კავკასიური ვენდეტა პუტინისთვის?! - ძველი მტრების ახალი მეგობრობა ანუ აძევებენ თუ არა რეგიონიდან კრემლს
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის - The Economist-ის 12-18 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინის ომმა უკრაინაში შეიძლება რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის გარეშე დატოვოს“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის დღევანდელი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, უკრაინასთან მიმდინარე ომის გათვალისწინებით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ადამიანთა უმრავლესობისათვის გეოპოლიტიკა აბსტრაქციას წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვინც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობს, გეოპოლიტიკა ყოველდღიური რეალობაა. სამხრეთი კავკასია - შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონი, ძველი იმპერიების - ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის - გზაჯვარედინზე მდებარეობს. სამხრეთ კავკასია დღევანდელი, ყველაზე სახიფათო ომების - რუსეთ-უკრაინისა და ირან-ისრაელის ომების მონაწილე ქვეყნებს ესაზღვრება, სადაც თვალნათლივ ხდება „ძლიერთა ამა სოფლისას“ უკანდახევა და ადგილობრივი ქვეყნების აღზევება.
ორი ომი კარდინალურად ცვლის რეგიონის სახეს - უფრო ძლიერად, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელსაც ბზარები 1980-იანი წლების დასასრულს სწორედ აქ, სამხრეთ კავკასიაში გაუჩნდა. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ვლადიმერ პუტინის ომმა მოულოდნელად დაასრულა ოდესღაც გადაუჭრელად შერაცხული აზერბაიჯან-სომხეთის ომი. დღეს ერევანი რუსეთის გავლენიდან თავის დაღწევას ცდილობს და თურქეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა სურს. ისრაელსა და ირანს შორის ომმა სტატუსი აუმაღლა ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, რომელიც ახლა მასზე უფრო დიდ და ძლიერ მეზობლებთან გატოლებას ცდილობს. ისრაელი აზერბაიჯანში სტრატეგიულ მოკავშირეს ხედავს, ირანთან დაპირისპირებაში. რაც შეეხება საქართველოს, ოდესღაც დასავლეთის ფავორიტს, თბილისი ნელ-ნელა დრეიფობს ანტიდასავლური ავტოკრატიისაკენ და ორიენტაცია მოსკოვისაკენ აქვს აღებული.
„ჩვენ ქარიან ადგილზე ვცხოვრობთ“, - ხატოვნად ამბობს რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ელჩინ ამირბაევი, რომელიც ბაქოში მდებარე თავისი მდიდრული ოფისის სარკმლიდან კასპიის ზღვის აკვატორიას გასცქერის.
როცა „ეკონომისტის“ ეს ნომერი დასაბეჭდად იწყობოდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პირისპირ შეხვედრას ატარებდნენ აბუ-დაბში (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში), შუამავლების გარეშე. მანამდე კი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის - ნიკოლ ფაშინიანის ისტორიული ვიზიტი სტამბოლში, სადაც მას საზეიმო მიღება მოუწყო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.
ჯერჯერობით ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა (პროექტი უკვე მზად არის), მაგრამ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, სომხეთი გახდება ე.წ. შუა დერეფნის მონაწილე, რომელიც ჩინეთს და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს, რუსეთის გვერდის ახვევით (აქვე შევნიშნავთ, რომ ამ დიდი დერეფნის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს ე.წ. მეგრის ანუ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს თავის ანკლავთან - ნახჭევანთან აკავშირებს). ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, რადგან დღევანდელი ენერგეტიკული დერეფანი, გაზისა და ნავთობის მილსადენებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადის, რომელიც სულ უფრო ნაკლებსაიმედო პარტნიორი ხდება.
რუსეთი ცდილობს, თავისი გავლენა შეინარჩუნოს სამხრეთკავკასიურ ტრიოზე, რომლებსაც ჯერ კიდევ თავისი მიზიდულობის ორბიტაზე მყოფ ქვეყნებად თვლის. მაგრამ რუსეთის გავლენა საოცრად სწრაფად სუსტდება, თუ შევადარებთ უწინდელ მდგომარეობას, როცა კრემლს 5 წლის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიან ომში დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა დაკავებული.
ასევე დაგაინტერესებთ: "აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება"
როგორ გააცოფა ალიევი პუტინმა - რაში გადაიზრდება რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება?!
"მღვდლების რევოლუცია" სომხეთში, რომლის უკან პუტინი დგას?! - ვინ ცდილობს ფაშინიანის დამხობას
როცა 2020 წელს აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო მთიანი ყარაბაღის გასაკონტროლებლად, ვლადიმერ პუტინი არ დაეხმარა სომხეთს - ამით მან შური იძია ერევნის ორი წლით ადრე სახალხო პროტესტების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ „პროდასავლელ“ ნიკოლ ფაშინიანზე, რომელმაც „პრორუსული“ ხელისუფლება დაამხო. კრემლმა ნება მისცა ილჰამ ალიევს, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ზოგიერთი რაიონი გაეკონტროლებინა, თუმცა რუსული სამშვიდობო ძალების მონაწილეობით. დღის წესრიგში დადგა ბაქოს განზრახვის რეალიზებაც, რომლის თანახმად, სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი აღდგებოდა ნახჭევანთან (ზემოხსენებული „მეგრის ანუ ზანგეზურის დერეფნით“). ვლადიმერ პუტინის გეგმით, დერეფანს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური გააკონტროლებდა. მოკლედ, სომხეთი მოწყვლადი გახდა და იძულებული იყო, დროებით ისევ კრემლს დამორჩილებოდა.
მშვიდობა დამცველთა გარეშე
დიდი ხანი არ გასულა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრის შემდეგ, რომ 2023 წელს აზერბაიჯანმა მომენტით ისარგებლა და მთლიანად მოახერხა მთიანი ყარაბაღის გაკონტროლება, 24 საათის განმავლობაში. რუსი მშვიდობისმყოფლები უმოქმედოდ იყვნენ და რეალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. საბოლოო ჯამში, კრემლი იძულებული გახდა, ისინი მთიანი ყარაბაღიდან გაეყვანა. „გამარჯვებით ფრეთებშესხმულმა აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ რუსეთთან, ადრინდელი მორჩილი პოლიტიკის ნაცვლად, თანასწორი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს ბაქოს მიერ მოსკოვის გამოწვევას ნიშნავდა იმ რეგიონში, რომელსაც კრემლი საკუთარ სათამაშო მოედნად თვლიდა“, - ამბობს ზაურ შირიევი, კარნეგის ფონდის თანამშრომელი.
ბოლო დროს აზერბაიჯანი თავის ძალის დემონსტრირებას ახდენს და ნათლად მიანიშნებს, რომ არ სურს, რუსეთის უშიშროებამ ის დერეფანი გააკონტროლოს, რომელიც აზერიბაიჯანის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაქოს აზრით, დერეფნის მუშაობაში ნეიტრალური სახელმწიფო ან საერთაშორისო უწყება უნდა მონაწილეობდეს, აშშ-ის ჩარევით და მისი მხარდაჭერით.
აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას, რომელიც რუსეთის მიზეზით მოხდა და რომელმაც ორი მეზობლის ურთიერთობები გააუარესა, ახლახან კიდევ ერთი გარემოება დაემატა - ურალში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ 50 ეთნიკური აზერბაიჯანელის დაკავება, რომელმაც „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ (ოპერაციის დროს ორი აზერბაიჯანელი მოკლეს და ბევრი სცემეს).
თავის მხრივ, აზერბაიჯანი არ შეუშინდა კრემლს და დაუყოვნებლივ გადადგა საპასუხო ნაბიჯი - ბაქოში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლები დააკავა და ისინი კრემლის აგენტებად შერაცხა. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და სცემეს აგრეთვე ის რუსებიც, რომლებიც ბაქოში უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთიდან გამოიქცნენ.
ყველამ კარგად იცის, რომ აზერბაიჯანელი ლიდერი ილჰამ ალიევი ადამიანის უფლებებს ისევე იცავს, როგორც - ვლადიმერ პუტინი, მაგრამ მათ შორის დაპირისპირებამ ერთი შედეგი გამოიწვია - „ბოლო ლურსმანი ჩააჭედა“ რუსეთის სამხედრო ყოფნის იდეას აზერბაიჯან-სომხეთის „შუა დერეფანში“. არ არის გამორიცხული, რომ ორ ავტოკრატს შორის დაპირისპირება დროებით მიყუჩდეს, მაგრამ სამხრეთ კავკასიის ძალებმოკრებილ ქვეყანას - აზერბაიჯანს და ყოფილ მეტროპოლიას - რუსეთს შორის დაძაბულობა არ გაქრება. აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი და ისრაელი აიარაღებს, საკმაოდ ძლიერი გახდა და რუსეთს მასთან უშუალო სამხედრო კონფლიქტი არ აწყობს. ამიტომაც ვლადიმერ პუტინისათვის შეიძლება უფრო უკეთესი და საიმედო იყოს სომხეთზე გავლენის აღდგენა, რომელიც ჯერ კიდევ რუსული ენერგიისა და სურსათის იმპორტზეა დამოკიდებული და პლუს - გიუმრიში სამხედრო ბაზა აქვს.
მაგრამ რუსეთის სომხეთში ყოფნა, ადრინდელი პერიოდისაგან განსხვავებით, დღეს სახალხო მხარდაჭერის დეფიციტს განიცდის. სომხები მთიანი ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ თავს რუსეთისაგან გაყიდულად მიიჩნევენ და კრემლს ძველებურად აღარ ენდობიან, რუსეთში მოკავშირეს ნაკლებად ხედავენ. ამასთან, შეიძლება ეს პარადოქსულად გამოიყურება, მაგრამ მთიანი ყარაბაღის დაკარგვამ (100 ათასი ლტოლვილით), როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, სომხეთი იმ კონფლიქტისაგან გაათავისუფლა, რომელმაც თავის დროზე თურქეთის საზღვრების დახურვა, ყარაბაღული კლანების ბატონობა და მოსკოვის მძევლობა გამოიწვია.
აზერბაიჯანთან ომის წაგების შემდეგ სომხეთი რუსული ორბიტიდან გასვლას და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ერევანმა გააძლიერა ძალისხმევა, ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. როგორც ცნობილია, ერევან-ანკარის დაახლოებას ხელს უშლის ისტორიული მიზეზები - სომეხი ხალხის ცნობიერებაში ჯერ კიდევ ღრმად არის შენარჩუნებული 1915-16 წლების გენოციდის ხსოვნა.
ნიკოლ ფაშინიანი შეეცადა სომხები ისტორიული ტრამვის ჩარჩოებს გარეთ გაეყვანა. იგი შეეცადა, სომხებისათვის ტერიტორიული დანაკარგებით მიყენებული ჭრილობა მოეშუშებინა (ისტორიულ არარატის მთას დღესაც თურქეთი ფლობს). როგორც სომეხი ანალიტიკოსი არეგ კოჩინიანი ამბობს, სომხებს რუსეთი დიდი ხანი მიაჩნდათ ერთადერთ დამცველ ძალად, მაგრამ ახლა რუსეთი საფრთხედ და მუქარად განიხილება. თუ სომხეთ-თურქეთის საზღვრები გაიხსნება, ამით თურქეთი რეგიონში მშვიდობის გარანტორისა და „სამხრეთ კავკასიისათვის ამომავალი ვარსკვლავის“ სტატუსს დაიმკვიდრებს. თუმცა ანკარა არ არის განწყობილი, რომ საზღვრები ბაქოს ნების გარეშე გახსნას.
აზერბაიჯანი კი დროს აჭიანურებს და ახალ მოთხოვნებს აყენებს: მას სურს, რომ სომხეთმა რეფერენდუმი ჩაატაროს და კონსტიტუციიდან მთიანი ყარაბაღის ხსენება ამოიღოს. ბაქო ასევე ითხოვს ერევნისაგან „ზანგეზურის დერეფნის“ დათმობას. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს მეზობლის დამორჩილება ეკონომიკურადაც სურს (სხვათა შორის, აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარია, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდაპროდუქტი სომხეთში უფრო მაღალია). მოკლედ, აზერბაიჯანი თავის მეზობელს ღრმა უნდობლობით უყურებს.
ასეთი მოთხოვნები ხელშეკრულების დადებას ხელს უშლის. სომხები უფრო მეტ დათმობაზე შეიძლება წავიდნენ, თუ ისინი სარგებელს დაინახავენ საზღვრების გახსნაში - ვაჭრობის გაფართოების სახით. ერევანი თანახმაა, შუა დერეფანმა მის ტერიტორიაზე გაიაროს და მზად არის გარკვეულ კომპრომისებზე. ილჰამ ალიევმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ ნიკოლ ფაშინიანი მისთვის საუკეთესო პარტნიორია, მაგრამ საჯაროდ მის მიმართ არავითარ მხარდაჭერას არ გამოხატავს და ხშირად მასზე ზეწოლას იმ სიტუაციაშიც ახდენს, როცა ერევანს მოსკოვი ემუქრება ხოლმე. ამით აზერბაიჯანი რისკზე მიდის - შესაძლოა, სომხებში მეტი სიძულვილი გამოიწვიოს.
ქართული სცენარი - სომხეთისათვის?!
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის საჭეს ჩამოეშორებინა, მაგრამ ბოლო წლებში ეს ვერ მოახერხა. ახლა, მომავალ წელს, კრემლი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებშიც შეეცდება მიზნების განხორციელებას. რუსეთს იმედი აქვს, რომ სომხეთშიც განმეორდება ქართული სცენარი, რომლის დროსაც მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ეკლესიამ ქვეყნის დასავლური ორიენტაცია შეაჩერეს და საქართველო ისევ რუსეთის ორბიტისაკენ წაიყვანეს. ივნისში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ჩაშალა გადატრიალების მცდელობა, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი. სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. იგი ბრალდებას უარყოფს. მარგარიტა სიმონიანმა კი, რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის - „რაშა თუდეის“ დირექტორმა, ნიკოლ ფაშინიანი „ანტიქრისტედ“ და მოღალატედ შერაცხა.
„რუსეთის ბოროტმოქმედება, როგორც სომხეთის, ასევე - აზერბაიჯანის მიმართ სამშვიდობო პროცესს ხელს უშლის“, - ამბობს ზაურ შირიევი, - „შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროვდება. თუ მომენტი ხელიდან იქნება გაშვებული, რეგიონი ისევ სახიფათო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში აღმოჩნდება“.