"არა, ის სხვა ჯორჯიაა: რა კავშირი აქვს აშშ-ის შტატ ჯორჯიის სახელწოდებას კავკასიურ სახელმწიფო საქართველოსთან და ქართველ ხალხთან" - The New York Times - კვირის პალიტრა

"არა, ის სხვა ჯორჯიაა: რა კავშირი აქვს აშშ-ის შტატ ჯორჯიის სახელწოდებას კავკასიურ სახელმწიფო საქართველოსთან და ქართველ ხალხთან?" - The New York Times

„არა, ის სხვა ჯორჯიაა“. ხელოვნური ინტელექტი და ეროვნული იდენტურობის პრობლემა: რა კავშირი აქვს აშშ-ის შტატ ჯორჯიის სახელწოდებას კავკასიურ სახელმწიფო საქართველოსთან და ქართველ ხალხთან?“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში (The New York Times) სტატია, რომელშიც ავტორი - ივანე ნეჩეპურენკო საქართველოს ინგლისურენოვანი სახელწოდების - ჯორჯიის“ შესახებ არსებულ საკითხზე მსჯელობს. „მსოფლიოში ბევრი ურევს ერთმანეთში აშშ-ის შტატ ჯორჯიას და კავკასიაში მდებარე სუვერენულ სახელმწიფო საქართველოს, რომელსაც საზღვარგარეთ ჯორჯიად არის ცნობილი“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ნუგზარ რუხაძე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი ჟურნალისტი, 1980-იან წლებში ატლანტაში მუშაობდა [გაცვლითი პროგრამით], მას მუდმივად უხდებოდა ფართოდ განემარტა და აეხსნა ის, რომ იგი ამერიკულ ჯორჯიაში სამუშაოდ სხვა ჯორჯიიდან ჩამოვიდა. „ეს ძალიან გულსატკენი და შემაწუხებელი იყო“, - მითხრა 84 წლის ნუგზარ რუხაძემ, წიგნებით სავსე თავის ბინაში, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში შეხვედრის დროს, - „მე ვეუბნებოდი, რომ ვარ საქართველოდან, რომელიც მდებარეობს რუსეთსა და თურქეთს შორის, შავი ზღვის ნაპირზე, რუმინეთის პირდაპირ... ყოველთვის მიწევდა ბევრი ლაპარაკი, რომ ამეხსნა მათთვის, სად მდებარეობდა სხვა ჯორჯია“.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს, სსრ კავშირის ნანგრევებზე საქართველო, ოთხმილიონიანი მოსახლეობით, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მას ხშირად ურევენ თითქმის 7 ათასი კილომეტრით დაშორებულ აშშ-ის შტატ ჯორჯიაში, რომელშიც უფრო მეტი მცხოვრებია და ბევრად უფრო განვითარებულია.

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ და მისი დახმარებით ინტერნეტში ძებნამ არეულ-დარეულობა უფრო გააღრმავა. როგორც ცნობილია, განსხვავებულ დასახელებას - სხვებისგან გამორჩეულ სახელწოდებას - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძიების სწორი შედეგისათვის, მაგრამ საძებნი სისტემები და ფართო ენობრივი მოდელები, რომლებიც ჩატ-ბოტების მიერ გამოიყენება, უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ იმ ტერმინის მიმართ, რომელიც უფრო ხშირად იხმარება ანუ ამ შემთხვევაში ამერიკული ჯორჯიის შტატზე (აშშ-ის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიაზე), ეს კი, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მის ბიზნესს.

ფლორიდაში მდებარე კოლეჯ „როლინსის“ პროფესორის - მარკ ფეტჩერინის თქმით (იგი საერთაშორისო ბრენდინგის სპეციალისტია), სახელწოდებების დამთხვევა ერთმანეთთან ინტერნეტში ძიებას ართულებს - უპირატესობა ენიჭება იმას, რომელსაც უფრო მეტი ციფრული გამოყენება აქვს. „ალგორითმა ატლასი შეცვალა“, - ამბობს იგი, - "დღეს, „ხელოვნური ინტელექტისა“ (AI) და „საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის“ (SEO) პირობებში, დაბნეულობა უფრო მეტად ძლიერდება“.

არცთუ იშვიათად, არასწორ იდენტიფიცირებას სასაცილო შედეგამდეც კი მივყავართ: დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2024 წელს, ფეისბუქში განთავსებული იქნა რეკლამა, რომელიც ჯორჯიას შტატის ამომრჩევლებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მასზე კავკასიის მთები იყო გამოსახული.

კიდევ ერთი მაგალითი: აშშ-ის შტატ ჯორჯიის ქ.ოგასტას ერთ-ერთი მცხოვრები, ბიზნესმენი, დაუკავშირდა ლუნა კაიშაურს, ქართველ გრაფიკულ დიზაინერს და მასთან კონტრაქტი გააფორმა. „ამერიკელი ბიზნესმენი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მე ამერიკის ჯორჯიიდან კი არ ვიყავი, არამედ - მისთვის უცნობი სხვა ჯორჯიიდან“, - ამბობს 51 წლის ლუნა კაიშაური, - „თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით მრავალი წლის განმავლობაში“.

სიცილი სიცილად, მაგრამ ასეთმა გაურკვევლობამ შეიძლება საშიში ხასიათი მიიღოს. აშშ-ში და საქართველოში (ჯორჯიაში!) 2024 წელს საარჩევნო კამპანია ერთმანეთს დაემთხვა. ქართველმა აქტივისტებმა სოციალურ ქსელში (ფეისბუქში) განათავსეს პოსტი საქართველოში ხმის მიცემის შესაძლო გაყალბების შესახებ, რამაც ამერიკელ მკითხველებში გააფთრებული კომენტარები გამოიწვია - მათ ეგონათ, რომ პოსტი ეხებოდა ამერიკულ ჯორჯიას, რომლის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იქ ხმის მიცემის შედეგების ფალსიფიცირება (გაყალბება) მოხდა.

მრავალი წლის განმავლობაში ნუგზარ რუხაძე, რომელიც ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ტელეარხში მუშაობს და მისი სხვა თანამემამულეები თვლიდნენ, რომ მათ მარტივი გამოსავალი იპოვეს: თავისი მშობლიური ქვეყნის დასახელებისას ნამდვილი სახელწოდება გამოიყენონ.

ქართველები თავიანთ ქვეყანას „საქართველოს“ უწოდებენ და ეს დასახელება გამოიყენება როგორც ქართულენოვან ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე - მშობლიურ ენაზე ყოველდღიურ საუბრებში და შეძახილებში [მიტინგებისა და] სპორტული ღონისძიებების დროს. მაგრამ მთავრობა აღიარებს, რომ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, ინგლისურ და სხვა ენებით სარგებლობის დროს, „საქართველოს“ ნაცვლად, ამბობს და წერს „ჯორჯიას“.

ტერმინ „საქართველოს“ ეტიმოლოგია, როგორც ქვეყნის სახელწოდების წარმოშობა, დისკუსიის ობიექტად ითვლება. ამბობენ, რომ საქართველოს წარმომავლობა ძველბერძნული ენიდან მოდის [ბერძნულად „გეორგიოსი“ მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს], რომელმაც დასავლეთ ევროპაში ადაპტაცია განიცადა და „ჯორჯიად“ გადაიქცა - ის უკავშირდება წმინდა გიორგის - St. George - სახელს [რომელიც ქრისტიანობის შემოღების დროიდან, ძალიან პოპულარულია საქართველოში].

რუსულ და რიგ სლავურ ენებში დამკვიდრებულია საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთი სახელწოდება „გრუზია“, რომელიც, როგორც ამბობენ, ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ-არაბულ განსაზღვრებას gurzan/gurgan-ს, ანუ „გურჯისტანს“, რაც „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს.

აშშ-ის შემადგენლობაში არსებულ შტატ „ჯორჯიას“ სახელწოდების ისტორია კი მარტივია - ტერიტორიას დასახელება უწოდეს 1732 წელს დიდი ბრიტანეთის მეფის - ჯორჯ II-ის პატივსაცემად, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი კოლონიის დაარსება გამოაცხადა.

მსოფლიოში საკმაოდ არის იმის მაგალითები, როცა ქვეყნები დასახელებას იცვლიან - ზოგი სიამაყის ნიშნით, ზოგი კი - თვითმყოფადობისა და პოლიტიკური საფუძვლით. ბირმა გახდა მიანმა, ცეილონი გახდა შრი-ლანკა, სვაზილენდი კი ესვატინად გადაიქცა - მათ თავი დააღწიეს კოლონიურ მემკვიდრეობას. თურქეთის მთავრობა ითხოვს, რომ საზღვარგარეთაც „თურქიე“ - Türkiye – „თიურქიეს რესპუბლიკა“ უწოდონ ანუ ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით და არა Turkey, რომელიც ინგლისურ ენაზე თითქმის შეურაცხმყოფელია - ფრინველთან ასოცირდება.

ტერმინ „საქართველოს“ მიმზიდველობა დაკავშირებულია ქართველების სიამაყესთან, თავიანთი უძველესი თვითმყოფადი ენისა და დამწერლობის გამო, [რომელიც მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთ-ერთს წარმოადგენს] და რომელიც, საქართველოს გარდა, არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. ქართული ენა, ბუნებრივია, გარკვეულწილად დაკავშირებულია სხვა რამდენიმე კავკასიურ ენასთან, მაგრამ, როგორც ლინგვისტები აცხადებენ, ის მსოფლიოს სხვა ენებს არ ჰგავს და მათგან შორს დგას.

ნუგზარ რუხაძემ დაიწყო სტატიების წერა ტერმინ „საქართველოს“ (Sakartvelo) აუცილებელი გამოყენების თაობაზე. მან თავისი ძალისხმევა გააერთიანა პროფესიით ეკონომისტ ანზორ ბაბუხადიასთან, რომელიც, თავის მხრივ, „საქართველოს“, როგორც ქვეყნის ეროვნული სახელწოდების უცხო ენაში დანერგვის საკითხს, სათავეში ედგა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ანზორ ბაბუხადია პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა და როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე - სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ იდეისათვის, საზღვარგარეთ ქვეყნის სახელწოდების შესაცვლელად.

სხვათა შორის, ლიეტუვა (Lietuva-Lithuania), ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, დათანხმდა საქართველოს სურვილს და კავკასიურ სახელწიფოს „საქართველასი“ (Sakartvelas) უწოდა, ლიეტუვური ფონეტიკის შესაბამისად.

მაგრამ „ჯორჯიის“ სახელის შეცვლის კამპანია შორს არ წასულა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნეგატიური პოზიცია ჰქონდა ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე საზღვარგარეთ და აცხადებდა, რომ ეს დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და სიტუაცია უფრო აირეოდა. ანზორ ბაბუხადია 2017 წელს გარდაიცვალა და თაოსნობა ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

„სიტყვით ყველას სურდა ამის გაკეთება, მაგრამ იგი ერთადერთი იყო, რომელიც პრაქტიკულად ცდილობდა და ამ საქმეს ძალისხმევას ახმარდა“, - ამბობს ანზორ ბაბუხადიას მეუღლე, 77 წლის თინათინ კანკავა, - „პრინციპში, სახელწოდება „საქართველომ“ იდეურად ყველა გაგვაერთიანა“.

ასევე დაგაინტერესებთ: დონალდ ტრამპს სურს, რომ 250-დოლარიან კუპიურაზე მისი პორტრეტი იყოს გამოსახული - მოქმედი კანონით, აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის აღბეჭდვა აკრძალულია

აპირისპირება ირანის ხელისუფლებაში?! - ორი ბანაკი: ვინ არის მშვიდობის და ვინ - ომის მომხრე?

დაჯგუფება "იარაღით ძმები" ანუ ვინ მართავს სინამდვილეში დღეს ირანს?!

მიუხედავად იმისა, რომ იდეა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსწონს, დღეს სახელწოდება „საქართველოს“ გამოყენებას რაიმე სასწრაფო მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურად ანგაჟირებული ქართველები უფრო მეტად ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ზრუნვით არიან დაკავებულები, ვიდრე - ქვეყნის ინგლისურენოვანი სახელის შეცვლით: ბოლო წლებში თბილისი მთავარი მაგისტრალი - რუსთაველის გამზირი - ხმაურიანი საპროტესტო აქციების ადგილი გახდა - ოპოზიციონერები რადიკალურად აცხადებენ, რომ საქართველო პრორუსული ავტორიტარიზმისაკენ დრეიფობს.

70 წლის პროფესორის მარიამ ჩხარტიშვილის - საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის თქმით, ქვეყანას უკვე მტკიცედ ჰქვია უცხოური სახელი „ჯორჯია“ და მის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, როგორღაც აუხსნან უცხოელებს, რომ კავკასიური „ჯორჯია“ აშშ-ის შემადგენლობაში არსებული შტატი „ჯორჯია“ არ არის.

პროფესორი მარკ ფეტჩერინი ამბობს, რომ სახელწოდება „ჯორჯიის“ შენარჩუნება და მისი კონტექსტუალიზება ნიშნავს, რომ „ჯორჯია“ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს: „[ბოლოს და ბოლოს], თქვენ შეგიძლიათ „ჯორჯიას“ „ნამდვილი ჯორჯია“ (The real Georgia) ან „ორიგინალური, ოდინდელი ჯორჯია“ (The original Georgia) უწოდოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო