ირანულმა გაზეთმა „შურისძიების სია“ გამოაქვეყნა: საფრთხე 14 ლიდერს ემუქრება?!
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 13 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ირანულმა გაზეთმა „შურისძიების სია“ გამოაქვეყნა: დასავლელი „არამზადების გალერეაში“ შედიან დონალდ ტრამპი, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი“ (ავტორი - სარა ნიუი). მასალაში ჩამოთვლილია დასავლელი „ნაძირლები“, რომელთაგან ზოგს სიკვდილი ელოდება, ზოგს კი - საპყრობილე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ირანის სამთავრობო გაზეთმა „ჰამშაჰრმა“ გამოაქვეყნა ე.წ. შურისძიების სია („არამზადების გალერეა“) იმ მსოფლიო ლიდერებისა, რომლებიც აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის გამო უნდა განადგურდნენ. სია იწყება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პორტრეტებით, რომლებსაც შუბლზე სამიზნე აქვთ მონიშნული, სნაიპერული სტილით. შემდეგ მათ მოსდევთ კიდევ 11 ლიდერის ფოტოსურათი, რომელთაგან ყველას ყვითელი ფერის ციხის პატიმრის ტანსაცმელი აცვიათ, მათ შორის არიან კირ სტარმერი, მარკო რუბიო, ჯორჯა მელონი და ემანუელ მაკრონი. სია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ირანის უზენაესმა ლიდერმა და დაღუპული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟმა მოჯთაბა ხამენეიმ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა, მამამისის დაკრძალვის ექვსდღიანი ცერემონიის შემდეგ. „შურისძიება ჩვენი ხალხის ნებას წარმოადგენს და ის გარდაუვლად უნდა იქნას აღსრულებული. სიაში ის არამზადები და ნაძირლები არიან, ის დამნაშავეები, რომლებიც საწოლში მშვიდად ვერ მოკვდებიან, მათ პირდაპირ სამარეში გავისტუმრებთ“, - განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.
ირანის მასმედია ქვეყნის ლიდერის განცხადებებს და კომენტარებს კი აქვეყნებს, მაგრამ თვითონ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი სახით, ფიზიკურად და რეალურად, არავის უნახავს ომამდელი პერიოდიდან, უფრო ზუსტად - 28 თებერვლიდან. ამბობენ, რომ დაჭრილი იყო, უმკურნალეს და ახლა ჯანმრთელია, მაგრამ მაინც რატომღაც საკუთარ ხალხს არ ენახვება.
სხვათა შორის, გაზეთმა „ჰამრშაჰრმა“ სია თავის ონლაინვერსიაში გამოაქვეყნა, მაგრამ ქაღალდის ვერსიაში არ დაბეჭდილა. გარდა ამისა, არც ოფიციალურ თეირანს განუცხადებია რაიმე „სიკვდილმისჯილთა“ სიის თაობაზე. თუმცა გასულ კვირაში აშშ-ის მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა აქვს დაგეგმილი. როგორც აღნიშნავენ, ეს ინფორმაცია ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა და მასში აშშ-ის მეთაურის ლიკვიდირების კონკრეტულ სქემაზეა საუბარი. ალბათ, სწორედ ეს მიზეზი იყო იმისა, რომ ანკარაში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი აშშ-ში თავისი ახალი თვითმფრინავით კი არ დაბრუნდა, რომელიც კატარის მთავრობამ აჩუქა, არამედ - ძველით, რომელიც დეტალურად მოწმდება დიდი ხნის განმავლობაში.
ანკარიდან გაფრენის წინ დონალდ ტრამპმა თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს ასე განუცხადა: „მათ [ირანელებს] აშშ-ის ლიდერის ანუ ჩემი მოკვლა სურთ. მე ნებისმიერ სიაში რიგით პირველი ვწერივარ, ამაში დღეს დილით რეალურად დავრწმუნდი“.
კვირას, 12 ივლისს, აშშ-ისა და ირანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა (უკვე მერამდენედ!), რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებას და მასზე ხელმოწერას. ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ გადაკეტა და მასში მცურავ გემებს სროლა აუტეხა, აშშ-მა კი საპასუხო დარტყმა მიაყენა ირანის 140 ობიექტს.
ასევე დაგაინტერესებთ: „კაცი, რომელიც რუსეთს შეცვლის: რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო ქვეყანას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს“ - The Economist
"შავი აგვისტოს" მოლოდინში და ოთხი სცენარი: რისთვის ემზადება გამწარებული პუტინი?!
რა ხდება ფრონტზე და გამოიყენებს თუ არა გამწარებული პუტინი "განკითხვის დღის" იარაღს?!
ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!
თეირანმა განაცხადა, რომ გემებმა [ნავთობ-გაზის ტანკერებმა] მის გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს - მარშრუტის შესაცვლელად და ამიტომ დაისაჯნენ. ჰორმუზის ყურე დახურული დარჩება მანამდე, ვიდრე აშშ რეგიონის საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს.
თეირანმა მკაცრად გააკრიტიკა სპარსეთის ყურის ქვეყნები - ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და ომანის ჩათვლით. თავის მხრივ, კატარმა ირანის მოქმედება „სახიფათო ესკალაციად“ შეაფასა, იმავენაირად მოიქცა ომანის სასულთნოს მთავრობაც.
ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ირანის მხრიდან, მოჰამად ბაგერ გალიფაბმა თავის იქს-ქსელში ასე დაწერა: ერთმხრივი გარიგებები დასრულდა. ჩვენ ხომ გეუბნებოდით და გაფრთხილებდით: თუ დაპირებულ სიტყვას არ შეასრულებთ, მისი დარღვევის ფასს გადაიხდით. რეალობა კარზე გიკაკუნებთ“.
მოამზადა სიმონ კილაძე