ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?! - კვირის პალიტრა

ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რუსეთის სამხედრო ეკონომიკა პრობლემებს განიცდის, მაგრამ კრახი არ ემუქრება: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის დაფინანსება ჯერ კიდევ შეუძლია“.

როგორც მასალაშია აღნიშნული, მეხუთე წელია ანალიტიკოსები რუსეთის ეკონომიკის კრახს წინასწარმეტყველებენ, მაგრამ სანქციების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. მართალია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკას სუსტი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ „სტატისტიკურ მირაჟს“ წარმოადგენს - სინამდვილეში საქმე ცუდად არ მიდის.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნუთუ ეს მართლაც ასეა? ნუთუ მოვესწრებით იმ დღეს, როცა რუსეთის ეკონომიკა დაეცემა და ჩამოიშლება? ყოველ შემთხვევაში, ევროპელი ექსპერტები და ანალიტიკური ცენტრები ისევ და ისევ ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია და მალე ჩამოიშლება. კილის (გერმანია) მსოფლიო ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის მოხსენებას თუ დავუჯერებთ, „რუსული ეკონომიკა სტრუქტურული გამოფიტვის პროცესშია შესული“. იგივეს ამბობს ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი ჩარლზ ჰეკერი - „რუსეთი, როგორც ჩანს, რეცესიაში შევიდა“. ნაიჯელ ჰუდს-დევისი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი, თვლის, რომ „რუსული ეკონომიკა ინგრევა, კრიზისის პიკი ახლოვდება“. კაცმა რომ თქვას, თვით მოსკოვის ოფიციალური მონაცემებიც კი იმას აჩვენებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 0,2%-ით შემცირდა.

უკრაინასთან ომის დაწყების მომენტიდან რუსეთმა ბევრი ისეთი ექსპერტი გააწბილა, რომლებიც მას კრახს უწინასწარმეტყველებდნენ. მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, ფაქტია, რომ კრემლმა სწრაფი რეაგირება მოახდინა დასავლურ სანქციებზე და ვაჭრობა ისეთ ქვეყნებზე გადაამისამართა, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი. რუსეთს საკმაოდ დიდი საბიუჯეტო რეზერვები ჰქონდა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას და სოციალურ უზრუნველყოფას მოახმარა. 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ერთ სულ მოსახლეზე, ინფლაციის გათვალისწინებით, მშპ 12%-ით გაიზარდა, რაც მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის, იმავე ჩინეთთან და ინდოეთთან შედარებით (თანაც ეს მოხდა სამხედრო წარმოების ზრდის ხარჯზე, რასაც ჩვეულებრივი ოჯახების ჯიბისათვის სარგებელი არ მოაქვს), მაგრამ მაინც არ არის ისეთი „შავ-ბნელი“, რასაც დასავლელი ექსპერტები პროგნოზირებდნენ. ანუ ჩვენ, დასავლეთში, რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რუსეთი ინგრევაო, ქვეყნის სამხედრო ეკონომიკა დანგრევას არ აპირებს.

დავიწყოთ იმით, თუ რატომ არის რუსეთის ეკონომიკის მაჩვენებლები სუსტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რასაც არც კრემლი არ მალავს. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ეს მონაცემები არის ე.წ. „სტატისტიკური მირაჟი“: 2025 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომ 2026 წლის იანვარში დამატებითი ღირებულების გადასახადი მოიმატებდა, ამიტომ რუსებმა მასობრივად დაიწყეს ფულის ხარჯვა, ანუ ის, რაც იანვარში უნდა ეყიდათ, დეკემბერში იყიდეს და მატება წინა წელს მიეწერა. ეს ერთი. მეორე - 2026 წლის დასაწყისში (იანვარში) დასვენების დღეების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2025 წლის იანვარში და თანაც, რუსეთში მკაცრი ამინდები იდგა (თვით რუსული ტრადიციული ცივი ზამთრის გათვალისწინებითაც კი). ანუ, ეკონომიკური აქტიურობა შემცირდა, მაგრამ მაჩვენებლები სიტუაციას შეესაბამება: დიახ, მცირე ზრდაა, მაგრამ მკვეთრი ვარდნაც არ არის. მეორე კვარტალში მონაცემები, დიდი ალბათობით, უფრო დადებითი იქნება, ნავთობზე ფასების მატების მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს რეცესია არ ემუქრება.

რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკას პრობლემები ნამდვილად აქვს. „ლევადა-ცენტრის“ (პროსამთავრობო ანალიტიკური ინსტიტუტის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მომხმარებელთა ნდობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ დაქვეითდა, რომელიც ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი იყო. როგორც ჩანს, მოსახლეობისათვის სასურველი სამსახურის პოვნა უფრო გაძნელდა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთში დღეს უმუშევრობის დონე მაინც ძალიან დაბალია - სულ რაღაც 2%. ამასთან, რუსეთისათვის სულ უფრო რთული ხდება სასარგებლო წიაღისეულის - გაზისა და ნავთობის ექსპორტი, რაც მისი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს. უკრაინა ამკაცრებს შეტევებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ინგრევა და იწვის ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი რაოდენობა, ბენზინისა და დიზელის წარმოება მცირდება, რაც ეკონომიკას ზიანს აყენებს.

მეორე მხრივ, ეკონომიკის მაჩვენებლები უმჯობესდება: ინფლაციის დონე იკლებს და მაქსიმუმ 10%-ს არ აღემატება. მუშა-მოსამსახურეების ხელფასები 25%-ით მაღალია, ვიდრე 2019 ქელს და მატებას აგრძელებს. ბევრი კომპანიის საქმე ძალიან კარგად მიდის, თვით ომის სიძნელეების გათვალისწინებითაც კი. მაგალითად, ავიაკომპანია „აეროფლოტმა“, მგზავრთა გადაყვანის სფეროში, აეროპორტების შეფერხებული მუშაობის მიუხედავად, 2025 წლის ხუთი თვის მონაცემების მიხედვით, ერთი მეათედით მეტი მგზავრი გადაიყვანა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. „ლუქსის“ კლასის ავტომობილების გაყიდვის ტემპი სოკოებივით იზრდება: მხოლოდ მიმდინარე წელს რუსეთში 80%-ით მეტი ლამბორჯინი“ გაიყიდა, ვიდრე 2025 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა პუტინი "გადააგდო" და ზელენსკის "ჩაეხუტა"?! - რამ გაამწარა მოსკოვი?

საყოველთაო მობილიზაცია თუ "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენება: ორი გამოსავალი პუტინისთვის - "ეს გადაწყვეტილებები უმძიმეს კატასტროფას გამოიწვევს"

"ვიეტნამის სინდრომი" და სტრატეგიული მარცხი?! - რა დაუჯდება ამერიკას ირანთან სამშვიდობო შეთანხმება

ვინ მოიგო სინამდვილეში ომი: ირანმა თუ ამერიკამ?!

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკის შედარებითი მდგრადობა გამოწვეულია მკაცრი საგადასახადო სტიმულირებით. გასულ წელს მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო მრეწველობას მშპ-ის 7-8% მოახმარა. ეს ნიშნავს, რომ მუშახელის გადადინება სამხედრო დარგში ხდება და ეკონომიკის სხვა დარგები რესურსების გარეშე რჩება, საბოლოოდ კი ხაზინა ზარალდება. შესაძლოა მართლაც ასეა, მაგრამ დავაკვირდეთ: რუსეთის სამხედრო ხარჯები მთელი ომის (ანუ 4,5 წლის) განმავლობაში მშპ-ის მხოლოდ 3-4%-ით გაიზარდა. ცხადია, ეს მცირე არ არის, მაგრამ არასაკმარისია, რომ ქვეყანას კოლოსალური ზიანი მიადგეს. ფაქტია, რომ სამხედრო წარმოების მატების კვალობაზე, სამოქალაქო წარმოება არ იძირება და ვითარდება. დიახ, ფინანსური პრობლემები არის, მაგრამ ზომიერი და ასატანი სახით. სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ შეიძლება ისე, რომ მოსახლეობამ რაც შეიძლება ნაკლებად იგრძნოს.

თუ ყველა ზემოთ ნათქვამს შევაჯამებთ, ყველა გარემოებას გავითვალისწინებთ, დადებითსაც და უარყოფითსაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მატება მიმდინარე წელს 1% იქნება, ანუ დაახლოებით საფრანგეთის ან კანადის დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი კატასტროფულად დაიკლებს და რუსეთში ბენზინისა და დიზელის წარმოება კიდევ უფრო შემცირდება, შეიძლება მშპ-ის მატება 1% კი არ იყოს, არამედ 0,9%. მაგრამ ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკამ რომ ნამდვილად ბუქსაობა დაიწყოს, ამისათვის ქვეყანაში ბევრად უფრო ცუდი და ნეგატიური რამ უნდა მოხდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო