სკანდალური სტატია: ვინ უღალატა ზელენსკის?! - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელია
„უკრაინის საკანონმდებლო ხელისუფლებაში - ვერხოვნა რადაში - პრეზიდენტისადმი უკმაყოფილება ძლიერდება. პარლამენტში არსებული მმართველი პარტიის - "ხალხის მსახურის“ ფრაქცია სულ უფრო მცირდება - დეპუტატები ნელ-ნელა ფრაქციას ტოვებენ და ვინც რჩება, ისინი მთავრობის მიერ მომზადებულ საკვანძო კანონპროექტებს ბლოკავენ. ამასთან, „ხალხის მსახურ“ ზოგიერთ დეპუტატს ხმის მიცემის ეშინია, რადგან მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „დი ცეიტში“ (Die Zeit) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „იდეალური შტორმი“ „ხალხის მსახურთა“ საპარლამენტო ფრაქციაში: ვოლოდიმირ ზელენსკის ძალაუფლების საფუძველი იშლება?!“ (ავტორი - პავლე ლოკშინი, კორესპონდენტი კიევში).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის უახლეს ისტორიაში პრეზიდენტს და პარლამენტს ერთმანეთთან არა ერთხელ ჰქონიათ კონფლიქტი, თუმცა პრეზიდენტებს ყოველთვის ჰქონდათ იმის გარანტია, რომ თავიანთი პარტიული ფრაქციის წევრები პარტიის ლიდერს მხარს დაუჭერდნენ. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ახლა უკვე დასასრულს უახლოვდება - ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორითაც მისი წინამორბედები სარგებლობდნენ. კიევში საპარლამენტო კრიზისი ვითარდება და ეს ყველაფერი ხდება საომარი მოქმედებების ფონზე.
პარლამენტიდან - ფრონტზე?!
ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახურს“ ვერხოვნა რადაში ისტორიულად უპრეცედენტო უმრავლესობა ჰყავდა, რაც წლების განმავლობაში შესაძლებლობას აძლევდა პრეზიდენტს, თავისი გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ორგანოში, პრაქტიკულად, რაიმე დაბრკოლების გარეშე გაეტარებინა. დღეს უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ამიტომ პრეზიდენტი იძულებულია, ღია მუქარას მიმართოს. „ვისაც არ სურს პარლამენტში დეპუტატის მოვალეობის შესრულება, ის თავის მოქალაქეობრივ ფუნქციას ფრონტზე მოიხდის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მართალია, დეპუტატები არმიაში სამსახურისაგან გათავისუფლებულები არიან, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ ჯერჯერობით: ცვლილება გამორიცხული არ არის.
ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრ რიტორიკას თავისი საფუძველი აქვს: მისი პარტიის - „ხალხის მსახურის“ დეპუტატები, რომლებიც 2019 წელს, იმ დროს ახალგაზრდა 41 წის პრეზიდენტმა დიდ პოლიტიკაში მოიყვანა, დღეს თავიანთ მფარველს და „მამა-მარჩენალს“, ფაქტობრივად, ბოიკოტს უცხადებენ. მართალია, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობენ, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს პრეზიდენტისა და მთავრობის წინადადებებს. თანაც უკიდურესად არასახარბიელო დრო არის შერჩეული.
მარტის ბოლოს ვერხოვნა რადამ ვერ შეძლო ხმების უმრავლესობით მიეღო რამდენიმე საკვანძო ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც მიმართული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარების მისაღებად, რვა მილიარდი დოლარის ოდენობით. ასევე, ვერ იქნა ჩასწორებული კანონი საბაჟო გადასახადების გაზრდის მიზნით - „მომხრე“ მხოლოდ 168 დეპუტატი იყო, 226 აუცილებელი ხმის ნაცვლად. და ეს ხდება იმ პარლამენტში, რომელიც ფორმალურად თითქმის მთლიანად პრეზიდენტის პარტიის -„ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატებისაგან შედგება...
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მმართველი პარტიის ფრაქცია გადაიქცა საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ადამიანების ჯგუფად, რომლებიც მტრობენ როგორც ერთმანეთს, ასევე - მთავრობას და პრეზიდენტს. უკვე დიდი ხანია, პრეზიდენტი იძულებულია, ოპოზიციის ხმებს დაეყრდნოს, რადგან ყოფილი მომხრეები დღეს მას აღარ ემხრობიან. „ხალხის მსახურის საპრლამენტო ფრაქცია საწყისი 254 წევრიდან დღეს 228-მდეა შემცირებული. ამის გამო, პრეზიდენტის მომხრეთა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ბოლო დროს ისედაც მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატის უპირატესობით იყო წარმოდგენილი, ახლა, რიგ შემთხვევებში, უკვე საფრთხის წინაშე დგება. ამასთან, როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, პრეზიდენტს 228 მომხრეც მხოლოდ ფორმალურად ჰყავს, რეალურად ქვეყნის მეთაურს და მთავრობას მხარეს მხოლოდ 130-მდე დეპუტატი უჭერს.
ცუდი განწყობები რადაში
უკრაინის პარლამენტი მოსახლეობაში არაპოპულარულია. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ვერხოვნა რადას მხარს მოსახლეობის 12% ენდობა. და ახლა ეს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ისედაც არ სარგებლობს არც ავტორიტეტით და არც რეპუტაციით, რისკავს, რომ კიდევ უფრო საძულველი გახდეს - პრეზიდენტის მითითებით ანტიხალხური კანონები მიიღოს.
ვერხოვნა რადაში განწყობა ძალიან უღიმღამო და პირქუშია. კულუარებში ლაპარაკობენ, რომ 40-მდე დეპუტატი, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრების ჩათვლით, მანდატების დასატოვებლად ემზადებიან. ამასთან, პრობლემა უშუალოდ პრეზიდენტის მრჩევლის, ვლადიმერ პეტროვის სკანდალურ ზეწოლასა და მუქარაში კი არ არის, არამედ სხვა სტრუქტურის - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ.
გასული წლის დეკემბერში ბიურომ დაიწყო გამოძიება „ხალხის მსახურის“ ფრაქციის რამდენიმე წევრის მიმართ - ეჭვი არსებობდა, რომ ისინი ქრთამს იღებდნენ ხმის მიცემისათვის. ბოლო დროს ყველა ფრაქციაში „მექრთამე დეპუტატების“ რაოდენობა 42-მდე გაიზარდა - გამოძიების ვერსიით, მათგან ზოგიერთები ე.წ. პრემიებს იღებდნენ, მთავრობის კანონპროექტების მხარდასაჭერად, ზოგიერთები კი ოპოზიციისაგან, რომ მხარი არ დაეჭირათ. ეჭვმიტანილია ოპოზიციური ლიდერი იულია ტიმოშენკო.
ასეთ ნერვულ ატმოსფეროში ბევრ დეპუტატს ხმის მიცემის ეშინია: „როგორც არ უნდა მოიქცე - გინდ მომხრე იყავი, გინდაც მოწინააღმდეგე, ანტიკორუფციული ბიუროს ყურადღების არეალში მაინც მოხვდები“, - ამბობს ანდრეი მოტოვილოვეცი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის მოადგილე, „ფორბსის“ უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, - „ამ ფონზე მნიშვნელოვანი კანონპროექტებისათვისაც კი ჭირს ხმების მოგროვება.. მოკლედ, ჩვენს ფრაქციაში იდეალური შტორმია“.
ასევე დაგაინტერესებთ: ერდოღანის კავკასიური გეგმები: "თურქეთი მხარს უჭერს „შუა დერეფანს“ და მას ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად წარმოაჩენს" - Financial Times
"მე ის ჯორჯა აღარ ვარ..." - რატომ გადარია ტრამპი იტალიის პრემიერმა და რა შუაშია რომის პაპი?!
"მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს..." - ვის ედრება ტრამპი ანუ "დიდი დონალდის" ახალი სკანდალი
პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელია
გასულ ზაფხულს მმართველი პარტიის ფრაქციამ მხარი დაუჭირა მთავრობის საკმაოდ სადავო ინიციატივას, რომლის შედეგად ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებები შეეზღუდა. ამას ფართო პროტესტი მოჰყვა როგორც უკრაინაში, ისე - ევროპაშიც. პარლამენტი იძულებული გახდა, გადაწყვეტილება გაეუქმებინა. ადგილობრივ მასმედიაში გაიჟონა ინფორმაცია, რომ დეპუტატები კულუარებში ჩიოდნენ, „ბიუროს უფლებამოსილების შეზღუდვა პრეზიდენტის ოფისმა დაგვაძალაო“.
ამის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ სკანდალი მოხდა უკრაინის ენერგეტიკის სისტემაში: ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელმაც უფლებამოსილება აღიდგინა [და რომელიც პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილო იყო], ამხილა ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის კორუფციული საქმიანობა, რაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმდროინდელ ხელმძღვანელს - ანდრეი ერმაკს თანამდებობის ფასად დაუჯდა. ეს ნიშნავდა, რომ პრეზიდენტის გავლენა რადას სახელისუფლო დეპუტატებზე შესუსტდა ანუ, წესით, ისინი უფრო თამამები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ...
მაგრამ „ხალხის მსახურის ფრაქციის წევრებს პრეზიდენტთან ღია კონფლიქტი არ აწყობთ, რის შედეგადაც შეიძლება მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს და მთავრობის შეცვლა გახდეს აუცილებელი. არავის სურს კოალიციური მთავრობის შექმნა ოპოზიციის მონაწილეობით - არც „ხალხის მსახურის“ ფრაქციას და არც ვოლოდიმირ ზელენსკის ანუ - ამ საკითხს ტაბუ ადევს.
ბუნებრივია, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გაღვივება ისე არავის აწყობს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. კრემლმა დიდი ხანია მიანიშნა, რომ უკრაინის პარლამენტს ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ თვლის და ცდილობს, რომ დეპუტატებს ღია ბუნტის დასაწყებად უბიძგოს. შესაბამისად, უკრაინელ კანონმდებლებს არ სურთ მოსახლეობის თვალში „პრორუსებად“ გამოჩნდნენ.
შესაბამისად, არჩევნების ჩატარების იდეამ, რომელზეც ორიოდე თვის წინათ ლაპარაკობდნენ, ისევ უკანა პლანზე გადაიწია. ვერხოვნა რადა და პრეზიდენტი ბედს შეურიგდნენ - ისინი იძულებულნი არიან, ერთად კიდევ საკმაო ხნის განმავლობაში იმუშაონ. გასულ კვირაში რადამ („ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა) ნაწილობრივ უკან დაიხიეს და მთავრობის მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი მიიღეს, წინ კიდევ 18-ია მისაღები.
მოამზადა სიმონ კილაძემ