რა ხდება უკრაინის ფრონტზე: რუსებმა საგაზაფხულო შეტევა დაიწყეს?! - პუტინის არმიის მთავარი სამიზნე ციხე-ქალაქების სარტყელია
გაზაფხულზე რუსი ოკუპანტების შეტევები უკრაინაში ახალი ძალით განახლდა...
დადგა მორიგი, მეხუთე გაზაფხული რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში და რუსეთის საოკუპაციო ძალებმაც ახალი შეტევები წამოიწყეს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის გასაგრძელებლად...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ამინდის პირობების ცვლილების შემდეგ, რუსმა დამპყრობლებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები და მათ პრაქტიკულად მთელი 1 200-კილომეტრიანი შეხების ხაზის გასწვრივ ახორციელებენ.
თავის მხრივ, ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთს სურს დაიკავოს ეგრეთ წოდებული ციხე-ქალაქების სარტყელი, რომელიც მოიცავს დონეცკის ოლქში მდებარე კონსტანტინოვკას, დრუჟკოვკას, სლოვიანსკსა და კრამატორსკს.
ანალიტიკოსების აზრით, ეს ხაზი უკრაინის აღმოსავლეთით თავდაცვის მთავარ პლაცდარმს წარმოადგენს, კარგად გამაგრებულია და დიდი ალბათობით, რუსეთი 2026 წელს მთელი დონეცკის ოლქის სამხედრო გზით დაკავებას ვერ შეძლებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დონეცკის ოლქის ტერიტორიის 19% ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ბოლო 11 წლის განმავლობაში უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა ზემოხსენებულ ქალაქებსა და მათ გარშემო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. სამხედრო თვალსაზრისით, ციხესიმაგრეების ეს სარტყელი ოპტიმალურია თავდაცვისთვის თითქმის ყველა გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული მახასიათებლით. ბოლო წლების ბრძოლების გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ურბანული ტერიტორიების ხელში ჩაგდების მცდელობები მტერს საკმაოდ ძვირი უჯდება.
ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ ციხესიმაგრე ქალაქების სარტყელზე კონტროლის დაკარგვა უკრაინას ახალი გამაგრების ნაგებობების აშენებას მოუწევდა ხარკოვის სამხრეთით და დნეპროპეტროვსკის ოლქის აღმოსავლეთით, თუმცა ამ ტერიტორიის სპეციფიკა თავდაცვითი მოქმედებებისთვის ნაკლებად შესაფერისია.
თუ რუსეთი დონეცკის რეგიონის ძირითად ქალაქებზე კონტროლს მოიპოვებს, ის ამ სიტუაციით ისარგებლებს შემდგომი შეტევის განსავითარებლად.
ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ დაჟინებით მოითხოვს რუსეთი მოლაპარაკებებში, რომ უკრაინამ ბრძოლის გარეშე დათმოს კრიტიკული ტერიტორია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო გზით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას.
ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ 2025 წელს ოკუპანტებმა დღეში საშუალოდ 15 კვ. კმ დაიკავეს. 2026 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებლები შემცირდა - მტერი დღეში საშუალოდ 5.5 კვ. კმ-ით წინ მიიწევდა.
საგულისხმოა,რომ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) პროფესიონალი ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ასევე ძალიან აქტუალური იყო ერთი, ორი და სამი წლის წინაც, რაზეც ამ ბლოგში პერიოდულად ვწერდით, რადგან პუტინისთვის რაღაც ავადმყოფურ იდეა-ფიქსს წარმოადგენს უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე დაპყრობა-მას ამისთვის მისაღწევად ხელს უშლის ლუგანსკის ოლქში ჯერ კიდევ უკრაინელების დაცვის ქვეშ მყოფი ორიოდე სოფელი, ხოლო დონეცკის ოლქში კი საქმე ბევრად უარესადაა კრემლისთვის, რადგან კარგად გამაგრებული კრამატრორსკისა და სლოვიანსკის ადვილად დაპყრობა სახუმარო საქმე არ არის და რუსი ოკუპანტების ბევრ სისხლს დაღვრის...
ასევე დაგაინტერესებთ: "ფლოსტებიანი" ჰუსიტების შიშით ირანისკენ გაგზავნილი 90-თვითმფრინავიანი "ბუში" მთელ აფრიკას შემოუვლის
ირანის მიერ ისედაც გადაკეტილ ჰორმუზის სრუტეს ტრამპი სრულ საზღვაო ბლოკადას უცხადებს?!
ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?!
სამიზნეში ამოღებული დონეცკის ოლქის ამ ოთხ მსხვილ დასახლებულ პუნქტზე-კონსტანტინოვკაზე, დრუჟკოვკაზე, სლოვიანსკსა და კრამატორსკზე სახმელეთო შეტევების პარალელურად რუსეთის ავიაცია ახორციელებს მასიურ დაბომბვებს პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბების, მათ შორის 1 500 და 3 000 კგ კალიბრის ბომბების,გამოყენებით, რაც იწვევს ამ ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების დანგრევას და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქებში დარჩენილ მოსახლეობის ნაწილს თვეებია მოუწოდებს ევაკუირებას და ბავშვების იძულებითი ევაკუაციაც კი დაიწყო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რადგან მშობლების ნაწილი შეგნებულად არ ტოვებს მუდმივი დაბომბვების ქვეშ მყოფ ამ ქალაქებს-ზოგი ვერ ელევა მშობლიურ კერას, ზოგიც კი...ელოდება „რუსი განმათავისუფლებლების“ შესვლას მათ ქალაქებში, მანამდე კი მტრის არტილერიისა და ავიაციის ცეცხლის კორექტირებასაც კი შეიძლება ახდენს...
წელს რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილები ისევ კრამატორსკი-სლოვიანსკის მიმართულებზე დარჩება, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალები 1 200 კმ-იანი ფრონტის სხვა ადგილებშიც ეცდებიან საბრძოლო წარმატების მიღწევას...