სკანდალური სტატია: „ირანელი სასულიერო პირები ტრამპისა და ნეთანიაჰუს მკვლელობისკენ მოუწოდებენ" - არის თუ არა განხეთქილება ირანის ხელისუფლებაში?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „ირანელი სასულიერო პირები ტრამპისა და ნეთანიაჰუს მკვლელობისკენ მოუწოდებენ" - არის თუ არა განხეთქილება ირანის ხელისუფლებაში?!

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) პირველი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანელი სასულიერო პირები დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობისაკენ მოუწოდებენ: „მათი ლიკვიდაცია ირანელთა რელიგიური მოვალეობაა“ (ავტორი - ახტარ მაკოი). „იმ დროს, როცა ირანის მთავრობა აშშ-სთან დადებულ მემორანდუმს მხარს უჭერს, ირანის რელიგიურ ექსპერტთა საბჭოს წევრები მის წინააღმდეგ გამოდიან“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანელი მაღალი რანგის რელიგიური მსახურების მოწოდებით, დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობა აუცილებელია ირანის ინტერესებისათვის. 10-პუნქტიან განცხადებაში ექსპერტთა ასამბლეამ - ქვეყნის უმაღლესმა სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭომ - განაცხადა, რომ „ამერიკელი დამნაშავე პრეზიდენტის“ და „სიონისტური რეჟიმის ბოროტი პრემიერ-მინისტრის“ მკვლელობა თითოეული ირანელის რელიგიურ ვალს წარმოადგენს. „მაჰდურ ალ-დამის“ რიტუალის შეუსრულებლობა, რომელიც „იმ პირების დასჯას გულისხმობს, რომლებმაც სიკვდილი დაიმსახურეს“, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მოწოდება გაჟღერდა იმის მიუხედავად, რომ უკვე ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-სა და ირანს შორის ომის შეწყვეტის მიზნით. როგორც ცნობილია, დოკუმენტი შედგება 14 მუხლისაგან და 60-დღიან ზავს ითვალისწინებს, სხვადასხვა რთული საკითხების გადასაჭრელად, ირანის ბირთვული პროგრამის ჩათვლით.

მაგრამ მემორანდუმის პირობები მუდმივად ირღვევა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი სახიფათო სიტუაციის გამო, რაშიც ირანი ამერიკას ადანაშაულებს და ისრაელის მოქმედების შედეგად სამხრეთ ლიბანში.

თავიანთ მოწოდებაში ირანელმა რელიგიის მსახურებმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მოკვლა იქნება შურისძიება ალი ჰამენეის სისხლისათვის - ირანის უზენაესი ლიდერის სიკვდილისათვის, რომელიც აშშ-ისრაელის დაბომბვის შედეგად ომის დაწყებისთანავე დაიღუპა. „შურისძიება უპირველეს ყოვლისა“ - ნათქვამია მოწოდებაში, - „ნებისმიერი ირანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ ბოროტი დამნაშავეების წინაშე აღმოჩნდება, ვალდებულია ყველანაირად ეცადოს, რომ ისინი ჯოჯოხეთში გაგზავნოს“.

მოწოდების ტექსტი კატეგორიულია, მაგრამ ის არ ითვლება ოფიციალურად ფეტვად, რომელიც შიიტურ ისლამში ცალკეული რელიგიური მოღვაწის მიერ გამოიცემა პირადად, თავისი სახელით და არა პირთა ჯგუფისაგან.

ექსპერტების ასამბლეა 88 სასულიერო წარმომადგენლისაგან შედგება, რომლებსაც, კონსტიტუციის თანახმად, ირანის უზენაესი ლიდერის არჩევა და მისი საქმიანობისადმი ზედამხედველობა ევალებათ.

ომის დროს ასამბლეის შენობები ყუმში და თეირანში არაერთხელ დაიბომბა ისრაელისა და აშშ-ის ავიაციის მიერ, რაც, ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ალი ჰამენეის მემკვიდრის არჩევის ხელის შეშლის მცდელობას წარმოადგენდა, თუმცა მისი ვაჟი მოჯთაბა ჰამენეი მაინც იქნა არჩეული საიდუმლო ადგილზე.

ექსპერტთა ასამბლეის რადიკალური განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად ღრმა განხეთქილება არსებობს ირანის ისტებლიშმენტში.

როგორც ცნობილი გახდა, მოწოდებას ხელი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მოაწერა, მაგრამ მისი გამოქვეყნების შემდეგ ასამბლეის სამდივნომ განცხადებისგან დისტანცირება მოახდინა. ანუ ხელის მომწერია 63 წევრი 88-დან.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება თურქეთში და რისთვის ემზადება ერდოღანი?! - 200-ზე მეტი დაკავებული მოქალაქე და შეზღუდვა მედიას

ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!

ტრამპმა პუტინი "გადააგდო" და ზელენსკის "ჩაეხუტა"?! - რამ გაამწარა მოსკოვი?

საყოველთაო მობილიზაცია თუ "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენება: ორი გამოსავალი პუტინისთვის - "ეს გადაწყვეტილებები უმძიმეს კატასტროფას გამოიწვევს"

სასულირო პირები ხელისუფლებისგან ითხოვენ იმასაც, რომ მთავრობამ მოლაპარაკება აშშ-სთან ფრთხილად აწარმოოს, რადგან ვაშინგტონი დროის გაჭიანურებას ცდილობს და ამით ომში დახარჯული შეიარაღების აღდგენას გეგმავს. „შეტევის განახლების ალბათობა ძალიან მაღალია, ამიტომ მემარანდუმის პირობების დაცვა ამერიკას მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ“, - ნათქვამია მოწოდებაში. „აუცილებლად ვთვლით მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებას და მზადყოფნას იმ დრომდე, სანამ უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი ამას საჭიროდ ჩათვლის“.

ხელმომწერებმა ასევე დაგმეს მთავრობის გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე და ის სტრატეგიულ შეცდომად“ მიიჩნიეს. მათ ასევე მოითხოვეს მოლაპარაკების დღის წესრიგიდან ირანის ბირთვული პროგრამის ამოღება: „ბირთვული კვლევების წარმოება ირანის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანი აშშ-ის პრეზიდენტს სიკვდილით ემუქრება.

2024 წელს, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ტერორისტი პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე მყოფ დონალდ ტრამპს ესროდა, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ გახსნეს შეთქმულება პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მიზნით, რაც ირანის შურისძიებას წარმოადგენდა ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო. როგორც ცნობილია, გენერალი ყასემ სულეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „კუდსის“ ქვედანაყოფის სარდალი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, 2020 წლის 3 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადში მოკლეს მიზანმიმართული ავიადარტყმის შედეგად. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირებისგანაცხადებით, შეთქმულებასა და სროლას შორის რაიმე კავშირი არ არსებობდა.

რელიგიის მსახურთა განცხადება გამოქვეყნდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი ყუმში გაემგზავრა, სასულიერო სემინარიაში სიტყვით გამოსასვლელად, მემორანდუმის პირობების დაცვის მიზნით. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ყველაფერი მოჯთაბა ჰამენეისთან არის შეთანხმებული, ყველაფერი კოორდინირებულად მიმდინარეობს და ამ დროს სასულიერო პირები თავიანთი კრიტიკული მოწოდებით საზოგადოების მიმართ „ფსიქოლოგიურ შეტევას ახდენენ და ამით ხელს უწყობენ გარეშე მტრების ანტიირანულ საქმიანობას“.

ამასობაში კი სამშვიდობო პროცესი, როგორც ჩანს, ჩიხში შედის.

სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტის სიძე, დოჰაში ჩავიდნენ, კატარელ შუამავლებთან შესახვედრად, ირან-აშშ-ის მოლაპარაკების დეტალების განსახილველად.

გაჩნდა იმედი იმისა, რომ იქნებ აშშ-სა და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. „ვაშინგტონსა და თეირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა სამშაბათს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაიმ ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკულ მხარესთან შეხვედრა არანაირ დონეზე დაგეგმილი არ არის“. მისი თქმით, ირანის ტექნიკური დელეგაცია დოჰაში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ამზადებს შეთანხმებას ირანის კუთვნილი გაყინული აქტივების დებლოკირების მიზნით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო