თბილისი: ჯაშუშთა ქალაქი?! - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები ებრძვიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე?!"
უკანასკნელი დღეებია საქართველოში განსჯა/საუბრის თემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იქ მიმდინარე პროცესებია. ეს კარგია თუ ცუდი? კარგია იმ თვალსაზრისით, რომ სუსიც ის სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ და უნდა გვქონდეს სარწმუნო ინფორმაცია, რამდენად შედეგიანად და ეფექტიანად იხარჯება, უკანასკნელ წლებში სუსის სულ უფრო და უფრო მზარდი ბიუჯეტი. სუსიც საჯარო (!!!) სამსახურია, თუმცა - სპეციალური. ამიტომ მისი საქმიანობის შესახებ იმ მოცულობის ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები არ დაზიანდეს.
ცუდი კი ის გარემოებაა, რომლის გამოც იქცა სუსი განხილვებისა და ჭორ-მართლის მთავარ თემად. 21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ძირითადი სპეცსამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს, შსს-ს მოქმედი მინისტრი გეკა გელაძე ჩაანაცვლებს. 2025 წლის 4 აპრილიდან ეს უკვე მესამე (!!!) ცვლილება იქნება: 2025 წლის 4 აპრილს ანრი ოხანაშვილმა გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა, ოთხი თვის შემდეგ, 2025 წლის 3 სექტემბერს ოხანაშვილი მდინარაძემ ჩაანაცვლა, რვა თვის შემდეგ კი მდინარაძეს გელაძე შეცვლის. ვერ ვიტყვი რეკორდიაო, იმიტომ რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უარესი ხდებოდა. თუმცა რაღა მაინც და მაინც ცუდი უნდა გავიმეოროთ? ამგვარ საკადრო ციებ-ცხელებას ვისთვის მოუტანია დადებით შედეგი?
ნამდვილად არ ვიცი, ეს შემთხვევითობაა თუ რაიმე ობიექტური საფუძველი გააჩნია, დამთხვევა თუ კანონზომიერება გამოიკვეთა, მაგრამ ფაქტია: ლილუაშვილ-ოხანაშვილ-მდინარაძის ტრიო მას შემდეგ შეიცვალა... რაც მათ პარლამენტში სუსის მუშაობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს. ბოლოს ეს 2026 წლის 15 აპრილს მოხდა, ექვსი დღის შემდეგ კი სუსის უფროსი კვლავ შეიცვალა. ამ მხრივ რეკორდსმენი ლილუაშვილი იყო: ის ექვსი წელი ხელმძღვანელობდა სუსს და 5 ანგარიში აქვს პარლამენტში წარდგენილი. თუმცა დღეს სადაცაა და რა ბრალდებებზე უწევს პასუხის გაცემა, კარგად იცით.
სუსის ანგარიშების სტრუქტურა არ შეცვლილა: ოკუპირებული ტერიტორიები; კონტრდაზვერვითი საქმიანობა; ტერორიზმთან ბრძოლა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ანალიტიკური საქმიანობა; პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; სამართლებრივი ბაზა და სასამართლოებთან ურთიერთობა; ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა. დღეს, ჩემი აზრით, სამ უმთავრეს საკითხზე ვისაუბრებთ: ოკუპირებული ტერიტორიები; კონტრდაზვერვითი საქმიანობა და ტერორიზმთან ბრძოლა.

სუსის ყველა ანგარიშში სამართლიანადაა ხაზგასმული, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და იქ განთავსებული უცხო ქვეყნის სამხედრო ძალაა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი, თანამედროვე ტიპის მძიმე შეიარაღება, მათ შორის, შეტევითი სამხედრო ტექნიკის არსებობა, საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, სუსის ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სუსის ანგარიშებში რუსეთის აგრესიისთვის რეალური სახელის დარქმევა წლიდან წლამდე სუსტდებოდა და რბილდებოდა. თავად განსაჯეთ: 2022 წლის ანგარიშში ეს აგრესია ამგვარადაა ნახსენები: „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი“; 2023 წლის ანგარიშში: „რუსეთ-უკრაინის ომი“; 2024 წლის ანგარიშში: „უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები“ და „რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი“, ხოლო 2025 წლის ანგარიშში: „რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი“. ტერმინი „სამხედრო კონფლიქტი“ ისე აღიქმება, თითქოსდა, ორივე მხარეა თანაბრად პასუხისმგებელი იმ საზარელ დანაშაულში, რასაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტი რუსეთი სჩადის. თუ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაფართოებას რუსეთი ამჟამად „მცოცავი ანექსიით“ და „ბორდერიზაციით“ ახორციელებს, უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას ის ფართომასშტაბიანი ომით ცდილობს. ასე რომ, რუსეთი საქართველოშიც ოკუპანტია და უკრაინაშიც, აქაც აგრესორ/დამყრობელია და - იქაც!
სუსის ერთ-ერთი მთავარი (თუ უმთავრესი არა) ფუნქცია უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხო კონტრდაზვერვითი ოპერაციების განხორციელებაა. ყველა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გამუდმებით ცდილობენ, ლეგალური თუ არალეგალური მეთოდებით, მოიპოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, საქართველოზე პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების, ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენის, სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციის მიზნით. ძველ (მაგ. 2015 და 2016 წლების) ანგარიშებში აღნიშნული იყო, რომ სუსის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და სახელისუფლებო წრეების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან დაცვას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ყოველგვარი ზეწოლისა და მანიპულაციის გარეშე მიღების მიზნით. შემდგომ, რატომღაც ეს ფორმულირება უკვე აღარ გვხვდება, ვითომ ეს საფრთხე უკვე აღარ არსებობს?
რამდენად ეფექტიანია სუსის მოქმედებები ამ მიმართულებით? სამწუხაროდ, დასკვნის გამოტანისთვის რაიმე, თუნდაც ზოგადი ფაქტები სუსის ანგარიშში არ სახელდება.
ჭეშმარიტებაა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები - არსებობენ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაა, იმუშაონ ოპონენტად და, ასევე, მეგობარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენს მეგობრებსაც ასევე აინტერესებთ ჩვენთან მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები - თუ როგორ ვითარდება, როგორია რეალურ ძალთა განლაგება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ფოტო: ასე წარმოუდგენია ChatGPT-ის ჯაშუშები თბილისში
ამიტომ რა გასკვირია, რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ, როგორც კეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები), ასევე - არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურები). ორივე ჯგუფი აგროვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკოლოგიურ და ა.შ. ინფორმაციას, აანალიზებს მას და საკუთარ ხელმძღვანელობას აწვდის მოვლენათა შესაძლო განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზს. გარდა ამისა, ახორციელებს ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებსაც. ამ ჯგუფებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველნი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედებენ, ხოლო მეორენი - საწინააღმდეგოდ.
ჩვენი ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის “მახვილი თვალი” კვლავ აკონტროლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი და, სამწუხაროდ - ძირითადად არაპროგნოზირებადია. სუსის ყველა ანგარიშში მეორდება ფრაზა, რომ: საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული

თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს “ჭადრაკის დაფაზე” დღითი დღე იზრდება, ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ტერორისტული ორგანიზაციების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის “თბილისი ჯაშუშთა ქალაქია”, სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მათი სპეცსამსახურების ინტენსიურ საქმიანობაში გამოიხატება, რაც ხშირად საზოგადოებისათვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელ ოპერატიულ დაპირისპირებაში მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ: ჯაშუშური სკანდალები და 8 არჩევნები 5 წელში - ბულგარეთში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?!
"შოკის ეფექტი" და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - რატომ წააგო სინამდვილეში ვიქტორ ორბანმა?!
საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს - 5 მაღალჩინოსანი, რომელიც სასჯელს გადაურჩა
2026 წლის 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტული შეტევები განხორციელდა. ირანი ცდილობს, როგორც საკუთარი სპეცსამსახურების, ასევე, „პროქსი ძალების“ საშუალებით „დისტანციური ომის“ საზღვრები გააფართოოს და მათი პირველი სამიზნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელთა თემი, მათი სკოლები და სინაგოგები, ასევე, აშშ-ისა და ისრაელის საელჩოები და ორგანიზაციები გახდა. ამ ცოტა ხნის წინ ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ - ისრაელის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ოფიციალური ინფორმაცია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერაქტების გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ. ირკვევა, რომ ტერორისტების ერთ-ერთი სამიზნე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) ნავთობსადენი, მათ შორის - შესაძლოა, საქართველოს მონაკვეთიც იყო.
ასევე გავიხსენოთ ამ ოთხი წლის წინათ მომხდარი ფაქტი, როდესაც 2022 წლის 15 ნოემბერს, დილით, ისრაელის გაზეთებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს: თბილისში იგეგმებოდა საქართველოში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე ებრაელ ბიზნესმენზე თავდასხმა და ამ ტერორისტული გეგმის უკან ირანი დგასო. იმავე საღამოს ისრაელის მოქალაქის მკვლელობის გეგმების აღკვეთის შესახებ სუსმა შემდეგი განაცხადა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულნი არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის, დადგენილნი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიო.
ასე რომ, სავსებით რეალურია ისრაელი-აშშ-ისა და ირანის დაპირისპირებამ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, სადაც მას ფარული ბრძოლის - ტერორისტული აქტების ფორმა ექნება. სამწუხაროდ, თუ საერთაშორისო ტერორიზმის „პანდორას ყუთი“ გაიხსნა, მას უკვე ვერაფერი შეაკავებს და დაპირისპირებული მხარეების გარდა, ამ პროცესში, პირდაპირ თუ ირიბად, სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩართულნი და მათი მოქალაქეებიც დაზარალდებიან.
(პირველი ნაწილის დასასრული)