ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების შეტევის მიუხედავად, ტრამპი ომს არ ანახლებს... - კვირის პალიტრა

ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების შეტევის მიუხედავად, ტრამპი ომს არ აახლებს...

7-8 მაისის ღამეს ანუ სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ამ რეგიონში ორმხრივი სარაკეტო შეტევები განხორციელდა -თეირანის მტკიცებით, ჯერ ამერიკელებმა დაბომბეს კუნძულ ქეშმისა და ბენდერ-აბასის საზღვაო პორტები, რის საპასუხოდაც ირანელებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ჰორმუზის სიახლოვეს მცურავ სამ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე და ისინი დააზიანეს...

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი არ უარყოფს ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების იერიშს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა ყველა რაკეტა წარმატებით მოიგერიეს და მათი ხომალდები ცურვას განაგრძობენ...

ის, რომ თეირანიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება, არ არის გასაკვირი, რადგან ეს „ომების ბურუსის“ დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა სადაზვერვო საშუალებებისა და კომუნიკაციების დღევანდელი განვითარების დონე რამდენიმე დღეში სიმართლეს ნათელს მაინც მოჰფენს...

თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ამაზე ბევრად უმნიშვნელო ინციდენტის შემთხვევაშიც სხვა ქვეყნებს პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა, ახლა მშვიდად აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ დარღვეულა და ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გააგრძელებს...

ომის განახლებას, რა თქმა უნდა, ისევ მოლაპარაკებების გაგრძელება სჯობს, მაგრამ ვერც ეს პროცესი გაიწელება უსასრულოდ, რადგან ჰორმუზის სრუტის 70-დღიანმა ბლოკადამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და ამ ბლოკადის კიდევ თვეობით გაგრძელება კიდევ უფრო უარეს შედეგს მოიტანს მილიარდობით უბრალო ადამიანისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში.

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ამას ყველაზე მეტად ხვდება, მაგრამ მას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ან აგრძელებს ირანული პორტებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას ირანული გემებისთვის, რათა ირანის ეკონომიკა (რომელიც, ძირითადად, სწორედ ნედლი ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული) ადრე თუ გვიან ჩამოიქცეს ან კიდევ აახლებს საბრძოლო მოქმედებებს ირანის შემდგომი მასობრივი დაბომბვით, რომ როგორმე დაამხოს აიათოლების რეჟიმი...

აშშ-ისა და ისრაელის 28 თებერვლიდან 7 აპრილამდე გაგრძელებულმა 39-დღიანმა საბრძოლო მოქმედებებმა ირანის წინააღმდეგ აჩვენა, რომ ტრამპი-ნეთანიაჰუს მთავარი ჩანაფიქრი - აიათოლების რეჟიმის დამხობა ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინამ აგრესორ რუსეთთან ერთად მოკავშირე ლატვიაც დაბომბა?! - ვისი კამიკაძე-დრონები შეიჭრნენ ამ ქვეყნის 45 კილომეტრის სიღრმეში

უკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა, რუსეთმა მაინც დაბომბა - 9 მაისის აღლუმზე პუტინი ზელენსკის კამიკაძე-დრონების "დაუპატიჟებელ სტუმრობას" უნდა დაელოდოს?!

უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე

ევროპის განსაცდელი - დატოვებს თუ არა ტრამპი ბებერ კონტიტენტს ერთი ერთზე "რუსულ ჩექმასთან"?!

შესაბამისად, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში აშშ-ი და ისრაელი გარდამტეხ საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებენ და აიათოლებს თეირანში თეთრ დროშას ააფრიალებინებენ.

ამას ხვდება პრეზიდენტი ტრამპი და ამიტომაც ყველანაირად ცდილობს, გააჭიანუროს ომის განახლება, მაგრამ არც დრო ითმენს - მსოფლიო მისგან ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნასა და ნავთობზე ფასების დაცემას ელოდება.

რჩება მესამე გამოსავალიც - აშშ-ი ითვალისწინებს ირანელების უმთავრეს მოთხოვნებს, აღარ ითხოვს ირანული ურანის მათთვის გადაცემას, თეირანს უხსნის საერთაშორისო სანქციებს და ამასთან - ირანი იღებს ექსკლუზიურ უფლებას, ჰორმუზის სრუტის გასვლისას გემებიდან მოსაკრებელი აიღოს...

მაგრამ ეს მესამე ვარიანტი გახდება აშშ-ის უცილობელი პოლიტიკური მარცხი, რაც პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგს პლინტუსამდე დაიყვანს იმ ამერიკელ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, რისი დაშვებაც ტრამპს არაფრის დიდებით არ სურს...