ვინ მოიგო სინამდვილეში ომი: ირანმა თუ ამერიკამ?! - კვირის პალიტრა

ვინ მოიგო სინამდვილეში ომი: ირანმა თუ ამერიკამ?!

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „დონალდ ტრამპის „გარიგება“ ირანთან უკრაინისთვის გაფრთხილება უნდა იყოს: აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება, უკრაინაშიც „ირანული მშვიდობა“ დაამყაროს“ (ავტორი - ჩარლზ მური, პოლიტიკური მიმომხილველი). „აშშ-ისთვის ირანთან გარიგება წამგებიანია. ომში, პრაქტიკულად, გამარჯვებული თეირანი გამოდის. დონალდ ტრამპი მსხვერპლის როლშია“, - ასეთი აზრია გატარებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ ადრეა მსჯელობა დონალდ ტრამპის შეთანხმებაზე ირანთან, რომლის ტექსტი ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, როგორიც უნდა იყოს გარიგების ძირითადი ფორმულირებები, რომლებიც უკვე შეთანხმებულია, მისი დეტალების შეთანხმება შეიძლება ძალიან პრობლემური აღმოჩნდეს ანუ მომდევნო 60 დღის განმავლობაში პროცესი შეიძლება ჩაიშალოს, როგორც არა ერთხელ მომხდარა.

კარგი იქნება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიხსენოს თავისივე პოსტი, 2020 წლის იანვარში „ტვიტერში“ დაწერილი: „ირანს ომი არასოდეს მოუგია, მაგრამ არც არასოდეს წაუგია მოლაპარაკებები“. არადა, ახლა თვითონ არის იგი მოლაპარაკების მსხვერპლი.

პროცესი, რომლის დახმარებით აშშ მოლაპარაკების დღევანდელ წერტილამდე მივიდა, ირანისათვის, პრაქტიკულად, მოგებიანი იყო:

ა) აშშ-ისრაელის თავდაპირველი შეტევებით ბევრმა ირანი მსხვერპლად ჩათვალა და არა - მსოფლიოს წამყვან ტერორისტულ სახელმწიფოდ. ამასთან, შეტევები მაინც გამართლებული იქნებოდა, საქმე გამარჯვებამდე რომ მისულიყო, მაგრამ განა ასეა?

ბ) რეჟიმის ათასობით მოწინააღმდეგე, რომლებიც დონალდ ტრამპის მოწოდების შედეგად ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თითქმის ყველა დაპატიმრებული ან მოკლულია. „ყველას ასე მოუვა, ვინც ამერიკას დაუჯერებს“, - ამბობენ რეჟიმის მომხრეები;

გ) მოვლენათა მსვლელობა, როგორც ჩანს, ადასტურებს ირანის ხელმძღვანელობის ძალას, ექსტრემალური ზეწოლის პირობებში;

დ) შესაბამისად, მსოფლიომ უკვე დაიჯერა ირანის მიერ ადრე გაცხადებული მტკიცებულება, რომ მას შეუძლია ჰორმუზის სრუტის ანუ ნავთობის საერთაშორისო ნაკადის გაკონტროლება;

ე) ომისადმი ამერიკულმა მიდგომამ აშშ და ირანი, პრაქტიკულად, თანაბარ პირობებში ჩააყენა - ასეთი მდგომარეობა ადრე არ არსებობდა. ადრე ირანი „გარიყული ქვეყანა“ იყო, ახლა კი წარმოდგენილია უძლიერეს რეგიონულ სახელმწიფოდ, რომელიც თავს დაუსჯელად გრძნობს, მეზობლებზე თავდასხმის მიუხედავად - იმ მეზობლებზე, რომელთა უსაფრთხოება აშშ-ზეა დამოკიდებული;

ვ) დათანხმდა რა პაკისტანის შუამავლობას, შეერთებულმა შტატებმა, ნებით თუ უნებლიედ, აღიარა ისლამის ექსტრემისტული ვერსია და შექმნა ძალთა დისბალანსი, რომელიც თავისივე ინტერესებს ეწინააღმდეგება;

ზ) დონალდ ტრამპის უარმა კონსულტაციების გამართვაზე, ევროპელ მოკავშირეებთან, ირანის წინააღმდეგ თავდასხმის წინ, ნატო კიდევ უფრო დაასუსტა. ირანისათვის მოგებიანია, რომ ალიანსის ევროპელი წევრების გავლენა მცირდება. ირანი კმაყოფილია, რომ დონალდ ტრამპი, პრაქტიკულად, თითქმის ბარაკ ობამას გზით მიდის. თეირანისთვის, რა თქმა უნდა, არც ტრამპისეული ვერსიაა მისაღები, მაგრამ რადგანაც პროცესი ნატოელების მხარდაჭერის გარეშე მიმდინარეობს, ასეთ სიტუაციას ირანი ლოიალურად უყურებს;

თ) ირანი არ დასჯილა რუსეთთან და ჩინეთთან სიახლოვის გამო, ამიტომაც თეირანი მოსკოვთან და პეკინთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს;

ი) დონალდ ტრამპის მმართველობის დროს უფრო იოლია აშშ-ისადმი მტრობა, ვიდრე - მეგობრობა. ეს სამწუხარო ფაქტი ისრაელს ძალიან ძლიერად აზარალებს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მწვრთნელი, რომელიც დაუახლოვდა პუტინს და კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა: დიკ ადვოკაატის უჩვეულო ისტორიები" - Financial Times

მსოფლიო ომობს: რეკორდული ცხელი წერტილები პლანეტაზე ანუ უნდა დავივიწყოთ თუ არა მშვიდობა?!

რატომ ეშინია პუტინს ხელოვნური ინტელექტის?!

"შე ბებერო, შენა..." ანუ როგორ გაამწარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი?!

რადგან ის მდგომარეობა, რასაც პრეზიდენტი „მშვიდობას“ უწოდებს, დროებით მაინც აღდგენილია, დონალდ ტრამპისათვის სტიმული იქნება, განაცხადოს მსოფლიოს გასაგონად, რომ ამგვარი მიდგომებით სხვა შემთხვევებშიც ისარგებლებს. პრეზიდენტი დაიჯერებს, რომ მისი პრესტიჟი და ავტორიტეტი მაღალია და შეეცდება, ანალოგიურად იმოქმედოს მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაშიც. რუსეთის პრეზიდენტი მშვენივრად ისარგებლებს თავისი ამერიკელი კოლეგის „გამოცდილებით“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო