რა ხდება ფრონტზე და გამოიყენებს თუ არა გამწარებული პუტინი "განკითხვის დღის" იარაღს?!
„უკრაინამ საომარი მოქმედებები დიდი ხანია რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა [ჰაერიდან, რაკეტებისა და დრონების მეშვეობით], მაგრამ თავის მხრივ, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეტევას აგრძელებს - ხუთშაბათს მან კიევი უამრავი ბალისტიკური რაკეტითა და რეაქტიული დრონით დაბომბა“, - აღნიშნულია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა შეტევებს აგრძელებს, მაგრამ პუტინიც მიანიშნებს, რომ უკან არ დაიხევს“ (ავტორი - პოლ სონი).
პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები: როგორია ომის პერსპექტივა? რატომ არ დაიხევს უკან ვლადიმერ პუტინი?
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ბოლო კვირაში უკრაინამ, ისარგებლა რა თავისი სარაკეტო და საავიაციო მრეწველობის მიღწევებით, ახლებურად დაარტყა მოსკოვის ახლოს მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და უშუალოდ თვითონ მოსკოვს.
მაგრამ დაარწმუნებს თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინის თითქმის ყოველდღიური შეტევები რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე, რომ მან საომარი მოქმედებები შეწყვიტოს?
ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით უარყოფითია: ვერ დაარწმუნებს. პირიქით, თვითონ კრემლი სულ უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით ბომბავს კიევს. ესე იგი, ვლადიმერ პუტინი უკან არ დაიხევს.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებას რაიმე ეფექტი არ აქვს.
უკრაინის რაკეტებმა და დრონებმა რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოიწვია - უფრო მეტიც, მოსკოვის ცაზე ასულ საზარელ შავ კვამლს უდიდესი პროპაგანდისტული ეფექტი ჰქონდა. მართალია, რუსეთმა მოახერხა ბენზინისა და დიზელის დამატებითი იმპორტი ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და ინდოეთიდან, მაგრამ საწვავის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა თავი გაემართლებინა და ტელევიზიით გამოსვლისას რუსეთის მოსახლეობა დაამშვიდა, განაცხადა, რომ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სიტემას გააძლიერებს...
როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რუსი ლიდერის პოპულარობა 60%-მდე დაეცა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ნათლად გარკვეული, რომ რუსული საზოგადოების უკმაყოფილება პუტინისათვის პოლიტიკურ გამოწვევაში გადაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ მან მტკიცე ავტორიტარული სისტემა შექმნა და მკვეთრად გააძლიერა სამხედრო ცენზურა და რეპრესიები.
აშშ-ის კარნეგის ფონდის ბერლინის ფილიალის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის ცენტრის დირექტორის ალექსანდრე გაბუევის თქმით, „იმის შანსი, რომ სიტუაცია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შეტრიალდეს, არის, მაგრამ პროცენტული შეფარდებით ის მხოლოდ ერთნიშნა ციფრით გამოიხატება, ანუ 9%-მდე. დიდი ალბათობით. კონფლიქტი გაგრძელდება - კიდევ უფრო მეტი ნგრევითა და დანაკარგებით ორივე მხარისათვის“.
ვლადიმერ პუტინის სამომავლო მოქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შორს წავა უკრაინა თავის დარტყმებში. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას დიდი პრობლემები აქვს, დროა საჭირო და კიევის თავდაცვა ჩამოიშლება, რუსეთის არმია კი წინ მიდის და ქალაქ კონსტანტინოვკას აკონტროლებს [თუმცა უკრაინა ამას უარყოფს].
„კრემლი ან დეზინფორმირებულია, ან შეგნებულად ცრუობს, ან ორივე ერთად. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, განზრახული აქვს მტკიცედ იდგეს და უკან არ დაიხიოს. ასე რომ, მე ვერ ვხედავ რაიმე სიმპტომებს იმისას, რომ ახლო მომავალში სიტუაცია შეიცვლება“, - აღნიშნავს ალექსანდრე გაბუევი.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: „ირანელი სასულიერო პირები ტრამპისა და ნეთანიაჰუს მკვლელობისკენ მოუწოდებენ" - არის თუ არა განხეთქილება ირანის ხელისუფლებაში?!
ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!
ტრამპმა პუტინი "გადააგდო" და ზელენსკის "ჩაეხუტა"?! - რამ გაამწარა მოსკოვი?
"ვიეტნამის სინდრომი" და სტრატეგიული მარცხი?! - რა დაუჯდება ამერიკას ირანთან სამშვიდობო შეთანხმება
უფრო მეტიც: თუ უკრაინის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, ამ ფაქტმა შეიძლება რუსეთი კიდევ უფრო მეტად დარაზმოს და რუს „ქორებს“ მეტი არგუმენტები გაუჩინოს: ისინი დიდი ხანია მოუწოდებენ ვლადიმერ პუტინს, რომ მან „თეთრი ხელთათმანები“ გაიხადოს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავიდან მოიშოროს და თუ საჭიროება დადგა, არ მოერიდოს ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.
ომის ერთ-ერთი სიურპრიზი გამოიხატება ვლადიმერ პუტინისა და რუსი ხალხის ამტანობაში - ისინი მზად არიან ითმინონ ბევრი პრობლემა სამხედრო მიზნის მისაღწევად. ფაქტია, რომ ომმა უკვე რუსეთი იზოლაციაში მოაქცია მსოფლიო ეკონომიკისაგან, რუსეთს უკრაინასთან ომი ბუმერანგივით დაუბრუნდა ბელგოროდისა და კურსკის ოლქში, აქვს ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები (დაღუპულია თითქმის 450 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე). გარდა ამისა, იყო მომენტი, როცა რუსეთის არმია უკანმოუხედავად გარბოდა დაკავებული პოზიციებიდან და ქალაქებს ტოვებდა.
და მაინც ვლადიმერ პუტინი ურყევად დგას. მისი მთავრობა ცდილობს სამხედრო ხარჯები როგორმე ისე დაფაროს, რომ მოსახლეობამ ჯიბეზე მკვეთრად არ იგრძნოს და საზოგადოებამ მწვავე უკმაყოფილება არ გამოავლინოს.
„შეიცვლის თუ არა ვლადიმერ პუტინი თავის პოზიციას? შედრკება თუ არა მოსკოვი კიევზე ადრე? როდის შეიცვლება ძირფესვიანად სიტუაცია? ამ კითხვებს საკუთარ თავს ჩვენ დიდი ხანია ვუსვამთ“, - ამბობს შტეფან მაისტერი, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს ანალიტიკოსი, - „რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ჩემს აზრს გეტყვით: ძალიან მეეჭვება, რომ მისი გაჩერება შეიძლება, რითაც და როგორც არ უნდა ვინმე შეეცადოს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ