დედამიწა განადგურებას 8 წლის წინ გადაურჩა?! - "თუ კიმ ჩენ ინს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს?"(The Hill) - კვირის პალიტრა

დედამიწა განადგურებას 8 წლის წინ გადაურჩა?! - "თუ კიმ ჩენ ინს უნდა ჰქონდეს "ბოლო ჟამის იარაღი", რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს?"(The Hill)

„აშშ-ის შეტევა ირანზე ეწინააღმდეგება თეთრი სახლის პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ორივე ქვეყანა, ვაშინგტონის მტკიცებით, ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, ომის ვარიანტი გამოირიცხა“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „თუ კიმ ჩენ ინს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს?“ (ავტორი - ჰარლან ულმანი). იბადება ბუნებრივი კითხვა: რით არის ირანი უფრო საშიში ჩრდილოეთ კორეასთან შედარებით?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, თავის მოკავშირე ისრაელთან ერთად, უკვე 11 კვირაა, ირანთან ომის მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ცნობილია, ომის მთავარი გაცხადებული მიზეზია ის, რომ თეირანი თითქოსდა, ძალიან მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნას და რომ ირანის შეჩერება მხოლოდ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას შეეძლო, ვთქვათ, „ეპიკურ მრისხანებას“. მაგრამ გავიხსენოთ: განა შარშან ივნისში არ გვითხრა თეთრმა სახლმა, რომ ოპერაცია „შუაღამის ურო“ წარმატებული იყო და ირანის ბირთვული პოტენციალი მთლიანად განადგურდაო? რაიმე შეუსაბამობა ხომ არ არის?

ცხადია, „ეპიკურ მრისხანებას“ სინამდვილეში სხვა მიზნებიც ჰქონდა: რეჟიმის შეცვლა, ირანის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება, ქვეყნის სარაკეტო ინფრასტრუქტურის მოსპობა და ირანის, როგორც რეგიონული საფრთხის გაუვნებლობა. შეიძლება შევაფასოთ, რა არის ჩამოთვლილი მიზნებიდან მიღწეული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება ისევ გრძელდება.

მაგრამ იბადება მთავარი კითხვა: რატომ არის ირანისათვის აკრძალული ბირთვული იარაღის წარმოება მაშინ, როცა სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ ჩრდილოეთ კორეის გადარეულ დიქტატორს ნება მიეცა, არა მარტო თავისი ბირთვული ქობინები შეექმნა, არამედ - ეს ქობინები შორი მოქმედების რაკეტებზე დაემონტაჟებინა? განა კიმი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა? განა ჩრდილო-კორეელი ტირანი მოლების, აიათოლების და „რევოლუციის გუშაგებივით“ გამოწვევად არ იქცევა? რატომ არის თეთრი სახლი არათანმიმდევრული?

ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ირანის რიტორიკა ლოზუნგებით „სიკვდილი ამერიკას!“ და მისი „47-წლიანი ომი“ აშშ-ისთან, როგორც ამას თეთრი სახლი მუდმივად იმეორებს. ირანისგან განსხვავებით, აშშ და გაერო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მართლაც ომობდნენ, 1950-53 წლებში, რომლის შედეგად ბევრად უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე - ირანთან ომში. თანაც ფორმალურად კორეის ომი ჯერ დამთავრებულიც კი არ არის - ქვეყანაში უკვე 70 წელზე მეტია, მხოლოდ დროებითი ზავის პირობები მოქმედებს.

ისტორია გვაჩვენებს პარადოქსულ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ კორეა (კსდრ) რაიმე სერიოზული დაგმობა-გაკიცხვის გარეშე ფლობს ბირთვულ იარაღს, ირანს კი მისი ქონა ეკრძალება.

კრიზისი დაიწყო 2017 წლის ივლისში, როცა ფხენიანმა სარაკეტო-ბირთვული იარაღის გამოცდებისათვის მზადება დაიწყო.

2017 წლის აგვისტოში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეას შორის მწვავე შეხლა-შემოხლა გაიმართა: 8 აგვისტოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეიდან წამოსულ საფრთხე-მუქარას ისეთი ცეცხლითა და მრისხანებით ვუპასუხებთ, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ უნახავსო“. ფხენიანის წარმომადგენელმა გაეროში დაგმო დონალდ ტრამპის განცხადება: მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი თვითონ ქმნის ისეთ საშიშ სიტუაციას, რომლის დროსაც თერმობირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოსო“. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენასამბლეის სხდომაზე ჩრდილოეთ კორეას „სრული განადგურებით“ დაემუქრა და კიმ ჩენ ინი ზიზღით „რაკეტმსროლელად“ მოიხსენია. კიმმა არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი „ბებერი სულელია“ და გააფრთხილა, რომ ასეთი ქცევა ძვირად დაუჯდებოდა.

2017 წლის სექტემბრისათვის ჩრდილოეთ კორეამ უკვე გამოსცადა 250 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული ქობინა და დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ბალისტიკური რაკეტების გაშვება საკუთარი რეგიონის მიღმა, თვით ალასკამდეც კი. ეს ნიშნავდა იმას, მისი ბირთვული პოტენციალი უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე ამას ამერიკული დაზვერვა ვარაუდობდა.

„ბირთვული ჩხუბი“ 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდა, რიტორიკა სარისკოდ მიუახლოვდა „წითელ ღილაკს“ (იგულისხმება ბირთვული რაკეტის გამშვები ღილაკი): დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ იგი იძულებული გახდება, თითი „წითელ ღილაკს“ დააჭიროს, რომელიც ჩრდილოკორეულ „წითელ ღილაკზე“ ბევრად დიდი და ძლიერია, თანაც ზუსტად მოხვდება სამიზნეს. ამბობენ, რომ დონალდ ტრამპს ძალიან უნდოდა ჩრდილო-კორეისათვის ბირთვული დარტყმა მიეყენებინა. საბოლოოდ, პრეზიდენტს, როგორც იქნა, სურვილი გადაათქმევინეს და „ცხელი თავი“ გაუგრილეს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითების ყოფილმა გენერალმა ჯონ კელიმ თეთრ სახლში ქვეყნის მთავრობა შეკრიბა და პრეზიდენტს მოახსენა, რომ კორეის ომი კოლოსალური ზიანის მომტანი იქნებოდა. იმ ხანებში, ზოგიერთი წყაროს ცნობით, თავდაცვის მინისტრს საწოლში ტანსაცმლით, სამხედრო ფორმით ეძინა, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ყოფილიყო და ბრძანება გაეცა კიმ ჩენ ინის მიერ აშშ-ისაკენ გაშვებული ჩრდილოკორეული რაკეტების ჩამოგდებაზე.

ექსპერტ-დამკვირვებლები და პოლიტიკოსები ომის რისკს სერიოზულად აფასებდნენ. სენატორ-რესპუბლიკელმა ჩრდილოეთ კაროლინიდან - ლინდსი გრემმა ომის დაწყება 30%-ით შეაფასა. როგორც ნატოს ევროპული ძალების გადამდგარმა სარდალმა, ოთხვარსკვლავიანმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა აღნიშნა, მართალია, მისი აზრით, ბირთვული ომის დაწყების რისკი მხოლოდ 10%-ს შეადგენს, მაგრამ თუნდაც ჩვეულებრივი ომი დაიწყოს, მილიონობით ადამიანი მაინც დაიღუპებაო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ექსდირექტორმა ჯონ ბრენანმა ომის შანსები 20-25%-ით შეაფასა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰაასმა (იგი ყველაზე პესიმისტურად იყო განწყობილი), ომის ალბათობა 50:50-ზე დაუშვა.

როგორც ცნობილია, მოგვიანებით დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთმანეთს თავაზიანი წერილები გაუგზავნეს და აშშ-ის პრეზიდენტი, მისივე აღიარებით, ჩრდილო-კორეელ დიქტატორს „დაუმეგობრდა“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ! მართალია, რაიმე შეთანხმება არ გაფორმებულა, მაგრამ დღეისათვის ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისათვის ისეთ სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, როგორიც ოდესღაც იყო. შეიცვლება თუ არა სიტუაცია „ბოროტების ახალი ღერძის“ (მოსკოვი-თეირანი-პეკინი-ფხენიანი) გაჩენით, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

ასევე დაგაინტერესებთ: "დიახ, რუსეთი დაიშლება" ანუ რით განსხვავდება პუტინი სტალინისგან?

"ნატო იშლება": პოლონეთის პრემიერის ავი წინასწარმეტყველება - რა თქვა გერმანიის კანცლერმა ისეთი, რომ ტრამპი გაცოფდა?!

როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი?

სკანდალური სტატია: ვინ იყენებს კლიმატურ იარაღს ანუ "იპარავენ" თუ არა ტრამპი და ნეთანიაჰუ ღრუბლებს?!

თუ დონალდ ტრამპმა ასე სწრაფად შეცვალა თავისი კურსი ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მაშინ რატომ არ შეცვლის თავის განწყობას ირანთანაც? ირანს ხომ ჯერ არ აქვს არც ატომური ბომბი და არც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (ან სხვა რაიმე საშუალება) აშშ-ის წინააღმდეგ შეტევისათვის, რომელიც ჩრდილოეთ კორეას უკვე აქვს? აშკარაა, რომ აშშ-მა აწონ-დაწონა ფხენიანზე თავდასხმის კატასტროფული შედეგები და ომის ვარიანტი უარყოფილი იქნა. სამაგიეროდ, თეთრი სახლი ებრძვის უბირთვო ირანს...

ბუნებრივად იბადება კითხვა: აბა, მაშ რით არის ირანი ჩრდილოეთ კორეაზე უფრო საშიში? შესაძლოა, ბევრი არ დაეთანხმოს საკითხის ასეთნაირად დასმას, მაგრამ მას დამაჯერებლი პასუხი უნდა გაეცეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო