"მღვდლების რევოლუცია" სომხეთში, რომლის უკან პუტინი დგას?! - ვინ ცდილობს ფაშინიანის დამხობას
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ დაგეგმილი ანტისომხური შეთქმულება, მთავრობის დამხობის მიზნით, გახსნილია. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რეპრესიები იწყება“ (ავტორი - გრიგოლ ათანესიანი).
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
სომხეთის ხელისუფლებამ ოთხშაბათს, 25 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა გახსნეს და 14 ადამიანი დააკავეს, არქიეპისკოპოს ბაგრატის (გალსტიანის) ჩათვლით, რომელიც გასულ წელს [ოპოზიციის] ანტისამთავრობო გამოსვლებს ხელმძღვანელობდა.
მმართველ პარტიასთან ახლოს მდგომი მასმედიისა და საჯარო პირების მტკიცებით, შეთქმულების უკან რუსეთი დგას, კრემლი კი, თავის მხრივ, მომხდარ ამბებს სომხეთის საშინაო საქმედ თვლის. ადვოკატები დაკავებულების მიმართ წარდგენილ ბრალს უარყოფენ და მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს სტალინურ რეპრესიებს ადარებენ.
მილიარდერი, ექს-პრეზიდენტი და რუსეთი: ვინ არიან „შეთქმულები?“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა ოპოზიციური წყაროებიდან იქნა მიღებული და შეთქმულების გეგმას ასახავს, მაგრამ თვითონ ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ტყუილს ამბობს და დოკუმენტი გაყალბებულია (სამწუხაროდ, „ბიბისის“ არ აქვს შესაძლებლობა მისი ნამდვილობა დაადასტუროს).
გეგმაში გადმოცემულია ხელისუფლების დამხობისა და მისი ხელში ჩაგდების ეტაპობრივი ნაბიჯები. მთავრობა აცხადებს, რომ შეთქმულების რეალიზება ამ ზაფხულს უნდა მომხდარიყო, თუმცა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს უნდა განხორციელებულიყო შარშან, ივლის-სექტემბერში. აშკარად შეუსაბამობაა თარიღებში.
25 ივნისს სომეხმა სამართლადამცველებმა არქიეპისკოპოსი ბაგრატი დააკავეს და მას ბრალდებად ტერაქტების მომზადება და ხელისუფლების დამხობის მოწოდებები წაუყენეს.
უწმინდესი ბაგრატი - როგორც მას სომხეთში უწოდებენ - შედარებით ახალგაზრდაა, 54 წლის და ქარიზმატული საზოგადოებრივი მოღვაწეა. იგი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მაღალჩინოსანი იერარქია. აქვე ვიტყვით, რომ სომხეთის მოსახლეობის 90% სომხური ეკლესიის მრევლს წარმოადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ: ფაშინიანი: "გარეგინ მეორე და მისი სპიკერი მოვიდნენ და დავუმტკიცებ, წინადაცვეთილი ვარ თუ არა" - დიდი სომხური სკანდალი გრძელდება
ჩემი "მეგობარი" პუტინი - კრემლის სპეცოპერაცია ფაშინიანის წინააღმდეგ და ალიევის აღმოსავლური ეშმაკობა
2018 წელს უწმინდესმა ბაგრატმა მხარი დაუჭირა სახალხო პროტესტს, იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულს, რომლის შედეგად მთავრობის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი გახდა, მაგრამ შემდეგ მას ოპოზიციაში ჩაუდგა და კრიტიკა დაუწყო. ამასთან ბაგრატს ნამდვილად ვერ უწოდებ პრორუსულად განწყობილ ადამიანს - საეჭვოა, რომ იგი ასეთი იყოს, რადგან რუსულ ეკლესიასთან კავშირი არ ჰქონია - ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ იგი დიდ ბრიტანეთში და კანადაში სწავლობდა და მუშაობდა.
არქიეპისკოპოს ბაგრატის გარდა დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის იგორ სარქისიანი, ოპოზიციური პარტიის „დაშნაკცუტიუნის“ მმართველი საბჭოს წევრი. გაჩხრეკილია აგრეთვე არტურ სარქისიანის - სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური წევრის ბინა.
სომხეთის მთავრობამ ასევე გამოაქვეყნა ტელეფონით საუბრის ჩანაწერი, რომელშიც არქიეპისკოპოსი ბაგრატი თითქოსდა მოუწოდებს იმ ადამიანების დასჯა-დახვრეტისაკენ, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ეწინააღმდეგებიან („ბიბისის“ არც ამ ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება არ შეუძლია).
დაკავების დროს არქიეპისკოპოსმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სასაცილოდ ჩათვალა, თუმცა რაიმე კომენტარი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული „მტკიცებულებების“ მიმართ არ გაუკეთებია.
მთავრობა აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს შეთქმულებს უკანონოდ შენახული ცეცხლმსროლელი იარაღი აღმოუჩინეს, რომელიც მათ ხელისუფლების მიტაცებისათვის უნდა გამოეყენებინათ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ სანადრო თოფებია და მეტი არაფერი.
„მოსკოვის ხელი“ „შეთქმულებაში“
დოკუმენტში, რომელიც თითქოსდა გადატრიალების გეგმას წარმოადგენს, შეთქმულებს შორის მოხსენიებულნი არიან გასულ კვირაში დაკავებული რუსეთში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი და სომხეთის ორი ყოფილი პრეზიდენტი. გეგმის სპონსორად დასახელებულია კომპანიები „გაზპრომ-არმენია“ და „იუჟნოკავკაზსკაია ჟელეზნაია დოროგა“, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების „გაზპრომისა“ და „როსჟელდოროგის“ სომხურ ფილიალებს წარმოადგენენ.
არქიეპისკოპოს ბაგრატის დაკავების შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მომხრეები მიანიშნებენ, რომ შეთმულების უკან რუსეთი დგას. „ახლა კი, თქვენო უწმინდესობავ, „უცხოური ძალის ცენტრი“ შენ უკვე ვეღარ გიშველის“, - ასე მიმართა დაკავებულ არქიეპისკოპოსს სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა. „უცხო ძალის ცენტრად“ მან მოსკოვი იგულისხმა.
ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა სერიოზულად უფრთხის სავარაუდო გადატრიალების მოხდენას რუსეთის მხარდაჭერით. ასეთი სცენარზე „ბიბისის“ კორესპონდენტს სხვადასხვა დროს ბევრი წყარო უყვებოდა ანონიმურად, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრები და მმართველი პარტიის დეპუტატები. მოსკოვიც, თავის მხრივ, ამ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.
„სომხეთში პოლიტიკური ოპოზიციის სახით კრემლი მოქმედებს - სომეხი შემსრულებლების მეშვეობით. ხელისუფლება ამაზე ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არაფერს აცხადებს - ალბათ, იმ მიზნით, რომ კრემლთან დიალოგის არხები არ დახუროს“, - დაწერა სოციალურ ქსელში მთავრობასთან ახლოს მდგომმა უფლებადამცველმა არტურ საკუნცმა, თუმცა მას რუსეთის მოქმედების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
„ეს სომხეთის საშინაო საქმეა, - განაცხადა არქიეპისკოპოს ბაგრატის დაკავებასთან დაკავშირებით კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, - ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ სომხეთში კანონიერება შენარჩუნდეს, სიმშვიდე იყოს. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთი სტაბილური, აყვავებული და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანა იყოს“.
საერთოდ, პირველად არ ხდება, როცა მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის დროს სომხეთში პროსამთავრობო ძალები მოსკოვს ადანაშაულებენ - კრემლი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას ახორციელებსო.
2023 წლის სექტემბერში სომხურმა პროსამთავრობო „ტელეგრამ-არხმა“ გაავრცელა ხმები, რომ თითქოსდა კრემლმა სომხეთში სამი ათასამდე იმდროინდელი „ვაგნეროველი“ მებრძოლი გაგზავნა ნიკოლ ფაშინიანის დასამხობად, თანაც ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
„მმართველ პარტიას სერიოზული შიშები აქვს, რომ მოსკოვი მუდმივად ცდილობს რაღაც პროცესების ინიცირება მოახდინოს“, - აღნიშნავს სომეხი პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი, - „რამდენად არის ეს შიშები გადაჭარბებულ-გაზვიადებული, ამის თქმა რთულია, მაგრამ ისინი ყოველთვის „ხედავენ“ ასეთ რისკებს“.
საერო ხელისუფლება ეკლესიის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ბრალდებულად არქიეპისკოპოსი ბაგრატი ითვლება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, შეთქმულების უკან სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ II და რუს-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგანან.
რელიგიური მოსამსახურის ადვოკატი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სომხეთში მაღალჩინოსან რელიგიურ მოღვაწეებს სტალინის დროინდელი რეპრესიების შემდეგ აღარ აპატიმრებდნენ და ახლა ბაგრატის დაკავება ამ მხრივ პირველ შემთხვევას წარმოადგენს. „არქიეპისკოპოსი დამოუკიდებლად მოღვაწეობს და ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში არ ჩანს, რომ ეკლესია ამ ამბებთან არის დაკავშირებული“, - ციტირებს ადვოკატის ნათქვამს ადგილობრივი პრესა.
ნიკოლ ფაშინიანს ღია კონფლიქტი აქვს გარეგინ II-სთან: მას დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. სომხეთში ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყოფილია და ადგილობრივი პოლიტოლოგები პრემიერისა და კათაოლიკოსის კონფლიქტს პოლიტიკას უკავშირებენ - ეკლესია ბოლო წლებში გავლენიან ძალად გადაიქცა მათთვის, ვინც მთავრობას აკრიტიკებს. არადა, ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც ეკლესია თავის როლს და მნიშვნელობას ნამდვილად გამოაჩენს.
მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სომხურ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, თუმცა გასულ კვირას მან მხარი დაუჭირა სომხეთის სამოციქულო ეკლესიას და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, იგი მას „თავისებურად“ დაიცავს. როგორც კი კარაპეტიანმა ეს თქვა, იგი დაუყონებლივ იქნა დაპატიმრებული „ხელისუფლების დამხობის მოწოდების გამო“ - ასე ჩათვალა მთავრობამ მისი განცხადება.
მოამზადა სიმონ კილაძემ