"გაზაფხული თეირანში - 2026: ხალხს ფული არ ჰყოფნის, ფასები მატულობს, ომის განახლების საფრთხე რჩება, მაგრამ ოპტიმიზმიც შეიმჩნევა" - რეპორტაჟი ირანის დედაქალაქიდან (BBC)
„გაზაფხული თეირანში - 2026: ხალხს ფული არ ჰყოფნის, ფასები მატულობს, ომის განახლების საფრთხე რჩება, მაგრამ ოპტიმიზმიც შეიმჩნევა. რეპორტაჟი ირანის დედაქალაქიდან“, - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე, რომლის ავტორია ლიზ დიუსეტი, ტელეარხის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი. BBC-ის გადამღები ჯგუფი რამდენიმე დღის წინათ თეირანში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ირანელთა განწყობებს - მათ წუხილს და დარდებს, ოპტიმიზმს და იმედებს...
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გაზაფხულის მზიან დღეს თეირანში სანაი გაზნავის ქუჩა, სადაც უამრავი ნივთი და პროდუქტი იყიდება და სადაც სწრაფი კვების რესტორან-კაფეებიც არის განლაგებული, თითქოსდა, ჩვეულებრივად გამოიყურება.
ამ ქუჩის მცხოვრებლები და აქ მოსიარულეები ქვეყანაში, რომლის სიმტკიცე დიდი ხანია, კრიზისებით მოწმდება, ერთგვარ ლაკმუსს წარმოადგენს მოსახლეობისას, რომელიც ცდილობს, ყოველი დღე როგორმე გადაიტანოს - გაჭირვებით და დიდი ძალისხმევით, იმიტომ, რომ მათი მომავალი, სამწუხაროდ, მათზე არ არის დამოკიდებული.
27 წლის მოჰამადისთვის, რომელსაც სპორტული მაისური და ჯინსები აცვია, ისიც კი იმედია, რომ ყოველდღიურად თავისი საოჯახო ფეხსაცმელების მაღაზიის დარაბებს აღებს. პატარა მაღაზიის თაროები, იატაკიდან ჭერამდე, სპორტული ფეხსაცმელებით არის სავსე. „ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა - იმიტომ, რომ საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაქვს“, - ამბობს იგი, - „ძალიან ბევრმა სამუშაო დაკარგა და ახლა უმუშევრები არიან. სამწუხაროდ, ხალხს ფული აღარ აქვს“.
თუმცა ვერც მოჰამადის მაღაზია დაიკვეხნის მყიდველების რაოდენობით.
„ეჰ, ადრე ბევრი მყიდველი გვყავდა...“, - სინანულითა და სევდიანად ამბობს მისი მამა - მუსტაფა, რომელიც იმავდროულად ამაყად გვიხსნის, რომ 40 წელია, ოჯახი ფეხსაცმელების ბიზნესით არის დაკავებული.
ამას წინათ ერთ-ერთმა ირანულმა ვებსაიტმა - Asr-e Iran-მა არაოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, აშშ-ისრაელთან ომის შედეგებით და მთავრობის მიერ ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვით, სავარაუდოდ, ქვეყანაში თითქმის ოთხ მილიონამდე სამუშაო ადგილი გაქრა.
მოჰამადის საოჯახო მაღაზიის თაროებზე დასავლური ბრენდების - New Balanc-ისა და Clarks-ის ლოგოტიპიანი ყუთები დევს. „მაგრამ ისინი ჩინეთშია დამზადებული“, - ამბობს მამა-შვილი, - „ჩვენთან გაყალბებული საქონელიც კი ძვირი ღირს“.
ჩვენ ველოდებოდით, რომ ისინი იმედიანად იტყოდნენ - „გვჯერა, რომ დროებითი დაზავება მუდმივი მშვიდობით შეიცვლება, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და ქვეყანაში ნამდვილი, გაუყალბებელი პროდუქცია შემოვა“, მაგრამ...
„სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ იმის „იმედი გვაქვს“, რომ ომი ისევ მალე დაიწყება“, - მწარე ღიმილით ამბობს მოჰამადი. თავის მხრივ, მუსტაფა გვეუბნება: „შეხედეთ ჩემს ჭაღარას... მე ბევრი გაჭირვება მაქვს გამოვლილი... ჩვენი ხალხი ახლა ძალიან გადაღლილია ომებისგან, არეულობებისგან, კრიზისებისგან... ზოგიერთმა იმედი დაკარგა, აღარ სჯერა, რომ სიტუაცია გამოსწორდება“.
მეზობელი სასურსათო მაღაზიის კართან, რომელიც შახლს ეკუთვნის, ხანში შესული ქალბატონი დგას და კედელზე გაკრულ პრეისკურანტს კითხულობს. მივუახლოვდით და როგორც კი დაგვინახა, თავისი აზრი გაგვიზიარა: „დღეს ხალხი ერთ პურში სამჯერ მეტ ფასს იხდის, ვიდრე - ომამდე... იძულებული ვართ, ყველაფერი მოვიკლოთ, ოღონდ ფული პურის საყიდლად ვიმყოფინოთ“.
თავის მხრივ, მაღაზიის მფლობელი შახლი ჩაფიქრებული გასცქერის სანაი გაზნავის ქუჩას, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ მდიდრულ ნაწილსა და სამხრეთულ ღარიბულ ნაწილს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ამბობს: „გაჭირვებულმა რა ქნას, თორემ მდიდრებს ადრეც ყველაფერი ჰქონდათ და ახლაც აქვთ...“.
ვეკითხებით ქალბატონს, რას უსურვებდა აშშ-ირანის მოლაპარაკების მონაწილეებს, თუ ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და დიალოგს დაიწყებენ? „კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი“, - გვთხოვს იგი, - „არ მგონია, რომ ამ საქმიდან რაიმე კარგი გამოვა. ტრამპი დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს... ყველას გვემუქრება“.
სანამ ქალი თავის ნაყიდ ნივთებს პარკში ალაგებს, შახლი პატარა ბოთლს გვაწვდის, მწვანე სითხით და გვეუბნება: „აი, წაიღეთ, ეს ვალაკის ზეთია, ველური ნიორისგან კეთდება. ჩემი ახლობელი ალბორზის მთებში ცხოვრობს და თვითონ ამზადებს. ბევრ ავადმყოფობას კურნავს“.
შახლი უკმაყოფილებას გამოხატავს ინტერნეტის გამორთვის გამო, რაც უკვე 50 დღეა, გრძელდება: „ჩემი შვილი მასწავლებელია, მას ძალიან სჭირდება ინტერნეტი, მაგრამ ვერ სარგებლობს. უიმისოდ მუშაობა უჭირს“.
ინტერნეტის ჩართვის აუცილებლობაზე თვით ირანის კავშირგაბმულობის მინისტრი სათარ ჰაშემიც ლაპარაკობს, მან [„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“] აკრძალვის გაუქმებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 10 მილიონი ირანელის სამსახური ინტერნეტით უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. „გლობალური კავშირის ქსელით სარგებლობა მოქალაქის უფლებას წარმოადგენს“, - თქვა მინისტრმა.
შეზღუდვები ზოგჯერ სუსტდება - შერჩევით, მაგრამ - მაინც. ამასთან, ძალოვანი სტრუქტურების განმარტებით, ზოგადად შეზღუდვები მანამ გაგრძელდება, ვიდრე „მტრული საფრთხეები არსებობს“.
უსაფრთხოების მიმართ კონტროლი გაძლიერებულია, რაც სანაი გაზნავის ქუჩაზეც იგრძნობა. სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში არიან ჩაცმულები - „გუშაგებს“ და „ბასიჯელებს“ - თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეამჩნევთ.
აქედან რამდენიმე წუთის სავალზე, ფირდოუსის მოედანზე, რამდენიმე შავი „მონსტრი“ - ჯავშნიანი მანქანა დგას, მათ გარშემო ფორმიანი შეიარაღებული ადამიანები მიდი-მოდიან, რაც დაძაბული ვითარების დასტურია.
ქუჩაც და მოედანიც ირანელების საყვარელი პოეტების სახელს ატარებს.
ერთ-ერთ გამვლელს - იგი პროფესიით არქიტექტორი აღმოჩნდა - ვეკითხებით, თუ რა ცვლილება მოახდენდა ყველაზე დიდ გავლენას მის ცხოვრებაზე? იგი გვპასუხობს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების გარეშე მომავალი შეუძლებელიაო.
პოპულარული კაფე ახლაც გადატვირთულია ყინულიანი ცივი ყავისა და შებრაწული ბუტერბროდების მსურველებით. კრიზისის პირობებში, თეირანის კაფეების კულტურა მაინც ცოცხლობს.
თეირანში კონტრასტები ყველაფერში აშკარად ჩანს. ქუჩის ტროტუარებს იყოფენ ტრადიციულ თავშლებსა და გრძელ კაბებში გამოწყობილი შუახნის ქალები და ახალგაზრდა, ჯინსიანი ბიჭები და გოგონები, ტატუირებით და პირსინგით.
საერთოდ, ირანში ომის პირობებშიც კი, პრაქტიკულად, საკმაოდ არის შესუსტებული კანონის მოთხოვნები „მოკრძალებით ჩაცმულობაზე“ და გაშლილი თმების თავშლებით შეკვრაზე: ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი (და ზოგჯერ შუახნის ქალბატონიც) „ისლამურ ნორმებს“, ფაქტობრივად, აღარ იცავენ. ეს ყველაფერი იმ სახალხო გამოსვლების შედეგია, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ მთელ ირანში იმართებოდა ლოზუნგით: „ქალი, ცხოვრება, თავისუფლება“. ცხადია, მთავრობის მხრიდან გამოხატულ ლოიალურ მიდგომაზე გავლენა მიმდინარე წლის იანვრის პროტესტებმაც მოახდინა, თუმცა ირანელებმა ამისთვის ძვირი ფასი გადაიხადეს, მრავალი ათასი დაღუპულის სახით.
ალი ქუჩაში დგას და იმპორტულ სიგარეტს - „ნაპოლის“ ეწევა. გავესაუბრეთ და გვითხრა, რომ ომი მისთვის მიუღებელია: „ქვეყანა ძალიან დაზარალდა. ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა... რა თქმა უნდა, დაბომბვების დროს სასოწარკვეთისა და შიშის გრძნობა გვეუფლებოდა... თავს მარტოდ და მიტოვებულად ვგრძნობდით. ჩემი ნათესავები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მათი დარდი გვქონდა“.
მაღაზიიდან ქალიშვილი გამოვიდა, ალის და, მოკლედ შეჭრილი თმით და ფირუზისფერი სათვალეებით, მომესალმა და გაგვეცნო: „სორაია“. „სამწუხაროდ, მე ახლახან დავკარგე სამსახური... რესტორნის მფლობელმა რამდენიმე თანამშრომელს გვითხრა, რომ ჩვენთვის ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებს“, - გვეუბნება სორაია.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადრე მომწონდა, ახლა კი მძულს", - ამბობს ალი, - " მომწონდა იმიტომ, რომ მან გვითხრა, ირანელ ხალხს დავეხმარებიო, მძულს კი იმიტომ, რომ მან უარეს დღეში ჩაგვაგდო“.
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი სკანდალი: ვლადიმირ სოლოვიოვს "გლამურულმა დისიდენტმა" "ომი" გამოუცხადა - მოხდება თუ არა რუსეთში "დიასახლისების რევოლუცია"?!
სკანდალური სტატია: ვინ უღალატა ზელენსკის?! - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელია
მზე ჩადის. მივდივართ ჯერ ფირდოუსის, შემდეგ კი ვალიასრის მოედანზე, სადაც მთავრობის მომხრეები ყოველ საღამოს იკრიბებიან, თავიანთი ლიდერების მოწოდების პასუხად, რომ ირანელმა ხალხმა სიმტკიცე და დაუმორჩილებლობა გამოავლინოს. ხალხი ნელ-ნელა იკრიბება, ირანის დროშებითა და დაბომბვით დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებით ხელში.
მოედანზე სკამები თანდათან შეივსო. იწყება თავისუფალი დებატები ღია ცის ქვეშ, თემაზე - „მხარს უჭერდა თუ არა ირანის ყოფილი ლიდერი აშშ-ისთან მოლაპარაკებას“. ქალები საკმაოდ აქტიურობენ და დებატებში ერთვებიან. სცენაზე მდგომი მოდერატორი ამბობს, რომ დაღუპული აიათოლა თავდაპირველად მტერთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოდიოდა, ბოლოს კი დიალოგს დათანხმდაო. ერთ-ერთი ქალი, მთლიანად შავებში ჩაცმული, დროშით ხელში ადგილიდან დგება და მოდერატორს ხმამაღლა ეუბნება: „იცი, იმ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მუდამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ლიდერი დასავლეთს არასოდეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელები მოგვატყუებდნენ“.
გარკვეული დროის შემდეგ თემა ფართოვდება: შუახნის ქალბატონი მიკროფონს იღებს და აცხადებს, რომ ირანელმა ქალებმა ტრადიცია უნდა გააგრძელონ, ჰიჯაბის ტარება მნიშვნელოვანია. „მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრებიც ნუ ვიქნებით მათ მიმართ, ვისაც მისი ტარება არ სურს. ახლა მთავარია ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება“, - მოულოდნელად განაცხადა ქალმა.
ამ დროს ახალგაზრდა გოგონა ირანის დროშით და ქვეყნის ახალი ლიდერის - მოჯთაბა ხამენეის პორტრეტით ხელში, ჩვენთან მოდის და ინგლისურ ენაზე გვეუბნება: „ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა გავმართოთ“. 19 წლის როქსანა თეირანის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგის სპეციალობას ეუფლება. იგი არ პასუხობს ჩვენს კითხვას - რატომ არ გამოდის მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე - და ამბობს, რომ ახლა ირანის ბედი ახალი ლიდერის ხელშია - „აწმყოც და მომავალიც“.
უკვე ბინდდება და მოედნიდან გასასვლელად ვემზადებით. უეცრად ძრავების გუგუნი ისმის, რომელიც თანდათან ძლიერდება: გამოჩნდნენ მოტოციკლებზე ამხედრებული მოლების კოლონები, თეთრი ტიურბანებით (ჩალმებით), კამუფლირებული ფორმით და მხარზე გადაკიდებული შაშხანებით - ეს ირანის კიდევ ერთი დღევანდელი რეალობაა. კოლონებმა გრიალით ჩაგვიარეს...
ჩვენ ისევ სანაი გაზნავის ქუჩაზე ვბრუნდებით. უკვე გვიანი საღამოა - თერთმეტის ნახევარი. თბილა. ახალგაზრდების ჯგუფები ისევ დგანან და საუბრობენ. ვამჩნევთ მოჰამადსა და მუსტაფას, ფეხსაცმელების მაღაზიის წინ და მათთან მივდივართ: „აბა, როგორი იყო დღევანდელი დღე, გყავდათ მყიდველები?“, - ვეკითხებით. „ცოტა“, - გვპასუხობს მუსტაფა, - „მაგრამ გვინდა, რომ მშვიდობიანი დღეები გაგრძელდეს და ომი მალე დასრულდეს. თუ ასე იქნება, მყიდველებიც ბევრი გვეყოლება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ