ტრამპმა პუტინი "გადააგდო" და ზელენსკის "ჩაეხუტა"?! - რამ გაამწარა მოსკოვი?
ბრიტანული გაზეთის, „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპით უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მან უკრაინის ლიდერის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა“ (ავტორები - მაქს სედონი, ჰენრი ფოი და ქრისტეფორე მილერი). „ამერიკელ ჩინოვნიკთა თქმით, აშშ-ის ლიდერზე „დიდი შთაბეჭდილება“ მოახდინა იმ ფაქტმა, თუ როგორ ბომბავენ უკრაინის დრონები რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო იმედგაცრუებული ხდება თავისი ამერიკელი კოლეგით - დონალდ ტრამპით... რამდენადაც თეთრი სახლი უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის ნიშნებს ამჟღავნებს.
უკრაინელი მაღალჩინოსნების ვარაუდით, დონალდ ტრამპმა უფრო აქტიურად დაიწყო კიევისადმი მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც უკრაინის წარმატების შთამბეჭდავი ფაქტები დაინახა, კერძოდ, უკრაინული დრონების მიერ შორ მანძილზე, რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე შეტევები, განსაკუთრებით კი რუსეთის ოფიციალური და ისტორიული დედაქალაქების - მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ეფექტიანი დაბომბვები.
დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილებამ, როგორც ჩანს, მოსკოველი ოფიციალური პირები შეაშფოთა - მათ ყოველთვის იმედი ჰქონდათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას მოახდენდა უკრაინაზე და ადრე თუ გვიან, კიევს კრემლისათვის ხელსაყრელი შეთანხმების დადებას აიძულებდა. ამის ნაცვლად დღეს მოსკოვი სულ სხვა სურათს ხედავს: მიმდინარეობს კიევისა და ვაშინგტონის დაახლოება თავდაცვის საკვანძო საკითხებზე, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ჩათვლით, რომელიც გულისხმობს უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას და ლიცენზირებული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას.
აშშ-ის ლიდერზე განსაკუთრებით დიდი „შთაბეჭდილება“ დატოვა და „ენთუზიაზმით აღავსო“ უკრაინის უპილოტო თვითმფრინავების დარტყმებმა, ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე. ეს შეტევები სულ მეტ გავლენას ახდენენ რუსეთის მოწყვლადობაზე, ქვეყნის შიგნით და ეჭვქვეშ აყენებენ კრემლის მტკიცებებს, რომ „დრო მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს“.
დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება მოხდა საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომლის დროს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 7 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, გააფართოოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მიაწოდოს მას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე სისტემები და სხვა შეიარაღება, დაეხმაროს კიევს იარაღის სამამულო წარმოების გაფართოებაში. სამიტზე, ასევე, იყო მსჯელობა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებაზეც.
მოსკოვმა მრისხანე რეაგირება გამოხატა - მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი „ნეიტრალური შუამავლობის“ პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა და პროუკრაინულ პოზიციაზე გადასვლა უსაყვედურა. მინისტრის კომენტარი ყველაზე აშკარა და მზარდი ნიშანია იმის, რომ კრემლი იმედგაცრუებულია - დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო დიპლომატიური გარღვევა და რუსეთისადმი დახმარების გაწევა, ანუ კიევის იძულება ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელშიც თითქმის ხუთწლიანი ომის შეჩერება რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით იქნებოდა გათვალისწინებული.
ასევე დაგაინტერესებთ: საყოველთაო მობილიზაცია თუ "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენება: ორი გამოსავალი პუტინისთვის - "ეს გადაწყვეტილებები უმძიმეს კატასტროფას გამოიწვევს"
"ვიეტნამის სინდრომი" და სტრატეგიული მარცხი?! - რა დაუჯდება ამერიკას ირანთან სამშვიდობო შეთანხმება
ვინ მოიგო სინამდვილეში ომი: ირანმა თუ ამერიკამ?!
მოსკოვი მუდმივად ცდილობდა, უკრაინა დანგრეულ და სხვისი ხელების შემყურე გამოფიტულ ქვეყნად წარმოეჩინა, მაგრამ ის, რომ უკრაინას უკვე აქვს თანამედროვე შეიარაღება, უკვე ფლობს მოწინავე თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს და რეგულარულად, თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს სასიკვდილო ავიარეიდებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამხედრო ობიექტებზე, მნიშვნელოვნად ანეიტრალებს კრემლის მტკიცებას, რომ ქვეყნის ტერიტორია საიმედოდ არის დაცული. მსგავსი ფაქტების სიმრავლე გავლენას ახდენს, აგრეთვე, რუსეთის მოსახლეობაზე და იწვევს მოქალაქეთა განწყობის შეცვლასაც.
როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა „ფაინენშელ ტაიმსს“ აცნობა, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ევიანში ვახშმის დროს მშვიდად საუბრობდნენ. ამერიკელმა ლიდერმა გაკვირვება გამოხატა უკრაინული დრონების „შთამბეჭდავი“ მოქმედების გამო. ეს ყველაფერი აშშ-ის დაზვერვის დახმარებით განხორციელდა. დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ პირველად მოახდინეს დადებითი რეაგირება უკრაინის მიერ „პეტრიოტის“ რაკეტების ლიცენზიით წარმოების მიმართ: „ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენ დღეს ნამდვილად გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობები იმისა, რომ „პეტრიოტის“ მარკის საზენიტო რაკეტები ლიცენზიით ანუ დამოუკიდებლად ვაწარმოოთ“, - თქვა უკრაინელმა ჩინოვნიკმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ