რა ელის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში?!
დღეს მინდა დავასრულოთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბარი. ამჟამად და ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხია. რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ოკუპაცია-ანექსია საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ფუნდამენტურად ცვლის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა საშინაო და საგარეო გადაწყვეტილება, მათ შორის ნეიტრალიტეტის საკითხიც, ამ პრიზმაში უნდა იყოს განხილული.
ვფიქრობ წინა პუბლიკაციებით ობიექტურად დასტურდება ოკუპანტის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემის ჯერ აქტუალიზაციით, შემდეგ კი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შედეგად, ამ “იდეის” პოლიტიკურ და საკანონმდებლო დღის წესრიგში შემოტანა/დამკვიდრებით. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო სწორედ თბილისში გამართულ “ნეიტრალიტეტის ფორუმზე” რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული უცხოელი პოლიტოლოგ-ექსპერტ-ანალიტიკოსების “დესანტის” შემოგზავნა. მოსკოვის აზრით ქართველი ხალხი იმდენად მიამიტია, რომ თუ რუსის მაგივრად კრემლის უცხოელი (ამერიკელი, ესტონელი, ფინელი, ავსტრიელი, ბრიტანელი და ა.შ.) “გავლენის აქტივი” ეტყვის ნეიტრალიტეტი თქვენი გადარჩენის გზაა და რად გინდათ “მომაკვდავი” დასავლეთიო, უფრო დაიჯერებს და ანკესზე წამოეგება ამ სატყუარას. ოკუპანტის და მათი მხარდამჭერების მთავარი შეცდომა ისაა, რომ უკვე ვისწავლეთ ტყუილ-მართლის გარჩევა და ასე მარტივად არ გავებმებით მახეში. ეს დალოცვილი ინტერნეტიც ისეთია, რომ “ღია ინფორმაციის” მოძიებას არ დაგამადლის და ყველა “დესანტნიკის” შესახებ ცნობებს მოგაწვდის.
„თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი“ რუსეთის პროკრემლისტურ მედიაში ფართოდ გაშუქდა. ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო ამერიკელი ექსპერტის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსის (რასაც განუწყვეტლივ აფშირებენ), ლარი ჯონსონის გამონათქვამები. ის არც მალავს, რომ უდრეკი რუსოფილია, რუსეთი უყვარს

ფოტოზე: დაუღალავი ლარი ჯონსონი
და ერთგულად ემსახურება კრემლს. უკრაინაზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ პუტინს სერიოზულად გაუჭირდა, განსაკუთრებით “იდეოლოგიურ ფრონტზე”, მას მსოფლიო უნდა დაეჯერებინა, რომ დამნაშავე უკრაინელი ხალხია, თავად კი “სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი”. ამ მიზნით ოკუპანტი ქვეყნის მმართველმა “რუსეთუმეების” საყოველთაო მობილიზაცია გადაწყვიტა და 2023 წლის 14 მარტს მოსკოვში მისი განკარგულებით შეიქმნა „რუსოფილების საერთაშორისო მოძრაობა“ (Международное движение русофилов, / International Russophile Movement).” საინტერესო გარემოებაა, რომ ამის ფორმალურ ინიციატორად ბულგარელი პოლიტიკოსი-რუსოფილი ნიკოლაი მალინოვი წარადგინეს, ხოლო დაფინანსება რუს მულტიმილიონერ ბიზნესმენს, საინვესტიციო ჯგუფ Marshall Capital-ის დამფუძნებელ და ტელეკომპანია Царьград-ის მფლობელ კონსტანტინე მალოფეევს „შეაწერეს.“ მთავარი იდეოლოგი საქართველოს „დიდი მეგობარი“ ალექსანდრე დუგინია, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ასევე კარგად ნაცნობი მარია ზახაროვა აგვარებს. იქვე ახლოს, გამგეობაში ტრიალებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) “ყოფილი” გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ რეშეტნიკოვი, ვფიქრობ გასაგებია რა მიზნითაც. ნიკოლაი

ფოტოზე: პუტინი ორდენს გადასცემს ნიკოლაი მალინოვს, მოსკოვი, 2019 წლის 4 ნოემბერი
მალინოვი დიდი ხანია, რაც “კრემლის აქტივია”. ერთ სკანდალურ ფაქტს გაგახსენებთ და თავად დარწმუნდებით.
ბულგარეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძალზე აქტიურობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, რომლის ოფიცრებიც, როგორც წესი, რუსეთის დიპლომატიური მისიების პოლიტიკურ წარმომადგენლობებში არიან თავშეფარებული. 2019 წლის სექტემბერში ბულგარეთის კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსი ჯაშუში, რომელიც რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობით ინიღბებოდა. სწორედ მასთან იყო ოპერატიულ კავშირზე ბულგარეთის მოქალაქე, "ბულგარეთის ნაციონალური მოძრაობა რუსოფილების" თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტის წევრი - ნიკოლაი მალინოვი.
2019 წლის სექტემბერში ბულგარეთის პროკურატურამ მალინოვის კაბინეტის ჩხრეკისას აღმოაჩინა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები რუსულ ენაზე, სადაც მოცემული იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ ბულგარეთის პროდასავლური გეოპოლიტიკური კურსი. მალინოვი ეხმარებოდა ბულგარეთში ღიად და ფარულად მოქმედი რუსული ორგანიზაციების ძალისხმევას, გავლენა მოეხდინათ სოფიის საგარეო პოლიტიკაზე, რათა ბულგარეთი ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირეებისგან დაეცილებინათ და კრემლის ორბიტაზე დაებრუნებინათ. კერძოდ კი, დაგეგმილი იყო ახალი ინტერნეტსაიტების, ტელევიზიისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რათა ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ რუსეთი. ამისთვის ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო საერთო სლავურ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე. რაც ყველაზე მთავარია: ბულგარეთის სპეცსამსახურებმა მაშინ გაშიფრეს "რუსოფილების" დაფინანსების ძირითადი წყაროები და კვალი კვლავ კრემლისკენ მიდის. მალინოვის ერთ-ერთი დამფინანსებელი რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევიც იყო. მაშინ ასევ გამოვლინდა ნიკოლაი მალინოვის ფარული კავშირი გენერალ ლეონიდ რეშეტნიკოვთან, რომელსაც შემდეგ 10 წლით აეკრძალა ბულგარეთში შესვლა. გამოძიების ფარგლებში ბულგარეთის კონტრდაზვერვამ რუსული „არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიერ ბულგარეთში ფულის გათეთრების სქემაც გაშიფრა. 2019 წლის 9 სექტემბერს ნიკოლაი მალინოვი დააკავეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. თუმცა ერთი თვის შემდეგ 25 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ამის შემდეგ მოვლენები კურიოზულად განვითარდა.
2019 წლის 21 ოქტომბერს მალინოვის ადვოკატებმა სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა მისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვის მოხსნის ან დროებითი გამგზავრების ნებართვის გაცემის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ კი მოსამართლე ანდონ მიტალოვმა მალინოვს . . . . რუსეთის ფედერაციაში ხუთდღიანი გამგზავრების უფლება მისცა 1–5 ნოემბერს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.
2023 წლის 10 თებერვალს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში მალინოვი დაასანქცირა. ტექსტი ამგვარი იყო: “2019 წლის სექტემბერში, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით მისი დაკავებისა და მისთვის საერთაშორისო გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, მალინოვმა ბულგარელ მოსამართლეს ქრთამი მისცა, რათა რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების ნებართვა მიეღო. მისი მიზანი იყო, პირადად მიეღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მეგობრობის ორდენი.“
2019 წლის 4 ნოემბერს ესტონელ და ბულგარელ რუსოფილებს, - რეინ მიულერსონსა და ნიკოლაი მალინოვს ვლადიმერ პუტინმა ერთსა და იმავე სახელმწიფო დაჯილდოების ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის მეგობრობის ორდენი გადასცა. ამასთან ერთად მათ 2.5 მილიონი რუბლის (მაშინდელი კურსით დაახლოებით 40 000 დოლარი) ფულადი პრემიაც გადაეცათ. როგორც ვხედავთ თავის ხალხს კრემლი კარგად უხდის.
2023 წლის 14 მარტს მოსკოვში „სამი მუშკეტერი“: მალინოვი, დოროფეევი და რეშეტნიკოვი უკვე არავის ემალებოდნენ, ხოლო მათი ორგანიზაცია -„რუსოფილების საერთაშორისო მოძრაობა“ - კრემლის „გავლენის აქტივის“ ოფიციალური თავშესაფარი გახდა. ამერიკელი ლარი ჯონსონიც აქტიურადაა ჩართული „რუსოფილების“ საშინაო და საგარეო აქტივობებში. საინტერესოა ვინ აფინანსებს ამერიკაზე და ზოგადად დასავლეთზე დაბოღმილ ლარის?
2024 წლის ნოემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს რეესტრში გამოჩნდა ჯონსონის რეგისტრაცია, რომლის უცხოელი პრინციპალი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია Alasriya Media Consultancy LLC, წარმოდგენილი Ghina Youssef Al Amyouni-ს მიერ. აშშ-ის ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია მხოლოდ სამი გადახდა:

გადახდის დანიშნულებად მითითებულია საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურება. ვერაფერს იტყვი: ორ თვეში ცხრა ათას დოლარზე მეტი,- ცუდი ნამდვილად არ არის. FARA-ს რეესტრში ჯონსონის რეგისტრაცია ჯერ-ჯერობით ამით ამოიწურა. თუმცა „საკონსულტაციო მომსახურება“ ნამდვილად არ დასრულებულა. ვისთვის მუშაობს ლარი?
გაირკვა, რომ ლარი ჯონსონს მჭიდრო ორგანიზაციული კავშირი აქვს რუსეთის „ერთიანობის სახალხო კლუბთან“ (International Club of National Unity). კლუბის ოფიციალური ვებგვერდი მას პრეზიდიუმის წევრად და მედია-ექსპერტთა დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ასახელებს. 2026 წლის 5-26 სექტემბერს ჯონსონის სამკვირიანი ტური რუსეთში სწორედ ამ “კლუბის” მოწვევითა და ხელშეწყობით განხორციელდა, რაც ბუნებრივია ავიაბილეთების, სასტუმროსა და სხვა ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობდა. ამავე დროს, სავარაუდოდ, ლარი ქეშ-ჰონორარის გარეშეც არ დარჩებოდა. თბილისში ლარი ჯონსონმა, ასეთი კითხვა დასვა, რომელიც ვფიქრობ ყველას გვეხება: „თქვენ უნდა გადაწყვიტოთ − გსურთ იყოთ ნეიტრალური და სუვერენული, თუ დარჩეთ დასავლეთის ფინიად?“ აი, ამ მოკლე ფორმულირებაშია ჩატეული „კრემლის“ თვალთმაქცობა და კარგად ჩანს მისი მიზნები: უარი უთხარით დასავლეთს, გახდით ნეიტრალური და მაშინვე გახდებით სუვერენული! აფხაზეთი და სამაჩაბლო? - აქ კი დუმილი.

ფოტოზე: „კრემლის“ მიერ დაფინანსებული ლარი ჯონსონი
ერთი წუთით დავფიქრდეთ: სად მიგვიყვანს დასავლელ მეგობარ-პარტნიორებთან ჯერ სამხედრო-პოლიტიკური, შემდეგ კი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა? პირდაპირ “გველეშაპის ხახაში.”
ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები არიან. დღეს, საგრძნობლად შემცირებული, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამხედრო-პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან, ნატოსთან და აშშ-სთან ასე გამოიყურება.
სამხედრო თანამშრომლობა
1. Agile Spirit 2025
- 2025 წლის 6 აგვისტოს დასრულდა ორკვირიანი სწავლება.
- მონაწილეობდა 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
- ჩართული იყო 9 ქვეყანა.სწავლება საქართველოსა და თურქეთში მიმდინარეობდა.
- ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალები და აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობა.
2. NATO-სთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა
2025 წლის მაისში ჩატარდა NATO-საქართველოს სამხედრო სწავლება. NATO-ს 2025 წლის გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, ალიანსმა თანამშრომლობის ზოგიერთი კომპონენტი გადაახალისა, თუმცა საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა. 2026 წლის 7–8 მაისს საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან განიხილა სამხედრო თავსებადობა, თავდაცვის შესაძლებლობები და ინსტიტუციური რეფორმები. ამ რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) 72-ე წლიურ სესიაში, რომელიც ბერლინში გაიმართა.
3.სპეციალური ოპერაციები და სამხედრო-სპეციალური თანამშრომლობა
2026 წლის 13 მაისს საქართველოში ჩატარდა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCEUR) ეგიდით ორგანიზებული Trojan Footprint 2026. მონაწილეობდნენ: საქართველო; აშშ; პოლონეთი; დიდი ბრიტანეთი; ესპანეთი და რუმინეთი. საქართველოს ტერიტორიაზე სწავლების კომპონენტს ეწოდებოდა Black Sea Gateway 2026 და მოიცავდა სახმელეთო და საზღვაო ოპერაციებს. საქართველო ამ სწავლების მასპინძელი მეოთხედ გახდა.
ეს სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სამხედრო წვრთნას, არამედ სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის განვითარებას.
4.აშშ-ის ომის (თავდაცვის) დეპარტამენტთან თანამშრომლობა
2026 წლის 14–16 სექტემბერს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან განიხილეს უსაფრთხოების დახმარება და Foreign Military Financing-ის პროგრამის განხორციელება. 21 სექტემბერს კი საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის ომის (თავდაცვის) მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ენდრიუ ლუმისი. მან შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან. განიხილეს: საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები; რეგიონული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები;
ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში; ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლებები; სამომავლო სამხედრო პროგრამები და სხვ.
5. სამართალდამცავ უწყებებთან და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული თანამშრომლობა
აქ განსაკუთრებით საინტერესოა FBI-ისა და საქართველოს სუსის, შსს-ს, პროკურატურისა და სასაზღვრო პოლიციის ურთიერთობები. 2026 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.
6. სუს-ის ანტიტერორისტული თანამშრომლობა აშშ-სა და ევროპასთან
სუსის კონტრტერორისტული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან; კონტრტერორისტული დანაყოფი რეგულარულად იღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან ტრენინგებსა და აღჭურვილობას; აშშ და ევროკავშირი საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში მუდმივად არიან ჩართულნი.
ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მონაწილეობს Europol-ის Counter Terrorism Joint Liaison Team-ში. ასევე, 2024 წლის 15 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და Europol-ს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ. ეს კი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია კონტრტერორისტული თანამშრომლობისთვის.
სუს-ის 2025 წლის ანგარიშიდან ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი „ცხელი ხაზის“ არსებობა, რომელიც 2025 წელს - 1 960 - ჯერ გააქტიურდა, მათ შორის 1 657 -ჯერ (84.5%) ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და 303-ჯერ (15.5%) აფხაზეთის მიმართულებით. “ცხელი ხაზის” გააქტიურება მხოლოდ საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტების მიერ უკანონო დაკავების ფაქტზე რეაგირებას არ გულისხმობს. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გაცვლა: გადაადგილების შეზღუდვებისა და ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ; სამხედრო და უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ; ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების შესახებ; გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზების მიზნით და სხვ.
ასევე მნიშვნელოვანია სუს-ის დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან სინამდვილეში ფინელი საკარი ლინდენი, ესტონელი რეინ მიულერსონი და ამერიკელი ლარი ჯონსონი, რომლებიც საქართველოს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებენ?!
ირანმა ევროპის მაცივრებს ომი "გამოუცხადა"?! - ჰიბრიდული დარტყმის ახალი ტაქტიკა
ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების შემთხვევაში, რაც დასავლეთთან ზემოაღნიშნული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სრულ შეწყვეტას გულისხმობს, საქართველოს მარტოდ-მარტო მოუწევდა გადაეჭრა ურთულესი პრობლემები: იქნებოდა თუ არა ნეიტრალიტეტი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პირობა და როგორ განხორციელდებოდა ეს პროცესი? იარსებებდა თუ არა გარანტია, რომ რუსეთი პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნეიტრალიტეტსა და სუვერენიტეტს? როგორ იქნებოდა უზრუნველყოფილი ქვეყნის უსაფრთხოება ახალი სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში? თუ ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები არ არსებობს და ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოხდება რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნების პირობებში, ეს იმაზე მეტად დაასუსტებს საქართველოს ვიდრე დღეს არის. ამგვარია არგუმენტები. თუ ვინმეს კონკრეტული და არა პოპულისტური კონტრარგუმენტები აქვს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ.
და კიდევ ერთი: ნუ თვალმაქცობს ზოგიერთი - ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა, დღეს ერთ არჩევანია - რუსეთი ან დასავლეთი. დღეს ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას ევროპასა და აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკურ დაახლებაზე და “რუსული გველეშაპის” წინაშე მარტო დარჩენას.