რატომ ეშინია პუტინს ხელოვნური ინტელექტის?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შპიონაჟში ხელოვნური ინტელექტის ახალმა შესაძლებლობებმა ვიდეოკამერებისადმი ვლადიმერ პუტინის შიში გამოიწვია“ (ავტორი - ქრისტეფორე მილერი). პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია ირანის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება არასასურველი პირების განადგურება ვიდეოკამერებით თვალთვალის შედეგად, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
რუსეთმა მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, გამორთო ვიდეოკამერების სათვალთვალო ქსელი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა ირანის საგზაო კამერების მონაცემების გასაანალიზებლად, ქვეყნის უზენაესი ლიდერის - ალი ხამენეისა და მისი თანაშემწეების შეხვედრის ადგილი რომ დაედგინა.
როგორც ცნობილია, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიღუპნენ როგორც თვითონ ალი ხამენეი, ისე - ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები. მსგავსი მეთოდი გამოიყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ირანის სხვა სახელმწიფო და სამხედრო ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით.
ამას წინათ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB - Federal Security Service) დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა, გაითვალისწინა რა ირანში მომხდარი პრეცედენტი, მკაცრად მიუთითა უშიშროების რეგიონული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: „ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანელი მაღალჩინოსნების განადგურება მკაფიო გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს. მსხვერპლის ადგილმდებარეობა დაადგინეს თეირანის ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში შეღწევით“.
მართალია, მოსკოვში დადგმული 300 ათასამდე ვიდეოკამერა მოგვიანებით ისევ ჩაირთო, მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა და პროგრამისტებმა გულდასმით შეამოწმეს - არის თუ არა სათვალთვალო სისტემა ინტერნეტისაგან იზოლირებული.
გამოდის, რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მიერ, საკუთარი მოსახლეობისადმი თვალთვალის მიზნით შექმნილი ვიდეოკამერული სისტემა ისეთი მოწყვლადია, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაადგილების დასადგენადაც, რითაც მტრები თავისუფლად ისარგებლებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფაინენშელ ტაიმსის“ მიერ დასმული კითხვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხოდ დატოვა.
თავის დროზე უკრაინამ მოახერხა რუსეთის საგზაო ვიდეოკამერების ქსელში შეღწევა ნაწილობრივ, მაგრამ - მაინც. გარდა ამისა, კიევმა მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობითაც ისარგებლა. როგორც „ფაინენშელ ტაიმსს“ ერთ-ერთმა უკრაინელმა ვიდეოჰაკერმა შეატყობინა, რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სიფრთხილის ზომების მიუხედავად, მოსკოვში, თვით კრემლის ირგვლივაც დამონტაჟებული კამერები ხშირად „ტყდება“ ანუ მათში შეღწევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, ჩინეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ვიდეოკამერების ახალი თაობის შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, რომლებსაც შეუძლიათ სცენების ინტერპრეტირება, ადამიანის ქცევების გამოცნობა და გადაღებულ მასალაში კონკრეტული პიროვნების მიკვლევა ანუ ამით კიდევ უფრო მატულობს ვიდეოდაკვირვებისა და თვალთვალის ეფექტიანობა.
„ეს თვალთვალისა და დაზვერვის „წმინდა გრაალს“ წარმოადგენს“, - უთხრა „ფაინენშელ ტაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა - იგი იმ ქვეყნიდანაა, რომლის ხელისუფლება ფართოდ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თავის ქალაქებში, - „ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ თითოეული ადამიანის ქცევას, რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს“.
ასევე დაგაინტერესებთ: "შე ბებერო, შენა..." ანუ როგორ გაამწარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი?!
ვინ იქნება "ახალი ლენინი", რომელიც პუტინს დაამხობს?!
ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ვიდეოთვალთვალის სისტემაზე დახარჯული მილიონობით დოლარი შეიძლება ეფექტიანად გადაიქცეს „კარის საკეტის ჭუჭრუტანად“, რომლის მეშვეობით ბოროტგანმზრახველებს შეუძლიათ სხვადასხვა საიდუმლოს გაგება. ამ შესაძლებლობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრდაზვერვითი სტრუქტურები საკმაოდ შეაშფოთა. მათი პირველი რეაქცია იყო ის, რომ შეეცადნენ ვიდეოდაკვირვების სისტემის სუსტი და მოწყვლადი ადგილების აღმოფხვრას, რაც უაღრესად რთული გამოდგა - ვიდეოთვალთვალის სისტემა ხომ სხვადასხვა თაობის კამერებისაგან შედგება. ინდოეთმა, ირანში მომხდარი პრეცედენტის შემდეგ, აკრძალა ჩინური ვიდეოკამერების გამოყენება.
მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს, ბოლოდროინდელი პროგრესის შედეგად, დღეს უკვე შეუძლია ეფექტიანად შეასრულოს დავალება, „იპოვოს ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ჩანთებს უცვლიან“ ან ადამიანი, რომელმაც შენიღბვის მიზნით, გარეგნობა ან ტანსაცმელი გამოიცვალა; ან ავტომობილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაღებეს.
თუმცა ასეთი მეთოდები რიგ შემთხვევებში საიმედოდ არ ითვლება. სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთი სუბიექტების მიმართ, როგორიცაა, ვთქვათ, ტერორისტულ-ექსტრემისტული დაჯგუფებები - „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ - ისინი დაბალტექნოლოგიურ მოწყობილობებს და ანალოგიურ სატელეფონო ხაზებს იყენებენ, რომელთა თვალთვალი მაღალტექნოლოგიურ ხელოვნურ ინტელექტს უჭირს.
ღაზას სექტორში მიმდინარე ომის დროს ისრაელის ყველაზე სრულყოფილმა სისტემებმაც კი ვერ იპოვეს „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო. საბოლოოდ, ისრაელელმა სამხედროებმა იგი შემთხვევითი შეხვედრის დროს მოკლეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ