"თუ კაცს გვერდით კარგი ცოლი ჰყავს..." ანუ რუს ჯარისკაცებს ცოლებით სახელმწიფო უზრუნველყოფს - რისი ეშინია კრემლს?!
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 11 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „თუ კაცს გვერდით კარგი ცოლი ჰყავს... რუს ჯარისკაცებს ცოლებით სახელმწიფო უზრუნველყოფს // რისი ეშინია კრემლს?“ (ავტორი - ანტონია ლენგფორდი). პუბლიკაციაში განხილულია მწვავე სოციალური პრობლემა - უკრაინასთან ომში ნაომარი რუსი ჯარისკაცების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი რეაბილიტაცია.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რუსეთის ოფიციალური პირების წინადადებით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური საქორწინო სააგენტო, მარტოხელა ჯარისკაცების დასაოჯახებლად ანუ ცოლების საპოვნელად მათთვის, ვინც უკრაინის ომში მონაწილეობდა, შინ დაბრუნდა, ოჯახის შექმნა სურს, მაგრამ ცოლის მოყვანა უჭირს.
როგორც რუსული ორგანიზაციის „მამულისთვის მებრძოლთა ოჯახების კომიტეტის“ თავმჯდომარემ და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრმა იულია ბელეხოვამ განაცხადა, ჯარისკაცებს ფრონტის წინახაზიდან დაბრუნების შემდეგ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდებათ. „ბოლოს და ბოლოს, ვინ არის უპირველესი ფსიქოლოგი ფრონტიდან დაბრუნებული მამაკაცისათვის? - მისი ცოლი და ოჯახი“, - აღნიშნა მან „ურალელი პატრიოტების“ მიერ კვირას გამართულ ფორუმზე, ვოლონტერებთან (მოხალისეებთან) და აქტივისტებთან შეხვედრის დროს. „როცა მამაკაცის გვერდით მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლია, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს - რეაბილიტაციაც, რეინტეგრაციაც, სამსახურით უზრუნველყოფაც“, - ხაზი გაუსვა ცოლების მნიშვნელობას იულია ბელეხოვამ.
კრემლი შეშფოთებულია იმით, რომ ასობით ათასი დემობილიზებული ჯარისკაცისათვის ცუდად ორგანიზებულმა რეინტეგრაციის პროცესმა შეიძლება მასობრივი უწესრიგობების პროვოცირება მოახდინოს.
არტემ ჟოგამ, რომელიც ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელია, ურალის ფედერალურ ოკრუგში და იმავდროულად არის დონეცკის ოლქში ნაბრძოლი ოფიცერი, რუს კანონმდებლებს მოუწოდა, შეიმუშაონ ჯარისკაცთა დაოჯახების პროექტის რეალიზების უფრო დეტალური გეგმა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ „საოჯახო რეაბილიტაციის“ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან სიყვარული რთული და ფაქიზი საქმეა“.
ბოლო თვეებში რუსეთში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ე.წ. შავი ქვრივების საქმემ, რომლის თანახმად, რუსი ქალები მოტყუებით ცდილობდნენ რუს ჯარისკაცებთან დაქორწინებას, რათა მათი დაღუპვის შემდეგ საკმაოდ მაღალი ფულადი დახმარება მიეღოთ. ფულის რაოდენობა ოცჯერ აღემატება რუსეთში არსებულ საშუალო ხელფასს.
მაისში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა წინადადება წამოაყენეს, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის გადახდილი კომპენსაცია „პირად ქონებად“ გამოცხადდეს - ისეთად, რომელიც მეუღლესთან არ გაიყოფა, თუ მისი ქორწინება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ არის დარეგისტრირებული ანუ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.
ინიციატივის ავტორებმა განაცხადეს, რომ ეს კეთდებოდა გახშირებული შემთხვევების პასუხად, როცა ქალების ქორწინება ჯარისკაცებთან ხდებოდა არა ოჯახის შექმნის მოტივაციით და გრძელვადიანი ურთიერთობისათვის, არამედ - ანგარებითი მიზნებით, მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების ხელში ჩასაგდებად“.
თუ ქორწინების ასეთი სააგენტო ამოქმედდება, მაშინ ის იქნება სახელმწიფოს მცდელობა, როგორმე ერთმანეთს დაუკავშიროს დაქორწინება-გათხოვების ანუ ოჯახის შექმნის მსურველები. ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომის დაწყების გამო, დასავლურმა „გაცნობის სააგენტოებმა“ (Tinder, Bumble და Badoo) რუსული ბაზარი დატოვეს.
შეხვედრა-გაცნობის ახალი სააგენტოს - „სიყვარულისთვის“ დაფუძნება, რომელმაც მოგვიანებით სახელად „მართლმადიდებლური კერა“ მიიღო, პირველად ივლისში დაანონსდა მარია ლვოვა-ბელოვას მიერ, რომელიც რუსეთში ბავშვების უფლებების დამცველს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ეს პიროვნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის საყვარელი ქალები, რომლებსაც კრემლის ბინადარმა უპატრონა - ჟურნალისტური გამოძიება: „პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული“
დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ სააგენტოს შექმნის იდეა წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც დაიწყო დისკუსია, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ეკლესია ახალგაზრდებისათვის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაში. სწორედ მაშინ ვიტალი მილონოვმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, წინადადება წამოაყენა, შექმნილიყო გაცნობა-დაქორწინების რუსული საიტი, რომელიც „მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით იმოქმედებდა“.
სააგენტოს „სიყვარულისთვის“ (ანუ „მართლმადიდებლურ კერას“) თავის ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული ბროშურა, რომელიც განკუთვნილია მათ დასახმარებლად, ვინც ეძებს ტრადიციული ფასეულობების მქონე ერთგულ პარტნიორს ანუ ისეთ ცოლს, რომელიც „პატრიოტიზმის, მამულის სამსახურის, ისტორიული ხსოვნისა და რუსეთის ხალხების ერთიანობის იდეებით არის განმსჭვალული“.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემის - Verstka-ს ცნობით, ვებსაიტი, ძირითადად, განკუთვნილია იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ. საიტზე სექსუალური ქვეტექსტები აკრძალულია.
იმ ფონზე, როცა რუსეთში ომის გამო უკვე ასი ათასობით დაღუპული და დაჭრილ-დასახიჩრებულია და ამდენივე საზღვარგარეთ არის გაქცეული, ჯარში გაწვევას რომ თავი აარიდოს, კრემლმა გააძლიერა კამპანია დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსასვლელად და ამ მიზნით, სულ უფრო აფართოებს „ტრადიციული ფასეულობების“ პროპაგანდას.
დაბალი შობადობის წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური ზომების ჩარჩოებში რუსეთის მთავრობამ აკრძალა ე.წ. უკანონო ბავშვების პროპაგანდა და სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა სკოლის მოსწავლე გოგონებს, დაორსულების შემთხვევაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ