„კაცი, რომელიც რუსეთს შეცვლის: რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო ქვეყანას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს“ - The Economist
„კაცი, რომელიც რუსეთს შეცვლის: წამყვანი რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო ქვეყანას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 11-17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ მოწინავე სტატიას, რომელშიც რუსეთისათვის უკრაინის ომის ნეგატიური შედეგებია განხილული, დღევანდელი მმართველობის პირობებში. „რა მოხდება რუსეთში? და საერთოდ, როგორი უნდა იყოს რუსეთი?“ - ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას რუსი ბიზნესმენი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა რუსების საკმარისი ნაწილი იგრძნობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უსასრულო საომარი მოქმედებები, რომლისთვისაც ისინი სისხლიან ფასს იხდიან, უკვე უსარგებლოა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება რაღაც შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგას შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად. ამიტომაც არის აუცილებელი რუსეთის მიმართ მუდმივად თვალის დევნება, რომ საზოგადოების დაღლილობა ან უკმაყოფილება დროულად შევამჩნიოთ.
ჩვენი ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილია იმ ადამიანის პორტრეტი, რომელიც დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს. მისი ავტორია ანდრეი მელნიჩენკო, სასოფლო-სამეურნეო სასუქების წარმოების მსოფლიო ლიდერი და უმსხვილესი რუსი მრეწველი. მასზე ვერავინ იტყვის, რომ იგი ანტიპუტინური ოპოზიციის წარმომადგენელია. იგი არამარტო არ აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას, არამედ ინსაიდერად ითვლება, რომლის ქარხნები რუსეთის სამხედრო ეკონომიკისთვისაც მუშაობენ და ბიუჯეტში დიდი ფული შეაქვთ. ანდრეი მელნიჩენკოს ვერც კეთილშობილ მეცენატად და ქველმოქმედად ვერ ჩავთვლით - იგი თავის ქარხნებს ჯერ საზღვარგარეთიდან მართავდა, ხოლო 2023 წელს, როცა გლობალური ბიზნესის მასშტაბები შემცირდა და ბევრი რუსი ბიზნესმენი სანქცირებული იქნა, იგი რუსეთში დაბრუნდა და ცხოვრობდა ვლადიმერ პუტინის მიერ დადგენილი წესებით - „მიდი, ფული დააგროვე, გამდიდრდი, მაგრამ პოლიტიკაში ცხვირს ნუ ჩაჰყოფ“.
ანდრეი მელნიჩენკო დღეს იმიტომ ალაპარაკდა, რომ მას და მის კოლეგა-მაგნატებს აღარ შეუძლიათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების იგნორირება, მათ აღარ შეუძლიათ იმის მოთმენა და ატანა, თუ როგორ დალპა ქვეყანა და როგორ გაბატონდა ტირანია.
ანდრეი მელნიჩენკომ თავისი გაფრთხილება ჟურნალ „ეკონომისტისთვის“ მიცემულ მრავალსაათიან ვრცელ ინტერვიუში გამოხატა, რომელსაც „ონლაინ-რეჟიმითაც“ ვაქვეყნებთ. პირველად მოხდა, რომ რუსმა ოლიგარქმა ესოდენ ფართოდ და ვრცლად გამოთქვა თავისი აზრი. ჩვენ მას თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მივეცით არა იმიტომ, რომ ვეთანხმებით მის პოზიციას და არც იმიტომ, რომ იგი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მომხრეა. პირიქით, იგი პრაგმატიკოსია და სურს, რომ მისი კომპანია აყვავდეს და განვითარდეს. სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ მის მოწოდებას გამოძახილი მოჰყვება ქვეყანაში, სადაც წარუმატებელი ომები ისტორიულად (ვთქვათ, 1905 წელს იაპონიასთან ომში მარცხი) იწვევენ მრეწველთა ჩაბმას კამპანიაში პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით.
ანდრეი მელნიჩენკოს ნათქვამი ომის ჩარჩოებს სცდება და ეხება როგორც რუსეთის, ისე მისი უშუალო მეზობლების - რბილად რომ ვთქვათ - არცთუ სასიამოვნო პერსპექტივას: იგი აფრთხილებს დასავლეთსაც, რომ ბრიუსელს, ლონდონს და ვაშინგტონს არ უნდა სურდეთ რუსეთის ჩაძირვა ქაოსში, რომ რუსეთში მკაცრი ავთარქია (თვითკმარობა, იზოლირებულობა) გამეფდეს ან რუსეთი მათზე დამოკიდებული გახდეს. მართალია, იგი არ ამბობს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც მას სურს, იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ერთპიროვნულ მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს.
რაც ანდრეი მელნიჩენკოს ნათქვამს მნიშვნელოვანს ხდის, არის ის, რომ დასტურდება: ომი რუსეთში უკვე მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს თვით ოლიგარქებშიც კი. უკრაინული დრონების შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობტერმინალებზე საწვავის დეფიციტს იწვევს, ბემზინგასამართ სადგურებთან ადამიანთა უზარმაზარი რიგებია, ხდება ურთიერთდაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, საზოგადოებაში ნეგატიური მუხტი ღვივდება. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად ვლადიმერ პუტინის პოპულარობა გაიზარდა, მაგრამ დრეს ნახევარკუნძული იზოლირებულია. მატულობს ცნობილ ადამიანთა ისეთი განცხადებები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ხელისუფლებისათვის არასასიამოვნოა.
ეს რეალობა ეწინააღმდეგება ვლადიმერ პუტინის არაერთგზის დაპირებებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სრული სვლით ხორციელდება და რომ საბოლოო გარღვევა ახლოვდება. მართალია, რუსეთის ეკონომიკა ჯერ-ჯერობით მდგრადობას ინარჩუნებს და ჩამოშლას არ აპირებს, მოსახლეობაც მასობრივი ბუნტისთვის მზად არ არის, მაგრამ ადამიანები უკვე გრძნობენ, რომ ქვეყანა ჩიხში შევიდა.
ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავისი ხელისუფლება ომის ესკალაციითა და უკმაყოფილო ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით განამტკიცოს. ამასწინათ ზოგიერთმა დასავლურმა სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონფრონტაციას გეგმავს. ანდრეი მელნიჩენკო შიშობს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კრემლმა, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების დასაშინებლად, შეიძლება ტაქტიკური (ადგილობრივი მნიშვნელობის, შედარებით მცირე ძალის) ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ამ გარემოებას მხედველობაში არ იღებენ და იმედოვნებენ, რომ კრემლი ამ ნაბიჯს ვერ (არ) გადადგამს.
ანდრეი მელნიჩენკოს მტკიცებით, ომის ესკალაცია რუსეთს, უკრაინას და ევროპას მტკიცე მშვიდობას ვერ მოუტანს. ამასთან, იგი არაფერს არ ამბობს იმაზე, თუ როგორ არიან რიგითი რუსები ომით შეშფოთებულები და შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამოხატონ ნეგატიური დამოკიდებულება ფართო მობილიზაციისა და პოლიტიკური რეპრესიების მიმართ, რაც, ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინს პრობლემებს შეუქმნის და, თავის მხრივ, რეპრესიებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ანდრეი მელნიჩენკოს ინტერვიუში ბევრი არგუმენტია მოცემული. იგი თავის თეზისებს რუსეთისათვის გრძელვადიანი სცენარების სახით გადმოსცემს, რომელთან თითოეული, მისი თქმით, სახიფათოა როგორც რუსეთისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
ყველაზე მეტად საგანგაშოა ის, რომ რუსეთში შეიძლება ანარქიის მორევში აღმოჩნდეს - იმდენად, რამდენადაც ფრონტელ გენერლებს ერთმანეთთან ფარული დაპირისპირება აქვთ იარაღის რესურსების მოსაპოვებლად და ეს შეიძლება ბირთვულ იარაღზეც გავრცელდეს. ეს შიში საკმაოდ რეალურია, რის გამოც თავის დროზე [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] ჯო ბაიდენი ცდილობდა უკრაინისთვის არ მიეცა მეტი შემტევი იარაღი - რუსეთის დამამცირებელი მარცხის თავიდან ასაცილებლად.
ან შესაძლოა რუსეთი უცხო სახელმწიფოს გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. ასეთი უცხო სახელმწიფო შეიძლება ჩინეთი იყოს, რომელსაც შეუძლია თავისი ჩრდილოელი მეზობელი სანედლეულო ბაზად და აშშ-სთან ბრძოლაში ბუფერად გამოიყენოს... ან შეიძლება რუსეთი ომის შედეგად ისე დასუსტდეს და გამოიფიტოს, რომ ევროპის პერიფერიაში გაღატაკებულ-დაბეჩავებული და სხვაზე დამოკიდებული ქვეყნის სახით იარსებოს. რუსი ოლიგარქის პროგნოზით ორივე სავარაუდო ფინალი წარმოქმნის მძაფრ ნაციონალისტურ განწყობას, რომელმაც შეიძლება შიდა კონფლიქტში გადაიზარდოს.
და თუ მართლაც რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყება, ქვეყანა ჩაიკეტება, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, და გადაიქცევა დახურულ ციხე-სიმაგრედ, ალყაშემორტყმულად, ეკონომიკური და ფინანსური სტანაციის პირობებში, ვინ გაიგებს, რა მოხდება ასეთ ქვეყანაში? ისევე როგორც ჩრდილოეთი კორეა, რუსეთიც შეიძლება მთელ მსოფლიოსთან პერმანენტული ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ანდრეი მელნიჩენკო არ განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნას აცილებული თავიდან რუსეთის ასეთი მდგომარეობა. იგი, საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მოუწოდებს დასავლეთს, ცდუნებას არ აჰყვეს და ომი კრიტიკულ წერტილამდე არ მიიყვანოს. „დასავლეთმა უნდა შეძლოს და ისე იმოქმედოს, რომ რუსეთთან თანაარსებობით იცხოვროს“, - ამბობს იგი და ამ მიზნით დასავლეთს მიმართავს, რომ რუსეთის „სუვერენიტეტი“ უზრუნველყოფილი იყოს, ანუ ქვეყანას იმუნიტეტის ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, როგორიც ჩინეთს აქვს - „არავინ არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საშინაო საქმეებში“. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ რეფორმებს, ანდრეი მელნიჩენკო ძუნწად ლაპარაკობს და კონკრეტიკას თავს არიდებს: მთავარია, რომ ქვეყანა საზღვარგარეთისთვის პროგნოზირებადი იყოს, მთავრობას საკუთარი ხალხის ნდობა ჰქონდეს ისე, რომ იძულების ზომები არ იქნას გამოყენებული.
თუმცა ამ შემთხვევაშიც რუსეთში შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ურთიერთდაპირისპირება მოხდეს. თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკიდან გააძევა პოსტსაბჭოთა ოლიგარქები, მაგრამ ახლა შეიძლება მათი ადგილი ძალოვნებმა დაიკავონ. თუ რუსეთი ნორმალური და დემოკრატიული ქვეყანა გახდება, ისინი წაგებულნი აღმოჩნდებიან. ალბათ, ამიტომ [თუ რუსეთში არასტაბილურობის ნიშნები გაჩნდება], ტექნოკრატები და მაგნატები ანდრეი მელნიჩენკოს მხარეს დადგებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: "შავი აგვისტოს" მოლოდინში და ოთხი სცენარი: რისთვის ემზადება გამწარებული პუტინი?!
რა ხდება ფრონტზე და გამოიყენებს თუ არა გამწარებული პუტინი "განკითხვის დღის" იარაღს?!
ემუქრება თუ არა რუსეთის ეკონომიკას კრახი?!
ვლადიმერ პუტინმა შეიძლება დათმობაზე უარი განაცხადოს, მაგრამ იგი გამოუვალ მდგომარეობაშია. მას შეიძლება ესკალაციის გაგრძელება სურდეს, მაგრამ ის ძვირად დაუჯდება: ყველაფერს, მათ შორის ესკალაციასაც და რეფორმებს, თავისი ფასი აქვს.
რუსული პოსტკონფლიქტური რეფორმების პრეცედენტი უკვე არსებობს: 1905 წელს რუსეთის იმპერიამ იაპონიის იმპერიასთან 19-თვიანი ომი წააგო, რაშიც მრეწველებმა და ტექნოკრატებმა ნიკოლოზ II დაადანაშაულეს. მათი თქმით, ომმა აჩვენა, რომ ერთპიროვნული მმართველობის გამო რუსეთი ევროპას განვითარებაში ჩამორჩა. იმავე წელს მომხდარი ფართო ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა გამოექვეყნებინა მანიფესტი, რომლითაც სამოქალაქო თავისუფლებები გამოცხადდა, შეიქმნა საკანონმდებლო ორგანო - რუსეთის სახელმწიფო სათათბირო.
მართალია, მეფე-იმპერატორმა მისთვის არასასურველი რეფორმები 1907 წელს შეაჩერა და შემდეგ საერთოდ გააუქმა, მაგრამ ამის შედეგად, 9 წლის შემდეგ, 1917 წელს რომანოვების დინასტია იმავე მოთხოვნებით საერთოდ დაემხო და იმპერატორი რევოლუციურ ტრაგიკულ მოვლენებს შეეწირა. რჩება იმედი, რომ რუსეთი თავის ისტორიულ გაკვეთილებს კარგად ისწავლის და გააცნობიერებს: მას გრძელვადიანი რეფორმები სასიცოცხლოდ ჭირდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ