რატომ სჯერა ფანატიკურად პუტინს, რომ უკრაინის თავდაცვა მალე გაირღვევა და რას გეგმავს ზელენსკი?!
"რუსეთს და უკრაინას აშშ-ის შუამავლობის აღარ სჯერათ, რომ ვაშინგტონი რაიმე წარმატებას მიაღწევს ომის შეწყვეტის მიზნით კიევთან და მოსკოვთან გამართულ მოლაპარაკებებზე“, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით: „ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გულგრილად არიან განწყობილნი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ, აშშ-ის შუამავლობით“ (ავტორები - მაქს სედონი, ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).
„მოსკოვი თვლის, რომ ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება, კიევი კი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ან უუნაროა, ან თეთრ სახლს არ სურს, რეალურად მოახდინოს ზეწოლა კრემლზე. შესაბამისად, „მაქოს დიპლომატია“ ჩიხში შევიდა და დაპირისპირებული მხარეები ისევ გაჭიანურებული ომისათვის ემზადებიან“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
მოსკოვი და კიევი დონალდ ტრამპის დიპლომატიის მიმართ უნდობლობით არიან განწყობილნი - მათ აღარ სჯერათ, რომ თეთრი სახლის მცდელობა ომის შეწყვეტის მიზნით წარმატებული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანთან ომი დასრულდება.
"რუსეთი და უკრაინა თვლიან, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას აშშ-ის შუამავლობით მცირე პერსპექტივა აქვს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი" , - იტყობინებიან წყაროები, რომლებიც კარგად ერკვევიან ორივე მხარის პოზიციებში. მათი თქმით, ვლადიმერ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკრაინის სულ უფრო მეტი ტერიტორია ჩაიგდოს ხელში და განზრახული აქვს, გააფართოვოს მოთხოვნების სია, როგორც კი მოსკოვი დონბასზე - საკვანძო რეგიონზე - კონტროლს დაამყარებს. კიევში კი თვლიან, რომ უკრაინა უკვე აღარ არის ძველებურად მოწყვლადი აშშ-ის ზეწოლის გამო და მას შეუძლია ამერიკასაც კი წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ თეთრი სახლი შეეცდება, უკრაინას არასასურველი და წამგებიანი შეთანხმება თავს მოახვიოს. დღეს უკრაინა აშშ-ის გარეშეც იოლად ახერხებს რუსეთისათვის დიდი ზიანის მიყენებას, საკუთარი დრონებით, მტრის ზურგში შორი რეიდების განხორციელების დროს.
წყაროების ცნობით, მართალია, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში, 9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გამო განაცხადა, რომ „ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მომენტსო“, მაგრამ არც მოსკოვი და არც კიევი არ ხედავს რაიმე განსაკუთრებულ აზრს მოლაპარაკების გაგრძელებაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ზეწოლას, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მუქარა ან გავლენის მოხდენა გულშიც არ გაუვლიათ.
უკრაინული წყაროების ცნობით, კიევმა ჯერ კიდევ თებერვალში ჩათვალა, რომ აშშ-ის საშუამავლო შუამავლობა უშედეგოა, მისი მოქმედება ჩიხში შევიდა, რადგან დონალდ ტრამპი ვერ ან არ იჩენს მტკიცე სურვილს, ვლადიმერ პუტინს საზავო პირობების შერბილება მოსთხოვოს.
„სამწუხაროდ, ამერიკულმა მხარემ რუსეთის მიმართ ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია“, - დაიჩივლა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, - „ის, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, უკვე გაკეთებულია... მთავარი მიზანი კი ჯერჯერობით მიუღწეველი რჩება“.
ამასობაში რუსეთი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უაზრო იქნება მანამ, სანამ კიევის ჯარი არ დატოვებს დონბასს - უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ფრონტისპირა რეგიონს, რომლის ძირითად ნაწილს უკვე კრემლის არმია აკონტროლებს.
„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე და იმედი აქვს, ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს“, - ამბობს ერთ-ერთი გერმანელი დიპლომატი, - „მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთი უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ცდილობენ, რომ თავიანთი ნეგატიური პოზიცია რბილად გამოხატონ, რათა დონალდ ტრამპს მშვიდობის დამყარების სურვილი არ ჩაუხშონ იმ შემთხვვაშიც კი, როცა თვითონ დაპირისპირებულ მხარეებს იმედი არ აქვთ.
„აშშ ძველებურად არის ჩაბმული დიპლომატიურ პროცესში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინათ, - „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპისა და თეთრი სახის ყურადღება ახლა ირანთან ომისკენ არის მიპყრობილი. ამასთან, მაინც იგრძნობა ამერიკელების სურვილი, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
მართალია, უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირები, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ამერიკელებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან - შეხვედრებს აგრძელებენ, თუმცა ისე ჩანს, რომ ამას უფრო „ზრდილობის გამოსავლენად“ აკეთებენ.
ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს მხოლოდ მოსკოვში შეხვდება და რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრის თაობაზე, მისთვის მიუღებელია. და თუ ევროკავშირს შუამავლობა სურს, კრემლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება ბრიუსელის სურვილს, თუ შუამავლის როლს გერმანიის ექსკანცლერი გერჰარდ შრედერი შეასრულებს.
მაგრამ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ გერჰარდ შრედერის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია, რადგანაც ექსკანცლერი კრემლთან ახლოს არის და ამიტომ იგი შეხვედრების დროს ობიექტური არ იქნება.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ „კიევისათვის გერჰარდ შრედერი ავტორიტეტი არ არის და მისი კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია“.
წყაროების აზრით, ვლადიმერ პუტინის რწმენა, რომ უკრაინის თავდაცვა მალე გაირღვევა და კიევის ჯარები დონბასს მალე დატოვებენ, არ შერყეულა არც იმით, რომ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმი ადრინდელთან შედარებით შეზღუდულად ჩატარდა, უკრაინული დრონების შიშის გამო და არც იმით, რომ ბოლო დროს ბრძოლის ველზე რუსეთის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს ვეღარ აღწევს.
ასევე დაგაინტერესებთ: სასოწარკვეთილი პუტინი ანუ რა აჩვენა 9 მაისის აღლუმმა?!
"დიახ, რუსეთი დაიშლება" ანუ რით განსხვავდება პუტინი სტალინისგან?
გასულ შაბათს ერთ-ერთ იშვიათ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი არმია კონცენტრირებულია მტრის გასანადგურებლად, რომელიც უახლოეს ხანში მოხდება, უკრაინისადმი დასავლური დახმარების მიუხედავად. „დიახ, ევროკავშირმა უკრაინას დიდძალი ფული და იარაღი აღუთქვა... მაგრამ ჩემი აზრით, საქმე ომის დასასრულისაკენ მიდის - ეს სერიოზული მომენტია“, - განაცხადა რუსმა ლიდერმა.
რუსეთის გენერალურმა შტაბმა და არმიის სარდლობამ პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ არმია დონბასს მთლიანად შემოდგომის დასაწყისში დაიკავებს ანუ -სამთვე-ნახევარში. ამას მტკიცედ აცხადებს როგორც ის ორი ადამიანი, რომლებსაც კონტაქტები აქვთ პრეზიდენტთან, ასევე, საქმის კურსში მყოფი კიდევ ორი სხვა წყარო და უკრაინის დაზვერვის შეფასებაც, რომელიც „ფაინენშელ ტაიმსს“ ხელში ჩაუვარდა. პუტინის გეგმებშია აგრეთვე, ცეცხლის შეწყვეტას ფასი აუწიოს ანუ რუსეთი ცეცხლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მისი მომატებული ტერიტორიული პრეტენზიები დაკმაყოფილდება. თუმცა არის იმის საფრთხე, რომ თუ დაკმაყოფილდება, მას „მადა გაეზრდება“ და მეტს მოისურვებს (...).
„პირადად ვარწმუნებდი პუტინს, ცეცხლი ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეწყვიტილიყო, მაგრამ იგი მაინც თავისას იმეორებს: „არა, მე ამ საკითხში კომპრომისზე არ წავალ“, - განაცხადა „ფაინენშელ ტაიმსთან“ საუბარში ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.
არც ხერსონს და არც ზაპოროჟიეს პუტინისათვის ისეთი „სიმბოლური მნიშვნელობა“ არ აქვს, როგორც ყირიმს და როგორც დონბასს, თუმცა, რა თქმა უნდა, ხერსონიც და ზაპოროჟიეც საკვანძო ფრონტებად რჩებიან.
დონბასთან შედარებით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაკავება ბევრად რთული იქნება. ორივე საოლქო ცენტრი მდინარე დნეპრის გადაღმა მდებარეობენ. ხერსონი რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული იყო 2022 წლის 3 მარტიდან 9 ნოემბრამდე, ხოლო ზაპოროჟიეს რუსი ოკუპანტები არასოდეს არ აკონტროლებდნენ.
როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ჭეშმარიტი მიზნები ძველებურად გამოიხატება უკრაინაზე გაბატონების უზრუნველყოფაში - როგორც მინიმუმ - დნეპრამდე მაინც. ორი რუსული წყაროს მტკიცებით, რომლებიც კონფიდენციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, ამაში იგულისხმება კიევისა და შავი ზღვის მთავარი ნავსადგურის - ოდესის დაპყრობა.
„ამასთან, პუტინმა შეიძლება ვერ აიღოს ვერც ზაპოროჟიე, ვერც ხერსონი და ვერც ოდესა, მაგრამ მისი უმთავრესი გეგმა - კიევის დაკავება უნდა შესრულდეს. ბრძანება გაცემულია და ის არ გაუქმდება, ის უნდა შესრულდეს“, - აცხადებს ერთ-ერთი წყარო, - „მას ეუბნებიან, რომ უკრაინელები ძლივს დგანან ფეხზე, ფრონტი ირღვევა და ჯარისკაცები არ ჰყოფნით“.
გასულ შაბათს ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები, დღევანდელთან შედარებით, შეიძლება კიდევ გაფართოვდეს. კითხვაზე, უკრაინული დრონების აქტიური მოქმედების გამო ხომ არ აპირებს რუსეთი „უსაფრთხოების ზონის“ გაფართოებას უკრაინის ტერიტორიაზეო? - პრეზიდენტმა თქვა: „თქვენს კითხვას პასუხი თქვენ თვითონვე გაეცით... დიახ, საჭიროა ისე გაკეთდეს, რომ ჩვენ არავინ აღარ დაგვემუქროს, მორჩა და გათავდა. ჩვენ სწორედ ეს გვინდა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ