პოლიტიკურ სკანდალად ქცეული ფეხბურთი ანუ თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი შუღლის გამო საქართველო არ უნდა ზარალდებოდეს - კვირის პალიტრა

პოლიტიკურ სკანდალად ქცეული ფეხბურთი ანუ თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი შუღლის გამო საქართველო არ უნდა ზარალდებოდეს

თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი შუღლის გამო საქართველო არ უნდა ზარალდებოდეს...

2026 წლის 26 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“, უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში გამართულ თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს, გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც შეხვედრა დაახლოებით 30 წუთით შეწყდა.

უეფას გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თამაში სტამბოლის ნაცვლად ნეიტრალურ მოედანზე — ბათუმში ჩატარდა.

დაძაბულობა ბათუმის ქუჩებში შეხვედრის დაწყებამდე დაიწყო, სადაც „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

მატჩის მიმდინარეობისას, 26-ე წუთზე, თურქმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე პალესტინის დროშები და პროპალესტინური ბანერი გაშალეს, რასაც ანტიისრაელური შეძახილები ახლდა. პოლიციის ჩარევას ტრიბუნებზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გულშემატკივრებმა სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნების, მათ შორის სტადიონის სკამების სროლა დაიწყეს. სიტუაციის განსამუხტად პოლიციამ წიწაკის სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. კადრებში ასევე გამოჩნდა საკაცით გაყვანილი დაშავებული გულშემატკივარი.

27112026-1240-1795768874.56_REC.png

მატჩის შეჩერება და განახლება. მთავარმა არბიტრმა, მორტენ კროგმა, უსაფრთხოების გამო თამაში 26-ე წუთზე (ანგარიშზე 0:0) შეაჩერა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ვითარების სტაბილიზაციისა და 30-წუთიანი პაუზის შემდეგ, მატჩი განახლდა და „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდა 3 სამართალდამცველი, ხოლო დაკავებულია 16 პირი. ასევე დაშავდა რამდენიმე გულშემატკივარი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტის მინისტრმა და თავად „ბეშიქთაშმა“ ოფიციალური განცხადებებით დაგმეს ქართველი სამართალდამცველების მხრიდან „არაპროპორციული ძალის გამოყენება“.

batumi-matchi-1795758648.webp

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას, მუსტაფა ჩიფთჩის, სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ პალესტინის დროშების კონფისკაცია უეფას წარმომადგენლებმა მოახდინეს და არა საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა.

აი, დაახლოებით ასე განვითარდა მოვლენები გუშინდელი საღამოს შემდეგ ბათუმში, რისი წინასწარ პროგნოზირება ძალიან ადვილი გახლდათ...

მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის მიზეზი თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული მწვავე პოლიტიკური დაძაბულობა და უსაფრთხოების მაღალი რისკები გახდა.

უეფას 2026 წლის 30 ოქტომბრის ოფიციალური განმარტებით, უშუალოდ თურქეთის ხელისუფლებამ აცნობა ორგანიზაციას, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სტამბოლში ამ მატჩის მასპინძლობა შეუძლებელი იყო.

screenshot-2026-11-27-132515-1795771653.png

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, თურქეთში ისრაელის მიმართ მკვეთრად ნეგატიური განწყობებია, რაც სტამბოლში ისრაელის გუნდისა და მისი ქომაგების უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებდა.

თურქული მხარის ინიციატივით, უსაფრთხოების სრული გარანტიების არარსებობის გამო, თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა თავად შესთავაზეს უეფას შეხვედრის ნეიტრალურ ქვეყანაში გადატანა.

ნეიტრალურ მოედნად ბათუმი შეირჩა როგორც უეფას სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქი, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა თურქეთთან (რაც თურქ გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების საშუალებას აძლევდა) და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შედარებით სტაბილურ გარემოდ მიიჩნეოდა.

ანუ რა გამოდის - თურქულმა მხარემ იცოდა, რომ „ბეშიქთაშის“ ათი ათასობით აღტკინებული გულშემატკივარი სტამბოლის სტადიონზე იგივეს გააკეთებდა-ტრიბუნებზე გამოფენდა პალესტინის მხარდამჭერ და ისრაელის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებს, რომელთა სასწრაფოდ ჩამოხსნას ეცდებოდნენ უეფას წარმომადგენელები, რასაც მოჰყვებოდა „ბეშიქთაშის“ ულტრასების საპასუხო მკვეთრი რეაქცია, რაც თურქეთის საპოლიციო ძალების აუცილებელ ჩარევას მოითხოვდა, რაც შემდეგომში შეიძლება გადაზრდილიყო დიდ დაპირისპირებაში უკვე სტადიონის გარეთ სტამბოლის ქუჩებში, რაც არანაირად არ აწყობდა თურქეთის ხელისუფლებას...და ეს თავის ტკივილი ბათუმსა და მთლიანად ჩვენ საქართველოს „გადმოულოცეს“?

batumiiiiiiiiiiiiii-1795718400.jpg

უეფას ორგანიზაციის დისციპლინური რეგლამენტი მკაცრად კრძალავს სტადიონებზე ნებისმიერი პოლიტიკური, იდეოლოგიური ან პროვოკაციული შინაარსის სიმბოლიკის გამოფენას.

მაღალი რისკის მქონე შეხვედრებზე (განსაკუთრებით ისრაელის კლუბებისა და ნაკრების მონაწილეობით) უეფას უსაფრთხოების პროტოკოლით ტრიბუნებზე მხოლოდ თამაშში მონაწილე გუნდებისა და ქვეყნების ოფიციალური დროშების შეტანაა ნებადართული, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი და პროვოკაცია.

26 ნოემბრის შეხვედრაზე თურქმა გულშემატკივრებმა პალესტინის დროშებთან ერთად გაშალეს ბანერი წარწერით „აჯანყდით ოკუპაციის წინააღმდეგ, თავისუფლება პალესტინას“, რაც უეფას წარმომადგენლებმა პოლიტიკურ გზავნილად და რეგლამენტის დარღვევად შეაფასეს და მისი ჩამორთმევა მოითხოვეს.

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები დიდი ხანია ცნობილნი არიან თავინათი ექსტრემალური ქცევებით, რის გამოც ეს თურქული საფეხბურთო გუნდი და მათი სტადიონი არაერთხელ დააჯარიმა უეფამ და ამ სტამბოლურ კლუბს ევროტურნირებზე ამ მიზეზით არაერთი სერიოზული ფულადი და დისციპლინური სანქცია აქვს მიღებული.

დარღვევები ძირითადად ეხება პიროტექნიკის გამოყენებას, ტრიბუნებზე არეულობას, სტადიონზე გასასვლელების ჩახერგვას, მოედანზე ნივთების სროლასა და პოლიტიკური ხასიათის ბანერების გამოფენას.

ყველაზე გახმაურებული სანქციები „ბეშიქთაშის“ ისტორიაში

2017 წელი („ლიონის“ წინააღმდეგ — ევროპის ლიგა). ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია. საფრანგეთში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩამდე და მის დროს გულშემატკივრებს შორის მომხდარი მასობრივი ჩხუბისა და ფოიერვერკების სროლის გამო (რის გამოც თამაში 45 წუთით შეფერხდა), უეფამ „ბეშიქთაში“ 100 000 ევროთი დააჯარიმა და ევროტურნირებიდან 1-წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია (2-წლიანი გამოსაცდელი ვადით) მისცა.

2018 წელი („ბაიერნის“ წინააღმდეგ — ჩემპიონთა ლიგა). სტამბოლში გამართულ მატჩზე ტრიბუნებზე კიბეების ჩახერგვის, პიროტექნიკის გამოყენებისა და მოედანზე კატის შევარდნის გამო (რის გამოც შეხვედრა დროებით შეჩერდა), კლუბს 34 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

2015 წელი („ლოკომოტივისა“ და „სპორტინგის“ წინააღმდეგ — ევროპის ლიგა). გულშემატკივრების მიერ მაშხალების ანთებისა და გასასვლელების ბლოკირების გამო კლუბი ჯერ 26 000 ევროთი, მოგვიანებით კი პორტუგალიაში მომხდარი ინციდენტების გამო დამატებით 30 000 ევროთი დაჯარიმდა. [1]

2014 წელი („არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ). ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფსა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პიროტექნიკის გამოყენებისა და მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლის გამო „ბეშიქთაშს“ რამდენიმე ათეული ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

2023–2024 წლების სეზონი („ბრიუგესა“ და „ლუგანოს“ წინააღმდეგ — კონფერენს ლიგა). ბელგიასა და სტამბოლში გამართულ მატჩებზე სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანების, მაშხალების სროლისა და გასასვლელების ჩახერგვის გამო უეფამ კლუბს ჯამში 80 000 ევროზე მეტი ჯარიმა და გასვლით მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების შეზღუდვა დააკისრა.

ბათუმში, 26 ნოემბერს „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ მომხდარი დაპირისპირებისა და პოლიტიკური ბანერების გამოფენის გამო, უეფას სადისციპლინო კომიტეტი „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

უეფა კი იმსჯელებს, მაგრამ ასეთ პოლიტიკას რა უნდა ფეხბურთში და თანაც ქართულ სტადიონზე, სადაც ქართველი ფეხბურთელები არ თამაშობდნენ?

ერდოღანისა და ნეთანიაჰუს პიროვნულ შუღლს, რაც უკვე გადასულია თურქეთ-ისრაელს შორის უმწვავეს პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ღმერთმა არ ქნას, ეს ყველაფერი მათ შორის დიდ ომშიც გადაიზარდოს, რა კავშირი უნდა ჰქონდეს საქართველოსთან და რატომ უნდა „ვიჭყლიტებოდეთ“ ჩვენ მათ ასეთ სერიოზულ დაპირისპირებაში?

თურქეთიცა და ისრაელიც დღეს ცდილობენ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე გახდნენ სირიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და თვით ახალო აღმოსავლეთშიც კი,რის გამოც მათ შორის ყველანაირი დაპირისპირება(სპორტის ჩათვლითაც) კიდევ უფრო გაღრმავდება...მაგრამ, საქართველოს თავი გაანებონ!

ასევე დაგაინტერესებთ: ნატოს შიშები ანუ რატომ ვერ ბედავს ალიანსი რუსული რაკეტების ჩამოგდებას?!

პუტინისა და ტრამპის ჯინაზე - ზელენსკი აგრძელებს რუსულ ნავთობქარხნებზე შეტევებს და არც დონბასის უბრძოლველად დათმობას აპირებს

ვინ იგებს ომს?! - რუსეთი ყოველ 5 საათში ერთ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს უკრაინისკენ, თუმცა ყოველ 5 წუთში ფრონტზე ერთი ჯარისკაციც ეღუპება

უკრაინა ისევ შეიჭრა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე?!

P.S. ჯერ კიდევ თამაშიდ დაწყების წინ,ბათუმის ქუჩებში მსვლელობისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მასობრივად სკანდირებდნენ თურქულ ლოზუნგს: „Mustafa Kemal'in askerleriyiz“, რაც ითარგმნება როგორც „ჩვენ მუსტაფა ქემალის ჯარისკაცები (მეომრები) ვართ“.

„ბეშიქთაშის“ მთავარი ფან-დაჯგუფება „ჩარში“ (Çarşı) ტრადიციულად მკვეთრად გამოხატული სეკულარული და ქემალისტური შეხედულებებით გამოირჩევა, რის გამოც ამ შეძახილს ისინი თურქეთის სტადიონებსა და მსვლელობებზეც ხშირად იყენებენ.ისინი ამ ლოზუნგს პიროტექნიკის თანხლებით სკანდირებდნენ როგორც მატჩის წინა მსვლელობისას, ისე შეხვედრის დასრულებისა და გამარჯვების აღნიშვნის დროს.

ქართულ საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში უცხო ქვეყნის მოქლაქეების მხრიდან ბათუმის ქუჩებში მსგავსი სამხედრო-პოლიტიკური შინაარსის სკანდირებასა და პიროტექნიკის გამოყენებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა…

ძალაუნებურად მახსენდება საქართველო-ისრაელის რამდენიმე თვის წინანდელი ამხანაგური საკალაბურთო შეხვედრა,როდესაც ჩვენს გვერდზე მარტოდ მჯდარი ახალგაზრდა თურქი მამაკაცი ქართულ ხუთჯვრიან დროშას გაშმაგებით აფრიალებდა და ქართველი კალათბურთელების ჩაგდებულ ყოველ ბურთს დიდი ზეიმით აღნიშნავდა, რაც რა თქმა უნდა, იწვევდა ქართველი გულშემატკივრების მოწონებას, მაგრამ ამასთანავე ეს თურქი ინგლისურ ენაზე დრო და დრო შეურაცხმყოფელ ხმამაღალ რეპლიკებს ისროდა მოშორებით,კომპაქტურად მსხდომი ისრაელელი გულშემატკივრების მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მოედანზე ისრაელი ჩვენი სპორტული მოწინააღმდეგე იყო, ამ თურქი ახალგაზრდას ქცევამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ გულშემატკივრებში და მკაცრი შენიშვნაც მივეცით-სპორტული მოედანი არ უნდა გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელების ასპარეზად!

და ბოლოს- ეს ის კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიციელებს გულშემატკივრობ,რომლებიც ცდილობენ დაიცვან წესრიგი შენს ქალაქში, უცხოელებისგან შემდგარი ეგზალტირებული ბრბოს მხრიდან სტადიონისა და ქუჩების დარბევისგან...