ჯაშუშური სკანდალები და 8 არჩევნები 5 წელში - ბულგარეთში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?! - კვირის პალიტრა

ჯაშუშური სკანდალები და 8 არჩევნები 5 წელში - ბულგარეთში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?!

სახელმწიფო მართვის საპარლამენტო მოდელს და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას ერთი თავისებურება გააჩნია: ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხანგრძლივ სოციალურ-ეკონომიკურ არასტაბილურობას ხშირად, ასევე, ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება ხოლმე.

ამ მხრივ ევროპაში აქამდე „ჩემპიონი“ იტალია იყო, თუმცა ახლა ბულგარეთი „დაწინაურდა“, სადაც გასულ კვირას მორიგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა - მერვე არჩევნები უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე. „სოციალისტური“ სისტემის დამარცხების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ბულგარეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ქვეყანა გახლდათ: სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მუდმივი პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირება ახლდა თან. ჩემი აზრით ამ პროცესების მნიშვნელოვანი მიზეზი ისიც იყო, რომ ეს ლამაზი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა ბოლომდე ვერ გათავისუფლდა საბჭოთა/რუსული სპეცსამსახურების მარწუხებისგან.

ბულგარეთის პოლიტიკური ელიტისა და ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომელიც ადრე თანამშრომლობდა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან (Държавна сигурност), 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან რუსეთის სპეცსამსახურების შანტაჟისა და გადაბირების ობიექტი აღმოჩნდა. ლუსტრაცია ბულგარეთში განხორციელდა ეტაპობრივად და ნაწილობრივ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (უპირველესად ჩეხეთისა და პოლონეთის) უფრო მკაცრი და ეფექტიანი მოდელებისგან.

ბულგარეთში ყოფილმა კომუნისტმა ფუნქციონერებმა საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნეს გავლენა, ამავე დროს, უშიშროების არქივებზე წვდომა წლების მანძილზე იყო შეზღუდული. ბულგარეთში ლუსტრაციის პროცესზე დისკუსიები 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და იქ მხოლოდ 2006 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა: საჯარო პირების შემოწმებას; უშიშროების არქივების გახსნასა და ყოფილი აგენტების გამოვლენას. ლუსტრაციის კანონის მიღება წინ უსწრებდა 2007 წლის 1 იანვარს ბულგარეთის ევროკავშირის წევრად გახდომას. ამ რთულ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კომუნისტური პერიოდის საიდუმლო არქივების გახსნა და ლუსტრაციის კანონის მიღება იყო. 2006 წლის ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება 1944 წლის სექტემბერ-1991 წლის ივლისის პერიოდის ყველა არქივის განსაიდუმლოების შესახებ.

სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის ნოემბრის ბოლოს კი ბულგარეთის დაზვერვის სამსახურის ცენტრალური არქივის დირექტორი, 61 წლის ბოჟიდარ დოიჩევი მოკლული აღმოაჩინეს სამუშაო კაბინეტში. დოიჩევი დიდი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ბულგარეთის უშიშროების ორგანოებში, 1990 წლიდან კი ცენტრალური არქივის დირექტორად დაინიშნა. ამ შემთხვევამ სერიოზული ეჭვი დაჰბადა არქივების ობიექტურობაში, რადგანაც მასმედიის ინფორმაციით, არქივების გახსნის მოწინააღმდეგენი ბულგარეთის პირველი პირები ყოფილან. ამიტომ არ გამორიცხავდნენ, რომ დოიჩევს შანტაჟის გზით აიძულებდნენ არქივების ყველაზე მნიშვნელოვანი კარტოთეკების განადგურებას.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუსტრაციის პროცესს უამრავი “წყალქვეშა რიფი” ახლავს თან, რომელიც წინდაწინ უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ლუსტრაციის პროცესში ყველაზე დიდი “განძი” და, იმავდროულად, ყველაზე დიდი პრობლემა (უტყუარობის თვალსაზრისით) სპეცსამსახურების არქივებია ანუ: აგენტების ოპერატიული აღრიცხვის საქმეები; მოქმედი სპეცკონტინგენტის სია (ფსევდონიმების მითითებით), ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედი აგენტურის სია და მათთან კავშირის ხერხები, საარქივო ოპერატიული აღრიცხვის საქმეების ოპერატიულ-საცნობარო კარტოთეკა, კოდირებული ფარული ლეგენდების გასაღებები, საფარი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგენტების პირადი და სამუშაო საქმეები და ა.შ.

picture1-1776750525.jpg

ფოტო: რუმენ რადევმა ერთი არჩევნები მოიგო, თუმცა წინ კიდევ ერთი არჩევანი ელის

2007 წლის თებერვლის დასაწყისში ბულგარეთის პარლამენტმა ოთხი პარლამენტარი “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” წევრად აირჩია. ამ ფაქტში ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მაშინ ბულგარეთის დაზვერვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა ათანას ათანასოვმა ეს “ასამბლეა” ბულგარეთის ეროვნული უშიშროებისთვის უდიდეს საფრთხედ დაასახელა და განაცხადა: “ასამბლეა” რუსეთის ინტერესებს ატარებს და ამ გზით რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპულ ქვეყნებზეო. მან რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლირებად ორგანიზაციად მოიხსენია, ასევე, “ სლავი ხალხის ერთობის ფონდი”, რომელიც რუსეთის დიდი მონდომებით შეიქმნა. ათანასოვის განცხადებით, დაზვერვისთვის ცნობილი ყოფილა “გავლენის აგენტების” გვარებიც.

ბულგარეთში, ისევე, როგორც სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და რესპუბლიკებში, ობიექტური ლუსტრაციის პროცესის წარუმატებლობით ყველაზე მეტად რუსეთის ხელისუფლებაა დაინტერესებული. ვინმემ არაობიექტურობაში რომ არ დამადანაშაულოს (რატომღაც ბოლო დროს ჩვენთან მოუმრავლდნენ "ფანები" პუტინს), ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის სიტყვებს გავიმეორებ, რომელმაც 2021 წლის 21 მარტს რუსეთის ხელისუფლებას ასე მიმართა: თუ მეგობრობა გინდათ, ნუ ჯაშუშობთ ჩვენს წინააღმდეგო!

picture2-1776750563.jpg

ფოტო: ბოიკო ბორისოვი

საქმე ისაა, რომ ამ განცხადებამდე სამიოდე დღით ადრე ბულგარეთის ეროვნული უშიშროების სააგენტომ, რუსეთის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით, რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ბულგარეთის მოქალაქენი იყვნენ და თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდა. 2020 წლის დეკემბერში ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა რუსეთის სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ვასილი საზონოვიჩი. გაირკვა, რომ ის 2017 წლიდან აგროვებდა საიდუმლო ცნობებს ბულგარეთის სამხედრო ძალებისა და ნატოს, კერძოდ, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობისა და ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციის შესახებ. საზონოვიჩი, ასევე, ცდილობდა ბულგარეთის მოქალაქეების გადაბირებას. იგი მეექვსე რუსი "დიპლომატი" გახლდათ, რომელსაც 2019 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთის დატოვება მოუხდა.

ბულგარეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (გე-ერ-უ) ერთად ძალზე აქტიურობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიც (ეს-ვე-ერი), რომლის ოფიცრებიც, როგორც წესი, რუსეთის დიპლომატიური მისიების პოლიტიკურ წარმომადგენლობებში არიან ხოლმე თავშეფარებული. ბულგარელებმა აქაც იყოჩაღეს და 2019 წლის ოქტომბერში გამოავლინეს რუსი ჯაშუში, რომელიც საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობით ინიღბებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მასთან იყო კავშირზე ბულგარეთის მოქალაქე, "ბულგარეთის ნაციონალური მოძრაობა რუსოფილების" თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტის წევრი - ნიკოლაი მალინოვი. 2019 წლის სექტემბერში ბულგარეთის პროკურატურამ ნ. მალინოვის კაბინეტის ჩხრეკისას აღმოაჩინა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რუსულ ენაზე, სადაც მოცემული იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბულგარეთის პროდასავლური გეოპოლიტიკური კურსი. კერძოდ კი, აღნიშნული იყო ახალი ინტერნეტსაიტების, ტელევიზიისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობა, რათა ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ რუსეთი. ამისთვის ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო საერთო სლავურ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე. რაც ყველაზე მთავარია, ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს "რუსოფილების" დაფინანსების ძირითადი წყაროები და კვალს კვლავ კრემლისკენ მივყავართ. ძალზე ნაცნობი სურათია, ხომ?

picture3-1776750608.jpg

ფოტო: ვლადიმერ პუტინი და ნიკოლაი მალინოვი, მოსკოვი, 2019 წელი.

ბოლო წლებში ბულგარეთში რუსი აგენტების გამოვლენამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რასაც, როგორც წესი, ქვეყნიდან „სამხრეებიანი დიპლომატების“ გაძევება მოჰყვებოდა ხოლმე. 2022 წლის დასაწყისიდან ბულგარეთმა რამდენჯერმე გააძევა რუსეთის საელჩოს თანამშრომლები. პირველი შემთხვევა 2 მარტს მოხდა, როდესაც ორი რუსი „დიპლომატი“ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობისთვის. 18 მარტს ბულგარეთმა კიდევ ათი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1 აპრილს - რუსეთის საელჩოს პირველ მდივანს ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით (ჯაშუშობა) ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მაშინ პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთში რუსეთის ელჩმა არა ერთხელ მიიღო გაფრთხილება, თუმცა ელეონორა მიტროფანოვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან ასაცილებლად არ გააძევეს ბულგარეთიდან.

picture4-1776750648.jpg

ფოტო: ელეონორა მიტროფანოვა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევების გაძლიერების შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომლის, მათ შორის - დიპლომატებისა და ტექნიკური პერსონალის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე დროს ბულგარეთის სამართალდამცავი ორგანოები რეგულარულად ავლენდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ ბულგარეთის მოქალაქეებს.

2021 წლის 19 ნოემბერს ბულგარეთის პროკურატურამ ბულგარელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო მარალჩინოსნები რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობაში დაადანაშაულა.

მაშინ ბულგარეთის ექვს მოქალაქეს წაუყენეს ბრალი აგენტურული ჯგუფის შექმნაში, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

2023 წლის სექტემბერში ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში მდებარე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდიტრი ვასიანი და ორი სასულიერო პირი ქვეყნიდან გააძევა, რადგანაც ისინი ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.

2024 წლის თებერვალში ბულგარეთის კონტრდაზვერვამ დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო რუსი დიპლომატისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ: "შოკის ეფექტი" და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - რატომ წააგო სინამდვილეში ვიქტორ ორბანმა?!

პუტინის შოკი და ტრამპის მარცხი - უნგრული სენსაციის ეფექტი

საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს - 5 მაღალჩინოსანი, რომელიც სასჯელს გადაურჩა

საქართველო "შორეული" მტრები ანუ რას ერჩიან ჩვენს ქვეყანას ზიმბაბვე, სუდანი, ეკვატორული გვინეა და მალი?!

ახლა კი ბულგარეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დავუბრუნდეთ. „პროგრესული ბულგარეთის“ კოალიციამ, რომელსაც ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი ხელმძღვანელობს, ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი შეფასებით, ის პარლამენტში ადგილების აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს.

ხმების დათვლის შემდეგ „პროგრესულმა ბულგარეთმა“ ხმათა 44.7% და ეროვნულ ასამბლეაში 240 ადგილიდან, დაახლოებით, 130 მიიღო; ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ბოიკო ბორისოვის ცენტრისტული-პოპულისტური GERB-SDS კოალიცია მეორე ადგილზეა 13.4%-ით; „განაგრძე ცვლილებები“ პარტიისა და „დემოკრატიული ბულგარეთის“ კოალიციის ბლოკი ( ლიდერები კირილ პეტკოვი და ასენ ვასილევი) მესამე ადგილზეა 12.6%-ით.

ზემოაღნიშნული სამი პოლიტიკური გაერთიანების გარდა, პარლამენტში კიდევ ორი ​​პოლიტიკური ჯგუფი შედის, რომლებმაც 4%-იანი ბარიერი გადალახეს. თურქული უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენენ „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოძრაობა“, რომელსაც ამჟამად ხმების 6.76% აქვს, ხოლო ულტრანაციონალისტურ „აღორძინების პარტიას“ - 4.3%. „აღორძინების“ ლიდერმა კოსტადინ კოსტადინოვმა არა ერთხელ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს რუმენ რადევს ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტი გარანტირებული აქვს და მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაც შეუძლია, თუმცა რადევმა არ გამორიცხა კოალიციის შექმნაც. აი, სწორედ აქ გამოჩნდება რუმენ რადევის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი ვექტორი: თუ ის კოალიციას „განაგრძე ცვლილებები“ პარტიისა და „დემოკრატიული ბულგარეთის“ ბლოკთან შექმნის, ეს იქნება ნიშანი, რომ ბულგარეთი ევროპულ ორბიტაზე დარჩება.

თუ რუმენ რადევი სამთავრობო კოალიციას „აღორძინების პარტიასთან“ ერთად შექმნის, მაშინ ბულგარეთი კვლავ პუტინის „მეგობრულ მარწუხებში“ დაბრუნდება და უნგრეთის მაგივრად ანტიევროპული შეტევების პლაცდარმად იქცევა. ასე რომ, რუმენ რადევმა ერთი არჩევნები მოიგო, თუმცა წინ კიდევ ერთი არჩევანი ელის.