პუტინისა და ტრამპის ჯინაზე - ზელენსკი აგრძელებს რუსულ ნავთობქარხნებზე შეტევებს და არც დონბასის უბრძოლველად დათმობას აპირებს
“ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ, თავი შეეკავებინათ ამ დარტყმებისგან, კიევის ხელისუფლება არ უსმენს ასეთ რჩევებს”, - ეს განცხადება პუტინმა გუშინ გააკეთა, დღეს დილას კი უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსეთის სამარის ოლქში ერთდროულად შეუტიეს „ნოვოკუიბიშევსკისა“ და „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს…
აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კულუარად თვეების განმავლობაში დაჟინებით „ურჩევდა“ ოფიციალური კიევს, შეეწყვიტა შეტევები რუსულ ნავთობობიექტებზე, რაც თეთრი სახლის აზრით, ზრდიდა საწვავის ფასს იმ მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებსაც 3 ნოემბერს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე...
ეს არჩევნები ტრამპის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა ძირითადად წააგეს, თუმცა თავად ტრამპი, რომელიც აგრესორი ქვეყნის-რუსეთის პრეზიდენტ პუტინს „მეგობარს“ ეძახის (ისე, თავად აშშ და ისრაელი 28 თებერვლის შემდეგ როგორი ქვეყნები არიან?), კვლავ მოითხოვს რუსულ ნავთობობიექტებზე უკრაინული საჰაერო დარტყმების შეწყვეტას და დიდი ხანია გაჩნდა უზარმაზარი კითხვის ნიშანი-რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მართლაც აგრესორი რუსეთის გამარჯვებისთვის ხომ არ იღწვის?!
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი მთავარი მტრის-პუტინის და ნაწილობრივ ტრამპის ჯინაზეც კი არათუ აგრძელებს, არამედ აჩქარებს კიდეც რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევებს...
2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან 25 ნოემბრის ჩათვლით უკრაინამ იერიში მიიტანა 16-დან 17-მდე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
23 ნოემბრისთვის ნოემბერში დარტყმული ქარხნების რაოდენობა 15-ს შეადგენდა (რაც რუსეთის გადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტს — დღეში 3.6 მილიონ ბარელზე მეტს ფარავს), ხოლო 25 ნოემბრის ღამეს ამ სიას სამარის ოლქში მდებარე კიდევ 2 მსხვილი საწარმოც დაემატა.
საერთაშორისო შეფასებებით, ოქტომბრის ბოლოდან განხორციელებულმა სისტემატურმა შეტევებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტს შეუქმნა პრობლემა და ნედლი ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობა დაახლოებით 45%-ით შეამცირა.
და თუკი ასეც გაგრძელდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მომავალი კრახი გარდაუვალი გახდება, რაც აუცილებლად იმოქმედებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც, რადგან აგრესორი რუსეთი დაკარგავს ამ ომის ინტენსიურად გაგრძელების საშუალებას, შესაბამისად ძალიან გაუჭირდება უკრაინის ახალი მიწების დაპყრობა...
...და სწორედ ამიტომაც უკრძალავს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას?!
უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ და რუს კოლეგებს სხვა საკითხშიც „ეურჩება“ - კერძოდ კი დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად დათმობაში რუსეთისთვის და ამის სანაცვლოდ ამერიკული მხრიდან შეპირებული უსაფრთხოების გარანტიებისაც არ სჯერა...
ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ დონბასიდან უკან დახევა და საკუთარი მიწის ნებაყოფლობით დათმობა ამ ომის წაგებას ნიშნავს.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იგებს ომს?! - რუსეთი ყოველ 5 საათში ერთ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს უკრაინისკენ, თუმცა ყოველ 5 წუთში ფრონტზე ერთი ჯარისკაციც ეღუპება
უკრაინა ისევ შეიჭრა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე?!
საქართველოში საცხოვრებელ კორპუსს გაზი აფეთქებს, უკრაინაში კი რუსული დრონი...
მისი თქმით, საუბარია არა საბრძოლო მოქმედებების შედეგად პოზიციების დატოვებაზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინამ თავად დატოვოს საკუთარი ტერიტორია, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, საქმე მხოლოდ მიწის ჰექტრებს არ ეხება; არანაირი უსაფრთხოების შეპირება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის ერთი ნაწილის ნებაყოფლობით დათმობის შემდეგ, უკრაინას სხვა ტერიტორიების დათმობასაც არ აიძულებენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აზროვნებიდან გამომდინარე, დონბასის დატოვება მოსკოვს ახალი მოთხოვნებისკენ უბიძგებს - კერძოდ, რუსეთმა შესაძლოა პრეტენზია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზეც განაცხადოს…