სკანდალური სტატია: ვინ იყენებს კლიმატურ იარაღს ანუ "იპარავენ" თუ არა ტრამპი და ნეთანიაჰუ ღრუბლებს?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: ვინ იყენებს კლიმატურ იარაღს ანუ "იპარავენ" თუ არა ტრამპი და ნეთანიაჰუ ღრუბლებს?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის -„ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ამინდის მანიპულირება? „იპარავს“ თუ არა „ღრუბლებს“ აშშ ირანთან ომის დროს?“ (ავტორები - მარკო სილვა და ლამოს ალტალები), რომელშიც განხილულია აშშ-ისრაელ-ირანის ომის ფონზე გაჩენილი მოარული ხმები და მითები, „ამინდით მანიპულირების“ შესახებ. რატომ იყო გვალვა ირანში, რატომ არის გადაუღებელი წვიმები თურქეთში და ერაყში?

საქმე გვაქვს კონსპიროლოგიასთან თუ რეგიონში კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან? - აი, ამ კითხვებზეა პასუხი გაცემული პუბლიკაციაში, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში ფართოდ ვრცელდება ცრუ მტკიცებები იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს თავიანთი [საიდუმლო] ოპერაციის რეალიზება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში „წვიმის ღრუბლების მოპარვას“ ითვალისწინებს. ასე უწოდებენ ტექნოლოგიას, რომელიც ამინდის მიმართ მანიპულაციას უკავშირდება - ერთი მხრივ, ატმოსფერული ნალექების შეწყვეტას და გვალვის გამოწვევას, მეორე მხრივ კი - ზედმეტი ნალექების მოსვლას და წყალდიდობის ინიცირებას კონკრეტულ რეგიონში.

რამდენიმე დღის წინათ ერაყის ტელარხის Al-Rasheed-სათვის მიცემულ ინტერვიუში ერაყის პარლამენტის დეპუტატმა აბდულა ალ-ჰაიკანმა განაცხადა, რომ მეზობელმა თურქეთმა და ირანმა საჩივარი მოამზადეს აშშ-ის წინააღმდეგ, „წვიმის ღრუბლების გაფანტვისა და მათი მოპარვის მცდელობის გამო“, ავიაციის მეშვეობით. დეპუტატმა, რომელსაც აშშ-ის მიერ „ჩადენილი დანაშაულის“ დასადასტურებლად ეთერში არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენია, აღნიშნა, რომ აცხადებდა, ერაყში ბოლო თვის განმავლობაში ისეთი უჩვეულო ნალექიანი ამინდები დგას, როგორიც დიდი ხანია, არ ყოფილა ანუ წვიმები დაბრუნდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აშშ „ღრუბლებს ვეღარ იპარავს და დაბომბვებით არის დაკავებული“.

მეცნიერების თქმით, არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლითაც რომელიმე ქვეყანა „ღრუბლების მოპარვას“ შეძლებს.

ერაყის მეტეროლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა ამერ ალ-ჯაბირმა დეპუტატის განცხადებას „ალოგიკური და არამეცნიერული“ უწოდა და აღნიშნა, ერაყში წვიმების პროგნოზირება, რომ 2026 წლის გაზაფხული უხვნალექიანი იქნებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოხდა ანუ ბევრად ადრე, ირანთან ომის დაწყებამდე.

BBC-ის კორესპონდენტთან საუბრის დროს აბდულა ალ-ჰაიკანმა ისევ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ თითქოსდა, აშშ „მეტეროლოგიურ იარაღს იყენებს“ ერაყში, ირანში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, ამინდის მოდიფიკაციისათვის, თუმცა მას კვლავ არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამის მიუხედავად, ერაყელი დეპუტატის ნათქვამი, როგორც ზემოთ ითქვა, აქტიურად რეკლამირდება და ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

თურქეთში, მაგალითად, სოცქსელების ბევრი მომხმარებელი ირანთან ომს ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო კვირებში მოსულ უხვ წვიმებს უკავშირებს. თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალი ყველაზე წვიმიანი თვე გამოდგა, ბოლო 66 წლის განმავლობაში.

ერთ-ერთ პოსტში, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ნათქვამია, რომ თურქეთში „გადაუღებლად წვიმდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამერიკას ირანის ტერიტორიიდან ღრუბლები თურქეთში გადმოჰქონდაო“. მარტიდან კი, ომის დაწყების შემდეგ, ირანში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი გვალვა როგორც იქნა, დასრულდა და წვიმები წამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ თავისი „ექსპერიმენტები შეწყვიტა“, ირანში წვიმის მოსვლას ხელს ვეღარ უშლის ანუ ღრუბლებს ვეღარ იპარავსო.

„ასეთი ხმების გავრცელება იმას მოწმობს, რომ ადამიანები ვერ ერკვევიან კლიმატურ სისტემასა და ჰიდროლოგიურ ციკლში, ამიტომ ატმოსფერულ მოვლენებს ახსნას ვერ უძებნიან“, - ამბობს ქავეხ მადანი, გაეროს უნივერსიტეტის გარემოს დაცვის ინსტიტუტის დირექტორი.

სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც ასეთ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, თვლიან, რომ პრობლემის საფუძველია პროცესი, ე.წ. ღრუბლების დათესვა, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.

ზოგადად, „ღრუბლების დათესვა“ მართლაც ხდება - ეს არის ამინდის შეცვლის ტექნოლოგია, რომლის დროსაც ხდება უკვე არსებულ ღრუბლებზე ზემოქმედება, წვიმის ან თოვლის გამოწვევის მიზნით. ეს შეიძლება განხორციელდეს თვითმფრინავების ან რაკეტების დახმარებით, რომლებიც ღრუბლებში სპეციალური ნივთიერების - ვერცხლის იოდიდის გაბნევას ახდენენ, წყლის წვეთების წარმოქმნის სტიმულირებისა და ნალექების გამოსაწვევად.

სხვათა შორის, „ღრუბლების დათესვა“ რამდენიმე თვის წინ ირანის ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, რეკორდულად დაბალი რაოდენობის ნალექების გამო (წყალსაცავებში სასმელი წყლის მარაგი კატასტროფულად შემცირდა) და ურმიის ტბის რაიონში, რომელიც გვალვისაგან თითქმის დაშრა, წვიმის ხელოვნურად გამოწვევას შეეცადა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიას ათობით ქვეყანა იყენებს - მაგალითად, აშშ, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები - მეცნიერები თვლიან, რომ მისი ეფექტი საკმაოდ შეზღუდულია: ნალექების მოსვლის შესაძლებლობა უკვე არსებული ღრუბლებიდან მხოლოდ 15%-ით მატულობს.

„ღრუბლების დათესვა“ ვერცხლის იოდიდით და სხვა მსგავსი ნივთიერებით წვიმის მოსვლას მხოლოდ ერთგვარ ბიძგს აძლევს, რაც ამინდის მართვას და კონტროლს არ ნიშნავს“, - ამბობს პროფესორი დიანა ფრენსისი, აბუ-დაბის უნივერსიტეტის ეკოლოგიურ-გეოფიზიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

„ღრუბლების მოპარვის“ თეორიის მომხრეების მტკიცებით, „დათესვის დროს“ ღრუბლები თავიანთი მოძრაობის მიმართულებას იცვლიან და შეიძლება ზოგიერთ რეგიონში ნალექების არათანაბარი განაწილება მოხდეს, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კვლევებით ასეთი მტკიცება არ დასტურდება. „როგორც ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, „ღუბლების მოპარვა“ წარმოუდგენელია და შესაბამისად, მათზე არანაირი ზემოქმედება არ ხდება. არ არსებობს არავითარი ტექნოლოგია ღრუბლების მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლის მიზნით“, - ამბობს პროფესორი ჯეფ ფრენჩი, ვაიომინგის (აშშ) უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერებათა დოქტორი.

ყველაფერი გამოწვეულია პლანეტის კლიმატის ცვლილებით, რომლის ზემოქმედებით სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და ექსტრემალური ხდება. ადამიანის საქმიანობით - წიაღისეული საწვავის - ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მეტი გამოყენებით გლობალური ტემპერატურა ბოლო წლებში სწრაფად მატულობს.

ასევე დაგაინტერესებთ: "გაზაფხული თეირანში - 2026: ხალხს ფული არ ჰყოფნის, ფასები მატულობს, ომის განახლების საფრთხე რჩება, მაგრამ ოპტიმიზმიც შეიმჩნევა" - რეპორტაჟი ირანის დედაქალაქიდან (BBC)

დიდი სკანდალი: ვლადიმირ სოლოვიოვს "გლამურულმა დისიდენტმა" "ომი" გამოუცხადა - მოხდება თუ არა რუსეთში "დიასახლისების რევოლუცია"?!

სკანდალური სტატია: ვინ უღალატა ზელენსკის?! - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელია

ერდოღანის კავკასიური გეგმები: "თურქეთი მხარს უჭერს „შუა დერეფანს“ და მას ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად წარმოაჩენს" - Financial Times

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO - World Meteorological Organization) მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთში „ტრადიციული ამინდის“ ცვლილება ყველაზე მეტად შეინიშნება - ტემპერატურის ზრდა ორჯერ და მეტად არის დაჩქარებული, ვიდრე - ზოგადად მსოფლიოში. ამის შედეგად ხდება მაღალი ტემპერატურის მქონე ჰაერის მასების უწესრიგო, არატრადიციული მარშრუტებით მოძრაობა (ან სულაც - შეჩერება), რომელიც იწვევს ამინდის ასევე უჩვეულო ცვლილებებს და გავლენას ახდენს რეგიონის წყლის რესურსებზე. შესაძლოა, მოხდეს თავსხმა, კოკისპირული წვიმები იმ რაიონში, სადაც ადრე ასეთი რამ არ ხდებოდა და პირიქით, დაიწყოს ისეთი ხანგრძლივი გვალვა, რომლის მსგავსი ანომალია რეგიონის მოსახლეობას არ ახსოვს.

„რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია აძლიერებს საზოგადოების შეშფოთებას... ჩნდება მითები, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც ადამიანებში განგაშის შეგრძნებას ბადებს“, - ამბობს დოქტორი ესრა ტარაუნე, იორდანიაში არსებული მუტას უნივერსიტეტის ეკოლოგიის კათედრის დოცენტი.

„მზარდი ეკოლოგიური პრობლემების ფონზე ცრუ მტკიცებები ამინდის კონტროლის შესახებ სწრაფად ვრცელდება და ხელს უწყობს კონსპიროლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას“, - ამბობს დოქტორი სარა სმიტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი-თანამშრომელი, კლიმატური ფიზიკის სფეროში, - „სწორი ინფორმაციის დეფიციტის დროს ადამიანები ცდილობენ, ვაკუუმი რაღაცით შეავსონ. იბადება „მიმზიდველი“ მითები, რის შედეგად რეალურ სურათი მხედველობიდან იკარგება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო