"შავი აგვისტოს" მოლოდინში და ოთხი სცენარი: რისთვის ემზადება გამწარებული პუტინი?!
ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინს არჩევანის შესაძლებლობა ეწურება: რუსეთის ლიდერს შესაძლოა ომის გამწვავება სურს, მაგრამ ამას იოლად ვერ შეძლებს“ (ავტორი - გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
უკრაინული შორი მოქმედების დრონების გახშირებულმა ზუსტმა დარტყმებმა რუსეთში საწვავის ისეთი მწვავე კრიზისი გამოიწვია, როგორიც ბოლო ათწლეულებში არ მომხდარა. რუსეთის მოსახლეობამ უშუალოდ იგრძნო საკუთარ თავზე უკრაინასთან ომის ნეგატიური შედეგი. გარდა ამისა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობტერმინალების აფეთქებებმა მსოფლიოში გააჩინა იმის შეგრძნებაც, რომ რუსეთის საქმე მართლაც ვერ მიდის კარგად და რომ ომის მსვლელობაში მოსკოვის საწინააღმდეგოდ რაღაც შეიცვალა. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აღნიშნა, „ჩვენ - კანადელები, გერმანელები, ბრიტანელები და ფრანგები - ვთვლით, რომ სიტუაცია ისეთი აღარაა, როგორიც იყო... პუტინი ომს წააგებს“.
მაგრამ ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერი, უბრალოდ, უკან დაიხევს და დამარცხებას შეურიგდება, ამიტომ დასავლელი პოლიტიკოსები ომის საზაფხულო ესკალაციისთვის ემზადებიან: „კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი, - ასეთია: რის გაკეთებას აპირებს ვლადიმერ პუტინი?“
საერთოდ, დასავლელ სტრატეგებს შორის ორი თვალსაზრისი არსებობს: პირველის მიხედვით, ჩვენ ომის ძალიან სახიფათო პერიოდში შევდივართ და ამიტომ კუთხეში მიმწყვდეული რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ისეთ დარტყმას განახორციელებს, რაც ომის მსვლელობა-მიმართულებას კრემლის სასარგებლოდ შეცვლის. მეორის თანახმად, ვლადიმერ პუტინის რეალური შესაძლებლობები ომის ესკალაციისთვის სინამდვილეში საკმაოდ შეზღუდულია და კრემლი ომის მსვლელობის შეცვლას უკვე ვეღარ განახორციელებს. ამრიგად, ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება ასეთნაირად გამოიხატოს (რაც რუსეთს სრულიად აწყობს): დასავლელი პოლიტიკოსები იმდენად შეშინებულები არიან ესკალაციის მუქარით, რომ ისინი შეეცდებიან უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ და იძულებული გახადონ, რომ კიევმა უკან დაიხიოს.
არსებობს ომის ესკალაციის ოთხი ძირითადი გზა: პირველი - ჩვეულებრივი საომარი მოქმედებების გაფართოება ბრძოლის ველზე; მეორე - ბირთვული იარაღის გამოყენება; მესამე - პირდაპირი თავდასხმა ნატოზე; მეოთხე - „ჰიბრიდული ომი“ ანუ რუსეთის საიდუმლო ძალისხმევა დასავლური ინფრასტრუქტურისა თუ ცალკეული ლიდერების გასანადგურებლად.
მოსალოდნელია, რომ ივლის-აგვისტოში რუსეთი დამატებით ძალებს გადაისვრის ფრონტის „ხორცსაკეპში“. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა დაიკავეს, რომელიც კრემლისთვის დონბასში საკვანძო სამიზნედ ითვლება, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი განცხადება უარყო და პირიქით, დასცინა კიდეც - „თუ მართლა დაკავებული გაქვს, წამოდი და კონსტანტინოვკაში შევხვდეთ ერთმანეთსო“. დასავლელი ოფიციალური წრეები თვლიან, რომ რუსეთი ჯარისკაცებს უფროს სწრაფად კარგავს, ვიდრე მისი შევსება შეუძლია - თვეში 35 ათასამდე, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ვრცელდება მოარული ხმები, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული ხდ3ება საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს და ფრონტზე გაგზავნოს ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე ყველა მოქალაქე.
კაცმა რომ თქვას, ოთხ წელზე მეტის ხნის ძვირადღირებული ომის განმავლობაში რუსეთმა მაინც ვერ აჩვენა ისეთი საომარი შესაძლებლობები, როგორსაც თვითონ რუსები და დასავლელები ელოდებოდნენ. არაფერი არ აჩვენებს, რომ კრემლი გადამწყვეტი გარღვევის ზღურბლზე დგას. შესაძლოა რუსეთის მცდელობები იმდენად სახმელეთო ფრონტზე არ გამოჩნდეს, რამდენადაც, ვთქვათ, რაკეტებით და დრონებით შეტევებში. ბოლო დღეებში კიევზე საჰაერო სეტევები ისეთი მასირებული გახდა, რომ ნგრევამ და მოსახლეობის მსხვერპლმა მკვეთრად იმატა... თუმცა ასეთი ტაქტიკა, მართალია, ულმობელი და მკაცრია, მაგრამ ომის მსვლელობაში გარდატეხას მაინც ვერ შეიტანს.
მთელი ომის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა არაორაზროვნად მიანიშნებდნენ იმაზე, რომ რუსეთმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ტაქტიკური დანიშნულების მქონე ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამჟამად ეს მუქარები ისე სერიოზულად აღარ აღიქმება, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. დასავლელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ჩინელმა ლიდერმა სი ძინპინმა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მკაცრად გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, დასავლელები ფიქრობენ, რომ კრემლი აცნობიერებს - თუ პუტინი ბირთვულ იარაღით ისარგებლებს, ეს ომში დასავლეთის პირდაპირ ჩარევას გამოიწვევს. იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ ბირთვული იარაღის „ჟღარუნით“ პუტინმა დასავლელი პოლიტიკოსების აღქმაში მისი დამღუპველი ძალა შეამცირა. როგორც ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა თქვა, „კრემლმა ვალუტის დევალვირება მოახდინა“.
ბირთვული იარაღით მუქარის ნაცვლად დასავლელი ლიდერები რუსეთის პროვოკაციებს ელოდებიან, რომლებიც ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ იქნებიან მიმართულნი ლატვიის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „რუსეთი სამხედრო პროვოკაციებს ამზადებს“, პოტენციურად ბალტიისპირელთა საწინააღმდეგოდ მიმართულს. ისეთი სიტუაცია, რომ რუსეთი მათ პირდაპირ თავს დაესხმება, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დასავლეთი დიდი ხანია შეშფოთებულია კრემლის ჩანაფიქრით, რომ ბალტიის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით, მოსკოვმა შეიძლება რაღაც ცუდი მოიმოქმედოს. იდეა შემდეგში გამოიხატება: გაჩაღდება სამხედრო-დიპლომატიური კრიზისი, რომელიც დასავლეთში უკვე არსებულ განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს, გაძლიერდება აშშ-ის ზეწოლა უკრაინაზე ტერიტორიული დათმობების მისაღწევად.
მაგრამ შეუძლია ასეთი რისკის გაწევა ვლადიმერ პუტინს? კრემლი ოთხი წლის განმავლობაში ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას თავს არიდებდა. დიახ, იყო იმის საფრთხე, რომ რუსეთი ვა-ბანკზე წავიდოდა და დაბომბავდა ნატოს ქვეყნების კონკრეტულ ადგილებს, საიდანაც უკრაინაში იარაღი შედის, მაგრამ ეს არ მომხდარა. თუ რუსეთი ბალტიის ქვეყნებს შეუტევს, ამით უკრაინის ფრონტი გაშიშვლდება, ანუ კრემლი არც ამაზე არ წავა. ვლადიმერ პუტინი იძულებულია გაითვალისწინოს, რომ მისთვის მეორე ფრონტის არსებობა, უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, სერიოზული შეცდომის დაშვების ტოლფასია, რასაც, დიდი ალბათობით, რუსეთის დამცირება მოჰყვება.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება ფრონტზე და გამოიყენებს თუ არა გამწარებული პუტინი "განკითხვის დღის" იარაღს?!
ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!
"ვიეტნამის სინდრომი" და სტრატეგიული მარცხი?! - რა დაუჯდება ამერიკას ირანთან სამშვიდობო შეთანხმება
რჩება „ჰიბრიდული ომის“ შესაძლებლობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევები უამრავია: ყველაზე მეტად ცნობილი ეპიზოდია გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანიის Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მოკვლის მცდელობა. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს აითვისოს დასავლური ინფრასტრუქტურის - კაბელებისა და ენერგოსადენების განადგურების მეთოდები...
მაგრამ ჰიბრიდული ესკალაცია, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე რისკებთან არის დაკავშირებული. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლეთსაც შეუძლია საპასუხო ზომების მიღება. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, ერთი მხრივ, რუსეთს, ჩინეთს და მათ მომხრეებს, მეორე მხრივ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს უკვე განლაგებული აქვთ კიბერბომბები ერთმანეთის კრიზისულ ინფრასტრუქტურებში.
ვლადიმერ პუტინს, უეჭველია, ესკალაციის ვარიანტები მზად აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ყველა ვარიანტი ცუდია. და მაინც, არანაირი სიმპტომი არ ჩანს იმისა, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის მარცხს შეურიგდეს. შესაბამისად, უკრაინა და მისი დასავლელი მფარველები ზაფხულის ცხელი და სახიფათო მეორე ნახევრისათვის ემზადებიან. შეძლებენ კიევი და ბრიუსელი ამ საფრთხე-გამოწვევისადმი გამკლავებას? ყოველ შემთხვევაში, მათ იმედეი აქვს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა რეალობას თვალს გაუსწორებენ და წლის ბოლომდე უარს იტყვიან თავიანთ მაქსიმალისტურ მიზნებზე. შესაძლოა, უკრაინაში ომის დასასრული უკვე ნამდვილად ახლოვდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ