საყოველთაო მობილიზაცია თუ "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენება: ორი გამოსავალი პუტინისთვის - "ეს გადაწყვეტილებები უმძიმეს კატასტროფას გამოიწვევს" - კვირის პალიტრა

საყოველთაო მობილიზაცია თუ "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენება: ორი გამოსავალი პუტინისთვის - "ეს გადაწყვეტილებები უმძიმეს კატასტროფას გამოიწვევს"

„უკრაინაში გაჩენილი მშვიდობის ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება: არის ომის შეჩერების შესაძლებლობა, მაგრამ პუტინის ფანტაზიები გამარჯვებაზე მშვიდობის მიღწევას ხელს უშლის“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორია ივან კრასტევი, ცნობილი ბულგარელი პოლიტანალიტიკოსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ომი უკვე მეხუთე წელია, გრძელდება - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა თავისი ხანგრძლივობით გასული ასწლეულის ბევრ კონფლიქტს გადააჭარბა. დასრულდება ომი ოდესმე? და ვინ დაასრულებს?

სრულიად შესაძლებელია, რომ ომი გრძელდება არა მარტო ვლადიმერ პუტინის უგუნური იდეის გამო - მოიპოვოს გამარჯვება უკრაინაზე. ამ მხრივ ევროპისა და ამერიკის სწრაფვა - მშვიდობას დიპლომატიური მოლაპარაკებით მიაღწიოს - შეიძლება, ასევე სასიკვდილო ილუზია აღმოჩნდეს. მაგრამ დღეს რეალობა ისეთია, მინიმალური შანსიც რომ გაჩნდეს მშვიდობის მისაღწევად, ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს და ზავის დასადებად უნდა გამოვიყენოთ.

როგორც ამას წინათ ნადერ მუსავიზადე წერდა (გაეროს ექსგენმდივნის კოფი ანანის მრჩეველი), „ჩვენ ვცხოვრობთ ასიმეტრიის ეპოქაში, გარდამავალ პერიოდში, როცა ქვეყნისა და მისი ხელისუფლების ეფექტიანობა განისაზღვრება არა ზომით, ძალით და სიმდიდრით, არამედ - მისი უნარით და შესაძლებლობით - გამოიყენოს შექმნილი დისბალანსი საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის“. ჩვენს სახიფათო ეპოქაში ომებს „სპეციალურ ოპერაციებს“ უწოდებენ, მაგრამ ვერც ერთი დიდი სახელწიფო ვერ იქნება დიადი სახელმწიფო, თუ მას არ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში, თუნდაც „სპეცოპერაციით“ ან თუნდაც ომით.

დონალდ ტრამპს გაუმართლა და ვენესუელაში ელვისებური „სპეცოპერაციით“ მიზანს მიაღწია, მაგრამ იგივე მიზანი შეუსრულებელი დარჩა ირანთან ომში. დღეს მშვიდობა ჩვენთვის მიუწვდომელ, რაღაც გაურკვეველ განზომილებას ექვემდებარება, ამიტომ არ შეგვიძლია შექმნილი რეალობის გაცნობიერება. ადამიანები ვერ აღვიქვამთ იმას, რომ როცა ომის ხასიათი იცვლება, ასევე იცვლება მშვიდობის ხასიათიც.

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს და რისი სჯერა ვლადიმერ პუტინს, როცა იგი ბრძოლების შედეგებს უყურებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ომში ვერ იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს უპირატესობა ცოცხალ ძალაში, კრემლის საზაფხულო შეტევა უკრაინამ თავისი ტექნოლოგიური უპირატესობით შეაჩერა. მოსკოვზე უკრაინული დრონების მიერ ამას წინათ განხორციელებული დარტყმა აშკარად არის იმის ნიშანი, ომში პატური სიტუაცია ნამდვილად არ არის.

რუსეთის ეკონომიკა ზარალდება, ხოლო რუსი საზოგადოების მხარდაჭერა ომისადმი შესამჩნევად სუსტდება. თუ მოსკოვი თავისი ამბიციების რეალიზებას გააგრძელებს დონბასის გასაკონტროლებლად, უახლოეს ერთი ან ორი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს მოუწევს, მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს ფრონტზე გასაწვევად ან უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ორივე გადაწყვეტილება უმძიმეს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

თუ ვლადიმერ პუტინი საომარ მოქმედებებს შეწყვეტს, მას უკვე ვეღარ ექნება სრულ გამარჯვებაზე პრეტენზიები, მაგრამ იგი, უეჭველია მოახერხებს წარმატების იმიტაციას, როგორც ამას დონალდ ტრამპი აკეთებს ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში. აშშ-ის საკმაოდ დაძაბული პოლიტიკა ევროპის მიმართ არის იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება - ვერც ახლა და ვერც მოკლევადიან პერსპექტივაში. ამრიგად, პუტინს შეუძლია განაცხადოს, რომ მან თავის ერთ-ერთ მიზანს უკვე მიაღწია. კიევი, ალბათ, შეწყვეტს მოთხოვნებს ევროპელი მშვიდობისმყოფლების მიწვევაზე უკრაინაში - ისინი მას, უბრალოდ, არ სჭირდება და საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, ევროპელებსაც არ აქვთ დიდი სურვილი ფრონტის ხაზის ახლოს თავიანთი ჯარისკაცები გაგზავნონ. ასე რომ, მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ მისი კიდევ ერთი მოთხოვნა შესრულებულია. უფრო მეტიც - კრემლს შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის საზოგადოებაში დაძაბულობას შექმნის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი გახდება. ვლადიმერ პუტინსაც ხომ ეს უნდა?

მიუხედავად თავიანთი ამასწინანდელი სამხედრო წარმატებებისა (იგულისხმება მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დაბომბვები), უკრაინელებსაც აქვთ საფუძველი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ. კიევმა ომი უკვე მოიგო, ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით: ომმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსი ნაციონალისტების მტკიცების მიუხედავად, უკრაინელები „მოჯადოებულ“ რუსებს არ წარმოადგენენ. უკრაინამ ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი შენარჩუნებულია. უკრაინის არმია ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია, ხოლო მისი სამხედრო მრეწველობის წარმატებებს მთელი მსოფლიო შურით უყურებს. მართალია, უკრაინელები ჯერ ისევ ლაპარაკობენ რუსულ ენაზე, მაგრამ დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, საკუთარ თავს რუსს არავინ უწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. ამრიგად, ოთხწლიანი ომის შემდეგ უკრაინაში არავინ აღარ არის ისეთი პიროვნება, რომლის დაცვაზე მოსკოვს საფუძველი ექნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ვიეტნამის სინდრომი" და სტრატეგიული მარცხი?! - რა დაუჯდება ამერიკას ირანთან სამშვიდობო შეთანხმება

"მწვრთნელი, რომელიც დაუახლოვდა პუტინს და კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა: დიკ ადვოკაატის უჩვეულო ისტორიები" - Financial Times

მსოფლიო ომობს: რეკორდული ცხელი წერტილები პლანეტაზე ანუ უნდა დავივიწყოთ თუ არა მშვიდობა?!

რატომ ეშინია პუტინს ხელოვნური ინტელექტის?!

მტკივნეული საკითხი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე დგას, იმით კი არ გამოიხატება, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას, არამედ იმით, თუ რამდენი ადამიანის დაკარგვა მოუწევს უკრაინას, სანამ თავის მომავალს არ დაკარგავს. ომის გაგრძელება ნიშნავს არა მარტო მოქალაქეების დაღუპვა-დასახიჩრებას, არამედ - დემოგრაფიულ კატასტროფასაც - შობადობა განუხრელად შემცირდება, გაგრძელდება ემიგრაცია. ამრიგად, კონფლიქტის გაჭიანურება, თუნდაც უკრაინის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნოს, არ უნდა იყოს კიევის გრძელვადიანი სტრატეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარიც მოვა და არ არის გამორიცხული, რომ ევროპის პოლიტიკაც შეიძლება უკრაინის საზიანოდ შეიცვალოს.

ამჟამად არის ომის შეწყვეტის რეალური შესაძლებლობა. რისკები გამოიხატება იმით, რომ დრო შეიძლება დაიკარგოს ვლადიმერ პუტინის ყალბი ილუზიური წარმოდგენების გამო, რომ მას სრული გამარჯვების მოპოვება შეუძლია და კიდევ იმით, რომ უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს არ შეუძლიათ იმის გაგება, რომ ომის წარმოების ხასიათის შეცვლით მშვიდობის დამყარების ხასიათიც შეიცვალა. ამ ხიფათიან მსოფლიოში პირველის არგაგება ნიშნავს მეორის მიუღწევლობას. ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკება რუსებს და უკრაინელებს შორის ჯერ კიდევ შეიძლება, ყველაზე რეალური მეთოდი იყოს იმის მისაღწევად, რაც დღეს მშვიდობად ითვლება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო