რუსეთის განსაკუთრებული საჰაერო ოპერაცია: რატომ ესროლეს პატარა აეროდრომს ხუთი "კინჟალი" - უკრაინელებს "პეტრიოტები" გაუნადგურეს?!
ტრამპი ისევ „უჭერს“ „ტომაჰავკებს“, სამაგიეროდ, გერმანიამ გაიმეტა „პეტრიოტები“...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ის უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებას, ტრამპმა უპასუხა: „არა, სინამდვილეში არა“, თუმცა დასძინა, რომ, შესაძლოა, გადაიფიქროს.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა თეთრ სახლს აცნობა, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ საკმარისი მარაგი აქვს იმისთვის, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება შესაძლებელი იყოს.
არადა, გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტის - ზელენსკის თეთრ სახლში მიღების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ „ტომაჰავკების“ რიცხვი შეზღუდულია და ის თავად ამერიკის ინტერესებისთვის სჭირდებოდა, თუმცა ტრამპს იმ მომენტისთვის უკვე ჰქონდა პენტაგონის ცნობა, რომ „ტომაჰავკების“ საკმარისი მარაგი გააჩნდათ...
თავიდანვე ნათელი გახლდათ, რომ ტრამპის აფერა, სახელად „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის მიცემა“, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს სჭირდებოდა, რუს კოლეგაზე ერთგვარი ზეწოლის მოსახდენად, მაგრამ პუტინი ამან არ შეაშინა და პირიქით - გააღიზიანა ტრამპი, ბირთვულძრავიანი „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ გამოცდების გაჟღერებით, რასაც უკვე აშშ-ის პრეზიდენტისგან პასუხის პასუხი მოჰყვა - ამერიკა ბირთვულ გამოცდებს აღადგენსო...
პოლიტიკოსების გამონათქვამებიდან თუ დამუქრებებიდან ყველაფრის დაჯერება არ ღირს, რადგან ისინი თავის პოლიტიკურ თამაშებს ეწევიან და მერე რა, რომ ამ დროს ათასობით ადამიანი იღუპება?!
„ტომაჰავკების“ მიღებაზე ტრამპისგან „გადაგდებულ“ ზელენსკის ისღა დარჩენია, მადლობა გადაუხადოს გერმანიის კანცლერს - მერცს საზენიტო „პეტრიოტების“ მორიგი პარტიის (სავარაუდოდ, „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი) გადაცემაზე, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას ახლა ჰაერივით სჭირდება, რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად.
და თითქოს, სწორედ ზელენსკის განცხადებას ელოდნენ გერმანიიდან მორიგი „პეტრიოტების“ მიღებაზე, გასულ ღამეს რუსეთმა განსაკუთრებული საჰაერო ოპერაცია განახორციელა ხუთი ერთეული „კინჟალის“ გამოყენებით, რომლებიც დამიზნებული იყო უკრაინული ჟიტომირის აეროდრომზე.
„კინჟალის“ ტიპის კვაზიბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც საბრძოლო თვითმფრინავებიდან უშვებენ, ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რუსეთის გენშტაბისთვის და მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჟიტომირის ერთი პატარა აეროდრომის (რომელსაც სამხედრო დანიშნულება არც ჰქონია) მიმართულებით ოციოდე წუთის განმავლობაში ხუთი „კინჟალი“ იქნა გაშვებული, იმას უნდა მიუთითებდეს, რომ რუსულმა დაზვერვამ იქ რაღაც განსაკუთრებული მიზანი, შეიძლება, სწორედ ახლად გადაცემული „პეტრიოტებიც“ კი აღმოაჩინა და ამიტომაც განახორციელა ასეთი მიზანმიმართული საჰაერო დარტყმები.
რა შედეგი გამოიღო რუსული „კინჟალების“ ზალპმა, ამაზე უკრაინული მხარე, გასაგებია, არაფერს იტყვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის დაჯერება კი - არ ღირს, თუმცა თუკი დაიდება ამ შეტევის შემდეგ გადაღებული ფოტოვიდეო კადრები, მაშინ შეიძლება ითქვას, თუ რას მიაღწიეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი „კინჟალის“ - თითოეული 4,5 მლნ დოლარის ღირებულების - გამოყენებით...
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის „ორეშნიკი“ უკრაინელ დივერსანტებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ აუფეთქებიათ?