ომის ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა კიევზე და დანგრეული ქარხანა, რომელიც ბიზნესმენ სევერიან დანგაძეს ეკუთვნის - რას იზამს "პეტრიოტების" გარეშე დარჩენი - კვირის პალიტრა

ომის ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა კიევზე: უკრაინის დედაქალაქს 41 ბალისტიკური რაკეტითა და 125 დრონით შეუტიეს - რას იზამს "პეტრიოტების" გარეშე დარჩენილი ზელენსკი?!

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 20 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინას ომის ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა: კიევი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მწვავე დეფიციტს განიცდის“ (ავტორი - ემილი სმიტი). პუბლიკაციაში განხილულია რუსული რაკეტა „ისკანდერებით“ უკრაინისათვის მიყენებული სამხედრო ზიანი. [უკრაინული წყაროებით ირკვევა, რომ დანგრეულია ქარხანა Ukrtac, რომლის დამფუძნებელია ქართული წარმოშობის მქონე უკრაინელი ბიზნესმენი სევერიონ დანგაძე].

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთმა 19 ივლისს, კვირას, გამთენიისას, უკრაინას მთელი ომის ისტორიაში, უდიდესი სარაკეტო დარტყმა მიაყენა - მეზობელი ქვეყნისკენ 41 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, 125 უპილოტო საფრენ აპარატთან ერთად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული რაკეტების - „ისკანდერების“ დიდი ნაწილი კიევისკენ იყო მიმართული.

ანდრეი სიბიღამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის „იქს“-ქსელში დაწერა: „რუსეთმა უკრაინას მთელი ომის ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის რაკეტებით შეუტია. კიევზე ტერორისტულმა თავდასხმამ ადამიანებიც იმსხვერპლა... ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ რუსეთის მიმართ ადეკვატური და გადამწყვეტი ზომები მიიღონ, განახორციელონ ისეთი ზეწოლა, რომ ეს ტერორი დასრულდეს“.

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, სარაკეტო დამბომბვების შედეგად კიევის ხუთ რაიონში ხანძრები გაჩნდა, ზიანი მიადგა საცხოვრებელ შენობებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სამრეწველო ობიექტებს.

[როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბალისტიკური რაკეტების სამიზნეები იყვნენ კიევის ქარხანა „არტემი“, რომელიც სხვადასხვა აპარატურას, მათ შორის - მართვის სისტემებს ამზადებს, უკრაინული ბალისტიკური რაკეტა FP-5-ისთვის („ფლამინგო“). დარტყმა, აგრეთვე, განხორციელდა სერგეი კოროლიოვის სახელობის საწარმო „მერიდიანზე“, რომელიც რაკეტა „ნეპტუნის“ მაკომპლექტებელ სისტემებს უშვებს.

[დაბომბილ და დანგრეულ ობიექტებს შორის არის ქარხანა Ukrtac, რომელიც უკრაინის არმიისათვის სამხედრო ამუნიციისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მათ შორის - ჯავშანჟილეტების და ზურგჩანთების მწარმოებელია. კომპანიის დამფუძნებელმა სევერიონ დანგაძემ განაცხადა: „რუსული რაკეტების ზუსტი მოხვედრის შედეგად ჩვენი ქარხანა და საწყობები მთლიანად განადგურდა“. - წყარო

რუსულმა რაკეტა „ისკანდერმა“ დაანგრია უკრაინის ლოჯისტიკური კომპანიების - „ნოვა პოშტას“ და Amtel Properties-ის ტერმინალებიც კიევსა და კიევის ოლქში.

აღსანიშნავია, რომ რუსული რაკეტების შეტევის წინ უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს და გაანადგურეს რუსეთის კომპანიის - Wildberries-ის საწყობები ტამბოვსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში, დაიღუპა ათამდე ადამიანი, დაიჭრა 80-მდე. Wildberries-ის საწყობებში გაჩენილმა ხანძარმა ისეთი შავი კვამლის სქელი ღრუბელი გამოიწვია, რომელიც მოსკოვიდანაც კი ჩანდა.

ბოლო დროს უკრაინაზე რუსეთის მსხვილმასშტაბიანი სარაკეტო შეტევების დროს გამოწვეული მნიშვნელოვანი ნგრევების მიზეზია ის, რომ უკრაინა განიცდის ანტირაკეტების მწვავე დეფიციტს - კიევს დაუმთავრდა და აღარ აქვს საზენიტო კომპლექს „პეტრიოტისთვის“ საჭირო რაკეტები - PAC-3, რომელიც რუსულ „ისკანდერებს“ ჰაერში ფრენისას „იჭერს“ და ანადგურებს.

როგორც ცნობილია, ნატოს ანკარის სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას მისცემს ლიცენზიას Patriot-ის რაკეტების წარმოებისათვის, თუმცა ამ გადაწყვეტილების დეტალები ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, 19 ივლისს, განაცხადა: „კიევის დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან ჩვენთვის უპირველეს პრიორიტეტად ითვლება. Patriot-ის რაკეტები ყოველდღიურად ჰაერივით გვჭირდება. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენ ამ რაკეტებს მოგვაწვდის და ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას უზრუნველყოფს“.

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის განცხადებით, „კიევზე 19 ივლისის შეტევამ დაადასტურა, რომ რუსეთის სტრატეგია სამოქალაქო მოსახლეობის ტერორით განისაზღვრება. უკრაინა ამასაც გაუძლებს. გვჭირდება უფრო ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომ ვიდრე რუსული რაკეტები ჩვენს საცხოვრებელ შენობებს და ქარხნებს დაეცემიან, ჰაერშივე გავანადგუროთ“.

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ სიკვდილი გვიწერია, ერთად მოვკვდეთ“ - რას ამბობს ქალი, რომლის ქმარი "ბოინგის" დაზიანებული ილუმინატორიდან ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის გარეთ „გაიწოვა“

დონალდ ტრამპის ევროპული გეგმა კრახს განიცდის ანუ როგორ ვაქციოთ მოკავშირეები მტრებად?! - Financial Times

ირანულმა გაზეთმა „შურისძიების სია“ გამოაქვეყნა: საფრთხე 14 ლიდერს ემუქრება?!

„კაცი, რომელიც რუსეთს შეცვლის: რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო ქვეყანას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს“ - The Economist

თავის მხრივ, 19 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის ნავთობტანკერებს აზოვის ზღვაში და ნავთობტერმინალებს სტავროპოლის მხარეში. ასევე, როგორც კასპიის მილსადენების კონსორციუმმა განაცხადა, კვირას უკრაინის დრონებმა ნოვოროსიისკის ახლოს მდებარე საზღვაო ტერმინალში რეიდზე მდგარ ორ ნავთობტანკერს შეუტიეს. მათგან ერთ-ერთი - „ნისოსი“ ამერიკული კომპანიის - „შევრონის“ კუთვნილი ნავთობით იყო დატვირთული.

კიევზე რუსეთის მასირებული და უძლიერესი სარაკეტო თავდასხმა დაემთხვა უკრაინაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს, რომლებიც გამოწვეულია ქვეყნის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით, კერძოდ, თავდაცვის პოპულარული მინისტრის - მიხეილ ფედოროვის ხელისუფლებისაგან ჩამოშორებით, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის არმიის მთავარსარდლის - ალექსანდრე სირსკის ტაქტიკასა და სტრატეგიას.

გაეროს მონაცემებით, გასულ თვეში უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობა ყველაზე მეტი რაოდენობით დაიღუპა 2022 წლის აპრილიდან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო