საქართველო 25 წლის წინ "უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებს" დაუბომბავთ? - ტრამპის ბრძანებით, საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა
პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, აშშ იწყებს იმ საიდუმლო დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნებას, რომლებიც „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს“ ეხებათ და რომელთა შესახებ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უამრავი მასალა დაგროვდა. ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული გახლდათ ათწლეულების განმავლობაში და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მყოფ არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გასჩენია იმის სურვილი, რომ ეს საინტერესო დოკუმენტები აქამდეც გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი.
თუ რატომ მოიცალა ირანთან ომში „გაჭედილმა“ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა სწორედ ახლა „მფრინავი თეფშებითვის“, სულ სხვა და ძალიან საინტერესო სტატიის თემაა, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო უნდა გახდეს ის ფაქტი, რომ პირველსავე განსაიდუმლოებულ დოკუმენტებში გაიჟღერა ჩვენი საქართველოს სახელმა და თანაც - „ამოუცნობ მფრინავ თეფშებთან“ დაკავშირებით...

ფოტო: ტრამპის ბრძანებით, განსაიდუმლოებულ „მფრინავი თეფშების“ საიდუმლო დოსიეში, საქართველოსთან დაკავშირებული ცოტა უცნაური ეპიზოდიც აღმოჩნდა...
ეს ისტორია მეოთხედი საუკუნის წინ იწყებოდა, 2001 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებში, როდესაც საქართველოში მორიგი რთული სიტუაცია იდგა...
30 ოქტომბერს რუსეთში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ ვაშინგტონში დაშიფრული შეტყობინება გააგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ... საქართველოს თავზე „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ გააქტიურდნენ და კოდორის ხეობა დაბომბესო...
ამერიკელი ელჩი თეთრ სახლს ატყობინებდა იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მამედოვი მასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფდა რუსული ავიაციის მოქმედებას საქართველოს ცაში და „მფრინავი თეფშების“ ოინებზე გადაჰქონდა ყურადღებაო...
არადა, 28 ოქტომბერს საქართველოს კოდორის ხეობაში (რომელსაც მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა) სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან მართლაც შემოფრინდა ოთხი რუსული თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი, რომლებმაც დაბომბეს კოდორის უღელტეხილის გზა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის - რუსლან გელაევის შეიარაღებული რაზმი პანკისის ხეობიდან გადავიდა დასავლეთ საქართველოში და კოდორის გავლით სოხუმისკენ მიემართებოდა. თუ რისთვის, და იყო თუ არა ეს მორიგი ავანტურა საქართველოს ახალ ომში გასახვევად, ეს კიდევ სხვა თემაა...

ფოტო: აშშ-ის ელჩის მიერ მოსკოვიდან ვაშინგტონში 25 წლის წინ გაგზავნილი საიდუმლო მოხსენება, რომელიც საქართველოს კოდორის ხეობაში რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ეხებოდა, რასაც რუსული მხარე... „მფრინავ თეფშებს“ აბრალებდა...
ახლახან განსაიდუმლოებულ შეტყობინებაში, 25 წლის წინ ამერიკელი ელჩი ვერშბოუ შემდეგს წერდა:
„ძნელია რუსეთის ოფიციალური განცხადებების მიღება, რომ რუსული თვითმფრინავები არ მონაწილეობდნენ. ვარაუდი, რომ ეს შეიძლება უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ, სასაცილო იქნებოდა, დარღვევების სერიოზულობის გარეშე. სავარაუდოდ, რუსეთი ცდილობდა ხეობაში მყოფ ქართველებსა და ჩეჩნებზე ზეწოლას, აშკარად ცდილობდა ამ ჯგუფების აფხაზეთში ან რუსეთში გადაადგილების თავიდან აცილებას. ოფიციალური განცხადებები ასახავს რუსეთის ტრადიციულ ტენდენციას, თავი აარიდოს უხერხულ აღიარებას, თავხედური ტყუილების გამოყენებით“.
დიდი ალბათობით, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა ვერშბოუმ ვაშინგტონში გაგზავნილ ოფიციალურ საიდუმლო მოხსენებაში ახსენა სიტყვები -„უცხოპლანეტელები“ და „საფრენი აპარატები“ - ეს დოკუმენტი მოხვდა იმ საიდუმლო მასალებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან“ დაკავშირებით.
2001 წლის ოქტომბრის მოვლენები კოდორის ხეობაში მაშინაც არ წარმოადგენდა დიდ საიდუმლოებას, რადგან პანკისის ხეობიდან, თბილისის გავლით აფხაზეთისკენ დაძრული გელავის შეიარაღებული რაზმი ერთ თვეს აყურყუტეს სამეგრელოში, სოფელ ლიასთან და ამის შესახებ ზოგიერთი ქართული ტელეკომპანია პირდაპირ ეთერშიც კი გადასცემდა ინფორმაციებს...
ასევე დაგაინტერესებთ: "შემაკავებელი" ნომერი - გამოსავალი, რომ სპეცრაზმელმა ძალას არ გადაამეტოს?!
ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების შეტევის მიუხედავად, ტრამპი ომს არ აახლებს...
სამაგიეროდ, ეს თემა, თურმე, მეოთხედი საუკუნე ერთ-ერთ „დიდ“ საიდუმლობას წარმოადგენდა, აშშ-ში შეგროვებულ „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ დოსიეში და თუკი პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით ამავე დოსიედან განსაიდუმლოებული სხვა მასალებიც „მფრინავი თეფშების“ თაობაზე ამავე კატეგორიის იქნება, მაშინ დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ „უცხოპლანეტელები“ არ არსებობენ...

ფოტო: რუსულ თვითმფრინავებს, სამწუხაროდ არა ერთხელ დაუბომბავთ საქართველო, რასაც „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს“ ვერავინ გადააბრალებს...
P.S. 1992 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის ჩათვლით, რუსეთის თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს არა ერთხელ მოუყენებიათ სარაკეტო დარტყმები და დაუბომბავთ ქართული მიწა, მაგრამ მოსკოვი ამას ყოველთვის უარყოფდა.
აფხაზეთის ომის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა იმხელა სისულელეც კი წამოროშა, რომ „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ქართველები თითქოს თბილისის საავიაციო ქარხანაში სპეციალურად ღებავდნენ რუსეთის ავიაციის ფერებში და თავისსავე სოხუმს ბომბავდნენ, რომ შემდეგ ეს რუსეთისთვის დაებრალებინათ...
მხოლოდ 2008 წლის 8 ივლისს ანუ აგვისტოს ომის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, როდესაც ორმა რუსულმა ბომბდამშენმა განახორციელა შემოფრენა ცხინვალის რეგიონში და მოსკოვმა ეს სპეციალურად დაამთხვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ოფიციალურ ვიზიტს თბილისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა პირველად ოფიციალურად აღიარა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული ბომბდამშენების მხრიდან და ეს „თბილისში ცხელი თავების გაგრილების“ მოტივით ახსნა...
2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი რუსეთს აღარ ჰქონდა დასამალი, რომ სწორედ მისი თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართულ ქალაქებსა და სოფლებს...