10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და წონაში დაკლების ელექსირი - The Economist - კვირის პალიტრა

10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და წონაში დაკლების ელექსირი - The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „2027 წლის ათი მთავარი ტენდენცია“ (ავტორი - ტომ სტენდეჯი), რომელშიც გადმოცემული და განხილულია ის პროცესები, რომლებიც, ვარაუდით თუ რეალურად, 2027 წელს შეიძლება მოხდეს. „მსოფლიოს წინ დიდი გამოცდა ელოდება: აშშ-ის პოლიტიკური მომავლიდან და მზარდი ვალებიდან დაწყებული, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემებით“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თანამედროვე ცხოვრება ზოგჯერ სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანს მოგვაგონებს. სარაკეტო-კოსმოსური დარგის მაგნატი, რომელიც კოსმოსში კომპიუტერების განთავსებაზე ოცნებობს, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება. დრონებმა ომის ხასიათი შეცვალეს. ტაქსები მძღოლის გარეშე მოძრაობენ. ხელოვნური ინტელექტის მოდელები ადამიანის კონტროლიდან გამოდიან. ადამიანების მსგავსი რობოტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდიან. გაჩნდა ინექციები, რომლებიც ადამიანს სიგამხდრის მიღწევაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან - თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ამას მოისურვებს.

რაც ნამდვილად გვაკლია და ვერ ვხედავთ, უცხოპლანეტელებია. 2027 წელს, ჩემი ვარაუდით, ისინი არ გამოჩნდებიან. სამაგიეროდ, ჩვენ მომსწრენი ვიქნებით რიგი სხვა ტენდენციებისა, რომლებსაც ღირს თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ.

1. ეპოქა ტრამპის შემდეგ

ხმაურით ჩაიქროლეს კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა. საკანონმდებლო ორგანოს ახალ დემოკრატიულ უმრავლესობას ჯერ მუშაობა არ დაუწყია. მწარედ დამარცხებული რესპუბლიკელები საგონებელში არიან ჩავარდნილი - როგორი იქნება მათი მდგომარეობა იანვრიდან, როცა კონგრესში დემოკრატები იბატონებენ?

2027 წლიდან დაიწყება ბრძოლა დონალდ ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრის ადგილისათვის. ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი? თვითონ პრეზიდენტი „კოჭლ იხვად“ გადაქცევას არ აპირებს. იგი უფრო მეტად „გაბრაზებულ ფრინველს“ დაემგავსება იგივე სახელწოდების მქონე ფილმიდან: შეუძლია კიდევ ბევრი სისულელე ჩაიდინოს და შეცდომა დაუშვას. ალბათ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ახალ ბრძანებებს, სასამართლო საჩივრებს, სახლწოდებების მოულოდნელ გადარქმევებს, გრანდიოოზულ სამშენებლო პროექტებს და სამხედრო ავატიურებს. დონალდ ტრამპი შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და იმის განსაზღვრას, თუ როგორ შევა მისი პრეზიდენტობა ისტორიაში. ამასობაში კი მთელი მსოფლიო დაიწყებს დაფიქრებას იმაზე, თუ როგორი იქნება ცხოვრება დონალდ ტრამპის შემდეგ.

2. ირანთან ომის ექო

ირანთან მიმდინარე ომის სწრაფი და საბოლოო დასრულება, როგორც ჩანს, 2027 წელსაც ვერ მოხერხდება, ამიტომ გაურკვევლობა გაგრძელდება. მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ დაუფიქრებლად დაწყებულმა ომმა უკვე შეარყია აშშ-ის ავტორიტეტი: მოკავშირეები ამერიკას უკვე აღარ ენდობიან, მოწინააღმდეეგებს კი აღარ ეშინიათ.

ირანთან ომის შედეგები მთელი 2027 წლის განმავლობაში იქნება საგრძნობი. ისინი შეცვლიან პოლიტიკურ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ენერგორესურსების მსოფლიო ნაკადებს და საფრთხეს შეუქმნიან სასურსათო უსაფრთხოებას, ორგანული სასუქების მწვავე უკმარისობის გამო. უშუალოდ თვითონ ირანში კი მმართველი რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრებს საზოგადოებისადმი კონტროლს.

3. ისევ ყველაზე ცხელი წელიწადი ისტორიაში

მოსალოდნელია, რომ 2027 წელი ყველაზე ცხელი წელიწადი იქნება კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში. ზემძლავრო მოვლენა „ელ-ნინიო“ მოგვცემს წარმოდგენას იმაზე, თუ რა მომავალი გველოდება: უფრო ცხელი, იმავდროულად არასტაბილური, უფრო გვალვიანი, ექსტრემალური სიცხის ტალღებით, ტყის ხანძრებით და დამანგრეველი ატმოსფერული მოვლენებით. ასეთი საშინელებების თავიდან აცილება შეიძლება ჰაერის გაჭუჭყიანების რაც შეიძლება სწრაფი შეჩერებით, ნახშირორჟანგის გამოფრქვევის აკრძალვით (მაგრამ საეჭვოა).

და ამ დროს დონალდ ტრამპი ისე, რომ თვითონაც არ სურდა, მსოფლიოს განახლებად ენერგიის პოპულარიზატორად გადაიქცა

განახლებად ენერგიის წაყაროებზე გადასვლა ხომ საუკეთესო წესია არამარტო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისა, არამედ იმისიც, რომ თავიდან იქნას აცილებული მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულება.

4. წინააღმდეგობის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტისადმი

იმ რისკებისაკენ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, სულ უფრო მეტი ადამიანების ყურადღებაა მიპყრობილი.

ფინანსური ჩამოშლის საფრთხე უფრო გაიზრდება იმის კვალობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიები გაუმჭვირვალე და რთულ გარიგებებს აფორმებენ. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდება ფინანსურ ბაზრებზე, ხელოვნური ინტელექტის მქონე უფრო სრულყოფილი მოდელები (ანდროიდები) გამოყენებულნი იქნებიან მრავალრიცხოვანი კიბერშეტევების ორგანიზებისათვის.

კომპანიები და მთავრობები ასევე დაიწყებენ სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იმ პოლიტიკური რისკების გამო, რომლებიც პროდუქციის მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვს დაემუქრებიან და რომლებიც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის.

თუმცა გავრცელებული ხმები, რომ ხელოვნური ინტელექტის ფართოდ დანერგვის გამო უმუშევრობა გაიზრდება ან ის მონაცემთა ცენტრები (ე.წ. „დატა-ცენტრები“), რომლებიც ხელოვნური ინტელექტისათვის არის აუცილებელი, უამრავ ელექტროენერგიას და წყალს მოიხმარნენო, სტატისტიკით არ დასტურდება. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტისადმი მზარდი წინააღმდეგობა გამოწვეულია არაიმდენად მეტი შიშით მისი განვითარებით მიღწეული შედეგებისადმი, არამედ უკვე არსებული პრობლემების წინაშე დგომით.

„ვარსკვლავურ ომებს“ 50 წელი უსრულდება, მაგრამ 2027 წელს ისინი უფრო მეტად აქტუალური გახდებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან.

5. მემარჯვენე პოპულისტები ევროპაში

მემარჯვენე პოპულიზმი მსოფლიოში ძალას საკმაო ხანია იკრებს, მაგრამ 2027 წელს მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება საფრანგეთისკენ, სადაც მარინ ლეპენს, რომელიც მემარჯვენეპოპულისტურ „ეროვნულ გაერთიანებას“ წარმოადგენს, კარგი შანსები აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ასეთმა შედეგმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს ფრანგულ-გერმანული ტანდემის მუშაობა, რომელიც ევროკავშირის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

გარდა ამისა, პარიზისა და ბერლინის დუეტის სინქრონული მუშაობის დარღვევა გააძლიერებს შიშებს საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსების მყიფე მდგომარეობის მიმართ, რომელიც უდიდესი ვალებით არის დამძიმებული.

6. ზეწოლა ობლიგაციების ბაზრებზე

საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც დიდი ვალების გამო შეშფოთების გამომწვევია საერთაშორისო ბაზრებზე. სახელმწიფო ხარჯების შეუჩერებელი ზრდა , სამშენებლო ბუმი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან არის დაკავშირებული და ინფლაციის ახალი ტალღა ენერგორესურსების გაძვირების გამო მთელ მსოფლიოში ზრდის სახელმწიფო ვალების ღირებულებას, ანუ სახელმწიფოს მიერ ვალის აღება ძვირდება - უკან მეტი პროცენტით უნდა დააბრუნოს

მაღალი საპროცენტო განაკვეთები ზეწოლას ახდენენ როგორც კომპანიებზე, ასევე ოჯახებზეც. ეს არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან სადღაც აუცილებლად მოხდება სერიოზული რყევა და დაიწყება ღრმა კრიზისი.

7. უკიდურესი ვადა ტაივანისათვის

რთულმა ტექნოლოგიებმა თანამედროვე ომების ხასიათი შეცვალეს. ახლა მცირე სახელმწიფოებისთვის შედარებით უფრო ადვილი გახდა წინააღმდეგობის გაწევა ბევრად უფრო ძლიერი მეტოქისადმი, რაც უკრაინისა და ირანის ომებმა აჩვენა

და რას ნიშნავს ეს ჩინეთის გეგმებისათვის ტაივანის მიმართ?

როგორც ამტკიცებენ, სი ძინპინმა ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ამოცანა დაუსვა - 2027 წელს არმია მზად უნდა იყოს ტაივანზე შესაჭრელად და კუნძულის დასაპყრობად.

აშშ-ის ყურადღება კი სხვა პრობლემებზეა გაფანტული.

გაბედავს თუ არა ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას თუ უპირატესობას მიანიჭებს ტაივანის 2028 წლის არჩევნებს, რომლის დროსაც შეიძლება კუნძულზე „პროპეკინურმა“ ძალებმა გაიმარჯვონ? მოკლედ, მომავალი ორი წელი პოტენციურად სახიფათო იქნება.

8. „ოზემპიკის“ ეფექტი

წონის დასაკლები პრეპარატი „ოზემპიკი“ არამარტო ეხმარება ადამიანებს გასახდომად, არამედ ცვლის მათ მომხმარებლურ ჩვევებს. ადამიანები, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს იცილებენ და ამით თითქოსდა ახალ ცხოვრებას იწყებენ, 2027 წელს შეეცდებიან მეტი ფული დახარჯონ ტანსაცმელზე, კოსმეტიკაზე და სპორტულ ვარჯიშებზე. ამ მოვლენამ „კომპენსატორული შოპინგის“ (საყიდლებზე სიარულის) სახელწოდება მიიღო.

თავის მხრივ, სიგამხდრის მისაღწევი პრეპარატების წარმატებამ გამოაცოცხლა ფარმაცევტული კომპანიების ინტერესები ისეთი მედსაშუალებების შემუშავებისა, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს აგრძელებენ.

9. კოსმოსური სტარტების გაიაფება

კომპანია SpaceX-ის დიდი კოსმოსური ხომალდი Starship დაიწყებს დედამიწის ხელოვნური ტანამგზავრების რეგულარულ გაყვანას ორბიტაზე.

ჩინეთის სარაკეტო-კოსმოსური კომპანიები დემონსტრირებენ, რომ კოსმოსში გაშვებული რაკეტების პირველი საფეხურები შეიძლება მეორედ იქნას გამოყენებული, ანუ კოსმოსში რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც თავის მხრივ, გაუხსნის გზას კერძო კოსმოსური სადგურების შექმნას და „დატა-ცენტრების“ გატანას დედამიწის ორბიტაზე.

დიახ, მონაცემთა დამუშავების ცენტრების შექმნა კოსმოსში არცთუ ისე უგუნური იდეაა, როგორც ზოგს ჰგონია.

ასევე დაგაინტერესებთ: ჯო ბაიდენის მემუარები: რატომ არ ართმევდა ტრამპი ხელს მერკელს, როგორ იწყებდა პუტინი ომს, "უმადური" ზელენსკი და გაქცევა ავღანეთიდან

"ტრამპი-პუტინის გარიგება ჩაიშალა": რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები ატლანტის ოკეანეში უმიზნოდ დახეტიალობენ - The Daily Telegraph

მტრების სამიტი აბუ-დაბიში: რა ხდებოდა რუსულ-უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებების კულუარებში და რა შედეგით დასრულდა ის?!

2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის

10. ჰოლივუდის „გადატვირთვა“

ცნობილი კინოსერიალის „ვარსკვლავური ომების“ გადაღების 50 წლისთავთან დაკავშირებით ფილმს ისევ გაუშვებენ გაქირავებაში, ხოლო ახალი ფილმით შეეცდებიან ფრანშიზი განახორციელონ. ეკრანებზე ისევ დაბრუნდება „შურისმაძიებლები“, ხოლო მალე მორიგ ახალ ფილმს ვნახავთ ჯეიმს ბონდის მონაწილეობით.

მაგრამ მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმატება, რომლებიც „იუთუბის“ ავტორების მიერ არის გადაღებული, დაფიქრებას გვაიძულებენ: სურს თუ არა საზოგადოებას, ბოლოსდაბოლოს, ნახოს რაღაც ნამდვილად ახალი? შესაძლოა.

და მაინც „ვარსკვლავური ომები“ 2027 წელს შეიძლება უფრო აქტუალური აღმოჩნდეს, ვიდრე ოდესმე. ამ ფილმში ხომ ის ხდება, რომ სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი სახელმწიფო მარცხს განიცდის პატარა და იაფი საფრენი აპარატებისაგან: დროიდები (რობოტები) კონტროლიდან გამოდიან და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ხოლო უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება და მონაცემთა ბაზის „გატეხვა-გაძარცვა“ კატასტროფულ შედეგებს იწვევენ.

ეს ყველაფერი თანამედროვეობას საოცრად ეხმაურება.

როგორც ჩანს, რეალობა, ბოლოს და ბოლოს, ფანტასტიკას დაეწია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო