დონალდ ტრამპს სურს, რომ 250-დოლარიან კუპიურაზე მისი პორტრეტი იყოს გამოსახული - მოქმედი კანონით, აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის აღბეჭდვა აკრძალულ - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპს სურს, რომ 250-დოლარიან კუპიურაზე მისი პორტრეტი იყოს გამოსახული - მოქმედი კანონით, აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის აღბეჭდვა აკრძალულია

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპს სურს, რომ ახალ, 250-დოლარიან კუპიურაზე მისი პორტრეტი იყოს გამოსახული, ფულტონის საპყრობილეში ყოფნის დროს“, რომელშიც საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთ ამბიციურ მიზანზე - ამერიკის ეროვნულ ვალუტაზე მისი ფოტოსურათი იყოს ასახული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ცდილობენ, შეცვალონ კანონი, რათა პრეზიდენტის სურათი, ამერიკის შეერთებული შტატების 250-ე წლისთავის აღსანიშნავად გამოშვებულ ბანკნოტზე იყოს გამოსახული. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აშშ-ის მეთაური ითხოვს, რომ მისი პორტრეტი ახალ 250-დოლარიან კუპიურაზე დაიბეჭდოს.

როგორც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) იუწყება, ბრენდონ ბიჩმა, აშშ-ის ხაზინადარმა და მისმა მრჩეველმა მაიკ ბრაუნმა, რომლებსაც დონალდ ტრამპმა პირადად დაავალა თავისი სურვილის შესრულება, მოუწოდეს სამინისტროს ბეჭდვისა და გრავირების ბიუროს თანამშრომლებს, რომ ბანკნოტის მაკეტი შექმნან.

პრეზიდენტმა უკვე განიხილა მხატვართან ერთად ახალი კუპიურის დიზაინი, მათ შორის - ფოტოსურათიც, რომელზეც დონალდ ტრამპი აღბეჭდილია ფულტონის საპყრობილეში ყოფნის დროს, 2023 წელს. ბანკნოტი დაიბეჭდება აშშ-ის შექმნის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად.

სკოტ ბესენტმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, არაფერი ცუდი და საკამათო არ უნდა იყოს იმაში, რომ ბანკნოტზე გამოსახული იქნება ადამიანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტია ქვეყნის მნიშვნელოვანი იუბილის აღნიშვნის დროს. მინისტრის თქმით, კონგრესში უკვე შეტანილია და განიხილება კანონპროექტი, რომელიც შეცვლის კანონს, რაც კრძალავს ცოცხალი ადამიანების გამოსახვას ამერიკულ ვალუტაზე. სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ 250-დოლარიანი ბანკნოტის მაკეტი უკვე მზად არის, მთავარია, კანონმდებლებმა კანონი დროულად მიიღონ.

„დღეს არსებული კანონის თანახმად, აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის აღბეჭდვა აკრძალულია. ასევე, სავალდებულოა, რომ დოლარზე იყოს წარწერა In God We Trust [„ღმერთი გვწამს“, 1957 წლიდან, კონგრესის გადაწყვეტილებით]. შესაბამისად, სენატში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვით იცვლება პირველი მოთხოვნა - 250-დოლარიან კუპიურაზე შეიძლება გამოსახული იყოს მოქმედი, ცოცხალი პრეზიდენტი ანუ დონალდ ჯონ ტრამპი. მეორე მოთხოვნა - წარწერა - უცვლელი რჩება. მოკლედ, ჩვენ უკვე მზად ვართ ახალი დოლარის დასაბეჭდად და თუ კანონს მიიღებენ, რა თქმა უნდა, მას შევასრულებთ“.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში 2025 წელს შეიტანა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, მაგრამ იმ დროს მის მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია - ვაითუ, საზოგადოებამ კანონის შეცვლა არასწორად გაიგოსო. ახლა კი კანონპროექტი სენატში იხილება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ფოტოსურათს, იგი 2023 წლის 24 აგვისტოს არის გადაღებული, ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის საპყრობილეში ყოფნის დროს, სადაც იგი წინასაარჩევნო რეკეტ-შანტაჟის ბრალდებით მოათავსეს.

ასევე დაგაინტერესებთ: დაპირისპირება ირანის ხელისუფლებაში?! - ორი ბანაკი: ვინ არის მშვიდობის და ვინ - ომის მომხრე?

პუტინი ნიკოლოზ მეორესავით დაასრულებს?! - შემოიღებენ თუ არა რუსეთში იძულებით სამხედრო ბეგარას?

დაჯგუფება "იარაღით ძმები" ანუ ვინ მართავს სინამდვილეში დღეს ირანს?!

"ირიბი იძულება": რა მეთოდი გამოიყენა ირანმა, რომ აშშ-ისრაელის შეტევებისთვის გაეძლო?! - The New York Times

როგორც ბრიტანელი მხატვარი იენ ალექსანდერი აცხადებს, სწორედ მან შეიმუშავა და მოამზადა აშშ-ის საიუბილეო 250-დოლარიანი კუპიურის მაკეტი. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა სთხოვა ახალი დოლარის დიზაინში ცვლილების შეტანაც - დაემატებინა აშშ-ის დროშა და ლოგოტიპი. იენ ალექსანდერის თქმით, დონალდ ტრამპი მას „ყველაზე კარგ ბრიტანელ მხატვარს“ უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ადამიანის გამოსახულება აშშ-ის დოლარის ბანკნოტებზე აკრძალულია 1866 წლიდან - მას შემდეგ, რაც 1864 წელს, სამოქალაქო ომის დროს, ხუთცენტიან მონეტაზე არასანქციონირებულად იქნა გამოსახული ფინანსთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკის - ინტენდანტ სპენსერ კლარკის პორტრეტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო