უკრაინამ აგრესორ რუსეთთან ერთად მოკავშირე ლატვიაც დაბომბა?! - ვისი კამიკაძე-დრონები შეიჭრნენ ამ ქვეყნის 40 კილომეტრის სიღრმეში - კვირის პალიტრა

უკრაინამ აგრესორ რუსეთთან ერთად მოკავშირე ლატვიაც დაბომბა?! - ვისი კამიკაძე-დრონები შეიჭრნენ ამ ქვეყნის 45 კილომეტრის სიღრმეში

9 მაისის მოახლოებასთან ერთად, როდესაც პუტინს ჯიუტად მაინც სურს სამხედრო აღლუმის კრემლის წინ გამართვა და ამასთან ეშინია რომ ზელენკსიმ არ ჩაუშხამოს და ამ აღლუმზე „მონაწილეობის მისაღებად“ დაუპატიჟებლად არ გაუგზავნოს დრონები, ძალზე ინტენსიური ხდება ორმხრივი საჰაერო შეტევები...

თუმცა აქამდე თუკი რუსული „გერბერები“ და “გერანები“ ჭარბობდნენ, ახლა უკრაინა ყოველ ღამით არანაკლებ 300-500 თავისი კამიკაძე-დრონით უტევს რუსეთის სიღრმეში სამხედრო ქარხნებსა და ნათობტერმინალებს.

საჰაერო კამიკაძე-დრონების გამოყენებამ ტოტალური მასშტაბი შეიძინა და ასეთ დროს უკვე იზრდება იმის შანსი, რომ შემთხვევით( ან შეიძლება სულაც გამიზნულად) მოწინააღმდეგის მიერ „გამოგზავნილი“ ასეთი დრონები მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზეც შეფრინდნენ და იქ აფეთქდნენ.

რუსულ კამიკაძე-დრონებს ეს ხშირად ემართებად, როდესაც უკრაინის დასავლეთ ნაწილს უტევენ და არც თუ იშვიათად მეზობელი პოლონეთის ტყეებში ვარდებიან, ისევე როგორც შავი ზღვის მხრიდან მფრენი რუსული „გერანები“ სპეციალურად კვეთენ მოლდოვას საჰაერო სივრცეს და ისე აღწევენ უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. მდინარე დუნაის მარჯვენა, რუმინეთის სანაპიროზე აფეთქებული რუსული კამიკაძე-დრონებიც კი უკვე აღარავის უკვირს, როდესაც ისინი ცდილობდნენ ამავე მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე უკრაინული პორტებზე შეტევას.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმული საჰაერო რეიდები, ასევე მოიმატა იმ ინციდენტების რიცხვმაც, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზღვრისპირა რაიონებში ვარდებიან.

თავიდან ეს ხდებოდა ყაზახეთის მიწაზე, როდესაც სტეპებში რამდენიმე ჩამოვარდნილი დრონი აღმოაჩინეს, რომელთა ნაწილი რუსული გახლდათ, ნაწილიც უკრაინული.

ბოლო დღეებში კი დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უკრაინული დრონები ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცეებშიც დააფიქსირეს, იმ რაიონებში, სადაც ნატოს წევრი ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციას ესაზღვრებიან.

ეს კამიკაძу-დრონები მიფრინავდნენ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისკენ, სანკ-პეტერბურგთან და ვიბორგთან მდებარე რუსული სამხედრო ბაზებისა და ფინეთის ყურეში რუსული საზღვაო პორტების მიმართულებით.

შეიძლება რუსულმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა მოახერხეს ამ უკრაინული კამიკაძე-დრონების მართვისა და ნავიგაციის ორგანოებზე ზემოქმედება და ისინი „აიძულეს“ დასავლეთით, ნატოს ქვეყნებისკენ გადაეხვიათ, თუმცა არის სხვა ვერსიაც...

უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სანკტ-პეტერბურგამდე რომ მიაღწიონ, პირდაპირ ხაზით 900 კმ-მდე მაინც უნდა გაიფრინონ, მაგრამ ამ მარშრუტზე რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკვე დამატებით უყენია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

შესაბამისად, უკრაინის გენშტაბი ეძებს ახალ,ნ აკლებად ხიფათიან მარშრუტებს ლენინგრადის ოლქში რუსეთის საზღვაო პორტებსა და მსხვილ ნავთობტერმინალებზე თავდასასხმელად.

ერთ-ერთ ასეთი მარშრუტი კი გადის ბელორუსის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის იმ აღმოსავლეთი საზღვრის გასწვრივ, რომლითაც ეს ქვეყნები ესაზღვრებიან რუსეთს.

1-ukra-1778150676.png
რუსეთის საზღვრიდან 45 კმ-ში მდებარე ლატვიურ ქალაქ რეზეკნეში მდებარე ამ ნავთობრეზერვუარის ასეთი წერტილოვანი დაზიანება უკრაინული კამიკაძე-დრონის შეტევის შემდეგ, ბევრ კითხვას ბადებს...

როდესაც დრონი ძალიან დაბალ სიმაღლეზე სახელმწიფო საზღვრის თავზე მიფრინავს, იქმნება რთული სიტუაცია, თუ რომელმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი აღმოჩენა, იდენტიფიკაცია და ბოლოს ჩამოგდება?

ესეც ერთგვარი სამხედრო ეშმაკობაა, რაც უკრაინულმა მხარემ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოიყენა და სასურველ მიზანსაც მიაღწია, როდესაც ფინეთის ყურეში უდიდესი რუსული საზღვაო ნავთობტერმინალი ააგიზგიზა, მაგრამ ამ ხრიკს გამოუჩნდა უდიდესი პრობლემაც...

დღეს დილას ლატვიის საჰაერო სივრცეში რამდენიმე უცნობი დრონი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი ლატვიურ ქალაქ რეზეკნეში ჩამოვარდა და...ნავთობის რეზერვუარს დაეცა, რომელიც საბედნიეროდ ცარიელი იყო და დიდი ხანძარი არ გაჩენილა...

ლატვიის ხელისუფლება ჯერ თავს იკავებს ოფიციალურად განაცხადოსб თუ ვისი დრონი აფეთქდა მის ქალაქში - თუკი ეს იყო რუსული „გერანი“, გამოდის, რომ მეზობელმა რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა ნატოს წევრ ლატვიაზე, ხოლო თუკი ის უკრაინელების გამოშვებული გახლდათ, მაშინ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე უკრაინის მოკავშირე იმ ლატვიას, რომელიც თავად აიარაღებს კიევს?

სანამ რიგაში ყოყმანობენ, თვითმხილველთა გადაღებულ ვიდეოკადრებში მშვენივრად მოჩანს, რომ ლატვიური ქალაქის რეზეკნეს თავზე...უკრაინული FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონი დაფრინავს, სწორედ ისეთი, რომელთა საშუალებითაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არაერთი წარმატებული საჰაერო შეტევა განახორციელეს რუსულ ნავთობგამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობტერმინალებზე.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა, რუსეთმა მაინც დაბომბა - 9 მაისის აღლუმზე პუტინი ზელენსკის კამიკაძე-დრონების "დაუპატიჟებელ სტუმრობას" უნდა დაელოდოს?!

უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე

ვროპის განსაცდელი - დატოვებს თუ არა ტრამპი ბებერ კონტიტენტს ერთი ერთზე "რუსულ ჩექმასთან"?!

არის თუ არა ქართული არმია მზად თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის?! - თავდაცვის ძალების 35-წლიანი გზა

მაგრამ, ლატვიური ქალაქი რეზეკნე მთელი 45 კმ-ითაა დაშორებული რუსეთის საზღვრიდან და ამხელა მანძილზე როგორ შეეშალათ უკრაინელ ოპერატორებს, როდესაც ამ კამიკაძე-დრონის ფრენის მარშრუტს აპროგრამებდნენ?

2-ukra-1778150677.png
უკრაინული FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონის დიზაინი ისეთი დამახასიათებელია, რომ ცაში მისი ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს...

ან კიდევ როგორ მიზანმიმართულად მოხვდა ეს უკრაინული დრონი ლატვიურ ნავთობრეზერვუარს, ეს წინასწარ იყო დაპროგრამებული თუ მისი დისტანციური მართვა ხდებოდა?

მოკლედ კითხვები ბევრია, პასუხები ჯერ არ ჩანს. ისე კი უკრაინელ სამხედროებს მოუწევთ მეტი „აკურატულობის“ გამოჩენა, როდესაც აგრესორი რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში გეგმავენ კამიკაძე-დრონებით შეტევას, რომ კრემლზე ისედაც გაბრაზებული რუსეთის მეზობლები, კიევსაც არ დაემდურონ...