რატომ "უღალატეს" ამერიკელებმა შევარდნაძეს? - კვირის პალიტრა

რატომ "უღალატეს" ამერიკელებმა შევარდნაძეს?

პირველი ნაწილი

2003 წლის ნოემბრის ბოლოს უკვე "სახლში წასული" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ე. შევარდნაძე აშშ-ის ადმინისტრაციაზე იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ამერიკელების კრიტიკას (პერსონალიებიდან მხოლოდ ელჩ რიჩარდ მაილსს და მილიარდერ ჯორჯ სოროსს ასახელებდა) რუსულ ტელეარხებზეც კი არ ერიდებოდა და მათ ღალატში სდებდა ბრალს. 2003 წლის 30 ნოემბერს ე. შევარდნაძემ ტელეკომპანია "როსიას" გადაცემა "ვესტი ნედელის" ეთერში განაცხადა, რომ აშშ-მ ხელი შეუწყო მის დამხობას, რაც მიაჩნდა თავისი მეგობრების დიდ ღალატად. განსაკუთრებით გამოყოფდა საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ მაილსის როლს, რომელიც, მისი თქმით, ეხმარებოდა ოპოზიციას მის გადაყენებაში. ამავე დროს, ე. შევარდნაძე ამერიკელ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსს ასახელებდა საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციურად შეცვლის მთავარ დამფინანსებლად.

besoalada1-1638519759.jpg
ედუარდ შევარდნაძე და ჯორჯ სოროსი

საინტერესოა, რომ ე. შევარდნაძე ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, როდესაც მკაცრად აკრიტიკებდა ამერიკელ მილიარდერ ჯორჯ სოროსსა და მისი ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში, "გარკვეული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერისა და რადიკალური ახალგაზრდული მოძრაობა "კმარას" დაფინანსების გამო", თუმცა მაშინ განაცხადა, რომ არ აპირებდა "სოროსის ფონდის" ქვეყნიდან გაძევებას. ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი მისი შეხედულება კარდინალურად შეიცვალა. რუსულ ტელეარხზე გამოსვლისას ე. შევარდნაძემ განაცხადა: "თქვენ სოროსი გააძევეთ რუსეთიდან, თქვენ სწორად მოიქეცით. ის ცუდად იქცევა. პოლიტიკა მისი საქმე არ არის... საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის სოროსმა ჩამოაყალიბა "მთელი კონცეფცია - როგორ ჩატარდეს არჩევნები, რომ სხვა ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორ შექმნას იგივე ორგანიზაციები, როგორიც იუგოსლავიაში".

რა თქმა უნდა, ე. შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ ვერც ჯ. სოროსი და მით უფრო - აშშ-ის ელჩი რ. მაილსი დამოუკიდებლად, ვაშინგტონის ნებართვის გარეშე, მისი ხელისუფლების დამხობას ვერც დაგეგმავდნენ და ვერც განახორციელებდნენ. მიუხედავად ამისა, ე. შევარდნაძე ღიად არ დაუპირისპირდა აშშ-ის ადმინისტრაციას. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი პოლიტიკური ალღო. ქართული იგავისა არ იყოს: "კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო ცემაო".

ედუარდ შევარდნაძის პიროვნება იმდენად რთული, ხოლო მისი ცხოვრება და მოღვაწეობა - იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მხოლოდ საარქივო დოკუმენტებისა და იმ დროის მოვლენებში აქტიურად ჩართული პირების მოგონებების ანალიზითაა შესაძლებელი ობიექტური დასკვნების გამოტანა. აქ კი სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით: სადაა და ვისთან ინახება ე. შევარდნაძის პირადი არქივი? ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს (განსაკუთრებით კი კომპრომატებს ხელქვეითებზე) გულმოდგინედ ინახავდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს დაზვერვა-კონტრდაზვერვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების პიროვნული დაპირისპირება სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა - მუშაობის კოორდინაციის მაგივრად, ისინი ერთმანეთზე კომპრომატების მოგროვებითა და "ბაბუსთან" ჩაშვებით "ერთობოდნენ". ამ კომპრომატებს შევარდნაძე პირად სეიფში ინახავდა და მაშინ გამოაჩენდა, როცა დასჭირდებოდა. მისთვის სამსახურებრივი და პირადი არქივი ერთი და იგივე იყო. ჩემი აზრით, ამ არქივში ინახება, მართლაც რომ ფასდაუდებელი, როგორც რეგიონული, ასევე - მსოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტები. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს არქივი (უპირველესად - კომპრომატები) შეუფასებელი მონაპოვარი იქნება მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის და, ამავდროულად, სერიოზული საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ მტერს ჩაუვარდა ხელში. ამიტომ ეს საკითხი სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. ახლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: რატომ განუდგნენ ამერიკელები ე. შევარდნაძეს? ცოტა შორიდან დავიწყებ.

XXI საუკუნის დასაწყისს საქართველო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, პოლიციის უზარმაზარი "არმიითა" და ძალზე სუსტი (უპირველესად - თანამედროვე შეიარაღება, პროფესიონალი კადრები და დაფინანსება მაქვს მხედველობაში) არმიითა და სპეცსამსახურებით შეხვდა. ჩემი აზრით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რგოლის - უშიშროების სისტემის ფაქტობრივი არარსებობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც 1991 წლიდან დღემდე საქართველოს თავს დასტყდომია.

1990-იანი წლების შუა პერიოდში არსებული ერთი, საშუალო დონის უშიშროების სამსახურის დაშლის შემდეგ მივიღეთ სამი, ძალზე სუსტი სპეცსამსახური - სახელმწიფო დაცვის, უშიშროების სამინისტრო და დაზვერვის დეპარტამენტი. ამ სამ უწყებაში ერთად 2003 წლის ივნისისთვის შტატით ირიცხებოდა 8 ათასამდე თანამშრომელი (შესაბამისად - 3,3; 4,5 და 0,6 ათასი). სპეცსამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათგან ორ მესამედზე მეტი (ე.ი. დაახლოებით, 5 ათასი) არაოპერატიული საქმიანობით იყო დაკავებული. დამხმარე (ადმინისტრაცია, საკადრო, საფინანსო, სამეურნეო, კავშირგაბმულობის და ა.შ.) სამსახურების სიმრავლე, ბუნებრივია, საფინანსო რესურსების რაციონალურ ხარჯვას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობდა. 2003 წლისთვის სამივე სპეცსამსახურის საერთო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით 16 მლნ ლარი (შესაბამისად - 6; 8,8 და 1,2 მლნ.) იყო. რეალურად კი, ისინი დამტკიცებული ბიუჯეტის მხოლოდ 70-80 %-ს თუ იღებდნენ, აქედანაც, 80-85 % ე.წ. "დაცული მუხლები" (ფაქტობრივად, შრომის ანაზღაურება - საშუალოდ 90-95 ლარი) იყო.

სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის წლიური დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დაფინანსების ბიუჯეტის ტოლი იყო. სპეცსამსახურების დაფინანსებით აგენტურის ნორმალური ანაზღაურება (არაფერს ვამბობ სხვა ქვეყნის მოქალაქის გადმობირების ხარჯებზე), თანამედროვე ოპერატიული ტექნიკის შეძენა და მომსახურება, სპეციალური ტრენინგები და მივლინებები, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, და ბევრი სხვა რამ ჩვენი სპეცსამსახურებისთვის საოცნებო და "სიზმარას" ზღაპარივით იყო.

კარგად მახსოვს, თუ რა სიხარული სუფევდა უშიშროების სამინისტროში, როდესაც შევძელით და ფინანსთა სამინისტროს ხაზინასთან დიდი ბრძოლის შედეგად, ზუსტად 2002 წლის 31 დეკემბერს თანამშრომლებზე ერთი თვის ხელფასები გავეცით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიუღებელი თანხები, სახელფასო დავალიანება და თვეობით გაუცემელი ხელფასები "დამოკლეს მახვილივით" ემუქრებოდა საქართველოს სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ამგვარი დეგრადაციის მიზეზი ხელისუფლების და უპირველესად - ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მოქმედებებსა თუ უმოქმედობებში უნდა ვეძიოთ. მისი "განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული" უშიშროების სამინისტროსადმი თუნდაც იქიდან ჩანს, რომ 1993-2003 წლების პერიოდში ამ უწყების საბიუჯეტო დაფინანსება თითქმის სამჯერ შემცირდა. დაფინანსება და კადრები განსაზღვრავენ ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიულ შესაძლებლობებს. ზოგადად კი, იაფი სპეცსამსახური ისეთივე თავის მოტყუება და "ბლეფია", როგორც - მარწყვი ზამთარში.

ჯერ კიდევ 2001 წლის აგვისტოში, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (07.1998.-06.2001 პერიოდში) - კენეთ სპენსერ იალოვიცი, თავისი დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ოფიციალური შეხვედრაზე, პირდაპირ აცხადებდა, რომ უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა თბილისში უცხოელ ბიზნესმენებზე 2000 წლის სექტემბრიდან გახშირებულმა თავდასხმებმა. რამდენიმე თვის მანძილზე 30-40 ასეთი თავდასხმა მოხდა და მეთოდები ყველა შემთხვევაში ერთნაირი იყო. საინტერესოა, რომ ეს თავდასხმები გაუხსნელი დარჩა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებდა საქართველოს სპეცსამსახურების და პოლიციის უსუსურობაზე.

besoalada2-1638519807.jpg
კენეთ იალოვიცი

კ. იალოვიცი მაშინ მწვავედ აკრიტიკებდა შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკას ეკონომიკის სფეროშიც: "საქართველოს უუნარობა, აკონტროლოს სიტუაცია ენერგეტიკაში, რუსეთს საშუალებას აძლევს, ბუნებრივი გაზის საშუალებით ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე".

ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზული ამბავი უნდა გავიხსენო, რომელზეც საქართველოს სახელისუფლებო წრეებში ჩუმად საუბრობდნენ. იმ წლებში ბუნებრივი გაზის ძირითადი მომწოდებელი თურქმენეთი იყო, რომლის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიაზოვმა გადაწყვიტა, საქართველოსადმი კეთილგანწყობა გამოეხატა და 2001 წლიდან ბუნებრივი გაზი შეღავათიან ფასად (ათასი კუბური მეტრი 48 აშშ დოლარად) მოეწოდებინა. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც საქართველოს "ენერგეტიკის მამები" კონტრაქტის ამ პირობას არ თანხმდებოდნენ და ფასის... 50 დოლარამდე გაზრდას მოითხოვდნენ. თურმე, ამ ორ დოლარში გამორჩენილი ორი კაცის "ატკატი" უნდა ჩაესვათ!

იმავე პერიოდს უკავშირდება "თელასის" მფლობელი ამერიკული ენერგეტიკული კომპანია "ეი-ი-ესის" და მისი მენეჯერის - მაიკლ სქოულის "საოცარი თავგადასავალი საქართველოში". ქართულ კორუფციაsთან და "ენერგეტიკის მამებთან" ჭიდილში ერთიანად გაჭაღარავებული სქოული, ჩვენი ქვეყნიდან იძულებით გაქცევის წინ, ხელებს ნერვიულად შლიდა და იმეორებდა: "უამრავ ქვეყანაში მიმუშავია და ყველგან მეხვეწებოდნენ, ელექტროენერგია მუდმივად იყოს, ერთი წუთითაც არ გაითიშოსო, თბილისში კი ფულს მთავაზობდნენ, ოღონდაც მოსახლეობას დენი არ მიაწოდოო".

ამგვარი იყო "ენერგეტიკული მაფიის" მოთხოვნები. ასეთივე "კლანები" მოქმედებდნენ: ბენზინისა და დიზელის საწვავის; ხორბლისა და ფქვილის, ასევე - თამბაქოს ნაწარმისა და კიდევ ბევრი სხვა პროდუქტის ბაზრებზე.

ბუნებრივია, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები ამგვარ ინფორმაციას გულმოდგინედ აგროვებდნენ და საკუთარ ხელისუფლებას აცნობებდნენ ხოლმე. დასავლეთს თანდათან მოთმინება ეწურებოდა და სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვდა შევარდნაძისგან რეფორმების სწრაფ და სრულყოფილ დასრულებას. ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად მიუთითებდნენ ჩვენი, როგორც ევროპელი, ასევე - ამერიკელი მეგობრები.

კენეთ იალოვიცი ზემოთ აღნიშნულ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ მიუთითებდა: "საბოლოო ჯამში ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც უამრავი ეკონომიკური პრობლემის გამო არასწორი გზით მიექანება..." "ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ პროგრესი გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული" - გენერალ ჰარი ჯონსონის მიერ 2003 წლის 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული ამ განცხადებებიდანაც კარგად ჩანდა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის აუცილებელი იყო ძირეული რეფორმების გატარება, რაც შესაბამის დაფინანსებასაც საჭიროებდა. თუმცა 2002 წელს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მხოლოდ ნახევარი მიიღო, ამიტომაც სერ ჰარი ჯონსონი საფუძვლიანად ვარაუდობდა, რომ თავდაცვის უწყებაში რეფორმების პროექტთა დიდი ნაწილი ვერ განხორციელდებოდა, რაც ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებდა. "ჩრდილოელ დათვსაც" სწორედ ის უნდოდა, რომ ჩვენივე ხელით მოეხდინა საქართველოს სტრატეგიული მიზნების დისკრედიტირება და ჩაშლა. ამიტომ ჩვენი პროდასავლური საგარეო კურსის ტორპედირებას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში აქტიური მანიპულაციებით (დღევანდელი ტერმინოლოგიით - "ჰიბრიდული ომის" მეთოდებით) ახერხებდა.

გაგრძელება