"ამ წერილს ოც წელზე მეტხანს ვმალავდი" - რას წერდა საქართველოს პატრიარქი ქვეყნის ყოფილ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს - კვირის პალიტრა

"ამ წერილს ოც წელზე მეტხანს ვმალავდი" - რას წერდა საქართველოს პატრიარქი ქვეყნის ყოფილ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს

" პატრიარქის წერილს, დაახლოებით, ოც წელზე მეტხანს არ ვაქვეყნებდი... შემდეგ ჩემს წიგნში - "23 წლის შემდეგ" შევიტანე... კითხვა დაგებადებათ, რას ნიშნავს 23 წელი და მოგახსენებთ: ველოდებოდი, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მერე, ტრაგედიის უშუალო მონაწილეები, ორგანიზატორები გამოვიდოდნენ და სიმართლეს იტყოდნენ. ჭეშმარიტებას ფარდას ახდიდნენ სამართალდამცველები, მოსკოვში შესაბამისი პირები...

ეს ხალხი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არავინ არაფერი თქვა... ერთხელ, შევარდნაძეს სესიაზე მივმართე, ერთმანეთთან კითხვები გვაქვს და უნდა დავსხდეთ - ვისაუბროთ-მეთქი... ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ადგა იგი და გაიპარა", - ამბობს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ჯუმბერ პატიაშვილი... იგი განსაკუთრებით ამაყობს, რომ უწმინდესთან - ილია მეორესთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა და სამების აშენების იდეაც მისი მმართველობის დროს გაჩნდა...

patiashviliiiq.jpg

ამონარიდი წიგნიდან - "23 წლის შემდეგ"

ჯუმბერ პატიაშვილი:

- ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა.

მის უწმინდესობასაც პირადად პირველად მაშინ შევხვდი, როცა რესპუბლიკის ხელმძღვანელი გავხდი. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წინადადებას, რომლითაც საპატრიარქოს, პირადად პატრიარქს მოუმართავს ჩვენთვის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს და იგი დადებითად არ გადაწყვეტილა.

jumber-patiasvili-986-1659084816.jpg

სურათი, რომელზეც მისი უწმინდესობისა და სასულიერო პირების გვერდით ვარ აღბეჭდილი, ბორჯომის ხეობაში, ტიმოთეს მონასტერშია გადაღებული. ამ პერიოდისთვის მე უკვე აღარ ვარ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაგრამ პატრიარქი მადლიერებით იხსენებს იმ დროს, როცა ნინოწმინდის, მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონში, ფოკას მონასტერს ოცი ჰექტარი საეკლესიო ფართობი გადავეცით. ეს მიწები საუკუნეების განმავლობაში ისტორიულად მონასტერს ეკუთვნოდა. იმ პერიოდისთვის კი არათუ მიწის ფართობი, მონასტერს მონასტრული ცხოვრება და ფუნქციაც აღარ გააჩნდა. პატრიარქის თხოვნითა და წინადადებით აღდგა მეტეხის ეკლესიაც. მეტეხის ციხეში მანამდე ახალგაზრდული თეატრი იყო განთავსებული. თეატრის დასსა და მთავარ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს ალტერნატიული შენობა გამოვუყავით, მეტეხში კი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაექვემდებარა, ჯერ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი წირვა-ლოცვა აღდგა.

მეტეხის ბედი მალევე გაიზიარეს გელათის მონასტერმა და ბოლნისის სიონმა. მანამდე, ორივე ისტორიულ ძეგლთა სამმართველოს დაქვემდებარებაში იყო. პატრიარქის თხოვნით, ისინი საქართველოს ეკლესიას გადაეცა და მოქმედი გახდა. ყოველწლიურად მილიონობით მანეთი იყო გამოყოფილი ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციის და აუცილებელი სამუშაოს ჩასატარებლად.

სხვათა შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეაცა და ამ იდეაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაც იმ წლებში ჩამოყალიბდა, ზოგიერთი დღეს "ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქად" რომ მოიხსენიებს.

გვქონდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისთვის დაბრუნების მცდელობაც. იმ დროისთვის საბჭოთა კავშირი ისრაელის მთავრობას იმ ეკლესია-მონასტრებს ედავებოდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებს ისტორიულად ეკუთვნოდა. სადავო ეკლესია-მონასტრების ნუსხაში რასაკვირველია, ძირითადად, რუსული ეკლესია-მონასტრები იყო შესული, ჯვრის მონასტერი კი ამ ჩამონათვალში არსად ჩანდა.

საქართველოს საპატრიარქოს თხოვნას ჩვენი, საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოთხოვნაც დავურთეთ, რომელსაც თან ახლდა ისტორიული, დოკუმენტური მასალა - ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის მიერ წმინდა მიწაზე, კერძოდ, ჯვრის მონასტერში გადაღებული ფოტოები და ქართული ფრესკები, მათ შორის, შოთა რუსთაველის ფრესკაც, და მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში გავგზავნეთ.

jumber-patiasvili-987-1659084921.jpg

ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში, ჩემს კაბინეტში შედგა, უწმინდესმა საჩუქრად ჯვარცმული მაცხოვრის ხატი გადმომცა და მითხრა:

- არსებული სასულიერო სემინარია არასაკმარისია ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარებისთვის... კარგი იქნება და საქართველო არის ამისი ღირსი, რომ ჩვენ სასულიერო აკადემიაც გვქონდეს.

რადგან სიონის საკათედრო ტაძრის ეზოშივე მდებარეობდა უწმინდესის რეზიდენცია, გადავწყვიტეთ, სასულიერო აკადემიისთვის შესაფერისი ფართობი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოგვეყო. მოსახლეობას ალტერნატიული საცხოვრებელი შევთავაზეთ, გამოთავისუფლებულ ფართობზე კი სასულიერო აკადემია განთავსდა.

მადლიერების ნიშნად, 1988 წლის 4 იანვარს უწმინდესისგან წერილი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმ ბარათს შორის, რომელიც ოდესმე მიმიღია, პატრიარქის ეს წერილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩემთვის, მის სამზეოზე გამოტანას ყოველთვის ვერიდებოდი.

ვერიდებოდი მაშინაც, როცა ვიცოდი, რომ მისი შინაარსი დადებითად წამადგებოდა 9 აპრილის ტრაგედიისა და შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. წლების განმავლობაში სამუშაო კაბინეტში მედო, განსაცდელის ჟამს კრძალვით ვიღებდი, ვკითხულობდი და მერე ასევე მოკრძალვით ვაბრუნებდი მისთვის მიჩენილ ადგილას.

jumberi-1659085773.jpg

"4, 01, 88"

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილს

ბატონო ჯუმბერ,

გელათის, იყალთოს, გრემის ცნობილ აკადემიათა გაუქმების შემდეგ 800 წელი ელოდა ქართველი ხალხი საქართველოში უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის გახსნას და ეს კურთხეული დღე დადგა.

დადგა იგი, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნით: დადგა იგი უშუალოდ თქვენი მხარდაჭერითა და დახმარებით, ეს არის ის საქმე, რომლის სიდიადეს ერთბაშად ვერ აღიქვამს ადამიანი.

ეს არის ის საქმე, რომლის აღსრულებისთვის თაობები იტყვიან მადლობას.

ხომ ჭეშმარიტად ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც სხვისთვის სიხარულის მინიჭება შეუძლია: და რაოდენ უსაზღვრო უნდა იყოს ბედნიერება იმ პიროვნებისა, ვისაც ძალუძს, ღვთის განგებით, დიდი და ნამდვილი სიხარულით გაახაროს მთელი ერი.

ერთ-ერთი ასეთი სიხარული მოუტანეთ თქვენ ჩვენს ხალხს, ამიტომაც, უღრმეს მადლობას გწირავთ და გლოცავთ. მადლობას გწირავთ ჟურნალ "ჯვრის ვაზის" გამოცემის გაზრდის გამოც.

თქვენი თანადგომა ნუმც მოგვკლებოდეს.

ღრმა პატივისცემით,

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"დღემდე არ ვიცი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა?.." - რა უცნობ ამბავს ჰყვება ჯუმბერ პატიაშვილი საუკუნის ფილმზე

"საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ"