დონალდ ტრამპის ევროპული გეგმა კრახს განიცდის ანუ როგორ ვაქციოთ მოკავშირეები მტრებად?! - Financial Times
„დონალდ ტრამპის გეგმა ევროპის მიმართ კრახს განიცდის: აშშ-ის პრეზიდენტს გენიოსური ტალანტი აქვს მოკავშირეების მტრად გადაქცევაში“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რიჩმანი წერს, თუ როგორი პერსპექტივა და მხარდაჭერა აქვს დონალდ ტრამპისეულ იდეა-ლოზუნგს: „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ევროპა მნიშვნელოვანია MAGA-სთვის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ „ევროპა სტრატეგიული და კულტურული თვალსაზრისით აშშ-ისთვის მნიშვნელოვნად რჩება“. მაგრამ იქვე გამოხატულია შეშფოთება, რომ „ევროპის კონტინენტი ცივილიზაციის გაქრობის გზაზეა დამდგარი და ამის გამოვლინებაა მასობრივი მიგრაციისთვის კარის გაღება, პოლიტიკური ოპოზიციაზე ზეწოლა და შობადობის დაცემა“.
და რა უნდა გაკეთდეს? აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სავარაუდო სამოქმედო გეგმა დასახა: „ამერიკა სიტუაციაში უნდა ჩაერიოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ევროპისა და ევროპული ქვეყნების განვითარების მიმდინარე ტრაექტორიას“. საკვანძო სტრატეგია უნდა იყოს ინტეგრაცია „პატრიოტულად განწყობილ ევროპულ პარტიებთან.
ამ დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტიდან დაახლოებით 7 თვე გავიდა - არცთუ დიდი დრო, მაგრამ, თეთრი სახლის სამწუხაროდ, MAGA-ს პროგრამა ევროპისათვის ინგრევა: ის ევროპული პარტიები და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც დონალდ ტრამპის გარემოცვა „პატრიოტებად“ თვლის, ან ხელისუფლებას კარგავენ, ან ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტისაგან დისტანცია დაიკავონ.
ამერიკისადმი ყოფილი დიდების დამბრუნებლებისათვის (ანუ MAGA-ელებისათვის) ყველაზე დიდი დარტყმა იყო აპრილში, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის - „ფიდესის“ დამარცხება, თუმცა თვითონ დონალდ ტრამპსაც მიუძღვის ბრალი პოტენციურ მოკავშირეებთან გაუცხოებაში - იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავის დროზე ევროპული მთავრობები „დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა, მაგრამ თეთრი სახლი უყოყმანოდ დადგა ვიქტორ ორბანის მხარეს, რომელიც ე.წ. არალიბერალური დემოკრატიის ერთგული იყო და რომელმაც სრულად დაუხურა ტელეეთერი თავის მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ პეტერ მადიარს. გავიხსენოთ, რომ ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი პირადად ჩავიდა ბუდაპეშტში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად, მაგრამ - უშედეგოდ: მმართველმა პარტიამ - „ფიდესმა“ არჩევნები სუფთად წააგო - გამარჯვებული გახდა პეტერ მადიარის პარტია „ტისა“.
უნგრეთის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროკავშირს შეუძლია თავის წევრ-სახელმწიფოებს უფრო მეტი და სასარგებლო შესთავაზოს, ვიდრე - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ვიქტორ ორბანის მიერ ჩადენილი ევროპული კანონმდებლობის სხვადასხვა დარღვევებმა უნგრეთი სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა - ბრიუსელმა ბუდაპეშტს ფინანსური „გადასხმები“ შეუჩერა, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. უნგრელმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ ევროპული ფონდებისაგან ფულის მიღების პერსპექტივა უკეთესია და ბევრად უფრო მეტ მატერიალურ სტიმულს იძლევა, ვიდრე - თეთრი სახლის დაპირებები. უნგრელები დარწმუნდნენ, რომ ამერიკა უნგრეთს ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ მისცემდა.
ჯორჯა მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ითვლებოდა იდეოლოგიურად ახლოს მდგომ პიროვნებად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის. სწორედ ეს აღნიშნა ჯეიმს ვენსმა ამას წინათ გამოცემული თავისი წიგნის წინასიტყვაობაში... მაგრამ ჯორჯა მელონიმ კარგად იცის, რომ მისი ქვეყანა მსხვილ ბენეფიციარად ითვლება ევროპული ფინანსების მიღებაში - იტალია ყოველწლიურად ევროკავშირისაგან 200 მილიარდ ევროს იღებს, გრანტებისა და სესხების სახით.
დონალდ ტრამპის უკმაყოფილებამ იმის გამო, რომ იტალიამ უარი განაცხადა ირანთან ომში აშშ-ისთვის დახმარების გაწევაში, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ისარგებლა. ჯორჯა მელონიმ უკან არ დაიხია და იმავენაირად უპასუხა. დონალდ ტრამპს ჰგონია, რომ თუ ის ვინმეს შეურაცხყოფს, ვთქვათ, თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ან თუნდაც თავისი გარემოცვის წევრებს - მარკო რუბიოს ან ტედ კრუზს, რომ ისინი შეურაცხყოფას „ჩაყლაპავენ“ და მალე მასთან „უკანვე მიხოხდებიან“. მაგრამ საეჭვოა, ასეთი სქემა განმეორდეს იმ პოლიტიკური ლიდერის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია იტალიელი ამომრჩევლების წინაშე და რომლისთვისაც MAGA-ს მომხრე რესპუბლიკელების პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.
დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების გამოხტომებმა საკმაოდ შეამცირეს აშშ-ის პოპულარობა და მისი როლი, ევროპელებიც თითქოს მიეჩვივნენ ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს, მაგრამ მსგავს მოქმედებებს მაინც შეუძლიათ ევროპაში ძლიერი რეაქცია გამოიწვიონ - ისეთი, რომ ერთგულმა და პოტენციურმა მოკავშირეებმაც კი დისტანცირება მოახდინონ აშშ-ის პრეზიდენტისაგან. ჯორდან ბარდელამ, რომელიც ფრანგული ნაციონალური (ეროვნული) გაერთიანების ერთ-ერთი გავლენიან ლიდერს წარმოადგენს, უარი განაცხადა, სიტყვით გამოსულიყო ამერიკელი კონსერვატორების კონფერენციაზე, გასულ წელს, მას შემდეგ, რაც სტივ ბენონმა - დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ, სცენაზე ადოლფ ჰიტლერის მსგავსი მისალმების ინსცენირება გააკეთა.
როცა დონალდ ტრამპმა ავღანეთის ომში ბრიტანელებისა და სხვა მოკავშირეთა სამხედრო ქვედანაყოფების მიერ შეტანილი წვლილი „გააშავა“, მისი ბრიტანელი მეგობარი ნაიჯელ ფარაჯი იძულებული გახდა, აშშ-ის პრეზიდენტს საჯაროდ არ დათანხმებოდა. გამოკითხვამ, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს დადებითად უყურებს ბრიტანელების მხოლოდ 14%, უარყოფითად კი - 81%. ალბათ, ნაიჯელ ფარაჯისა და მისი პარტიისათვის („რეფორმები დიდი ბრიტანეთისათვის“) არჩევნების დროს დონალდ ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობა წამგებიანი იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ უფრო ნაკლებად არის პოპულარული გერმანიაში, სადაც დონალდ ტრამპს „კეთილი თვალით“ მოსახლეობის მხოლოდ 10% უყურებს. ეს გარემოება დილემის წინაშე აყენებს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AFD), რომელსაც მხარს უჭერენ ჯეიმს ვენსი და სხვა MAGA-ელები. მართალია, AFD საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობს, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა ამჟამად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისაგან დისტანცირდება - ვაითუ, მასთან ურთიერთობამ ნეგატიური გავლენა იქონიოს არჩევნების დროს. თუმცა ცნობილია, რომ გერმანული საარჩევნო სისტემის თანახმად, „ალტერნატივა“ გერმანიის მთავრობაში ვერანაირად ვერ მოვა, რაც ამსხვრევს თეთრი სახლის იმედებს, ამ ქვეყნის თავის მხარეზე გადაყვანის თვალსაზრისით.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანულმა გაზეთმა „შურისძიების სია“ გამოაქვეყნა: საფრთხე 14 ლიდერს ემუქრება?!
"შავი აგვისტოს" მოლოდინში და ოთხი სცენარი: რისთვის ემზადება გამწარებული პუტინი?!
რა ხდება ფრონტზე და გამოიყენებს თუ არა გამწარებული პუტინი "განკითხვის დღის" იარაღს?!
ტრამპის ადმინისტრაცია პოზიტიურად უყურებდა რუმინელ კელინ ჯორჯესკუს, პოპულისტ და ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ იგი 2025 წლის არჩევნებში გაიმარჯვებდა. ჯეიმს ვენსმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ჯორჯესკუ რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და წინასაარჩევნო კამპანიას ჩამოაშორეს. დღეს ევროპაში MAGA-ს ყველაზე დიდი მხარდამჭერი შეიძლება პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდეს, მაგრამ მისი გავლენა ქვეყნის საშინაო საქმეებში კონსტიტუციით შეზღუდულია.
რა ხდება ლათინურ ამერიკაში MAGA-ს პოპულარობის თვალსაზრისით? სხვათა შორის, დონალდ ტრამპს იქ საკმაო მომხრეები ჰყავს. მაგალითად, ამას წინათ კოლუმბიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ლიდერი ტრამპის მხარდამჭერი გახდა აბელარდო დელა ეპირელი. აშშ-ის ლიდერს მხარს უჭერენ ჩილის, არგენტინის, ბოლივიისა და სალვადორის მეთაურები. ამ მომენტისათვის მექსიკა და ბრაზილია, რეგიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, ამ ტენდენციას ეწინააღმდეგებიან.
დამნაშავეობის მაღალი დონე, სიღარიბე და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები ლათინური ამერიკის ქვეყნებს ტრამპიზმისადმი ლოიალურად განაწყობს, მაგრამ უფრო განვითარებულ და მდგრად დემოკრატიულ ქვეყნებში MAGA-ს იდეებს სულ უფრო ნაკლები გამოხმაურება აქვს.
მოამზადა სიმონ კილაძემ