიდენტი აშრაფ განი კი ქვეყნიდან გაიქცა.
აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ასევე იხსენებს დუვრის სამხედრო-საჰაერო ბაზაში მგლოვიარე ოჯახებთან შეხვედრას, რომლებმაც თავიანთი შვილები და ახლობლები დაკარგეს ქაბულის აეროპორტში 2021 წლის 26 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად - ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ევაკუაციის დროს. ტერაქტის განხორციელებისას დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
ჯო ბაიდენი აღიარებს, რომ დაღუპულების ზოგიერთი ახლობელი მას პასუხისმგებლად თვლიდა მიყენებული ტანჯვისთვის და ეუბნებოდნენ, რომ არასოდეს არ აპატიებდნენ.
ექს-პრეზიდენტი წიგნში წერს აგრეთვე 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზეზებზეც.
შენიშვნა: ჯო ბაიდენის მემუარების წიგნი აიწყო და დაიბეჭდა გამომცემლობაში Little, Brown and Company. სახელწოდება „დამპირდი, ამერიკა“ ექს-პრეზიდენტის პირადი ტრაგედიას და ოჯახურ ისტორიას უკავშირდება. 2015 წელს ჯო ბაიდენმა უკურნებელი სენით დაავადებულ მამას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სთხოვა: „დამპირდი, მამა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, კარგად იქნები“. სწორედ ეს ფრაზა - „დამპირდი, მამა“ - გახდა ჯო ბაიდენის მიერ 2017 წელს დაწერილი მემუარების სათაური, ახალ წიგნში კი შვილის მიმართვა მამისადმი გადაიქცა ყოფილი პრეზიდენტის მიმართვად საკუთარი ქვეყნისადმი. „დამპირდი, ამერიკა“ - ამ ფრაზით ექს-პრეზიდენტი სიმბოლურად სთხოვს ამერიკელ ხალხს პირობას, რომ ქვეყანა გაუძლებს არსებულ გამოწვევებს, შეინარჩუნებს დემოკრატიას და „კარგად იქნება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ