"მაგდას და, ლანა ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დის გაკეთებულია, ეგ ისეთია მეც მომკლავს და ჩემ შვილსაც არ დაინდობსო"
"მაგდა ერთ-ერთ მეზობელთან, გიორგისთან მივიდა და ეუბნებოდა სასწრაფო იგვიანებს და ბავშვი "ლანცეტის საავადმყოფოში" წამაყვანინე, "პრავა" არ მაქვს და პატრულის ნერვები არ მაქვსო", თუმცა სხვა დროს ბევრჯერ დამინახავს, რომ მაგდა უბანშიც და ქალაქშიც მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა"
ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. პროცესზე მოწმების სახით დაიკითხა მეზობლების ნაწილი.
ალა მერქარიანი მათგან ერთერთია. ის მკვლეოობის ღამეს პაპიძის დედამთილის, დარეჯან (ლილი) მინდიკაურის სახლში იმყოფებოდა და ადასტურებს, რომ დაინახა თუ როგორ გადმოვიდა სარეცხი მანქანიდან მოწითალო-მოვარდისფრო სითხე, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა პაპიძემ დივანის გადასაფარებელი გარეცხა.
"ლილიმაც გაიკვირვა, ბევრჯერ გაგვირეცხია ეს გადასაფარებელი და ადრე ფერი არასდროს შეცვლიაო. ლილი "შპილკების" ამწყობად მუშაობდა და მე და დედა საღამოს ამაში ვეხმარებოდით. მერე მათი სახლიდან გავედი და უკვე გვიან გავიგე მომხდარი, როცა ცხედრები უკვე გადასვენებული იყო. მაგ დროს მაგდა მეზობელთან შეიყვანეს, მის თვალზე ცრემლიც კი არ მინახავს, თუმცა ამბობდა, გადაარჩინეთ, გადაარჩინეთო"! ვადასტურებ, რომ ქაფიაშვილის ბინაში ჩემი თვალით ვნახე შპალერზე სისხლის კვალი, სისხლი იმ ადგილასაც იყო, სადაც დივანი იდგა... იმ დღეს, მაგდას და, ლანა სულ გაჰკიოდო "დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი დის გაკეთებულია და ჩემი ხელით ჩავქოლავო".
მაგდა ძალიან ცვალებადი ხასიათის გოგო იყო, თუ უნდოდა მოგესალმებოდა, თუ არა და გამარჯობას არ გეტყოდა, უბრალოდ, მის ოჯახს პატივს ვცემდი და ამიტომ მქონდა მასთან ურთიერთობა. ლილი ხშირად მიტოვებდა პატარა თორნიკეს, ის ჩემთან ძალიან დიდ დროს ატარებდა. მათი სახლიდან სულ გამოდიოდა წივილ-კივილის ხმა, ბავშვი თუ არ დაიძინებდა, მაგდას შეეძლო ამის გამოც ეკივლა და ეწივლა ბავშვისთვის", - განაცხადა პროკურატურის მოწმემ სასამართლო სხდომაზე.
მარიამ პატარქალაშვილი კი შემდეგ ამბავს მოჰყვა: " მე და ომარი ერთად გავიზარდეთ, მაგდა მეორე სართულზე მდგმურად ცხოვრობდა და იქიდან გაიცნო ომარი. მას ძალიან უყვარდა მაგდა, იცოდა რომ შაქარი ჰქონდა და ძალიან უფრთხილდებოდა. მაგდა ომარიზე დანიშნული რომ იყო, პარალელურად ვიღაცებს ემესიჯებოდა. ვიდრე ომარზე დაქორწინდებოდა, ერთი კვირით ადრე, მე და მაგდა, იმ ბიჭს, ვისაც ემესიჯებოდა, აგრარულ უნივერსიტეტთან შევხვდით, წვიმიანი დღე იყო. ბიჭმა უთხრა, რომ შენ არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს, ომარს მიყვები და მე არ ჩავერევი თქვენს ურთიერთობაშიო.
კარგად მახსოვს მკვლელობის ღამე, შინ ცხრა საათზე დავბრუნდი, რადგან მეორე დღე დასვენება იყო, წესად მაქვს, რომ ღამე გავათენო, კომპიუტერთან ვიჯექი და "ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურებდი, ფანჯარა ოდნავ ღია მქონდა, არანაირი ხმაური და ჩხუბი არ გამიგია, ღამის 3 საათზე კივილის ხმა მომესმა, გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე ვიღაც ბიჭი ეგდო და ქალი კიოდა მიშველეთო. ამ დროს დავინახე ფანჯრიდან, რომ მაგდა ეზოდან თავისი მანქანით გავიდა და "ლუკოილის" მიმართულებით წავიდა, სადღაც 2 წუთში ჩავირბინე ქვევით, თან სასწრაფოს დავურეკე და ვუთხარი, ვაღაცას უჭირდა... რომ ჩავედი, "ლუკოილის" მხრიდან ისევ მოვიდა ის მანქანა და იქიდან მაგდა გადმოვიდა, თქვა, რომ ბავშვი მანქანაში არისო. ამ დროს დარეჯან მინდიკაური თავის შვილთან იყო დამხობილი თან ყვიროდა ბავშვი სად არისო?! პატარა თორნიკეს თხლად ეცვა, ლილი ტიროდა "ბებო მოგიკვდესო". თავიდან თორნიკე გულწასული მეგონა, მაგდა მოშორებით იდგა და იძახდა "მოდის სასწრაფო თუ არაო". არ დამინახავს, რომ შვილთან მისულიყო, ამ დროს მეზობლები გამოცვივდნენ და მეზობელმა ირმამ თორნიკეს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. მაგდა ერთ-ერთ მეზობელთან, გიორგისთან მივიდა და ეუბნებოდა სასწრაფო იგვიანებს და ბავშვი "ლანცეტის საავადმყოფოში" წამაყვანინე, "პრავა" არ მაქვს და პატრულის ნერვები არ მაქვსო", თუმცა სხვა დროს ბევრჯერ დამინახავს, რომ მაგდა უბანშიც და ქალაქშიც მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა. მეზობელმა გიორგიმ უთხრა, დაველოდოთ სასწრაფოსო, ამის მერე მაგდა ოდნავ მოშორებით დადგა და ვიღაც ოთოს დაურეკა. სასწრაფო რომ მოვიდა, თქვეს, - ორივე გარდაცვლილიაო, ამ დროს მაგდას გული წაუვიდა, მერე მეზობლის სახლში წაიყვანეს".
ირმა მადეიჩი (მეზობელი, რომელმაც ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა): "ბავშვს სული რომ ჩავბერე უკვე გაციებული და გარდაცვლილი იყო. ერთი ამოიხრიალა, მეგონა, ცოცხალი იყო, მაგრამ ხელი, რომ მოვკიდე, უკვე ცივი იყო. მაგდა თავის შვილს არ მიკარებია და ცოტა მოშორებით იდგა. მაგდა პაპიძე ეგოისტურად ზრდიდა შვილს, თუ ბავშვებთან პატარა კონფლიქტი ჰქონდა, ამის გამო წიოდა და კიოდა. ომარი ჩემს ხელშია გაზრდილი და ძალიან კარგი ადამიანი იყო, არ მახსოვს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, დალევა არ უყვარდა და არც პათოლოგი იყო. მაგდა ყველას ზემოდან უყურებდა, ამაყი გოგო იყო.
იმ ღამეს პოლიცია რომ მოვიდა, მაშინ აანთეს დერეფანში შუქი და სისხლის კვალი ოთახის ჩარჩოდან იწყებოდა და მთელ სიგრძეზე გრძელდებოდა. სისხლის კვალი, სადაც დივანი ედგათ, იქაც შევამჩნიე, იმ დროს ოთახი უნდა გაეთავისუფლებინათ და მეზობლებს ნივთები გაჰქონდათ, ის დივანი ჩემთან შემოიტანეს, მაგრამ ისეთი მძიმე იყო არ მინახავს რა იდო შიგნით. მაგდას ოთახში რემონტი ახალი გაკეთებული ჰქონდა და წითელი შპალერი ჰქონდა გაკრული, რომ ვკითხე ამ ფერის რად გინდოდა მეთქი, თვალებს მიწყნარებსო.
მაგდას და, ლანა ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დის გაკეთებულია, ჩემი და მეც მომკლავს და ჩემ შვილსაც არ დაინდობს, ისეთიაო. ჩემს ოთახში მათი ნივთები ეწყო და მეორე დღეს სულ არეული დამხვდა, ჩემ ქმარს ვკითხე, რა მოხდა მეთქი და ლანა იყო შემოსული რაღაცას ეძებდაო".
იხილეთ ასევე: "ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა"
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)