„პუტინი ახალი "განკითხვის დღის" იარაღით იმუქრება: ამერიკასთან მოლაპარაკებები ჩიხში შედის“ - The New York Times
„ახალი ბირთვული სამხედრო ტექნიკის ბოლოდროინდელი გამოცდებით მოსკოვი მიანიშნებს ვაშინგტონს, რომ თეთრი სახლი უნდა დაემორჩილოს კრემლის ძლიერებას და მოლაპარაკების მაგიდას, რუსეთის პირობების გათვალისწინებით მიუჯდეს“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) ორი ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „პუტინი ახალი ბირთვული იარაღით იმუქრება, აშშ-ისთან მოლაპარაკებები ჩიხში შედის“ (ავტორი - პოლ ზონე). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-რუსეთის „ბირთვულსაფრთხიანი“ ურთიერთობის მიმდინარე ეტაპი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
გავიხსენოთ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების განვითარების ბოლოდროინდელი პროცესი: პრეზიდენტები ბუდაპეშტში, სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. შემდეგ რუსული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტის პირით, მკაცრი პირობები წამოაყენა მოლაპარაკების დღის წესრიგზე. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ბუდაპეშტის სამიტზე და, პარალელურად, რუსეთს ნავთობის სანქციები დაუწესა. შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა „განკითხვის დღის“ ორი სახეობის მრისხანე იარაღი - ბირთვულძრავიანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უეკიპაჟო ატომური წყალქვეშა ნავი, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ არიან მიმართულნი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამოცდის მომენტი შემთხვევით არ არის შერჩეული და რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: მოსწონს თუ არა კონკრეტულად ვინმეს პუტინის მოქმედება, ეს მისი საქმეა, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის ბირთვული არსენალი აშშ-ისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და საბოლოოდ ამერიკას მაინც მოუწევს რუსეთის პირობების გაზიარება და მოლაპარაკების დაწყება.
კრემლი ამ სიგნალს ამერიკას ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დროიდან უგზავნის - საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან - და მიანიშნებს, რომ ორი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოს „ბალანსირება უფსკრულის პირას“, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რომ მოლაპარაკება „სასიცოცხლოდ აუცილებელია“. ახლახან მოსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის იზოლირება, მათ შორის - ნავთობ-გაზის ექსპორტზე სანქციების დაწესებით, ჩაშლისთვის არის განწირული. „რუსები ცდილობენ, მიგვანიშნონ: „თქვენ ვერ შეძლებთ, როცა მოგესურვებათ, ერთი ხელის დაკვრით ისეთი სანქციები შემოიღოთ, როგორიც გინდათ. ჩვენ, რუსეთი, ბირთვულ სახელმწიფოს წარმოვადგენთ და მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ჩვენთან მოლაპარაკება მაინც მოგიწევთ“, - განმარტავს ანდრაშ რაცი, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიმდინარე წლის დასაწყისში დაბრუნდა, მტკიცე განზრახვით - შეწყვიტოს და დაასრულოს უკრაინის კონფლიქტი. მოსკოვი წარუმატებლად ცდილობდა, დღის წესრიგი გაეფართოვებინა და მასში საქმიანი შეთანხმებების დადებაც შეეტანა - ენერგეტიკაში, ბირთვულ შეიარაღებასა და სხვა საკითხებში, რათა კრემლისთვის მოლაპარაკება კომპლექსურად მოგებიანი გამხდარიყო.
„ერთადერთი სფერო, რომელშიც რუსეთი აშშ-ისთან თანაბარ პირობებში იმყოფება, რასაკვირველია, მასობრივი განადგურების იარაღია“, - ამბობს ანდრაშ რაცი, - „ამრიგად, ზეგავლენის ბერკეტების მისაღებად, მათ, რუსებმა, შეთანხმებაში ბირთვული ელემენტიც უნდა შეიტანონ. ზუსტად ასე იქცეოდა საბჭოთა კავშირიც. საბჭოთა ეკონომიკა თავისი მასშტაბით, მოცულობით და განვითარებით იმდენად მცირე იყო, რომ ვერც შეედრებოდა აშშ-ის ეკონომიკას, მაგრამ... რადგანაც კრემლის განკარგულებაში უძლიერესი ბირთვული არსენალი იყო, ამიტომ აშშ იძულებული ხდებოდა, ზოგჯერ დათმობაზე წასულიყო“.
ჯერჯერობით კრემლის მცდელობა წარმატებული არ არის და დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ განზრახული არ აქვს რუსეთთან ერთად რაიმე ენერგეტიკული, წიაღისეულის ერთობლივად მოპოვების ან სატრანსპორტო (ვთქვათ, გვირაბი ბერინგის სრუტის ქვეშ) შეთანხმება გააფორმოს, ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დასრულდება. სამაგიეროდ, ბირთვული იარაღი ის სფეროა, რომლითაც მოსკოვი ცდილობს, ვაშინგტონის ყურადღება მიიპყროს: სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს შესთავაზა, გააგრძელონ შეზღუდვა შორი მოქმედების ბირთვულ იარაღზე, ერთი წლით მაინც, 2026 წლის თებერვლიდან დაწყებული. დონალდ ტრამპმა ამ იდეას „კარგი“ უწოდა.
გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა „ახალი იარაღით“ წაიტრაბახა - ბირთვულძრავიანი რაკეტა „ბურევესტნიკით“, რომლის შესახებაც მან პირველად 2018 წელს განაცხადა - უძლიერესი რაკეტის გამოცდას ვიწყებთ, რომელიც აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას გადალახავსო (გამოდის, რომ გამოცდა ექვს წელს გრძელდებოდა!). ასეთი იარაღი წარმოჩენილია გარანტიად - რუსეთისთვის, რომელსაც შეუძლია მუდმივად ემუქრებოდეს ამერიკას, უცილობელი [ურთიერთ]განადგურებით - მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი აქტიურად ცდილობს, გაძლიერებული ანტირაკეტული ფარი შექმნას, სახელწოდებით - „ოქროს გუმბათი“ (ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსად).
შესაძლოა, ახალი სამხედრო ბირთვული შეიარაღების („ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“) ის გამოცდები, რომლის შესახებაც ერთი კვირის წინათ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას ამცნო, მანამდე იყო დაგეგმილი, ვიდრე თეთრ სახლსა და კრემლს შორის ურთიერთობა გაფუჭდებოდა.
„ვფიქრობ, გამოცდები ამასწინანდელ პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდება“, - ამბობს „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ საუბარში უკრაინელი ანალიტიკოსი პაველ პოდვიგი, რომელიც ჟენევაში არსებულ რუსეთის ბირთვული ძალების შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობს, - „ვლადიმერ პუტინს შეეძლო ამ ფაქტის გამოცხადებისას პირდაპირ და ღიად დამუქრებოდა ამერიკას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა“.
„რუსეთს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, 1960-იანი წლებიდან აქვს იმდენი ბირთვული იარაღი, რითაც აშშ-ის განადგურება შეუძლია“, - აღნიშნავს ჯეიმს ექტონი, აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „აშშ-ის მოწყვლადობა რუსეთის მხრიდან ობიექტური ფაქტია და არა - ჩვენი არჩევანი. ჩვენც გვაქვს რუსეთის გასანადგურებელი იარაღი. ამრიგად, ვფიქრობ, ის, რომ რუსეთი სულ ახალ-ახალ იარაღს ქმნის, ბირთვულ საფუძველზე, ჩვენ მაინცდამაინც არ უნდა გვაღელვებდეს, ვიდრე თვითონ ბირთვული ბალანსი. მთავარია, რომ ბირთვული წონასწორობა ატომური ქობინების რაოდენობის სახით დაცულია“.
თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ კონსტრუქციები (ორივე ბირთვულძრავიანია, ატომური რეაქტორებით) განსაკუთრებით სახიფათოა. „ბურევესტნიკი“ „მფრინავ ჩერნობილად“ არის შერაცხული. „ჩერნობილი“ უკრაინაში საბჭოთადროინდელ ატომურ ელექტროსადგურს ნიშნავს, რომელმაც 1986 წელს კატასტროფა განიცადა და რეგიონი რადიაქტიური ნივთიერებით ძლიერ დაასნებოვნა - დაღუპა ათეულობით ადამიანი. ამჟამად აესი გაუქმებულია და სარკოფაგით არის გადახურული.
ახალი რუსული სამხედრო ტექნიკიდან მომდინარე ბირთვული დასნებოვნების საფრთხემ ევროპელი ლიდერები თავისთავად უნდა განაწყოს სამოქმედოდ. „არ გამოვრიცხავ, რომ პუტინის მოქმედება „ჭკუიდან შეშლილის“ ერთგვარ სტრატეგიას წარმოადგენს“, - მსჯელობს ანდრაშ რაცი, - „მაგალითად, ასეთს: თქვენ იწყებთ „განკითხვის დღის“ იარაღის შექმნას და მის გამოცდას, ამით ქმნით შთაბეჭდილებას, რომ მას აუცილებლად გამოიყენებთ“.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ვლადიმერ ჯაბაროვმა გასულ პარასკევს ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ბირთვული ტექნიკის გამოცდამ აუწყა დასავლელ ლიდერებს, რომ მათ მოსკოვთან მოლაპარაკება უნდა დაიწყონ.
ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთს დიდი კატასტროფა ელის: "პუტინი მარცხდება, კრემლი ჩინეთის ვასალი ხდება" - 7 ფაქტორი, რომელიც რუსეთს ჩამოშლის?!
ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times
„ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოვახდინეთ ჩვენი ძალის და, იმავდროულად, სურვილის დემონსტრირება, რომ დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ფაქტობრივად, დაპირისპირება უსასრულოდ იქცა. ჩვენ კონფრონტაციის დამთავრება გვინდა. დროა, დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა. [ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ] რუსეთი, რომელსაც ისეთი იარაღი აქვს, როგორიც „ბურევესტნიკია“, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი და უძლეველია“, - ხაზი გაუსვა ვლადიმერ ჯაბაროვმა. სენატორმა გაიხსენა ის მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინას წაუყენა, ომის დაწყების წინ და აღნიშნა, რომ „დასავლეთი, რომელმაც დაინახა ახალი რუსული იარაღის ძალა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ დროა, რუსეთის არგუმენტებს მოუსმინოს“.
მიხვდა თუ არა ვაშინგტონი მოსკოვის მიერ ნართაულად ნათქვამს, ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ განაახლებს ბირთვული იარაღის გამოცდებს „თანასწორ საფუძველზე“. ამ კომენტარმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - მართლაც განაახლებს თუ არა აშშ ბირთვულ გამოცდებს, რომელიც 1992 წელს შეწყვიტა?
თუმცა საყურადღებოა, რომ ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ რაკეტის როგორც ბირთვული იარაღის მიმტანი საშუალების გამოცდაზე განაცხადა და არა - თვითონ ბირთვული იარაღისა. მოსკოვმა ატომური ბომბის უკანასკნელი გამოცდა 1990 წელს შეწყვიტა - ორი წლით ადრე, აშშ-სთან შედარებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ