ერდოღანის კავკასიური გეგმები: "თურქეთი მხარს უჭერს „შუა დერეფანს“ და მას ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად წარმოაჩენს" - Financial Times - კვირის პალიტრა

ერდოღანის კავკასიური გეგმები: "თურქეთი მხარს უჭერს „შუა დერეფანს“ და მას ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად წარმოაჩენს" - Financial Times

„თურქეთი მხარს უჭერს „შუა დერეფანს“ და მას ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად წარმოაჩენს“, - ასეთი სათაურითაა გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ჯონ პოლ რათბონი მსჯელობს კავკასია-თურქეთზე გამავალი სატრანსპორტო გზების ეფექტიანობასა და მათ შუქ-ჩრდილებზე. იმ დროს, როცა აშშ-ირანის ომის გამო ახლო აღმოსავლეთის მთავარი საზღვაო ენერგოდერეფანი - ჰორმუზის სრუტე არ მოქმედებს, ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სავარაუდო ალტერნატივას - „შუა დერეფნის“ სახმელეთო მარშრუტს და მისი ერთ-ერთი ელემენტის - „ტრამპის გზის“ მნიშვნელობას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთის სასაზღვრო პუნქტი ალიკანი, იგდირის პროვინციაში, საიდანაც სომხეთი მოჩანს, მშვიდი გზის ბოლოში მდებარეობს. მეცხვარეები თავიანთ ცხვრის ფარას მწვანე ველებზე მწყემსავენ, დროდადრო ტრაქტორი მტვერს აყენებს, რომელიც უქარო ამინდში ჰაერში დიდხანს დგას. სამხედრო ბუნკერებიც კი, მთელ ლანდშაფტზე გაბნეულები, გეგონებათ, რომ მზეზე თვლემენ.

დიახ, აქ, სასაზღვრო პუნქტში, იდილიური სიწყნარეა, მაგრამ თურქები იმედოვნებენ, რომ ეს მშვიდი ჩიხი მალე გლობალური ვაჭრობის საკვანძო ადგილად გადაიქცევა. რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ამონტაჟებენ სისტემებს, რომლებიც აუცილებელია პასპორტების გასაფორმებლად და შესამოწმებლად, თურქეთ-სომხეთის საზღვარზე, რომელიც 23 წლის განმავლობაში დახურულია. საზღვრის გახსნით გაიხსნება უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტიც, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებს.

პროექტს, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩარჩოებში, გრანდიოზული სახელწოდება აქვს - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.

გეოპოლიტიკური ფსონები ძალიან დიდია. თურქეთის მიერ სომხეთთან საზღვრის გახსნა ხელს უწყობს ანკარას, საკუთარი თავი საიმედო სავაჭრო ცენტრად წარმოაჩინოს და ტვირთები სხვა მარშრუტებიდან თავისკენ მიიზიდოს - უპირველეს ყოვლისა, ჰორმუზის სრუტიდან, რომელიც ირანთან ომის გამო ამჟამად ჩაკეტილია.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როდის გაიხსნება საზღვარი - თარიღი მუდმივად იცვლება“, - ამბობს ერთ-ერთი თურქი მესაზღვრე, - „მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ ეს მალე მოხდება“.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში თეირანმა პირველად წამოსწია საკითხი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ, ანკარამ გაააქტიურა თავისი ძალისხმევა სტაბილური ალტერნატიული სავაჭრო დერეფნის წარმოსაჩენად. ეს ტენდენცია ამჟამად გაძლიერდა, რადგან რუსეთ-უკრაინის და აშშ-ისრაელ-ირანის ომები იწვევენ ტრადიციული მარშრუტების დარღვევას - რუსეთის, ირანის, წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის გავლით.

„თურქეთი, ამ რეგიონული ომების ფონზე, გამოირჩევა როგორც სტაბილურობის კუნძული, როგორც მშვიდი ქვეყანა“, - განაცხადა გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, - „ჩვენ დავიწყეთ ბევრად უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მარშრუტების განხილვა, ელექტროენერგიის გადაცემის მიზნითაც... გულწრფელად გვჯერა, რომ ამ კრიზისების გამო, ჩვენი ქვეყნის კარი ბევრისთვის ფართოდ გაიღება“.

ექსპერტების აზრით, ეს პერსპექტივა დამაჯერებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც წინ ბევრი დაბრკოლება გაჩნდეს, რომლებიც თურქეთის გრანდიოზული ამბიციების რეალიზებას, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის.

ნატოს წევრი თურქეთი თავს არიდებს უშუალო მონაწილეობას როგორც რუსეთ-უკრაინის, ასევე - სპარსეთის ყურეში მიმდინარე აშშ-ირანის ომში. მისი ტერიტორია, ფაქტობრივად, უკვე იქცა სატრანზიტო ზონად: გასულ თვეში კომერციული ავიარეისები ევროპასა და აზიას შორის თურქეთზე გადამისამართდა, რადგანაც ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებული საჰაერო სივრცე ძალიან დავიწროვდა.

„ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 3 ტრილიონ დოლარს აღწევს. აქედან 90% საზღვაო გზით ხორციელდება“, - ამბობს ბინალი ილდირიმი, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სავაჭრო მარშრუტების ორგანიზებაში, თურქეთის გავლით, - „ამჟამად ყველაზე მოკლე [საზღვაო] მარშრუტის ხანგრძლივობა 40 დღეს აღწევს“.

დღეისათვის საზღვაო გზის ალტერნატივად წინა პლანზე გამოდის „შუა დერეფანი“ - სახმელეთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს, კავკასიისა და თურქეთის გავლით და რომელსაც ანკარა წარმოაჩენს: „ტვირთების მოძრაობას ამ მარშრუტით მხოლოდ 12-დან 15 დღემდე ხანგრძლივობა ექნება“, - ამბობს ექსპრემიერი, - „მათი ამჟამინდელი ნაკადი დიდი არ არის, მაგრამ წინ დიდი პოტენციალი მოჩანს“.

ევროპელი ჩინოვნიკები, როგორც ჩანს, „შუა დერეფნით“ დაინტერესდნენ. ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა თურქეთს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და „შუა დერეფნის“ გაფართოების თურქული პროექტი „თამაშის წესების კარდინალურ ცვლილებად და გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა.

„ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება აუცილებლობად იქცა“, - განაცხადა აბდულყადირ ურალოღლუმ, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა თებერვალში - ირანზე აშშ-ისრაელის ავიადარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ანკარის ყურადღების ცენტრშია ორი პროექტი:

პირველი - „განვითარების გზა“ ანუ საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების ქსელი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს, თურქეთის გავლით, ევროპასთან დააკავშირებს, ჰორმუზის სრუტისა და სუეცის არხის გვერდის ავლით. ეს მარშრუტი შემუშავების პროცესშია, თუმცა მას ორი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ითხოვს და არასტაბილურ ერაყზე გადის. „რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ამ მარშრუტს საუდის არაბეთზე, იორდანიაზე, სირიასა და თურქეთზე გაევლო“, - ამბობს ერთ-ერთი ეკონომისტი, ტრანსპორტის საკითხებში, - „დღეს მისი რეალიზება არცთუ საიმედოა, მაგრამ შესაძლოა, 10 წლის შემდეგ განხორციელდეს“.

მეორე - „შუა დერეფნის“ გაფართოების გეგმა, რომელიც უფრო პერსპექტიულია და რომლის ცენტრალურ ელემენტად ითვლება „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (აბრევიატურა TRIPP - Trump Route for International Peace and Prosperity). ეს გზა მოიცავს საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლას თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, სომხეთის გავლით, აშშ-ის მიერ ფინანსდება და საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად არსებული მარშრუტის გამტარუნარიანობას აფართოებს.

„ტრამპის გზა“ [2025 წლის აგვისტოში] თეთრ სახლში დიდი ზარ-ზეიმით იქნა წარდგენილი, აზერბაიჯან-სომხეთის წინასწარ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან ერთად. TRIPP-ის პროექტი ხელს შეუწყობს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას, მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ. თურქეთმა მიანიშნა, რომ როგორც კი საბოლოოდ იქნება ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, ანკარა ისევ გახსნის თავის საზღვრებს და დაიწყებს კონკრეტულ ძალისხმევას TRIPP-ის პროექტის რეალიზებაზე. „ეს ჩემთვის დიდ და ღირსეულ საქმეს წარმოადგენს“, - აღნიშნა იმ დროს დონალდ ტრამპმა.

აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების თქმით, თურქული სამშენებლო კომპანიები, როგორიც Kalyon-ია (მისი ოფისი ანკარასთან ახლოს მდებარეობს, აქვს დიდი გამოცდილება ფლაგმანური პროექტების რეალიზებაში, მაგალითად, სტამბოლის აეროპორტის მშენებლობაში), უკვე შეუდგნენ მუშაობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აფართოებენ და წესრიგში მოჰყავთ რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მოქმედებდა.

ბინალი ილდირიმის თქმით, პროექტის წარმატებით რეალიზების შემდეგ სავაჭრო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა „შუა დერეფნის“ გავლით, რომელიც 2021-2025 წლებში გასამმაგდა, სამომავლოდ 5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონას მიაღწევს. მაგრამ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამ მარშრუტზეც არის გარკვეული დაბრკოლებები. მაგალითად, ტვირთბრუნვა ძალიან არის დამოკიდებული კასპიის ზღვაზე მოქმედი ბორანის დაყოვნებულ მოძრაობაზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უთანაბრობაზე (თურქეთისა და კავკასიის რკინიგზებზე რელსებს შორის სხვადასხვა სიგანეა), რთულ საბაჟო პროცედურებზე, სხვადასხვა ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დროს. ეს ყველაფერი ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს აბრკოლებს, ჩრდილოეთის - რუსეთზე გამავალ პირდაპირ და უპრობლემო მარშრუტთან შედარებით, რომელიც წელიწადში ჩინეთსა და ევროპას შორის 40 მილიონამდე ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს.

„შუა დერეფანი“ ისეთი მარშრუტია, რომელიც ყველას სჭირდება, თუმცა მისით ნაკლებად სარგებლობენ“, - ასეა შეფასებული ეს გზა საინვესტიციო ბანკის JPMorgan-ის ამასწინანდელ ანგარიშში.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ „ტრამპის გზასაც“ (TRIPP) თავისი პრობლემები აქვს - მოწყვლადია შეტევების შემთხვევაში, რადგან ირანის საზღვრის გასწვრივ მიემართება. TRIPP-ის გამო, რუსეთიც შეშფოთებულია, რომელიც, ტრადიციულად, კავკასიაში დომინირებს. მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერთან - ნიკოლ ფაშინიანთან მოსკოვში შეხვედრის დროს გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეუძლია, სომხეთს რუსული გაზის მიწოდება შეუმციროს, თუ ერევანი ევროპისაკენ თავისი სავაჭრო ტვირთების ნაკადს გადაამისამართებს [ანუ პრიორიტეტს „შუა დერეფანს“ მიანიჭებს].

„TRIPP-ის პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ის ერთ-ერთია ტრანსპორტირების რამდენიმე ვარიანტს შორის“, - ამბობს იმ კომპანიის ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც პროექტის რეალიზებას კონსულტაციას უწევს. „პროექტის წამოწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩაბმული. მარშრუტი ირანის ტერიტორიასთან ძალიან ახლოს გადის, რაც კიდევ ერთ რისკად ითვლება. გარდა ამისა, ისიც სარისკოა, რომ მისი დაფინანსება და პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ზეა დამოკიდებული“.

თურქეთის გეოგრაფია, რომელიც, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, „ქვეყანას გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს“, პრაქტიკულად, მისთვის ლოჯისტიკური ცენტრის როლის შესრულების გარანტორს წარმოადგენს - ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ბოსფორის სრუტის გავლით უკვე გადაიზიდება 3,5 მილიონი ბარელი ნავთობი წელიწადში, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომლის სიგრძე 1700 კილომეტრს აღწევს, ევროპისათვის დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე „შავი ოქრო“ გადაიქაჩება.

ასევე დაგაინტერესებთ: სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ: „ირანელებს უფრო ნაკლები ყოყმანი დასჭირდებათ ომის განახლებისათვის, ვიდრე - ამერიკელებს" - განახლდება თუ არა ესკალაცია?!

"მე ის ჯორჯა აღარ ვარ..." - რატომ გადარია ტრამპი იტალიის პრემიერმა და რა შუაშია რომის პაპი?!

"მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს..." - ვის ედრება ტრამპი ანუ "დიდი დონალდის" ახალი სკანდალი

ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!

მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, ერაყის ხელისუფლება მოელაპარაკა თავის შემადგენლობაში არსებული ავტონომიური ქურთისტანის ლიდერებს კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნაზე, რომლის გამტარუნარიანობა დღეღამეში 250 ათას ბარელ ნავთობს აღწევს. თავის მხრივ, „ტრამპის გზას“ შეუძლია, ტრანსკასპიური მილსადენის „მძინარე პროექტი“ გამოაღვიძოს, რომლის მეშვეობით, ცენტრალური აზიიდან, თურქეთის გავლით, ევროპას შეიძლება 1 ტრილიონი კუბმეტრი ბუნებრივი გაზი მიეწოდოს.

მაგრამ იმავდროულად ვაჭრობის სფეროს ჩინოვნიკები და ეკონომისტები გვაფრთხილებენ: იდეა იმისა, რომ თურქეთზე გამავალი სახმელეთო მარშრუტები შეიძლება სპარსეთის ყურის საზღვაო გზის (და რუსეთის დერეფნის) ალტერნატივა გახდეს, განუხორციელებელ ოცნებას წარმოადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ტრამპის გზას“, როგორც უკვე ითქვა, მისი მომავალი განპირობებულია არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მომენტებით, არამედ - პოლიტიკითაც. წარსულში იყო ფაქტები, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა კავკასიაში თავისი პროექტი „ტრამპ თაუერი“ განახორციელა, მაგრამ რადგანაც სკანდალები მოხდა და კორუფციის ფაქტები გამოვლინდა, აგრეთვე, კავშირები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგებთან“, ტრამპის კომპანია პროექტიდან გავიდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო