უკრაინა ისევ შეიჭრა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე?! - კვირის პალიტრა

უკრაინა ისევ შეიჭრა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე?!

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, გლუშკოვოს რაიონის სასაზღვრო სოფელ ნოვი პუტზე კონტროლი დაამყარეს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ეს ინფორმაცია 2026 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გავრცელდა და რუსულ წყაროებს ეფუძნება, თუმცა დამოუკიდებელი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და არც უკრაინის სარდლობას დაუდასტურებია.

სოფელი ნოვი პუტი კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, საერთაშორისო საზღვრიდან 1 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

ISW-ის მიხედვით, ეს ცნობები არ მიუთითებს კურსკის ოლქში ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განახლებაზე. უკრაინული ძალები გლუშკოვოს სამხრეთ-დასავლეთით ცალკეულ პოზიციებს ისედაც ინარჩუნებდნენ, ხოლო სასაზღვრო ზოლში ორივე მხარე რეგულარულად ახორციელებს შეზღუდულ სასაზღვრო ოპერაციებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყეს და დაახლოებით რვა თვის განმავლობაში, 2025 წლის გაზაფხულამდე აკონტროლებდნენ ტერიტორიების ნაწილს.

ოპერაცია სუმის ოლქიდან დაიწყო. უკრაინულმა ძალებმა სწრაფად დაიკავეს დაახლოებით 1 000 კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი სუჯა.

კიევმა მიზნად დაასახელა უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა, რუსული ძალების სხვა ფრონტებიდან გადაყვანა და სამომავლო მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერება.

რუსეთმა ძალების კონცენტრაცია მოახდინა, გამოიყენა მართვადი საჰაერო ბომბები, დრონები და ჩრდილოეთ კორეის დანაყოფები. 2025 წლის დასაწყისში უკრაინის მცირე შეტევის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს და უკრაინულმა ქვედანაყოფებმა 2025 წლის მარტში სუჯიდან და კურსკის ძირითადი პლაცდარმიდან უკან დაიხიეს.

ოფიციალური კიევი დღემდე არ ასახელებს იმ საბრძოლო დანაკარგებს, რაც უკრაინის არმიამ განიცადა საექსპედიციო კორპუსის რუსეთის ტერიტორიაზე რვათვიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამ მცდელობამ, ომი დაებრუნებინა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოიტანა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური დივიდენდები პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებისთვის, უკრაინის არმიის რიგი მაღალჩინოსანი ოფიცრები დღემდე აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილებას ,რადგან იმ დროისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებს უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა ქვეყნის აღმოსავლეთით დონბასში ბრძოლებისას სჭირდებოდათ, რასაც მოჰყვა რიგი უკრაინული ქალაქების დაკარგვა...

უკრაინის არმიის კურსკის ოპერაციის პერიოდში (2024 წლის აგვისტო – 2025 წლის მარტი), რუსეთის ძალებმა დონბასში (ძირითადად დონეცკის ოლქში) დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები, მათ შორის ვუჰლედარი, სელიდოვე, კურახოვე, ნოვოჰროდივკა, უკრაინსკი და ჰირნიკი.

ასევე დაგაინტერესებთ: სანამ ნატო უკრაინული დრონების აფეთქებულ რუსულ გემზე ხანძარს აქრობდა, უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული სარაკეტო კორვეტიც ააფეთქეს...

საქართველოში საცხოვრებელ კორპუსს გაზი აფეთქებს, უკრაინაში კი რუსული დრონი...

ნატო ნუთუ ასე აპირებს რუსეთის შეჩერებას?! - ანუ რატომ ვერ ჩამოაგდეს პოლონეთის ცაში შეჭრილი რუსული ფრთოსანი რაკეტები...

ვაკუუმური ბომბის ეფექტი: ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია რვა წლის ინტერვალით გამეორდა და ისევ - „დომინოს პრინციპით“...

ამ პერიოდში რუსული არმიის მთავარი სამიზნე პოკროვსკის, კურახოვესა და ვუჰლედარის მიმართულებები იყო, სადაც უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლეს.

ამავე პერიოდში (2024 წლის ზაფხულიდან 2025 წლის მარტამდე) ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქებში ტორეცკი და ჩასივ იარი. კურსკის ოპერაციის დასრულების მომენტისთვის (2025 წლის მარტი) რუსეთის არმია უკვე აკონტროლებდა ამ ორივე ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა მათზე სრული კონტროლის დამყარება მოგვიანებით მოხდა.

ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალებს არ გააჩნიათ იმ რაოდენობის თავისუფალი სარეზერვო დანაყოფები, რომ ორი წლის წინანდელი კურსკის ოპერაციის მსგავსი ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელონ რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიის რომელიმე ნაწილში, თუმცა ბრძოლები უშუალოდ სასაზღვრო მონაკვეთებში შემდგომშიც გაგრძელდება...