რა იყო ამერიკელების "საშინაო დავალება", რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეასრულა? - კვირის პალიტრა

რა იყო ამერიკელების "საშინაო დავალება", რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეასრულა?

მეორე ნაწილი

"უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს" (ISAB- შემდეგში "საბჭო") რეკომენდაციები ეხებოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრეს საკითხებს და მათი შესრულება აუცილებელი წინაპირობა იყო ნატოსკენ მიმავალ რთულ გზაზე. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე სიტყვით ეთანხმებოდა რეფორმების აუცილებლობას, თუმცა საქმით ხუთი წლის მანძილზე არაფერი იცვლებოდა.

"საბჭოს" შემადგენლობა მისი წევრების როტაციას ითვალისწინებდა და დაარსების შემდეგ მისი გერმანელი და ამერიკელი წევრები შეიცვალნენ ბალტიისპირეთის სამი ქვეყნიდან დანიშნული წევრებით. შემდგომში ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშების და რეკომენდაციების ტონალობაზე - შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკა უფრო დაუფარავი, ხოლო მოთხოვნები - უფრო რადიკალური გახდა.

საქართველოს ეს რეალობა განსაკუთრებით აღაშფოთებდა ISAB-ის ბალტიისპირელ წევრებს, რომლებსაც წარმატებული და სწრაფი რეფორმების დიდი გამოცდილება გააჩნდათ. ჩვენთან კი . . .

"სპეცსამსახურებში კარდინალური რეფორმები უახლოეს ხანში დაიწყება" - ამგვარი დაპირებების ფონზე ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს. სამწუხაროდ, დიდი იმედები და მოლოდინი არ მართლდებოდა და შედეგი ნულის ტოლი იყო. საჭადრაკო ენაზე კი ეს "გათამაშებული პარტია" უფრო მკვეთრად ასე შეფასდება: "თეთრები იწყებენ და აგებენ", რაც ზუსტად ასახავს 1998-2003 წლებში სპეცსამსახურების სისტემის რეფორმირების მდგომარეობას.

"საბჭოს" ანგარიშები შეიცავდა როგორც ზოგად, ასევე - კონკრეტულ წინადადებებს უსაფრთხოების სექტორის ევროატლანტიკური სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებისათვის. რეკომენდაციები უნდა განხორციელებულიყო კონკრეტულ ვადებში. პროცესის საბოლოოდ დასრულება გათვალისწინებული იყო 2004 წლის ბოლოსთვის. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო 1999 წლის ანგარიშში დაფიქსირებული რეკომენდაციები და საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიეცათ დავალებები მათ განსახორციელებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ "საბჭოს" შემდეგი კომპრომისი შესთავაზა: სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, რეფორმების პროცესი განხორციელდებოდა თანამიმდევრულად. იგი ჯერ მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს, შემდგომ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს და შემდეგ - სხვა უწყებებს. "საბჭოს" ეთხოვა მონიტორინგი გაეწია რეფორმების პროცესისათვის. პირდაპირ უნდა ითქვას: ეს ცვლილებები იქნებოდა "შოკი თერაპიის გარეშე" ეტაპობრივად, 5-6 წელზე რომ არ ყოფილიყო გაწერილი. მიუხედავად ამისა, 2003 წლის ბოლოს რეალურად არაფერი იყო შეცვლილი. ამერიკელების "საშინაო დავალება", რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ვერ (ან არ) შეასრულა ამგვარი იყო:

თავდაცვის სამინისტრო - "საბჭოს" რეკომენდაციით, სამხედრო ფუნქციის მატარებელი ყველა შეიარაღებული ფორმირება უნდა დაქვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს. მათი რჩევით, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო იყო უფლებამოსილი, ჰყოლოდა სამხედრო ფორმირებები, ხოლო სხვა სამინისტროებს დაქვემდებარებულ ყველა სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებას უნდა ჰქონოდა პოლიციური ფუნქცია. დასავლეთი ითხოვდა, რომ სამხედრო ფუნქციის მქონე ყველა სამხედრო პირი ან შეიარაღებული ფორმირება, რომელიც იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და რომელიც არ შეიძლებოდა, გადამზადებულიყო პოლიციური ფუნქციის განსახორციელებლად, 12 თვის განმავლობაში უნდა დაეთხოვათ ან გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მძიმე სამხედრო ტექნიკასთან ერთად. სამხედრო ძალების საერთო რაოდენობა 2004 წლისთვის უნდა შემცირებულიყო 16 000-მდე. უნდა ჩამოყალიბებულიყო ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტის სისტემა თავდაცვის სამინისტროში და ყველა დაქვემდებარებულ რგოლში, რომლის მიზანი იქნებოდა საბიუჯეტო და ფინანსური კონტროლის რეგულირება, აგრეთვე, კორუფციის შემცირება. დასავლეთის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უწყებად რეორგანიზაციის გეგმა მიღებული 2003 წლის ბოლოსათვის უნდა ყოფილიყო. დოკუმენტში პირდაპირ იყო მითითებული: "ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა თავდაცვის სამინისტროსათვის ოპერატიული მართვის ფუნქციის ჩამოშორების თვალსაზრისით". თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამოქალაქო პირის დანიშვნა ნატოს უპირველესი მოთხოვნა იყო ამ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის. "საბჭოს" რეკომენდაციით, სამოქალაქო მინისტრი უნდა დანიშნულიყო უკვე 2003 წლის ბოლოსთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ISAB-ის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შინაგანი ჯარი უნდა გარდაქმნილიყო ჟანდარმერიის სახის პოლიციური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფად, რომელიც ქვეყნის შინაგან უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც არ გარდაიქმნებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაეცემოდა ან დათხოვნილი იქნებოდა.

სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო რეკომენდირებული იყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გარდაქმნა დემილიტარიზებულ სამოქალაქო უწყებად, ფუნქციებისა და ინფრასტრუქტურის რაციონალიზაციით. აქ უნდა გაერთიანებულიყო დაზვერვის სამსახურიც.

"ჩვენ მივესალმებით უშიშროების სამინისტროს ფუნქციების შეცვლის გეგმას და მის გარდაქმნას სამოქალაქო უწყებად ევროატლანტიკური მოდელის მიხედვით. . . . და სამინისტროს გარდაქმნას საგამოძიებო ორგანოდ სააგენტოს სტატუსით. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ კადრების შემცირებისათვის საჭირო სახსრების უქონლობა აფერხებს ამ პროცესის წარმართვას და ვითხოვთ, რომ ეს საკითხი გადაწყდეს სასწრაფოდ" - ასეთი მკაცრი ტონით მიმართავდა 2001 წელს საქართველოს ხელისუფლებას გენერალი ჰარი ჯონსონი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური "საბჭოს" რეკომენდაციით, აღნიშნული სამსახურის ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო მხოლოდ სახელმწიფო მეთაურისა და სხვა ძირითადი ობიექტების დაცვით, ხოლო სხვა პოლიციური ფუნქციები გადაცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ეროვნული გვარდია "საბჭოს" რეკომენდაციით, ძალზე სახიფათო იყო "ორი ჯარის" კულტურის განვითარება. ამიტომ ეროვნული გვარდია უნდა გარდაქმნილიყო ტერიტორიულ პრინციპზე აგებულ ორგანიზაციად, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს (ხოლო მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბს) და მისი ფუნქციები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად ჩვენი:

ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის ღონისძიებებში სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების აღმოჩენა; სამობილიზაციო სისტემის მართვა; რეზერვისტების ყოველწლიური გადამზადების უზრუნველყოფა; საქართველოს შეიარაღებული ძალების შევსება გაწრთვნილი პირადი შემადგენლობით და საომარი მდგომარეობის დროს ლოკალური თავდაცვითი ოპერაციების წარმოება.

თუმცა წლები გადიოდა და რეფორმები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში (სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო) ფერხდებოდა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა კი უფრო მძიმდებოდა, რაც რუსეთის ახალი, "დანიშნული" პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის "დამსახურება" იყო. ის ბრალს დებდა საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში ტერორისტების მომზადებაში, რომლებიც შემდეგ ჩეჩნეთში გადადიოდნენ საბრძოლველად. რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა საქართველოს ტერიტორია. იყო მსხვერპლიც.

besoalada1-1638865198.jpg
ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმერ პუტინი

ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ "ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა" და 2002-2003 წლებში რუსეთის ეფ-ეს-ბესთან ერთად საქართველოს უშიშროების სამინისტრომ რამდენიმე ჩეჩენი (რუსების მტკიცებით - ტერორისტები): ადამ დეკუშევი, იუსუფ კრიმშამხალოვი და სხვ. დააკავა და რუსეთის მხარეს გადასცა.

იმ პერიოდში საქართველოს სპეცსამსახურებში გამოიკვეთა ხელმძღვანელი მუშაკების ორი ჯგუფი - ერთნი აშშ-ის სპეცსამსახურების დახმარებით ებრძოდნენ ტერორისტებს, ხოლო მეორენი - რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული ინფორმაციით სარგებლობდნენ და რეალურად მათი მითითებებით მოქმედებდნენ. ორივე ჯგუფი კი შევარდნაძის ლოცვა-კურთხევით და სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. ასეთი იყო ე. შევარდნაძის აშშ-სა და რუსეთს შორის "დაბალანსების პოლიტიკა", რის საშუალებითაც ის სიტუაციის განმუხვასაც და პოსტის შენარჩუნებასაც ერთდროულად ცდილობდა.

თუმცა ვაშინგტონიდან შეგულიანებული დიპლომატები აშშ-ის ადმინისტრაციის სათქმელს მოურიდებლად ამბობდნენ. ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი ე. შევარდნაძეს ულტიმატუმს უყენებდა: "რამდენიმე მინისტრს დავასახელებ, რომლებიც, ჩემი აზრით, დაკავებული თანამდებობებიდან უნდა წავიდნენ. ალბათ, ყველამ იცის, ვინც არიან ეს მინისტრები. ალბათ, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ყველა ამ პირს თავი დააღწიო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია რამდენიმე მაღალჩინოსნის განთავისუფლება".

კ. იალოვიცის ეს გამოსვლა 2001 წლის აგვისტოს ბოლოს შედგა, თუმცა მისი გაფრთხილება ე. შევარდნაძემ არად ჩააგდო, ამის შემდეგ კი, უკვე ნოემბერში, საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მღელვარება და ინსპირირებული გამოსვლები დაიწყო. შევარდნაძემ მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა, თუ რა საფრთხის წინაშე იყო მისი "თბილი სავარძელი" და ე.წ. ძალოვან სამინისტროებში იძულებითი საკადრო ცვლილებები განახორციელა. 2001 წლის 2 ნოემბერს ვაშინგტონიდან ჯორჯ ბუშმა დაურეკა ედუარდ შევარდნაძეს და სახელისუფლებო კრიზისის დაძლევა მიულოცა, თან კორუფციასთან ბროლაში თანადგომასაც დაპირდა.

2001 წლის ნოემბერი "ვარდების რევოლუციის" პრელუდია და ერთგვარი რეპეტიცია იყო, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები ფუჭად არ საუბრობენ და მათ გაფრთხილებებს ყური უნდა მიუგდო. ჩვენი მტრები კი ფარულად მოქმედებდნენ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ დესტაბილიზაციას უწყობდნენ ხელს. მოხუცი პრეზიდენტი ორცეცხლშუა იყო. 2001 წლის ზაფხულში აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ მაკკეინი საქართველოს ესტუმრა და ე. შევარდნაძეს შეხვდა, წლების შემდეგ დაბეჭდილ მემუარებში ამერიკელი პოლიტიკოსი ამგვარად აფასებს საქართველოში მაშინ არსებულ მდგომარეობას: "საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში დამხვდა: ჩამოშლის პირას მისული სახელმწიფო და განუკითხაობა, კორუფციით პარალიზებული ინსტიტუტები . . .მასთან (იგულისმება ე. შევარდნაძე- ბ.ა.) შეხვედრამ დამარწმუნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონტროლს მხოლოდ ნაწილობრივ ინარჩუნებდა. შევარდნაძე ძალაუფლებას ორი წლის შემდეგ, ვარდების რევოლუციის შედეგად დაკარგავს. ამ რევოლუციის სათავეში მისივე პარტიის რეფორმატორთა ფრთის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ედგა, რომელსაც შემდგომ წლებში ახლოს გავიცნობ".

ჩემი აზრით, 2003 წლის ზაფხულის დასაწყისში აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო მკაფიო გადაწყეტილება: შევარდნაძის ხელისუფლების დრო ამოიწურა და ის უნდა შეცვალონ "ახალგაზრდა რეფორმატორებმა". თავად შევარდნაძე პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე დარჩებოდა. სახელისუფლებო ცვლილება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მომხდარიყო. რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს დასავლური კურსის ჩაშლა სურდა, საკუთარ გათვლებს აკეთებდა და შესაძლო "სიტუაციურ მოდელებს" აგებდა. რუსეთის სპეცსამსახურები კი სწავლობდნენ ამ "ახალგაზრდა რეფორმატორების" ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და პიროვნულ თავისებურებებს, რათა მათ შორის სუსტი რგოლი მოეძებნათ.

გაგრძელება