ბიძინა და "კარგი, ცუდი, ბოროტი" ჟურნალისტები, ანუ როცა ძილი გადაგიცდება...
გამორთეთ "რუსთავი 2" და ომი კი არადა, ქვეყანაში შიმშილი და გაჭირვება აღარ იქნება ანაც უბრალოდ, გამორთეთ, თუ არ გინდათ სიღარიბეში ამოგხდეთ სულიო, - დაახლოებით ეს პათოსი ჰქონდა გუშინ ქვეყნის ფორმალურ და არაფორმალურ მმართველს 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს. ოღონდ ეს კი ვერ გავიგე, თუ ქვეყანაში აღმშენებლობაა, ამავდროულად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბი როგორ არის, ვისაც ივანიშვილთან ინტერვიუ არ გინახავთ, გეტყვით, რომ აღმშენებლობა და კეთილდღეობა რომ მეფობს და თან სიღარიბეც არის, ეს ივანიშვილმა თქვა, მე კი - არა...
მოკლედ, ბევრი რამ ვერ გავიგე, ჰოდა, ამიტომაც ვცადე ივანიშვილის ინსტრუქციას მივყოლოდი და გამოვრთე "რუსთავი 2" და ჰოი, საოცრებავ, ბენზინის ფასმა დაიწია, აუზში წყალი გაჩნდა, ლარის კურსი დოლართან 2-ს ჩამოსცდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რიცხვი შემცირდა, იმ "საცოდავი სესიაშვილის" "ბრიზგით" ნაშენები სამსართულიანი სახლი გლდანში, 2-ოთახიან ბინად გადაიქცა და ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში მურაბების ამოსატანად ჩაიყვანა.
ინტერვიუ 5 მონაწილისგან შედგებოდა - 3 ჟურნალისტი, რესპონდენტი ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ინტერვიუ თავის თავთან თავადვე მიჰყავდა. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ მედიცინას - ძილის ნაკლებობა ადამიანს აშკარად ეტყობა. დაეძინა 10-საათზე, ვინ ეუბნებოდა გააკეთე პრესკონფერენცია და ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში ჩაიგდე თავიო.
ვიდრე ჟურნალისტებზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, მანამ გეტყვით, რომ "რუსთავი 2" ამტკიცებს ივანიშვილმა ჩვენი ტელევიზია 65-ჯერ ახსენაო, რა თანხა უნდა გადაეხადა გვარამიას, ასეთი მასშტაბური რეკლამა რომ დაეკვეთა ვინმესთვის. არადა, რომ ჰკითხო, "რუსთავი 2" ყოფილა ქვეყანაში მთავარი პრობლემა, ამ დროს თურმე ყველა გადაცემას უყურებს და ლამის გაბუნიას ციტატებით ლაპარაკობს...
რაც შეეხება ჟურნალისტებს დიდად ყოჩაღად ვერც ისინი მოიქცნენ, ეკა კვესიტაძე ყოჩაღობდა ყველაზე მეტად, მაგრამ ეგრერიგად ნერვული და აშკარად მტრულად განწყობილი კორესპონდენტი, რომელიც რესპოდენტს კითხვაზე პასუხს არ აცლის, მაყურებელს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის ობიექტური ჟურნალისტი კი არა, დაინტერესებული მხარეა. რითაც მშვენივარდ ისარგებლა ივანიშვილმაც, რომელმაც ამუნათა და ამუნათა... მოკლედ, ჩვეულებრივი, ჩვენებური, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატი სცადა ივანიშვილთან, შედეგად ხშირად ვარდებოდა უხერხულ სიტუაციაში, როდესაც მოდერატორი და რესპონდენტი ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად მიუთითებდა კულტურის გამოჩენისკენ და ექსპრემიერის გადმოსახედიდან აშკარად იყო ამ ინტერვიუს "ბოროტი" პერსონაჟი...
ზომიერი, კულტურული და დაბალანსებული პოზიცია კი ეკავა დიანა ტრაპაიძეს, მაგრამ მის კითხვებს ცოტა ჩამოყალიბება და სიმწვავე აკლდა. ტრაპაიძე საშუალებას აძლევდა ივანიშვილს, რომ ინტერვიუ ემართა, რასაც ხშირად კვესიტაძის ჩართვა ემატებოდა და ამით სარგებლობდა "ოცნების" ლიდერი. ის კვესიტაძეს ზრდილობისკენ მოუწოდებდა და საკმაოდ სამართლიანადაც, ხოლო ტრაპაიძეს დრო და დრო მსუბუქად უტევდა. ის ივანიშვილის სცენარში აშკარად "ცუდი", მაგრამ არა საშინელი ჟურნალისტი იყო...
რაც შეეხება "იმედის" წარმომადგენელ ბატონ ჩიხლაძეს, მას ზუსტად ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც პროკურატურაში შესვლის წინ ლევან ყიფიანს. რეალურად, ირაკლი ჩიხლაძეს მაშველი რგოლის როლი უნდა შეესრულებინა და გაჭირვების ჟამს საჭირო კითხვები უნდა დაესვა ბატონისთვის კი არადა, ბატონი ბიძინასთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში მაშველი რგოლი მარტო არ იყო და ბატონი ბიძინაც იძულებული იყო არაადეკვატური და უტიფარი პასუხები გაეცა როგორც მოურიდებელი, ისე მორიდებული ჟურნალისტებისთვის. მოკლედ, ირაკლი ჩიხლაძე ამ სამეულში აშკარად "კარგი" პერსონაჟი იყო, "ხბოს თვალებით..."
ოღონდ, არაადეკვატური პასუხი არ ნიშნავს, რომ ბატონს რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. პირიქით, ყველაფერი ზედმიწევნით ესმის და ცდილობს, კვლავ მტრის ხატის შექმნით გავიდეს ფონს. ამჯერად, ხალხს მოკლე დრო დაუსახელა - 1 წელიწადში ყველაფერი მოგვარდებაო, ოღონ აშკარაა ცოტა ეჭვი თვითონაც ეპარება, რადგან რომ არ ხედავდეს როგორ უჭირს მის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე დღის შემდეგ ჩასატარებელ არჩევნებში, დარწუნებული ვარ, ასეთი ინტერვიუ არ შედგებოდა.
ისე აქამდე ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში უკეთური ამბები, კორუფციული გარიგებები, ფარცხალაძეების პარპაში და ა.შ. ბიძინასგან დამოუკიდებლად ხდებოდა და ის ერთ დღეს ამათ ყველას დაიფერთხავდა, სავარაუდოდ, 23 ოქტომბრის ინტერვიუმ ეს იმედები დაუსამარა...
6 წლის წინანდელი ცხრა წელი სადამდე ეყოფა ივანიშვილსა და მის მეხოტბეებს, არ ვიცი, მაგრამ თუ ბიძინამ ზურაბიშვილი აიღო და დასვა პრეზიდენტად... თუ... ამ თუ-ს ძალიან საშიში გაგრძელება შეიძლება მოყვეს, მაგრამ იმედია თუ, უბრალოდ, თუ-დ დარჩება...
ხანდახან რაღაცა მწიფდება და რაღაცის დრო მოდის... ასეთი დრო იყო 2012 წელს, როდესაც 9 წელი დასრულდა...
..და ბოლოს ბლოგი, უკვე მეორედ, მინდა კოტე ყუბანეიშვილის ლექსით დავასრულო...
რამდენი იარა
რამდენი ნახა
რამდენი ილაპარაკა
რამდენი ჭამა
რამდენი იტირა
რამდენი იკამათა
რამდენი მოწია
რამდენი იკითხა
რამდენი იშრომა
რამდენი გვაოცნება
რამდენი იშოვა
რამდენი ივარჯიშა
რამდენი იძინა
რამდენი წერა
რამდენი ითამაშა
რამდენი დახარჯა
რამდენი მოიტყუა
რამდენი იცინა
რამდენი იავადმყოფა
რამდენი იწვალა
რამდენი ილოცა
რამდენი მოინანია
რამდენი სანთელი დაანთო...
მაინც რა მოუშორებელი ჭირია...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნახეთ ვიდეო, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე