სასოწარკვეთილი პუტინი ანუ რა აჩვენა 9 მაისის აღლუმმა?! - კვირის პალიტრა

სასოწარკვეთილი პუტინი ანუ რა აჩვენა 9 მაისის აღლუმმა?!

დასავლურ პრესაში 10-11 მაისს გამოქვეყნებულ მასალებში საკმაოდ ფართოდ არის განხილული რუსეთში 9 მაისს გამართული სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესასწაულს მიეძღვნა. მათ უმეტესობას კრიტიკული და ანტირუსული ხასიათი აქვს: აღნიშნულია, რომ კრემლისთვის 9 მაისი პროპაგანდისტულ ბერკეტს წარმოადგენს - ისტორიული მოვლენების მისთვის სასურველი სახით წარმოდგენის მიზნით. ერთ-ერთ ასეთ პუბლიკაციას წარმოადგენს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულმა ვლადიმერ პუტინის სამხედრო აღლუმმა აჩვენა, რომ რუსეთის რეჟიმი სასოწარკვეთილია“ (ავტორი - ივანა სტრადნერი).

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთი ყოველწლიურად 9 მაისს - გამარჯვების დღესასწაულს სახელმწიფო პროპაგანდისთვის უმნიშვნელოვანეს დღედ წარმოაჩენს.

სამხედრო აღლუმი, რომელიც 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე ტარდება ხოლმე, მოწოდებულია რუსეთის ძლიერების საჩვენებლად საზღვარგარეთისათვის, ხოლო ქვეყნის შიგნით - ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ლოიალობის განსამტკიცებლად. რუსული სამხედრო აღლუმი არის სამხედრო ძლიერების, ისტორიული მითოლოგიის და პოლიტიკური იდეების ნარევის ორგანიზებული დემონსტრაცია, რომელიც 1945 წლის მაისში სსრ კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის განადგურებას უკავშირდება.

მაგრამ მიმდინარე წელს მოსკოვში 9 მაისის ზეიმი საკმაოდ თავშეკავებულად აღინიშნა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში აღლუმზე არ იყო წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინასთან მიმდინარე ომის მეხუთე წელს კრემლს სატრაბახო უკვე არაფერი აქვს.

აშკარაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან შიშობდა - ვაითუ, მოსკოვის ცაზე უკრაინული დრონები გამოჩნდესო და ამიტომ კრემლმა გამარჯვების დღეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და თან უკრაინა კიევზე „მასირებული სარაკეტო დარტყმით“ გააფრთხილა, იმ შემთხვევისათვის, თუ საზეიმო განწყობა მოსკოვში უკრაინული დრონებით იქნებოდა ჩაშლილი.

რასაკვირველია, გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი პაუზები მაინცდამაინც მტკიცე არ არის და ეს 8-9 მაისს მომხდარი საჰაერო ინციდენტებითაც დადასტურდა: კიევმა და მოსკოვმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.

თანამედროვე რუსულ სახელმწიფო პროპაგანდაში გამარჯვების დღე განამტკიცებს იმ იდეას, რომ საბჭოთა კავშირმა მსოფლიო ნაციზმისაგან გადაარჩინა და ამისათვის კრემლმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას მსხვერპლად 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შესწირა. კრემლის მიერ ასეთი დანაკარგის ხაზგასმა მოსახლეობისათვის ძლიერ ემოციურ სტიმულად რჩება.

ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია, სარგებლობს ამ საბჭოური მემკვიდრეობით: ერთი მხრივ, რუსეთის პოზიციების განსამტკიცებლად საზღვარგარეთ და მეორე მხრივ - საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად ქვეყნის შიგნით. იგი გერმანულ ნაციზმთან ომს უკრაინასთან ომის გამამართლებელ ფაქტორად იყენებს და მას „დენაციფიკაციად“ მოიხსენიებს. მისი განცხადებით, „ისევე, როგორც 1945 წელს, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ“. პრეზიდენტმა რუსეთი ნაციზმთან ბრძოლის ბარიერად წარმოსახა და მიანიშნა, რომ უკრაინასთან ომი სწორედ ნაციზმთან ომის გაგრძელებას წარმოადგენს.

კრემლი მეორე მსოფლიო ომში რუსეთის წამყვანი როლის განმტკიცებას და მის კონტროლს თავისი კანონმდებლობის მეშვეობითაც ახდენს: 2014 წელს მიღებული კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივი სასჯელი არის დაწესებული „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სსრ კავშირის მოქმედების თაობაზე II მსოფლიო ომის დროს“ და „საბრძოლო დიდების სიმბოლოების შებღალვისათვის“. 2021 წელს კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა: დაწესდა სანქციები ნებისმიერი მცდელობისათვის, თუ სსრ კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მოქმედებები ერთმანეთთან იქნება გაიგივებულ-გათანასწორებული ან თუ ეჭვქვეშ იქნება დაყენებული საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი გერმანულ ნაციზმზე გამარჯვებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: დედამიწა განადგურებას 8 წლის წინ გადაურჩა?! - "თუ კიმ ჩენ ინს უნდა ჰქონდეს "ბოლო ჟამის იარაღი", რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს?"(The Hill)

"დიახ, რუსეთი დაიშლება" ანუ რით განსხვავდება პუტინი სტალინისგან?

"ნატო იშლება": პოლონეთის პრემიერის ავი წინასწარმეტყველება - რა თქვა გერმანიის კანცლერმა ისეთი, რომ ტრამპი გაცოფდა?!

როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი?

ვლადიმერ პუტინმა განაახლა რუსული განათლების სისტემა და ისტორიის ძველი სახელმძღვანელოები კრემლის მიერ მოწონებული ახალი სახელმძღვანელოებით შეცვალა. მათი მეშვეობით ბავშვებს ასწავლიან, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ გერმანიის თავდასხმის შემდეგ ჩაერთო. ეს ხდება იმიტომ, რომ რუსეთს სურს, სერიოზული მნიშვნელობა არ მიეცეს უხერხულ მომენტებს ისტორიიდან - ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, 1939 წელს ხელმოწერილ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლის მიხედვით, საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ (მესამე რეიხმა) აღმოსავლეთ ევროპა გავლენის სფეროებად გაიყვეს და კონტინენტი სიბნელეში ჩაძირეს. ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებში არსად არის ნათქვამი, რომ სწორედ იმ ხანებში, 1940 წელს, სსრ კავშირმა „ჩაყლაპა“ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და მას ომი ჰქონდა მეზობელ ფინეთთან.

ვლადიმერ პუტინი იცავს იმ იდეას, რომლის თანახმად, „საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ომის მოგება დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლადაც შეეძლო“ და რომ მოსკოვმა „ნაციზმთან ომის მთელი სიმძიმე საკუთარ ზურგზე გადაიტანა“.

თავის მხრივ, როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომი აშშ-ის გარეშე მოგებული არ იქნებოდა. ეს რეალობა ასახულია ამერიკული „ლენდ-ლიზის პროგრამაში“, რომლის საფუძველზე სსრ კავშირს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, სურსათ-სანოვაგე და სხვა მასალები მიეწოდებოდა ფრონტებზე სამხედრო მოქმედებების გასავითარებლად.

როცა ისტორია იარაღად გამოიყენება, სიმართლით მანიპულირება ბრძოლის ნაწილი ხდება. დასავლეთმა რუსეთის სიცრუის პროპაგანდა რომ დათრგუნოს, თვითონ უნდა დაიწყოს უფრო აქტიურად პუტინის ყალბი იდეების განეიტრალება და სიმართლის გავრცელება II მსოფლიო ომის შესახებ.

9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების დღის ზეიმს არასასიამოვნო შეფერილობა ჰქონდა - აღლუმი უფრო სანახაობრივი იყო, ვიდრე - ძლიერების დემონსტრირება. ღონისძიება საკმაოდ შემოკლებული იყო, არ მონაწილეობდა სამხედრო ტექნიკა, მაგრამ წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფები. ეს მოწმობს იმას, რომ რუსეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი დაეცა. იმ ლიდერისათვის, რომელიც თავის ლეგიტიმურობას ძალის მეშვეობით ამყარებს, აღლუმი თეატრალურ წარმოდგენად ჩანდა, მისი სისუსტის შესანიღბავად.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი „გეოპოლიტიკური ჭადრაკის დიდოსტატად“ არის კულტივირებული, მისი სათამაშო დაფა ცარიელ არენად მოჩანს. იგი აცხადებს, რომ „ომებში რუსეთი მუდამ იმარჯვებდა და ახლაც ისინი გაიმარჯვებენო“, მაგრამ უკრაინასთან ომის მსვლელობა კრემლის სისუსტეს აჩვენებს. მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული ქორეოგრაფიული წარმოდგენა, ალბათ, ჯერ კიდევ შთამბეჭდავია და მოსახლეობას კვებავს, მაგრამ რუსული ყალბი ისტორიის გასაღება სულ უფრო ძნელი ხდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო