ჩინეთის სიძლიერის საიდუმლო მისი სპეცსამსახურებია - კვირის პალიტრა

ჩინეთის სიძლიერის საიდუმლო მისი სპეცსამსახურებია

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მაო ძედუნის გადაწყვეტილებით ჩინეთი მაქსიმალურად ზღუდავდა საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების და სამხედრო ინსტრუქტორების აქტივობას . საბჭოთა სამხედროებს დახურული ობიექტების ნახვის ნებას არ აძლევდენენ, ხოლო ჩინური დაზვერვა, აღმოსავლეთევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით, მაქსიმალურად ცდილობდა არ მარტო არ დაქვემდებარებოდა კა-გე-ბეს, არამედ სპეცსამსახურების კოორდინაციაზეც კი უარზე იყო. როგორც ისტორიამ აჩვენა მაო ძედუნი მაშინ არ შემცდარა, სხვა შემთხვევაში ჩინეთი ვერ შექმნიდა და ვერ გამოცდიდა ბირთვულ იარაღს 1964 წელს ლონ–ნორის გამშრალ ტბაზე. საბჭოთა რეჟიმი ამის საშუალებას, ღია და ფარული გზებით, ნამდვილად არ დაუშვებდა. ჩინეთის, როგორც ერთერთი ზესახელმწიფოს ჩამოყალიბება ვერ მოხდებოდა, რომ არა ჩინეთის კონტრდაზვერვის სუპერ ეფექტიანი მუშაობა. გასული საუკუნის დასაწყისიდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის დაზვერვისთვის ჩინეთში მუშაობა სატანჯველად იქცა: ამის მიზეზი ჩინეთის კონტრდაზვერვა იყო.

ამ ქვეყნის მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს, როგორც ერთიანი „ნაგებობის“ საძირკველი პროფესინალი და პატრიოტი სპეცსამსახურები, უპირველესად კონტრდაზვერვის სტრუქტურა უნდა იყოს. თუმცა ავტორიტარული და არადემოკრატიული მახასიათებლების გამოკლებით.

ამჟამად არსებულ „ღია“ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის სპეცსამსახურების ერთიანი სტრუქტურა სამხედრო დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსგან შედგება და უმკაცრესი ცენტრალიზებული იერარქიითა და „კომუნისტური დისციპლინით“ გამოირჩევა. სამხედრო დაზვერვის სტრუქტურა ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის შემადგენლობაშია, სადაც ცალკე ფუნქციონირებს: აგენტურული დაზვერვა, რეზიდენტურის კოორდინაცია და რადიო-ელექტრონული დაზვერვა.

ჩინეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს პირდაპირ ექვემდებარება ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (სუს), რომლის სტრუქტურა ამგვარია: პირველი ბიურო – ჩინეთის ტერიტორიაზე აგენტურული დაზვერვა; მეორე ბიურო - ოპერაციები საზღვარგარეთ; მესამე ბიურო - ოპერაციები ჰონკონგში, ტაივანზე, მაკაოზე; მეოთხე ბიურო - ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მეხუთე ბიურო - სუს-ს დანაყოფების რეგიონული დანაყოფების კოორდინაცია; მეექვსე ბიურო – კონტრდაზვერვა; მეშვიდე ბიურო – მოპოვებული სადაზვერვო მასალის ანალიზი; მერვე ბიურო – თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი; მეცხრე ბიურო – პირადი უშიშროება, არმიის სამხედრო ნაწილებში მოქმედი სპეციალური განყოფილებების (სამხედრო კონტრდაზვერვა) კოორდინაცია; მეათე ბიურო – სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოპოვება; მეთერთმეტე ბიურო – რადიოელექტრონული დაზვერვა და კომპიუტერული უშიშროება; საგარეო საქმეთა ბიურო – უცხოურ სპეცსამსახურებთან ოფიციალური კონტაქტები. ცალკე უნდა აღინიშნოს საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ , რომლის საფარქვეშაც ხშირად მოქმედებენ ჩინელი მზვერავები.

დღესაც საიმედო კონტრდაზვერვა ჩინეთის საფირმო ნიშანია და მათი სპეცსამსახურების შესაძლებლობები ყველაზე კარგად კონტრდაზვერვითი ოპერაციების დროს ჩანს. ჩინეთში სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ურთულესი ამოცანაა. რადგანაც ჯერ კიდევ “კულტურული რევოლუციის” დროს ჩინეთის სპეცსამსახურებმა აღადგინეს დასმენისა და თვალთვალის უძველესი სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ჩინელმა იმპერატორებმა მოიფიქრეს. მას ეწოდება “უ ში ბაი” ანუ “ხუთეული, ათეული, ასეული”. ეს სისტემა გულისხმობს შემდეგ პროცესს: ხუთეულის მეთაური ასმენს თავისი ოჯახის წევრებს, ათეულისა – თავის თანამშრომლებს ან მეზობლებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია ჩაატარო აგენტურული მუშაობა ჩინეთის შიგნით, რადგან ‘’ინიციატორთა’’ უზარმაზარი არმია უთვალთვალებს თქვენს ყველა ნაბიჯს.

უცხოელი მზვერავების განცხადებით ჩინეთში არ შეიძლება ბავშვების ნდობაც კი, რადგან ამგვარი “ბრიგადების” მუშაობაში ჩართულნი არიან მოზარდებიც. უფრო იოლია აგენტის გადმობირება ჩინეთის საზღვრებს გარეთ (რუსეთში, საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნებში ან აშშ-ში), უპირველესად კი სასწავლებლად მყოფი ჩინელი სტუდენტებისა. თუმცა არავის აქვს იმის გარანტია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის თანამშრომლობას გააგრძელებს. ჩინელების უცხოელებისადმი დამოკიდებულება კი ისტორიულად ძალზე ფრთხილია. ისინი მათ არ ენდობიან და უცხოელის ყველა გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. ამას დაუმატეთ სუს–ზე უმკაცრესი პარტიული კონტროლი და მივიღებთ „რკინის ფარდის“ ჩინურ ვარიანტს.

როგორც ზემოთ დავინახეთ ჩინეთში კონტრდაზვერვა და საგარეო დაზვერვა ერთ სამინისტროშია მოქცეული, რაც მათი კოორდინირებული მოქმედებებისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ზოგადად ოპტიმალურად (მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც) მიმაჩნია. თუმცა ამ საკითხზე კამათი ისევე ძველია, როგორც კვერცხისა და ქათმის ისტორია.

ჩინეთი 30–35 წელიწადში ამგვარ ამგვარ სიძლიერეს ვერ მიაღწევდა, რომ არა ჩინეთის დაზვერვა. 1980 წლების დასაწყისში, როდესაც ჩინეთის ლიდერმა დენ სიაოპინმა (1904–1997) ეკონომიკური რეფორმების სტრატეგია აირჩია, მას საფუძვლად დაუდო ფინანსური რესურსებისა და მოწინავე ტექნოლოგიების მოპოვების (მათ შორის მოპარვის) გლობალური პროგრამა.

b2-1658212236.jpg
დენ სიაოპინი

ეს პროგრამა ითვალისწინებდა ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრიორიტეტულ დაფინანსებასა და ტექნიკურ გაძლიერებასაც. ჩინეთის ეკონომიკური წინსვლა უპირველესად სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების ტექნიკურ აღჭურვასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას დაეტყო. ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა, რომ ჩვეულებრივი იარაღის სახეობებით ჩინეთის არმიას არ ძალუძს აშშ-სთან კონკურენცია, ამიტომ ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში არმიის მთავარმა შტაბმა შეიმუშავა საინფორმაციო ომის წარმოების სპეცპროგრამა, სადაც მთავარი ადგილი კიბერშეტევებსა და რადიოელექტრონულ დაზვერვას უკავია. ამავე დროს დღეს ჩინეთის ყველაზე საიდუმლო და მძლავრი იარაღი ეკონომიკური დაზვერვა და სამრეწველო ჯაშუშობაა.

ევროკავშირის კულუარებში უკვე წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩინეთი ნელ-ნელა ხელში იგდებს მთელ კონტინენტს: ყიდულობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ხოლო ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში ინვესტირებას ახდენს. ათენის პორტი, ლონდონის აეროპორტი ჰიტროუ, ესპანური საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო”, VOLVO, „პირელლი“ და ა.შ. - ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩინელი ბიზნესმენების, რეალურად კი ჩინეთის საკუთრებაა, რადგანაც ჩინეთში, სახელმწიფო კერძო ბიზნესს პირდაპირ რომ აკონტროლებს ცნობილი ფაქტია.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა 2013 წელს “ახალი აბრეშუმის გზის” პოლიტიკის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ჩინური ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებში განუხრელად იზრდებოდა. “ჩინური შეტევის” ძირითადი მიმართულებები იყო: ევროპის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ობიექტები, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები და ა.შ. ჩინეთის ინვესტიციების პიკი 2016 წელზე მოვიდა და 37 მლრდ ევროზე მეტი შეადგინა, შემდეგ კი დაღმასვლა დაიწყო და 2018 წელს ორჯერ შემცირდა. საინტერსოა რა იყო ამის მიზეზი?

მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში გაჩნდა ეჭვი, რომ ჩინელები ევროპულ კომპანიებს ძირითადად არა მოგების მიღების მიზნით ყიდულობდნენ, არამედ ამ კომპანიებში აკუმულირებული ინტელექტულური და ტექნოლოგიური სიახლეების ხელში ჩასაგდებად და სამშობლოში, ჩინეთში გადასატანად. ასევე რეალური იყო ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებზე ჩინეთის მხრიდან ფარული ზემოქმედების საფრთხეც.

პირდაპირ უნდა ითქვას: იმ პერიოდშიც და ამჟამადაც ევროკავშირის ქვეყნებში უცხოური ინვესტიციების უსაფრთხოების გაკონტროლების ერთადერთი მექანიზმი “ეკონომიკური კონცენტრაციის” (ანუ ანტიმონოპოლიური) მოთხოვნებია. ინვესტიციების წარმოშობას და მათ შესაძლო უარყოფით ზემოქმედებას ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე, არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის არც ერთი სტრუქტურა არ შეისწავლის.

ამ პირობებში ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ (მაგ. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) უცხოური ინვესტიციების შემოწმების დამატებითი ღონისძიებები ინდივიდუალურად შემოიღო.

გერმანიის ხელისუფლებამ 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური საფინანსო ფონდის შექმნის შესახებ, რათა არ დაუშვას ჩინეთის მიერ გერმანული კომპანიების შესყიდვა. 2019 წლის თებერვალში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო თავად შეიძენს სტრატეგიული მნიშვნელობის კომპამიების წილებს, რათა ისინი ხელში არ ჩაუვარდეს ჩინეთს.

ასე, რომ ევროკავშირში ჩინური ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი ინვესტიციების უსაფრთხოების მონიტორინგის გამკაცრებული მოთხოვნები გახდა, თუმცა ჩინეთი ამას რომ არ დასჯერდება შემდეგი ინფორმაციაც ადასტურებს.

2019 წლის თებარვალში ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთი იმ ქვეყნების რიგში დაასახელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვას ეროვნულ ინტერესებს. ლიეტუველი კონტრმზვერავები აცხადებდნენ, რომ ჩინეთის სპეცსამსახურები ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების გეგმების შესახებ. ამ მიზნებისთვის ჩინელი მზვერავები ცდილობენ გადაიბირონ ლიეტუვას მოქალაქეები, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, მაგალთად: უფასო მოგზაურობა ჩინეთში, იქ სწავლის დაფინანსება, ფულადი და სხვა სახის საჩუქრები და ა.შ.

ჩინეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი გლობალური მოთამაშეა მსოფლიოში და ევროკავშირისა და აშშ–ს წუხილი გასაგებია. ჩინეთი, ჯერ ერთი, ეძებს ბაზარს თავისი პროდუქციისთვის, ამავე დროს, ჩინეთისთვის კვლავ პრობლემაა მოსახლეობის დასაქმება, ტერიტორიების სიმცირე და ამ ქვეყნის ხელისუფლების დიდი მონდომებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს ჩინური ინვესტიციების გაფართოებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ მიზნებისთვის დიდი წარმატებით მოქმედებენ ჩინეთის სპეცსამსახურები.

აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კონტრდაზვერვის ყოფილმა შეფმა პოლ რედმონდმა ამერიკაში მორიგი ჩინელი ჯაშუშის დაკავების შემდეგ განაცხადა : “კულტურული დონის გათვალისწინებით, ისინი (იგულისხმებოდა ჩინელები) ცხოვრობენ სრულიად სხვა გარემოში და სხვა დროის ჩარჩოებში. ჩინელები აზროვნებენ არა საათების, დღეების და კვირების, არამედ ათწლეულების კატეგორიით. ისინი ძველ ცივილიზაციას წარმოადგენენ და მათ შეუძლიათ დაგეგმონ მრავალი წლით ადრე”. ჩინელ აგენტებს შეუძლიათ აუღელვებლად ელოდნენ წლები და ათწლეულები, მანამ სანამ არ დადგება მოქმედებისთვის საუკეთესო დრო და ვითარება. ამგვარი აზროვნების შედეგად, ოდესღაც აზიის ერთ-ერთმა ყველაზე ჩამორჩენილმა ქვეყანამ მოახერხა ატომური იარაღის შექმნა.

ბლოგის მეორე ნაწილი ბლოგის მესამე ნაწილი