მსოფლიო ომობს: რეკორდული ცხელი წერტილები პლანეტაზე ანუ უნდა დავივიწყოთ თუ არა მშვიდობა?! - კვირის პალიტრა

მსოფლიო ომობს: რეკორდული ცხელი წერტილები პლანეტაზე ანუ უნდა დავივიწყოთ თუ არა მშვიდობა?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე, სათაურით: „მსოფლიო ომობს - კონფლიქტების რეკორდული რაოდენობა 1946 წლიდან“, სტატია გამოქვეყნებულია ნორვეგიის მშვიდობის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის (PRIO) მოხსენებაზე, სადაც განხილულია დედამიწაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2025 წელს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე კონფლიქტების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიაღწია 1946 წლიდან. გასულ წელს დაღუპულთა ერთობლივი რიცხვი მხოლოდ 1994 წელს ჩამორჩება - ამ დროს რუანდაში გენოციდი იყო და - 2021 წელს, როცა ეთიოპიაში სამოქალაქო ომმა პიკს მიაღწია. ამჟამად ყველაზე მეტად სიკვდილმთესველი ომი უკრაინაში მიმდინარეობს.

მოხსენებაში სახელწოდებით - „კონფლიქტების ტენდენციები“, ჩამოთვლილია 65 შეიარაღებული შეტაკება, რომელშიც ერთ-ერთ მებრძოლ მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. მათ შორისაა 8 სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტი. ასეთებად, რუსეთ-უკრაინის გარდა, მკვლევრები მიიჩნევენ ინდოეთსა და პაკისტანს, ავღანეთსა და პაკისტანს, კამბოჯასა და ტაილანდს შორის მომხდარ სასაზღვრო შეტაკებებს, აგრეთვე, ისრაელის ავიადარტყმას სირიისადმი. დღეს, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომი კვლევის პერიოდიზაციას არის გაცდენილი და 2025 წელს არ მიეკუთვნება.

„სამწუხაროდ, პოზიტივი ცოტაა“, - განაცხადა სირი აერ-რუსტადმა, მიმოხილვის შემდგენელმა, - ჩვეულებრივად ვცდილობ ხოლმე, მონაცემებისაგან რაღაც ცოტაოდენი პოზიტივი მაინც გამოვწურო, მაგრამ შარშანდელი წლის ციფრები, უბრალოდ, შოკის მომგვრელია“.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა სიკვდილი ომს ან პოლიტიკურ ძალადობას უკავშირდება, მოხსენების მიხედვით, 245 ათასს აღწევს, რომელთაგან რუს ჯარისკაცთა დაღუპვის დონე ყველაზე მაღალია. 2025 წელს, წინა, 2024 წელთან შედარებით, სიკვდილიანობამ ხუთჯერ მოიმატა, განსაკუთრებით - სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

მკვლევრები ამ უსიამოვნო სტატისტიკის მკვეთრ ზრდას იმით ხსნიან, რომ სუდანში სამთავრობო არმიასა და ამბოხებულებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს სამთავრობო ჯარებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი ელ-ფაშერი, რის შედეგადაც, შიმშილისა და უწყლოობის გამო, 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.

„ბოლო ხუთ-ექვს წელიწადში, ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე მსხვილი კონფლიქტი მიმდინარეობს ან ერთი რომ მთავრდება, მეორე იწყება. მშვიდობას არანაირი სულის მოთქმა არ აქვს“, - ამბობს რუსტადი, - "ამ მხრივ სიტუაცია გაუარესებულია“.

თავის ანგარიშში ნორვეგიული ინსტიტუტი გამოყოფს კონფლიქტების სამ ძირითად ტიპს: პირველი - მეომარ მხარეებში ერთ-ერთი არის სახელმწიფო; მეორე - კონფლიქტები სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე და მესამე - სიტუაცია, როცა სამოქალაქო მოსახლეობისადმი ძალადობას ცალმხრივი ხასიათი აქვს.

რაც შეეხება პირველი ტიპის სიტუაციას, ამ მხრივ ლიდერობს აფრიკა, იქ მიმდინარე 29 კონფლიქტით. შემდეგ მოდიან აზია და ახლო აღმოსავლეთი. ევროპაში ასეთი კონფლიქტი მხოლოდ ერთია, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ფართო მასშტაბით, რომელიც კონტინენტს მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ არ უნახავს.

ისეთი კონფლიქტები, რომლებსაც შეიძლება „ომი“ ვუწოდოთ, ნორვეგიელების აზრით, გასულ წელს სულ 13 იყო. ნულებიანი შედარებით წყნარი წლების შემდეგ ომების რაოდენობა განუხრელად მატულობს.

სირი აერ-რუსტადი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ სახელმწიფოს ისრაელი წარმოადგენს, რომელიც 2025 წელს ხუთ სხვადასხვა კონფლიქტში იყო ჩაბმული: ღაზას სექტორში, სირიაში, ლიბანში, ირანისა და იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ..

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ეშინია პუტინს ხელოვნური ინტელექტის?!

"შე ბებერო, შენა..." ანუ როგორ გაამწარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი?!

სენსაციური დასკვნა: უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია! - როგორ დაამცირეს პუტინი თავისივე მშობლიურ ქალაქში

ვინ იქნება "ახალი ლენინი", რომელიც პუტინს დაამხობს?!

აზიაში ასეთი „ლიდერობა“ მიანმას (ბირმას) აქვს მეზობლებთან. ოთხ კონფლიქტში იყვნენ ერთდროულად ჩაბმულები სირია, პაკისტანი და ინდოეთი.

მოხსენების ავტორი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებს: მისი თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ თან მოიტანა არა მარტო თავდასხმები, არამედ - სავაჭრო ბარიერებიც, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების წარმოქმნას სახელმწიფოებს შორის.

„თანამშრომლობის განვითარება ჯერჯერობით უნდა დავივიწყოთ. გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც მშვიდობის დაცვისკენაა მოწოდებული, ამ ეტაპზე მშვიდობის დარდი არ აქვს. მსოფლიო სულ უფრო პოლარიზებული ხდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო