"ივანიშვილი იძულებული გახდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ამით სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგა"
"ივანიშვილი მზად უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყებად, სხვანაირად მის დაბრუნებას აზრი არ ექნება"
"როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ მის გუნდში ყველა საკუთარ მომავალზე ზრუნავდა"
საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ეს ამბავი ვისთვის მოულოდნელი, ვისთვის მოსალოდნელი იყო, თუმცა ფაქტი ერთია, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ მმართველ გუნდში სერიოზული კრიზისია, მისი მოგვარება კი, როგორც ჩანს, ივანიშვილის გარდა სხვა არავის შეუძლია.
ყოფილი პრემიერი ჯერჯერობით პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხელმძღვანელად დაბრუნდება, თუმცა არაა გამორიცხული ის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ვიხილოთ.
დროული იყო თუ არა ივანიშვილის დაბრუნება, იქნება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატი და მოახერხებს თუ არა მმართველ გუნდში არსებული კრიზისის მოგვარებას, kvirispalitra.ge ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- აუცილებლად უნდა გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის 2015 წლის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოხდესო...
"მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის", - ამბოდა ის. ამ ინტერვიუმდე ცოტა ადრე კი განაცხადა, პოლიტიკაში დავბრუნდები იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება, თუ დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს და მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც სააკაშვილის დროს მოხდაო.
სიმართლე გითხრათ, ის ვითარება, რაც ბოლო ხანს "ქართულ ოცნებაში" შეიქმნა, ჩემი თვალთახედვიდან აპოკალიპტურ სურათად არ აღიქმებოდა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო შიდა კონკურენცია, რაც პარტიაში ყოველთვის აუცილებელია, ამასთანავე, ეს არ იწვევდა პოლიტიკურ კრიზისს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია არ ჰყავდა იმგვარი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირებით და სისუსტით.
ამ ორი ფაქტორის გამო, არ ვფიქრობდი სწორედ, რომ აპოკალიპტური ვითარება იყო და ეს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების აუცილებლობას შექმნიდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ მის გუნდში ყველა საკუთარ მომავალზე ზრუნავდა და ეს მოქმედებები, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, ქვეყნისთვის სასიკეთოდ არ ხდებოდა, ანუ მთავარი მოტივი შიდასახელისუფლო დაპირისპირებისა როგორც ჩანს, იყო საკუთარ კეთილდღეობაზე და საკუთარი პოზიციების სიმყარეზე ზრუნვა, მათ შორის ფინანსურ გავლენებზე. ამიტომაც გახდა იძულებული მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ფაქტია, ამით ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგა.
ცალსახად კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ოფიციალურად აიღო. ეს ბადებს იმის იმედს, რომ ხელისუფლება უფრო მობილური და მეტად პასუხისმგებლიანი გახდება.
გვახსოვს, რა რადიკალური ცვლილებებით შემოვიდა პირველად ის პოლიტიკაში, შესაბამისად, მის მიმართ მოლოდინი კვლავაც დიდია. ლოგიკურად, ივანიშვილი მზად უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყებად, სხვანაირად მის დაბრუნებას აზრი არ ექნება. რადგან დაბრუნდა, ალბათ თეორიულად მაინც მზად არის ახალი საეტაპო გარღვევისთვის. სხვაგვარად მისი გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან აქამდე ფარად მაინც ეფარებოდა მის მიერ დასმული მთავრობა, დღეს კი ის კრიტიკისა და მის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებისგან აბსოლუტურად დაუცველი ხდება. რადგან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, წესით, უნდა ჰქონდეს განახლების გეგმა.
როგორც ჩანს, მას სჭირდებოდა გარანტიები იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს უპრობლემოდ გაიყვანდა, თუმცა ამ მხრივაც მე ვერ ვხედავდი ვერანაირ დაბრკოლებას გამომდინარე ისევ ოპოზიციის სისუსტიდან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მაინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თვლის საკუთარ დაბრუნებას...
- აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" ის რესურსი, რომ ივანიშვილმა მოახერხოს ქვეყნის მართვის ძირფესვიანი განახლება?
- ნაწილობრივ. თუ ამ ადამიანების უმეტესობას ივანიშვილის მოსვლამდე რესურსი არ ჰქონდათ, ივანიშვილი მათ რესურს ვერ შესძენს, ეს ფაქტია. ერთადერთი შეუძლია "ქართულ ოცნებაში" არსებული დაძაბულობა დაასტაბილუროს და გაანეიტრალოს, ამასთანავე ველი, რომ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საკადრო გადაადგილებებიც იქნება. მან რადიკალური საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს სხვაგვარად მისი პოლიტიკაში შემოსვლით, ფაქტობრივად, აიღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდის შეცდომებზე მთლიანად, რაც დამაზიანებელი იქნება მისთვის. რა თქმა უნდა, პარლამენტის შემადგენლობას ვერ შეცვლის, მაგრამ რაც შეეხება აღმასრულებელ გუნდს, სრულად უნდა გადაახალისოს ისევე, როგორც უნდა მოახერხოს და ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი წამოაყენოს, რომელსაც თავად ექნება მეტ-ნაკლები ავტორიტეტი საზოგადოებაში და მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმით - მორჩილების პრინციპით არ იქნება შერჩეული.
- ანუ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონ არ იქნება?
- ამ ნაბიჯის მერე, უკვე არაფერს არ გამოვრიცხავ ...
- არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ შესაძლოა კვირიკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელონ, ივანიშვილი კი პრემიერი გახდესო...
- რადიკალურ ცვლილებებში მე ვგულისხმობ იმას, რომ ივანიშვილმა სრულიად ახალი სახეები უნდა შემოიყვანოს, ისინი, ვის მიმართაც საზოგადოება ნეგატიურად არ არის განწყობილი. კვირიკაშვილი დაზარალდა პარლამენტში მომხდარი სკანდალით, რასაც მოჰყვა "უცნობის" ბრალდება კვირიკაშვლისა და მისი გუნდის მიმართ, არ უნდა დაგვავიწყდეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან ალავიძის მოხსნაც, რომელიც კვირიკაშვილის კადრი იყო და რუსეთში გაგზავნილი წერილიც. ამ ყველაფრის ფონზე კვირიკაშვილის მიმართ საგრძნობი ნეგატივი დაგროვდა.
კვირიკაშვილის წამოწევა ისევ "ქართული ოცნების" კანდიდატად რადიკალური განახლებების სქემაში არ ეწერება. საპრეზიდენტო კანდიდატებად სახელდებიან სხვებიც, მაგალითად: მამუკა ბახტაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი გახარია, კახი კახიშვილი... ეს ის სახელებია, რომელთა პოლიტიკური კაპიტალი კვლავაც საკმაოდ შთამბეჭდავია...
- ერთია პარტიის თავმჯდომარეობა და მეორეა ქვეყნის მართვა, ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ისევ პრემიერი შეიძლება გახდეს?
- გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პრინციპში პარტიის თავმჯდომარეობიდან მას სრულიად ოფიციალური და კანონიერი ბერკეტები ექნება იმისა, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლოც, სწორედ გამარჯვებულ პარტიასთან არის ანგარიშვალდებული. ასე, რომ შეიძლება პარტიის თავმჯდომარეობის იქეთ, მან არც მოინდომოს სახელისუფლო თანამდებობაზე ყოფნა. მოკლედ, მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი, მათ შორის, მართვის საშუალო რგოლში და რეგიონებში, სადაც სრული განუკითხაობა და დაუსჯელობა სუფევს და კორუფციული გარიგებების დოღია: ყველა ხელს ითბობს ამ განუკითხაობით - პარტიის ადგილობრივი თავმჯდომარეები, გამგებლები, გუბერნატორები. შესაცვლელია პარლამენტიც, მაგრამ არა მგონია საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს. მთავარი გამოწვევაა - დაიძლიოს პრინციპი - კადრების შერჩევა მორჩილების, მლიქვნელობის და უსახურობის მიხედვით. სხვაგვარად, განახლებაზე საუბარი ვერ იქნება და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, უპირველესად მისთვის, დიდი შეცდომა იქნება.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)