"კახი ხომ ვერ გააკონტროლებს, ამხელა ქალაქში სად რა "შურუფი" მოეშვება?!" - კვირის პალიტრა

"კახი ხომ ვერ გააკონტროლებს, ამხელა ქალაქში სად რა "შურუფი" მოეშვება?!"

"ახლა რომ ეგენი გაჩუმებულიყვნენ, გულით თანაგრძნობა გამოეხატათ, ცოტა რაღაცის იმედი გამიჩნდებოდა... მაგრამ არა, არ ვიცი, ესენი რა ხალხია, საერთოდ ვინ არიან! ძალიან დიდ ბრაზს იწვევს მათი ხმაური, მათი უშნო გამოხდომები! საღად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი უნდა ეპარებოდეს, მათ მხარს რატომ უჭერს...", - მსახიობი გეგე სულხანიშვილი "კვირის პალიტრასთან" თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს...

- ღმერთმა დამიფაროს, ამ კაცის - დევი მეზურნიშვილის ვაჟკაცობას, გმირობას ჩრდილი მივაყენო, მით უმეტეს, ჩემი კუთხის შვილია, ვიცნობ კიდევაც... არავის ვუსურვებ, მაგრამ ეგეთ სიტუაციაში თქვენც რომ ჩავარდეთ, ნებისმიერი, თქვენც მის მსგავსად მოიქცეოდით! ამას ადამიანში ჩადებული კოდი, რაც გნებავდეთ, დაუძახეთ...

- თავად ამბობს, გმირობა არ ჩამიდენიაო...

- ვენაცვალე! კაცია და მაგით მთავრდება ყველაფერი! რომ ეთქვა, მე თავი გამოვიჩინეო, კაპიკი იქნებოდა მისი ფასი!

49 წლის გახლდით, საომრად აფხაზეთში რომ წავედი... მეგობრებმა, არიქა, საქართველოს უჭირს, სოხუმი ეცემაო და ამ სულისკვეთებით წავედით ხუთნი. იქ რომ ჩავედით, რაღაცნაირად უკვე შიშის გრძნობამ აგვიტანა. როგორც კი ფრონტის ხაზზე გასვლამ მოგვიწია, აბსოლუტურად მოგვეხსნა შიშიც და დაძაბულობაც... იმ დროს აღარაფერი გახსოვს, მაგრამ დრო რომ გადის, მერე ფიქრობ, ნუთუ ის მე ვიყავიო...

ხალხის ძალიან ცოტა პროცენტი არ გააკეთებდა იმავეს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შენდა უნებურად აკეთებ ყველაფერს! პრინციპში, ის ბავშვიც ხომ მაგიტომ გადახტა, სხვები რომ გადაერჩინა?! 13 წლის ბავშვი გადახტა სხვების გადასარჩენად! დიდი ადამიანი არც კი დაფიქრდება, იმ მომენტში თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს - გაჭირვებულს უნდა უშველო!

ვენაცვალე იმ კარგ ადამიანს! ვფიქრობ, მის ადგილზე ბევრი ეგრე მოიქცეოდა და არ მგონია, იმ მომენტში იქ ვინმე იდგა და იმ ყველაფერს შორიდან უყურებდა!

- არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ კახა კალაძე უნდა გადამდგარიყო... უფრო ზემდგომებს აეღოთ მეტი პასუხისმგებლობა, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომ მხოლოდ 9 ადამიანის დაკავება არ კმარა.

- კალაძის გადადგომის თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა! როგორ შეიძლება, ამხელა დედაქალაქში სადღაც "შურუფი" მოეშვას და მერი ყველაფერს იგებდე?!

წარმოიდგინეთ, მთელ თბილისში ყველა ადგილი პირადად უნდა აკონტროლოს? - ვისაც ევალებოდა, მას უნდა მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი! მე ხომ არ მოვთხოვ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოსთხოვოს!

ფიგურირებს ასეთი აზრი, რომ ფული გაკეთდა... თითქოს უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე საუკეთესო მასალებისგან შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეკონომია გააკეთეს და ვთქვათ, გერმანული მასალა რომ უნდა ყოფილიყო, ჩინური იყოო... გამორიცხულია ეგ, დამიჯერეთ და გაირკვევა კიდეც გამოძიების შედეგები! გერმანულიც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და 100%-იანი გარანტია არაფერზე არსებობს! ბუნებაში ყველაფერი ხდება... ამიტომაც არ არის სწორი ასეთი მსჯელობა!

- ოპოზიციას გულისხმობთ?

- დიახ... პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ და ეს ფაქტია. ხედავ, ადამიანი ყვირის და თან უხარია, რომ შეიძლება რაღაცას გამოჰკრას ხელი. არ ვიცი, ამ საქციელს ადამიანებში რა ჰქვია! მე შესაბამისი სიტყვა ვერ მოვძებნე... რასაკვირველია, ახლა ყველაზე სწორი საქციელი ნაკლები ყვირილი, მეტი დუმილი და გლოვა იქნებოდა!

მე არც იქით ვარ და არც აქეთ, მაგრამ ცოტა მეტად "პოზიციისკენ" ვარ, ვიდრე ოპოზიციისკენ. არადა, მთელი ჩემი ცხოვრება ოპოზიცია მიყვარდა, მაგრამ ამ ოპოზიციამ შემაჯავრა ყველაფერი, იმდენად საზიზღრად იქცევიან... ახლა რომ ეგენი გაჩუმებულიყვნენ, გულით თანაგრძნობა გამოეხატათ, ცოტა რაღაცის იმედი გამიჩნდებოდა... მაგრამ არა, არ ვიცი, ესენი რა ხალხია, საერთოდ ვინ არიან! ძალიან დიდ ბრაზს იწვევს მათი ხმაური, მათი უშნო გამოხდომები! საღად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი უნდა ეპარებოდეს, მათ მხარს რატომ უჭერს...

- ახსენეთ, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდით... ახლა როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, საქართველოში რომ 100 ათას რუსზე მეტი შემოვიდა?

- რუსეთ-უკრაინის ომს გამარჯვებული არ ეყოლება, მაგრამ როგორც დამთავრდება, ეს რუსები აქ რისთვის დარჩებიან? - რასაკვირველია, ყველანი წავლენ! მეც რომ რუსი ვყოფილიყავი, უკრაინელების დახოცვის ნაცვლად, საქართველოში წამოვიდოდი!

100 ათასი კაცი ჩამოვიდა და არიქა, "შპიონები" არიანო... რაღა "შპიონები", პირი გვაქვს ყველაფერზე მოღებული და რაღა დარჩა, რაც გაცხადებული არ იყო!?

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან როგორც მეგობრები, ისე მივდიოდით. 3 დღე მის აგარაკზე ვიყავი" - რა ამბავს იხსენებს გეგე სულხანიშვილი ალა პუგაჩოვაზე?

"ჩემი შვილი დედით უკრაინელია, მას რუსი ცოლი ჰყავს და საიდუმლოდ მითხრა, რომ..."

"გაგანია ხანძარია. წყალი დამასხითო, შეჰყვირა სიძემ და ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა. ყველას ეგონა, სიდედრს გადაარჩენდა, მაგრამ..."