დაპირისპირება ირანის ხელისუფლებაში?! - ორი ბანაკი: ვინ არის მშვიდობის და ვინ - ომის მომხრე?
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ირანელი ხისტი ხაზის მომხრე პოლიტიკოსებისა და სამხედროების ალიანსი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის“ (ავტორი - ახტარ მაკოი), რომელშიც გაანალიზებულია ირანის მმართველ წრეებში შექმნილი სიტუაცია: ერთნი კომპრომისებზე წასვლას აპირებენ, მეორენი - მათ ეწინააღმდეგებიან. ვინ არიან ორივე ბანაკის მთავარი წარმომადგენლები?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ირანში ნდობის ფაქტორს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ნდობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მტკიცე ვალუტის როლს ასრულებს, მაგრამ დღეს ნდობა დეფიციტშია.
უკვე 100 დღეზე მეტია, რაც ისლამურ რესპუბლიკას - მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებულ თეოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც უზადო ხელისუფლების იდეით არის აგებული - ისეთი უზენაესი ლიდერი მართავს, რომელიც თანამდებობის ტიტულით არავის უნახავს. ახლა ამბობენ, რომ მოსალოდნელია, მან - უხილავმა ადამიანმა - აშშ-ისთან გარიგება გააფორმოსო.
მაგრამ მმართველობის სისტემა დარღვეულია: დღეს ყველა ვეღარ კონტროლდება და, შესაბამისად, ხისტი პოლიტიკის მომხრე პარლამენტარები და სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნებისმიერი [სამშვიდობო] შეთანხმება ჩავარდეს და მას ხელი არ მოეწეროს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია სპარსეთის ყურე მთლიანად დაინაღმოს და დროებითი ზავის დროს აშშ-ის პროვოცირება მოხდეს, რითაც მთელი სამშვიდობო პროცესი ჩაიშლება.
ისლამური რესპუბლიკა აგებულია პრინციპით, რომლის თანახმად, საყოველთაო მონაწილეობით არჩეული ინსტიტუტები მოქმედებენ საყოველთაოდ აურჩეველი უმაღლესი ლიდერის ხელმძღვანელობით, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივას ფლობს, ყველა სტრატეგიულ საკითხთან მიმართებით. ირანში ასეთი კონცენტრირებული ხელისუფლება მუშაობდა, როგორი რეპრესიულიც უნდა ყოფილიყო იმ დროს, როცა ალი ხამენეის 36 წლის განმავლობაში მართვის სადავეები ხელში ეჭირა. მოჯთაბა ხამენეის, მის ვაჟს, კონტროლის ასეთი უფლება არ აქვს. გაურკვევლობა იმითაც ღრმავდება, რომ მოლაპარაკებების ირგვლივ ღრმა საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი. ბევრი ირანელი ოფიციალური პირი და ანალიტიკოსი აღიარებს იმ ფაქტს, რომ ისინი მოლაპარაკებების შესახებ მხოლოდ მასმედიის მეშვეობით იტყობენ და არა - შიდა კომუნიკაციებით.
„არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება „ზემოთ“, - ამბობს ერთ-ერთი თეირანელი ჩინოვნიკი, „დეილი ტელეგრაფთან“ სატელეფონო საუბარში, - „ოფიციალური პირების უმრავლესობა მომხდარ ფაქტს მხოლოდ ტელევიზიის მეშვეობით თუ იგებს. მათ არ იციან, თუ რაზე ვამბობთ უარს და რაზე ვთანხმდებით“.
ეს ვაკუუმი სახიფათო დინამიკას ქმნის.
ხისტი პოლიტიკური ხაზის მომხრეები, რომლებიც, პრინციპში, აშშ-ისთან ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან, აცხადებენ, რომ ირანმა არ უნდა დათმოს ის მოგებიანი პოზიცია, რომელიც ომში გამარჯვებით გამოიხატება.
გამჭვირვალობის არარსებობა აძლიერებს ეჭვებს, რომ მთავარი მომლაპარაკებლების - პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისა და პარლამენტის სპიკერის - მოჰამად ბაგერ გალიფაბის გუნდი საიდუმლო დათმობებზე თანხმდება, დახურულ კარს მიღმა.
ყველაზე მწვავე საკითხია ირანის გაყინული აქტივების - მრავალი მილიარდი დოლარის საკითხი. როგორც სანდო წყარო იტყობინება, მოლაპარაკება უნაყოფო მანამდე იქნება, ვიდრე დასავლეთის ბანკებში არსებული ირანის კუთვნილი გაყინული თანხების განბლოკვა არ მოხდება. არის ცნობები, რომ კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკების დროს მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ საკითხი ბოლომდე ვერ გადაწყვეტეს: ირანელები ამერიკელებს ფუნდამენტალურად არ ენდობიან. უნდობლობას რიტორიკული ხასიათი კი არ აქვს, არამედ ისეთი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიას ეფუძნება და განმტკიცებულია აშშ-ის მრავალგზის მუქარით და დაპირებების დარღვევით.
ხისტი ხაზის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონთან ნებისმიერი გარიგების დადება გაუმართლებელ დათმობად ითვლება, ის იქნება ღალატი ისლამური რევოლუციის პრინციპების მიმართ, რაც ამერიკის ჰეგემონიისადმი წინააღმდეგობის გაწევაში გამოიხატება.
ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე თვეში ირანის პარლამენტში აშშ-ისთან მოლაპარაკების ინიციატივას 290 წევრიდან მხარი 261-მა დაუჭირა, ხოლო დანარჩენმა უარყო. ვინ არიან ისინი? ისინი არიან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსან ოფიცრებთან დაკავშირებული პირები, რომლებიც თვლიან, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება აშშ-ისთან ალი ხამენეის მემკვიდრეობისადმი ღალატს ნიშნავს.
მათ მხარს უჭერს ირანის კონსერვატიული მასმედია. მაგალითად, გაზეთ „კეიხანის“ რედაქციამ, რომელიც ახლოს დგას უმაღლესი ლიდერის ოფისთან, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი უთხრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაეროს სხდომაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩასვლაზე.
ნდობის დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდა, როცა აშშ-მა სამხრეთ ირანი ორშაბათს ისევ დაბომბა, თანაც ისეთ დროს, როცა დროებითი ზავია გამოცხადებული და მისი ვადა თვითონ თეთრმა სახლმა გააგრძელა.
„და ამ დროს ისინი აცხადებენ, რომ ირანი არ თანხმდება პირობებსო... დაბომბვებმა ბევრი დაარწმუნა, რომ ამერიკა სანდო არ არის და ისინი კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ მოლაპარაკებას“, - ამბობს დეპუტატი ამირჰოსეინ საბეთი, რომლის მტკიცებით, არ არის გამორიცხული, რომ აშშ ირანის ახალ ლიდერსაც მოკლავს.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინი ნიკოლოზ მეორესავით დაასრულებს?! - შემოიღებენ თუ არა რუსეთში იძულებით სამხედრო ბეგარას?
დაჯგუფება "იარაღით ძმები" ანუ ვინ მართავს სინამდვილეში დღეს ირანს?!
ირანის მოთხოვნების თამასა წარმოუდგენლად მაღალი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოჯთაბა ჰამენეის ავტორიტეტი ისეთი არ არის, როგორსაც ირანელები იმედოვნებდნენ. გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ უმაღლეს ჩინოვნიკთა ვიწრო წრე. „გუშაგთა კორპუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მოჰამად-ალი ჯაფარმა ორი დღის წინა ულტიმატუმი წამოაყენა, რომ ამერიკასთან მოლაპარაკება შეჩერდეს, სანამ არ იქნება მოხსნილი ყველა ანტიირანული სანქცია და სანამ ირანს თავისი კუთვნილი მილიარდები არ დაუბრუნდება, რომლებიც ამჟამად გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სანამ ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტს არ აღიარებს.
მოჰამად ალი-ჯაფარისა და კიდევ ზოგიერთების აქტიურობა მოწმობს, რომ ირანული ე.წ. „ღრმა სახელმწიფოს“ ინსტიტუციური ძალები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი გარიგების დადებას, რომელიც ირანისაგან დათმობებს ითვალისწინებს გამდიდრებული ურანისა და ჰორმუზის სრუტის მიმართ.
ძნელია მშვიდობის მიღწევა ისეთ ომში, როცა ერთი მხარე ზავის დროსაც კი დაბომბვებს აგრძელებს, ხოლო მეორე მხარე საკუთარ მთავარ მომლაპარაკებლებს - პრეზიდენტს და პარლამენტის სპიკერს - თვითონვე საბოტაჟს უწყობს.
მოამზადა სიმონ კილაძემ