მსოფლიო სკანდალის "ქართული კვალი" - დაიჯერებთ, რომ აიათოლების ირანს... ამერიკა აიარაღებდა ისრაელთან ერთად?!
დღეს ალბათ დაუჯერებელი ჩანს, რომ თავის დროზე ირანს სწორედ აშშ და ისრაელი აიარაღებდნენ, არა მარტო შაჰის ირანს, არამედ შაჰის ხელისუფლების დამხობის შემდეგ თვით... აიათოლების ირანსაც კი! ეს გასაიდუმლოებული ოპერაცია ისტორიაში შევიდა "ირან-კონტრასის" სახელწოდებით და იქცა როლანდ რეიგანის ადმინისტრაციის ყველაზე დიდ პოლიტიკურ "ჩავარდნად".
თუმცა ამ მსოფლიო მასშტაბის სკანდალის "გასკდომა" გარკვეულწილად ქართველს უკავშირდება, კერძოდ, ქართული წარმოშობის ცნობილ ამერიკელ ავიაკონსტრუქტორ მიხეილ გრიგორაშვილს, იმავე მაიკლ გრეგორს, რომლის კონსტრუირებული C-123 Provider-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 1986 წლის 5 ოქტომბერს ჩამოაგდეს ნიკარაგუის ციდან.ჩამოგდებულ თვითმფრინავში აღმოაჩინეს იარაღი და საბრძოლო მასალები, ხოლო ეკიპაჟის ერთადერთმა გადარჩენილმა წევრმა დაკითხვაზე აღიარა, რომ ის ასრულებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ზესაიდუმლო დავალებას, იარაღის მისაწოდებლად "კონტრასისთვის" - ნიკარაგუის სანდისტური ხელისუფლების შეიარაღებული ოპოზიციისთვის.
ამაში ზებუნებრივი არაფერი იქნებოდა (რადგან პირველი "ცივი ომის" დროს აშშ-ის, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები იარაღით ფარულად ამარაგებდნენ აფრიკის, აზიისა თუ სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ოპოზიციებს ადგილობრივი ხელისუფლებების შეიარაღებული გზით დამხობაში დასახმარებლად), რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი და თავიდან დაუჯერებელი დეტალი - ჩამოგდებულ ამერიკულ თვითმფრინავში აღმოჩენილი შეიარაღება... ირანული წარმოების იყო - ანუ ვაშინტონისა და თეირანის უკიდურესი დაპირისპირების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ირანის აიათოლების რეჟიმისგან ყიდულობდა იარაღს, რომელსაც შემდეგ ნიკარაგუელ "კონტრასს" აწვდიდა.
თუმცა ეს საოცარი ისტორია თავიდან დავიწყოთ... შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეფობის დროს ირანს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოლიტიკის მთავარ საყრდენად ითვლებოდა. ვაშინგტონი თეირანს სსრკ-ის საპირწონედ და სპარსეთის ყურეში რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევდა.
ამ ალიანსის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა ირანს დიდი რაოდენობით თანამედროვე იარაღი, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა მიაწოდა. ირანის არმია დასავლური სტანდარტების მიხედვით იყო აგებული, ქვეყანაში ამერიკელი სამხედრო მრჩევლები იყვნენ და თავად ირანი 1960-იან და 1970-იან წლებში ამერიკული იარაღის უმსხვილეს მყიდველებს შორის იყო. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანმა შეწყვიტა შეერთებული შტატების მოკავშირეობა. დიპლომატიური და სამხედრო კავშირები გაწყდა და ამერიკული იარაღის მიწოდება ოფიციალურად შეჩერდა. თუმცა თავად იარაღი არ გამქრალა. ირანის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აღჭურვილი იყო შაჰის მმართველობის დროინდელი ამერიკული აღჭურვილობით.
1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დროს ირანის ჯარები სწორედ ამ იარაღს იყენებდნენ და, შესაბამისად, მკაცრი სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის გამო მუდმივი მოთხოვნა იყო ამერიკული აღჭურვილობის მოვლა-პატრონობაზე, შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილებზე. შედეგად, თეირანმა საჭირო კომპონენტების შეძენა ჩრდილოვანი არხებით, მათ შორის ევროპელი შუამავლების მეშვეობით დაიწყო.
რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა ევროპული ქვეყნები ირანისთვის სამხედრო მიყიდვების შეჩერებაში დაერწმუნებინა. ეს მიდგომა, ზოგადად, ეფექტური იყო, ირანისთვის კი იარაღის მიყიდვა არ შეწყვეტილა. მან მხოლოდ ფორმა შეიცვალა და მალევე თავად ამერიკელებიც ჩაერთვნენ. 1979 წლის ისლამური რევოლუციისა და 4 ნოემბერს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების შემდეგ, რომლის დროსაც 52 დიპლომატი და თანამშრომელი 444 დღის განმავლობაში მძევლად აიყვანეს, აშშ-მა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. გაყინა ირანის აქტივები, დააწესა სავაჭრო და ფინანსური სანქციები. 1984 წლის იანვარში ირანი ოფიციალურად შეიყვანეს აშშ-ის ტერორიზმის სპონსორების სიაში. იმავდროულად, ქვეყნის რევოლუციურმა ხელმძღვანელობამ აიათოლა ხომეინის ხელმძღვანელობით აშშ "დიდ სატანად" გამოაცხადა. მაშ, როგორ შეიძლებოდა ირანისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ამ ვითარებაში?
როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, ვაშინგტონს თეირანთან საიდუმლო გარიგებების დადების ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი იყო თავად ირანში არსებული ვითარება. ქვეყანა ერაყთან გაჭიანურებული ომის გამო დაღლილი იყო, მთავრობაში უკმაყოფილება იზრდებოდა და თეირანში იყვნენ ძალები, რომლებიც მზად იყვნენ შეერთებულ შტატებთან ფრთხილი დიალოგისთვის. ამერიკის ადმინისტრაციის აზრით, მათ ჰქონდათ კონკრეტული არხი ასეთი კონტაქტებისთვის: ალი აქბარ ხაშემი რაფსანჯანი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და ირანის პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ვაშინგტონში რაფსანჯანი პრაგმატიკოსად და აიათოლა ჰომეინის მკაცრი მიდგომის შესაძლო საპირწონედ აღიქმებოდა. თუმცა მისი რეალური მოტივები გაურკვეველი იყო: სურდა თუ არა მას შეერთებულ შტატებთან დაახლოება, ამერიკელებს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის იარაღის შესაძენად იყენებდა თუ თავად სქემიდან პირად თუ პოლიტიკურ სარგებელს იღებდა?
მეორე - იმ დროს პროირანულ შიიტურ დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიბანში ექვსი ამერიკელი მძევალი ჰყავდა აყვანილი. ვაშინგტონი ვარაუდობდა, რომ ორგანიზაცია ირანისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პირდაპირ კონტროლში იმყოფებოდა, რაც ნიშნავდა, რომ თეირანს შეეძლო მათ გათავისუფლებაზე ზეგავლენა.ამ ლოგიკამ წარმოშვა გეგმა: აშშ ფარული არხებით ირანს ამერიკული იარაღით მოამარაგებდა, ირანი ერაყთან ომისთვის სასიცოცხლოდ საჭირო საბრძოლო სისტემებსა და სათადარიგო ნაწილებს მიიღებდა და სანაცვლოდ "ჰეზბოლაზე" თავის გავლენას დატყვევებული ამერიკელების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა.
მთავარი კითხვა კვლავ აქტუალური იყო: როგორ შეიძლებოდა ყოველივე ამის ორგანიზება? პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა: ისრაელის გავლით.…ისრაელი ყოველთვის იყო შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. იქ დიდი რაოდენობით ამერიკული იარაღი ინახებოდა და ვაშინგტონმა გადაწყვიტა ეს აქტივები გამოეყენებინა და ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ შიმონ პერესს მომგებიანი გარიგება შესთავაზა: ისრაელი ირანს იარაღს მიაწვდიდა, ხოლო შეერთებული შტატები ამ მიწოდებას აუნაზღაურებდა. ისრაელმა ფორმალურად ამერიკული იარაღი კერძო პირის სახით მიჰყიდა ბიზნესმენ გორბანიფარს, შემდეგ კი მან ქვეყნის ხელმძღვანელობასთან კავშირში მყოფ ირანელ პარტნიორებს. სანაცვლოდ, თეირანმა ლიბანურ "ჰეზბოლაზე" გავლენა გამოიყენა ამერიკელი მძევლების გასათავისუფლებლად. 1985 წლის 20 აგვისტოს ისრაელიდან ირანში 96 რაკეტის პირველი პარტია გაიგზავნა, 14 სექტემბერს - 408 რაკეტის მეორე პარტია. ამის შემდეგ ერთი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს. თუმცა ეს ჩახლართული სქემა ამით არ მთავრდებოდა. გარკვეულ მომენტში შეერთებული შტატები გადაწყვეტს პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას და ამბავში კიდევ ერთი მოთამაშე ერთვება: ნიკარაგუა, მაგრამ რა აქვთ საერთო ლათინური ამერიკის ქვეყანასა და ახლო აღმოსავლეთს?
1980-იანი წლების დამდეგს ნიკარაგუაში ხელისუფლებაში მოვიდა დანიელ ორტეგა, მემარცხენე რევოლუციური მოძრაობის, რომელიც წარმოიშვა 1979 წლის რევოლუციიდან და რომელმაც დაამხო სომოსას ოჯახის დიდი ხნის დიქტატურა, ლიდერი. სანდინისტები სოციალისტურ იდეოლოგიას იზიარებდნენ და სსრკ-სა და კუბის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, თეთრ სახლს კი არ აწყობდა ყურის ძირში კრემლის ერთგული ნიკარაგუელი ორტეგას გამოჩენა. ნიკარაგუის ახალი მთავრობა სწრაფად შევიდა ვაშინგტონთან ძალადობრივ კონფლიქტში. საპასუხოდ ქვეყანაში გაჩნდა შეიარაღებული ანტისამთავრობო ოპოზიცია "კონტრასი" და შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მისი მხარდაჭერა, როგორც ძალისა, რომელსაც შეეძლო პროსაბჭოთა რეჟიმის დასუსტება.
თავდაპირველად, აშშ აფინანსებდა "კონტრასებს", ამარაგებდა იარაღით და უწევდა სამხედრო დახმარებას. თუმცა დროთა განმავლობაში "კონტრასის" გარშემო სკანდალები გახშირდა. ამერიკელმა დემოკრატებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ისინი დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკად შევიწროებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირში. ამ ფონზე აშშ-ის კონგრესმა მხარდაჭერის შეწყვეტა გადაწყვიტა. 1982-1984 წლებში მიღებულ იქნა ე.წ. ბოლანდის შესწორებები, რომელიც აშშ-ის ფედერალურ მთავრობას, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, პენტაგონსა და სხვა სააგენტოებს უკრძალავდა "კონტრასისთვის" ნებისმიერი პირდაპირ ან ირიბ სამხედრო ან "გასამხედროებულ" დახმარებას (ანუ სამხედრო ოპერაციების ფარულ ან ირიბ მხარდაჭერას ოფიციალური სამხედრო მონაწილეობის გარეშე). ფორმალურად, ეს ნიშნავდა, რომ ვაშინგტონს სრულად უნდა შეეწყვიტა ნიკარაგუის სამოქალაქო ომში მონაწილეობა.
აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესის აკრძალვის გვერდის ასავლელი გზების ძიება დაიწყო და… ისრაელს მიმართა. "კონტრასები", ძირითადად, "კალაშნიკოვის" ავტომატებით, საბჭოთა იარაღით იბრძოდნენ. ასეთი იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი პალესტინის ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ და სამხედრო შეტაკებების დროს რეგულარულად ხვდებოდა ისრაელის ხელში. აშშ-მა ამ იარაღის იერუსალიმიდან შეძენა და ნიკარაგუაში გაგზავნა დაიწყო. 1983 წელს იარაღის პირველი პარტია 10 მილიონ დოლარად შეიძინეს, რასაც მოჰყვა მეორე პარტია 1984 წელს 40 მილიონ დოლარად. რა თქმა უნდა, ეს კერძო ტრანზაქციებად იყო ასახული.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ აბრალებენ საქართველოს იმას, რასაც... სომხეთი აკეთებს?
როგორ შეძლო პირველი ბირთვული აფეთქება „ავიამზიდების რისხვამ“ - თბილისურმა „შებოლილმა თევზმა“
მფრინავი თეფშები უცხოპლანეტელებისგან თუ დედამიწელი პოლიტიკოსების შეცდომების გადაფარვის ცდები?
1985 წელს რეიგანის ადმინისტრაციაში გაჩნდა იდეა ამ ორი ოპერაციის ერთში გაერთიანების თაობაზე. ამერიკული იარაღი ირანს პირდაპირ, ისრაელის მონაწილეობის გარეშე, კერძო კომპანიების მეშვეობით მიეყიდებოდა. ირანი მომარაგებისთვის ნაღდი ფულით გადაიხდიდა, ეს თანხები შვეიცარიის ანგარიშებზე გადაირიცხებოდა, რის შემდეგაც ნიკარაგუელი "კონტრასისთვის" იარაღის შესაძენად გამოიყენებოდა. ამგვარად, ერთმა ოპერაციამ ერთდროულად ორი ამოცანა შეასრულა: ხელი შეუწყო ამერიკელი მძევლების გათავისუფლებას და ნიკარაგუაში ომის დაფინანსება უზრუნველყო.
მაგრამ 1986 წლის 5 ოქტომბერს ნიკარაგუაში ჩამოგდებული გრიგორაშვილის "პროვაიდერის" ეკიპაჟის გადარჩენილი და ორტეგას რეჟიმის დატყვევებული ერთადერთი წევრი ალაპარაკდა და საიდუმლოდ შემუშავებული სქემა ჩამოიშალა ჯერ ლათინურ ამერიკაში, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში. მალევე ლიბანურმა ჟურნალმა "aS-Siraam" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილი იყო აშშ-ისა და ირანის საიდუმლო კონტაქტები - მოლაპარაკებები, იარაღის მიწოდების არხები, გარიგებების რაოდენობა და შუამავლების როლი.
თავდაპირველად, რეიგანის ადმინისტრაცია ყველაფერს უარყოფდა, თუმცა ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა ამერიკულ მხარესთან კონტაქტი და იარაღის მიწოდება. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა იმის უარყოფა, რაც ხდებოდა. ასე დაიწყო მასშტაბური საერთაშორისო სკანდალი.
1986 წლის დეკემბერში რონალდ რეიგანმა შექმნა სპეციალური "თაუერის კომისია" მოვლენების გამოსაძიებლად. იმავდროულად, აშშ-ის კონგრესმაც დაიწყო გამოძიება. გაიმართა საჯარო მოსმენები, დაიკითხნენ ოპერაციის მთავარი პირები. რეიგანი აცხადებდა, რომ სქემის ფინანსური ასპექტების შესახებ არაფერი იცოდა. მან აღიარა მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ირანთან დაკავშირების ცდები, თუმცა უარყო, რომ იცოდა იარაღის გადაზიდვის ან "კონტრასის" დაფინანსების შესახებ. "თაუერის კომისიამ" დაასკვნა, რომ არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, პრეზიდენტი ინფორმირებული იყო თუ არა სქემის უკანონო დეტალების შესახებ, თუმცა ეს ასევე მიუთითებდა მენეჯმენტის ჩავარდნაზე: თეთრმა სახლმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი ეროვნული უშიშროების საბჭოს ქმედებებზე.